სკანდალები, პროტესტი, გამოძიება - ცხინვალი პრეზიდენტის ასარჩევად ემზადება

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

10 აპრილს სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. მასში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის, მოქმედი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი. ოპოზიციამ ამ არჩევნებზე ერთიანი კანდიდატის დასახელება ვერ შეძლო. ყოფილი პრეზიდენტი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი კი, რომლებიც კანდიდატებად ვერ დარეგისტრირდნენ, არჩევნების ჩაშლას ცდილობენ.

17 კანდიდატიდან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ხუთი მათგანი დაუშვეს. დანარჩენი კანდიდატები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დაარეგისტრირა – ზოგი გამოვლენილი დარღვევების, კერძოდ, შემოსავლის დამალვის, ზოგი კი ენის გამოცდაზე „ჩავარდნის“ გამო. კანონის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატს ოსური და რუსული ენების ცოდნის დონის შესამოწმებლად, ზეპირი და წერილობითი გამოცდების ჩაბარება მოეთხოვება.

შედეგად, საპრეზიდენტო პოსტისთვის იბრძვიან: მოქმედი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ოპოზიციური პარტია “ნიხასის” ლიდერი ალან გაგლოევი, “სახალხო პარტიის” ყოფილი თავმჯდომარე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრე პლიევი, ყოფილი ვიცე-სპიკერი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი დიმიტრი ტასოევი და პარლამენტის დეპუტატი გარი მულდაროვი.

ბოლო ორი კანდიდატი ადრე მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთის“ წევრი იყო. მათ ეს პარტია შიდა კონფლიქტის გამო დატოვეს და ყოფილ თანაპარტიელ ანატოლი ბიბილოვთან, ოპოზიციაში გადავიდნენ.

ამ არჩევნების თავისებურება ის არის, რომ სამხრეთ ოსეთის ოპოზიცია ფრაგმენტული აღმოჩნდა და შიდა უთანხმოების გამო ერთიანი კანდიდატის დასახელება ან ვერ შეძლო, ან არ მოინდომა.

სამაგიეროდ, საპროტესტო ელექტორატის ხმებისთვის ბრძოლა ანატოლი ბიბილოვის ოთხ ოპონენტს შორის წარიმართება: გაგლოევს, პლიევს, ტასოევს და მულდაროვს შორის.

სკანდალური კანდიდატი

30 მარტს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა იბრაგიმ გასეევმა, რომელსაც კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, “სახალხო პარტიის” თავმჯდომარის, ალექსანდრე პლიევის კანდიდატურას გამოუცხადა მხარდაჭერა.

ამრიგად, პლიევის გარშემო გაერთიანდნენ ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის (2001-2011 წლებში) გუნდის ყოფილი ჩინოვნიკები. გასეევიც და პლიევიც, კოკოითის პრეზიდენტობის წლებში, მის ახლო წრეში იყვნენ.

იქამდე, ცესკომ თავად კოკოითს უთხრა უარი რეგისტრაციაზე, იმ მიზეზით, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იგი რესპუბლიკაში არ ცხოვრობდა. გადაწყვეტილების გასაჩივრების მცდელობა ჩაიშალა.

ანალოგიურად, არჩევნებიდან მოხსნეს იბრაგიმ გასეევი. მას კანდიდატის დასარეგისტრირებლად საჭირო მხარდამჭერთა სიების გაყალბებას ედავებიან.

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ გასეევისთვის ხელმოწერები ტერიტორიული საარჩევნო კომისიის ორმა წევრმა შეაგროვა, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ. გარდა ამისა, როგორც ხელწერის ექსპერტებმა დაადგინეს, ხელმოწერის დოკუმენტებს ერთი და იგივე ხელი ავსებდა.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ცესკოს ერთ-ერთი წევრის, იგორ ჩოჩიევის თქმით, გასეევის ყოფილმა მეუღლემ ქრისტინა ავლოხოვამ, რომელიც 2009 წლიდან ცესკოს მდივანია, ასევე კომისიის თავმჯდომარემ ემილია გაგიევმა, საბუთები გააყალბეს – მათ გასეევის დოკუმენტები, რომლებიც ყალბ ხელმოწერებს შეიცავდა, ახლით შეცვალეს. ამრიგად, ცესკოში წარდგენილ მხარდამჭერთა ხელმოწერების სია კვლავ ყალბი აღმოჩნდა.

ამ პროცესების ირგვლივ დაძაბულობამ მაშინ იმატა, როდესაც ცესკომ, კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, 15 მარტის 18:00 საათამდე კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღო. მეტიც, გამოვლენილი დარღვევებისა და საბუთების გაყალბებასთან დაკავშირებული სკანდალის მიუხედავად, ცესკოს ხელმძღვანელმა და კომისიის მდივანმა გასეევის საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციას მხარი დაუჭირეს. თუმცა, ხმათა უმრავლესობით, მისი კანდიდატურა მაინც არ დაკმაყოფილდა.

16 მარტს, სამხრეთ ოსეთის კგბ-მ, იგორ ჩოჩიევის მოთხოვნით, ცენტრალური საარჩევნო კომისიაში ჩხრეკა ჩაატარა და გამოძიება დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები ემილია გაგიევისა და ქრისტინა ავლოხოვას ქმედებებში დანაშაულის ნიშნებს ხედავენ.

