„თავდასხმის შემთხვევაში, უნდა ვიცოდეთ, რომელ ბუნკერს შევაფაროთ თავი და როგორ ვიმოქმედოთ... ეს არ უნდა იყოს დამალული!“ - ინტერვიუ აკია ბარბაქაძესთან

ინტერვიუ
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

 

24 თებერვალს რუსეთის მხრიდან უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ ყველა დარწმუნდა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის თავდაცვის სისტემის სწორად ფუნქციონირებას, მოქალაქეებისთვის საჭირო თავდაცვითი ინფორმაციის მიწოდებას და შესაბამისი ტექნიკური რესურსის ფლობას. განსაკუთრებით კი ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთის მეზობელია და წლების მანძილზე მისი აგრესიის მოგერიებას ცდილობს. ოკუპანტს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს მითვისებული და მუდმივად ცდილობს მავთულხლართების გადმოწევას, შესაბამისად, არავინ იცის, როდის წამოიწყებს განრისხებული პუტინის რეჟიმი შეტევას მის მეზობლებზე. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, მოქალაქეები ფლობდნენ სამოქალაქო თავდაცვით ინსტრუქციას და იმ დეტალებს, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში.

საინტერესოა, არის თუ არა საფრთხის შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სისტემა მზად, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები; რა ტექნიკურ რესურსს ფლობს ქვეყანა და რატომ არ მიეწოდება მოსახლეობას ეს ინფორმაცია? - ამ საკითხებზე „ვერსია“ თავდაცვის ექსპერტს, აკია ბარბაქაძეს, ესაუბრა:

 

_ ბატონო აკია, საქართველო მუდმივად იყო და არის რუსეთისგან თავდასხმის საფრთხის წინაშე. თქვენი შეფასებით, არის ჩვენი ქვეყანა მზად თავდაცვისთვის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის შემდეგ საქართველოსკენაც მომართავს ძალებს?

_ამაზე პასუხი უნდა გაგვცეს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარემ, მინისტრმა, გენშტაბის უფროსმა და მმართველი ძალის წარმომადგენლებმა. ისინი არიან პასუხისმგებლები ამ ყველაფერზე. მე და თქვენ ინფორმაცია არ გვაქვს, ჩვენ თუ გვექნება კრიტერიუმები, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება სამხედროებს და ექსპერტებს, შევაფასოთ, ეს კრიტერიუმები რას პასუხობს. რომ გამოდის ყოფილი გენშტაბის უფროსი და დღევანდელი პარლამენტის წევრი და ამბობს, ვაჟკაცი ბიჭები გვყავს ჯარში და ისინი იომებენო, ეს არ არის კრიტერიუმი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული კითხვები. ეს არაა საიდუმლო ინფორმაცია, ღიაა, გუგლში და ვიკიპედიაშიც კია სხვა ქვეყნების მონაცემები, რამდენია მათი შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა, ზოგადად, შეიარაღება და ა.შ.  ჩართული ვართ იარაღის კონტროლის ხელშეკრულებაში, ყველამ იცის, სად, რა და რამდენი გვაქვს. ინფორმირებული არ არის მხოლოდ ჩვენი მოსახლეობა, ღმერთმა დაგვიფაროს და თუ ომი დაიწყო, რუსეთი თავს დაგვესხა, ტოტალური კონცეფციის თავდაცვიდან გამომდინარე, რომელიც მიღებული აქვს მთავრობას, მოსახლეობამ უნდა ვიომოთ ჯართან ერთად. ოღონდ, არ ვიცით, ვინ სად გავრბივართ და რას ვაკეთებთ!

_როგორ უნდა მიეწოდოს მოსახლეობას მსგავსი ინფორმაცია?

_ყველა გზით, როგორც სხვა ინფორმაცია მიეწოდება მათ სხვადასხვა სტრუქტურებიდან. სამოქალაქო თავდაცვის საკითხები უნდა იცოდეს ნებისმიერმა მოქალაქემ, თავდასხმის შემთხვევაში, მასთან ახლო მდებარე რომელ ბუნკერს შეაფაროს თავი და როგორ იმოქმედოს. თუ ის რეზერვშია აღრიცხული, მაშინ რომელ ნაწილთანაა, რა ამოცანა აქვს და ა.შ. ეს ყველაფერი არ უნდა იყოს დამალული. ომის დროს ქაოსი და პანიკა რომ დაიწყება, ამ ყველაფრის გარკვევის თავი აღარავის ექნება, ამიტომ მანამდე უნდა იყოს ინფორმირებული მოსახლეობა. ომისათვის მზადება არ ნიშნავს ომის მოწოდებას, პირიქით - რომ არ იყოს ომი, ამიტომ უნდა მოვემზადოთ.

_საინტერესოა, გვაქვს თუ არა საკმარისი ბუნკერები თავდაცვისთვის?

_უკრაინაში როცა დაინახეს საფრთხე, აღმოაჩნეს, რომ კორპუსების ბუნკერების 2/3 იყო გაყიდული. ჩვენ ისიც არ ვიცით, რა მდგომარეობაა აქ. ვისთვისაც შექმნილია ეს სისტემა, ისინი ინფორმირებული არ არიან. თუ ხელისუფლებას ეს საიდუმლო დოკუმენტში აქვს მოქცეული, კარგად გაუფრთხილდნენ, ნახავენ, როგორ გამოადგებათ და თუ მართლა საიდუმლოა, მაშინ წარმოადგინონ საიდუმლო ინფორმაციის ქვეშ რა დოკუმენტაციაა, ჩამოთვალონ და წარმოადგინონ კანონი, რის საფუძველზე აქვთ გასაიდუმლოებული ეს ყველაფერი. ომი რომ დაიწყოს, ჩვენ ამ საიდუმლოების გამო, არ გვეცოდინება, რომელ ბუნკერში წავიდეთ და  როგორ ვიმოქმედოთ.

_როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, იმიტომ ასაიდუმლოებენ, რომ მოწინააღმდეგის ხელში არ აღმოჩნდეს ეს ინფორმაცია?  

_შეიარაღების კონტროლიდან გამომდინარე, მტერმა ისედაც იცის, რა რამდენი გვაქვს, ვერიფიკაციის კონტროლი ტარდება ყოველწლიურად, სადაც ბევრი ქვეყანაა ჩართული. რუსეთი გავიდა ამ კონტროლიდან, მაგრამ იქ იმდენი ქვეყანაა, რომ მოინდომოს, უცებ გაიგებს. ამიტომ ვის უმალავენ? მე მიმალავენ, რამდენი ტანკი გვყავს?! თავდაცვის შესახებ კანონში წერია, რომ ცა უნდა იყოს ჩაკეტილი. ამათ თავის დროზე პრიორიტეტად უპილოტო საფრენი თვითმფრინავები ჩაწერეს და ა.შ ესეც ხომ უნდა შესრულდეს, რომ წერია, დრონები უნდა გვყავდეს და ცა დაკეტილი იყოს, არის თუ არა ეს ასე? ჩვენ ხომ არ ვეუბნებით, თავდაცვის ოპერატიული გეგმები გაგვაცნონ?- ვეკითხებით ელემენტარულს - აქვთ თუ არა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ნაყიდი? თუ აქვთ, რამდენი და რა ტიპის? 21-ე საუკუნეში პირდაპირ ეთერში ვუყურებთ ომს, ესენი კი საზოგადოების უმწიფრობით და უცოდინრობით სარგებლობენ და გაიძახიან ყველაფერზე,მსგავსი ინფორმაცია საიდუმლოაო.

_უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს როგორ შეაფასებთ? რას ფიქრობთ მხარეებს შორის წამოწყებულ მოლაპარაკებაზე, დაიხევს რუსეთი უკან?

_არ მგონია, კონკრეტულ შედეგამდე მივიდნენ, რადგან ეს არის რუსეთისთვის კაპიტულაცია. ვფიქრობ, რუსეთი გამოიყენებს დროს  გადაჯგუფებისთვის, რომ მან სამხრეთის მიმართულებით მოახდინოს ჯართა გადასმა. ის არ მოაწერს ამ დოკუმენტს ხელს, რადგან ამ დოკუმენტის თანახმად, გამოდის, რომ უკრაინამ ომი მოიგო. დოკუმენტში წერია, რომ ის ნატო-ში შეუსვლელად ღებულობს ნატო-ს მეხუთე პუნქტს დახმარების შესახებ, რომელშიც თუ ამ რეგიონში ვინმე სერიოზული ძალების პატრონია, ყველა გარანტორად უდგება უკრაინას. ასევე ის მიიღებს დიდ დაფინანსებას, ეყოლება საკუთარი ძალები და სამხედრო შეიარაღება. ასევე დოკუმენტის თანახმად, რუსეთს მოუწევს  ყირიმიდანაც გაიყვანოს ჯარები. აქედან გამომდინარე, გამოდის რუსეთი აღიარებს წაგებას, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ სანქციები მოეხსნება. არაერთხელ ყოფილა მსგავსი მოლაპარაკებები და რუსეთისთვის ეს ჩვეულებრივი თემაა, გაწელავს დროს მერე დაარღვევს პირობებს და ა.შ. ვნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ დივერსანტების ჯგუფი გაგზავნა ზელენსკის მოსაკლავად, თუ ის რამის შემსრულებელი და მომლაპარაკებელია, ამას იზამდა? რეალურად, ეს არის გადაჯგუფება და მეტი არაფერი, ვფიქრობ, რუსეთი არ აპირებს დანებებას. ის წლების მანძილზე აწარმოებს საომარ მოქმედებებს თავისი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, მათ შორისაა საქართველო. ამ ფონზე, ჩვენთვის ერთადერთი ხსნა არის რომელიმე სამხედრო ბლოკი და ურთიერთკავშირი დასავლურ ცივილიზაციასთან.თუ მარტო დავრჩით, არაფერი გვეშველება, უკრაინას ჰქონდა მაინც რესურსი, ჩვენ კი არაფერი გვაქვს.