ვინაიდან წინასაარჩევნო კამპანიის დროს ცესკოს ხელმძღვანელობის შეცვლა შეუძლებელია, სკანდალის ორივე მონაწილე, ამ დრომდე, თანამდებობებზე მუშაობას აგრძელებს.

გასეევი და კოკოითი ბიბილოვის წინააღმდეგ

 

ამ ფონზე, იბრაგიმ გასეევი რომელიც პროცესს გამოეთიშა, ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითთან ერთად, ერთ ალიანსში აღმოჩნდა და არჩევნების ჩაშლას ცდილობს.

„ჩემი მთავარი მიზანი საარჩევნო რბოლაში დაბრუნება კი არ არის, არამედ ის, რომ ანატოლი ბიბილოვმა არ მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

კოკოითი და გასეევი, ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერით, პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას ცდილობდნენ. ამისთვის, 25 მარტს მათ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან მხარდამჭერები შეკრიბეს.

პროტესტის მიზეზი ცესკოს შენობიდან გადაღებული ვიდეომასალა გახდა. ეს ვიდეო მხარდამჭერებს კოკოითმა აჩვენა. 5 და 6 მარტს გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ცესკოს ხელმძღვანელი შენობას ტოვებს, იქ რჩებიან სხვა თანამშრომლები, მათ შორის იგორ ჩოჩიევი. ისინი დერეფანში მოძრაობენ და ზოგ მათგანს ხელში რაღაც დოკუმენტები აქვს.

კოკოითის თქმით, ვიდეომასალა ადასტურებს, რომ გასეევის საბუთები გაგიევს და ავლოხოვს არ გაუყალბებიათ, პირიქით, ეს იგორ ჩოჩიევმა ჩაიდინა. ზუსტად მისი განცხადების საფუძველზე იძიებს უშიშროების სამსახური საქმეს ცესკოს ხელმძღვანელისა და მდივნის წინააღმდეგ.

ცესკოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი კაბინეტიდან დაკარგული არაფერია და მას არ აქვს ინფორმაცია, რას აკეთებდნენ მისი არყოფნისას, არასამუშაო საათებში, ცესკოს წევრები სამსახურში.

თავის მხრივ, გადაღებულ ვიდეომასალაში საარჩევნო კომისიის წევრები ამბობენ, რომ გაგიევმა თავად დაუტოვა გასაღები კოლეგებს და მან იცოდა, რომ ცესკოს წევრები მუშაობას აგრძელებდნენ.

კოკოითსა და გასეევს, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც შეუერთდა. მათ შორის, საპრეზიდენტო კანდიდატი გარი მულდაროვი. მართალია, რიგგარეშე სხდომის მოწვევას მათ ვერ მიაღწიეს და რამდენიმე საათის შემდეგ დაიშალნენ, თუმცა, არჩევნების ჩაშლის გეგმებზე უარი არ უთქვამთ.

თუ კენჭისყრა 10 აპრილს არ ჩატარდება, მაშინ ახალი არჩევნები დაინიშნება. დარეგისტრირებული კანდიდატები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო ისინი, ვინც რეგისტრაციაზე უარი მიიღეს, შეეცდებიან კანდიდატურა ხელახლა წარადგინონ. მოვლენების ეს ვერსია მომგებიანია გასეევისთვის, ოპოზიციონერი დეპუტატის დავით სანაკოევისთვის და თავად ედუარდ კოკოითისთვის, რომლებიც ამ არჩევნებზე ცესკო-მ არ დაარეგისტრირა.

თუმცა, ასეთი სცენარი არჩევნებში დაშვებული სხვა ოპოზიციონერი მოთამაშეების ინტერესებში არ შედის. მაგალითად, პარტია „ნიხასის“ ლიდერის, ალან გაგლოევის. იგი ფიქრობს, რომ მთელი საპროტესტო ამომრჩევლის ხმების მობილიზებას შეძლებს და მოქმედ პრეზიდენტს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.

ცხადია, რომ გაგლოევის არყოფნა პროტესტის მონაწილე ოპოზიციონერებში, აიხსნება მისი სურვილით, ითამაშოს საკუთარი თამაში და 10 აპრილის არჩევნებზე საპრეზიდენტო პოსტისთვის იბრძლოს.

კოკოითმა და გასეევმა განაცხადეს, რომ კვლავ შეეცდებიან რიგგარეშე სხდომის მოწვევას და მასზე ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს მიიწვევენ. დღევანდელი ხელისუფლება თავის მხრივ, მათ ქმედებებს ესკალაციის მცდელობად და პროვოკაციად აფასებს.

ხელისუფლების წევრები იხსენებენ, რომ სწორედ კოკოითი და გასეევი ცდილობდნენ ამ გზით „ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდებას“ 11 წლის წინ. მაშინ კოკოითის შეიარაღებულმა მხარდამჭერებმა, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, გასეევის ხელმძღვანელობით, ალყა შემოარტყეს პარლამენტს და ცდილობდნენ დეპუტატები ეიძულებინათ კონსტიტუცია შეეცვალათ. ეს კოკოითს შესაძლებლობას მისცემდა მესამე ვადით დარჩენილიყო ხელისუფლებაში.

მაშინ პარლამენტარები ზეწოლას არ დაემორჩილნენ და მომხდარს „სამხედრო გადატრიალება“ უწოდეს.

წყარო: „ჯემნიუსი“