"დივერსანტის მიერ გახსნილი ცეცხლის მხილველი გავხდი"- რას ყვება ქართველი ჟურნალისტი, რომელიც კიევის ცხელი წერტილიდან მოვლენებს აშუქებდა

ექსკლუზივი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: გვანცა პეტრიაშვილი

ქართველი ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად ყოველდღიურ რეჟიმში გვიამბობენ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოვლენებზე. გვაწვდიან ინფორმაციას ყველაზე ცხელი წერტილებიდან და გვიყვებიან იმ ტრაგიკული რეალობის შესახებ, რომელშიც დღეს უკრაინაა. რა ვითარებაა უკრაინაში - მსოფლიო ყველაზე ცხელ წერტილში და რის ფასად უჯდებათ ჟურნალისტებს და ოპერატორებს ომის სისხლიანი დღეების გაშუქება -  „ვერსია“ „იმედის“ ჟურნალისტ მარიამ გიგანს ესაუბრა, რომელიც უკრაინიდან საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა:


-მარიამ, იქნებ გაიხსენო, როგორ დაიწყო საომარი მოქმედებები უკრაინაში და ელოდით თუ არა მოვლენების ასე განვითარებას?


-მანამ, სანამ ომი დაიწყებოდა (უშუალოდ ფართო მაშტაბური), 1 კვირით ადრე ჩავედი კიევში და ამ თემაზე ვმუშაობდი ადგილობრივებთან, ექსპერთებთან, დეპუტატებთან. არავინ პროგნოზირებდა, რომ სრულ მაშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყებოდა. მაქსიმუმ ვარაუდობდნენ, რომ ეს იქნებოდა ისევ და ისევ ლოკალურად საომარი მოქმედებები დონბასში და არ გავრცელდებოდა მთელი უკრაინის მაშტაბით. ამიტომ იმას, რომ სრულ მაშტაბიან ომს დაიწყებდა პუტინი, არავინ ელოდა. იმ დილას, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, მე თვითონ გავიგე აფეთქების ხმა კიევში. მაშინვე დავურეკე ჩემს უფროსს, შემდეგ პროდუსერებს, რომ აქ ომი დაიწყო-მეთქი. გავაღვიძე ჩემი ოპერატორი, საკმაოდ რთული იყო შემდეგ ავტომობილის მოძებნა, რთული კი არა შეუძლებელიც კი, ხალხი პანიკურად დარბოდა აქეთ-იქით. მაიდანზე გავედით სამუშაოდ, დილის 6 საათზე. დაახლოებით 8 საათზე კიევშიც ჩაირთო საჰაერო განგაშის სიგნალი.

-წამოსვლაზე ფიქრობდით, სანამ სიტუაცია უფრო გაუარესდებოდა?
-ნამდვილად არ ველოდით, რომ კიევამდე ან უკრაინის რომელიმე სხვა ქალაქამდე მივიდოდა ომი, დონბასის გარდა.

-ალბათ, უამრავ თემაზე გიმუშავით მარიამ, მაგრამ ომის გაშუქება განსაკუთრებულ რეალობაში ამყოფებს ადამიანს. მითხარით, როგორია ჟურნალისტის თვალით დანახული ომი?
-ძალიან სხვანაირი განცდაა იმიტომ, რომ როცა ომში ხარ-ომში ხარ, როგორც ჟურნალისტი და როგორც ადამიანი. ერთგვარი ჭიდილია, თან შენი საქმე აკეთო, თან როგორც ადამიანს თვითგადარჩენის ინსტიქტი გვაქვს. ამიტომ ამ ორი რამის ბრძოლა მიმდინარეობდა ჩემში და თითოეულ ჩემს კოლეგაში მთელი იქ ყოფნის განმავლობაში. როდესაც ვიგებდით, რომ ჩამოვარდა გვერდზე რაიონში საფრენი აპარატი, პირველ დღეს წავედით კიდეც და ვნახეთ, მაგრამ შემდეგ უკვე, როცა გავაცნობიერეთ, რეალურად რა საფრთხის წინაშე ვიდექით და არ იყო ეს რაღაც ერთი-ორი ლოკალური ინციდენტი, განგვიმარტეს ადგილზეც, რომ სერიოზულ საფრთხესთან გვქონდა საქმე. საერთაშორისო ჟურნალისტების სრული ევაკუაცია განხორციელდა, რეალურად თითქმის მარტოები დავრჩით ქალაქში, შემდეგ უკვე სხვანაირი მუშაობა დავიწყეთ და უფრო ვემორჩილებოდით რეკოენდაციებს.

-საომქარი მოქმედებების განმავლობაში თქვენ და თქვენი გუნდი სად იმყოფებოდით?
-სულ თავშესაფარში არ ვიყავით, როცა ვახერხებდით, გარეთ გამოვდიოდით, მაგრამ დიდი ხნით ვერ ხერხდებოდა იმიტომ, რომ მეორე დღიდან კიევში გამწვავდა სიტუაცია, შემოგარენში დაიწყო საომარი მოქმედებები. ბოლო სამი დღის განმავლობაში, თუ არ ვცდები, 26 თებერვალს გამოცხადდა კომენდანტის საათი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ვინც გარეთ გავიდოდა, ჩაითვლებოდა დივერსანტად და თუ დაგინახავდნენ, მოხდებოდა იგივე რეაგირება, რაც დივერსანტის მიმართ. არავინ გაითვალისიწნებდა იმას მე ჟურნალისტი ვარ. 26-დან 28 თებერვლის დილამდე საერთოდ არ შეიძლებოდა ქუჩაში გასვლა, ეს ორი დღე მხოლოდ თავშესაფარში გავატარეთ.

-როგორი მდგომარეობაა თავშეფარაში? საკვების დეფიციტი იყო?
-საკვების პრობლემა, რა თქმა უნდა, არის. როდესაც ვახერხებდით გარეთ გასვლას, მაღაზიაში შევიძინეთ მშრალი საკვები - ორცხობილა, ხორცპროდუქტები, პური, ხილი - აი, ასეთი საკვები გვქონდა. ყველაზე მეტად ვცდილობდით, წყალი გვქონოდა. პირობები, რომ დაგესვენა, არ იყო. ავტომობილებში, რომლებიც გაჩერებული იყო, შეგვეძლო, დაგვეძინა. ჩვენ სადაც ვიყავით, ეს იყო საქართველოს საელჩოს თავშესაფარი უკრაინაშ და უკეთესი იმით იყო, რომ არ ვიყავით ძალიან ბევრი, მაგრამ ის რაც მეტროებში ხდებოდა კიევის მაშტაბით, წარმოდგენაც არ მინდა, როგორ ატარებდნენ დღეებს და ღამეებს ადამიანები.

-მარიამ, აღნიშნე, რომ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინელი ხალხი გეხმარებოდათ, როგორი განწყობაა მოსახლეობაში?
-უკრაინელმა ხალხმა ნამდვილად გაგვაოცა თავიანთი სიმამაცით და ბრძოლისუნარიანობით. უკრაინა რუსეთის წინაღმდეგ იბრძვის არა მხოლოდ არმიით, არამედ სრულიად უკრაინელი ხალხით, ამაში მონაწილეობს ყველა. თითოეული მოქალაქე არის მზად და არ იბნევა. მოხალისეებიც ძალიან მალე შეიკრიბნენ, აქტიურად ეხმარებიან ყველას, ეს იქნება უკრაინელი ხალხი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე. ჩვენც როდესაც დავიწყეთ პროცესი, რომ საზღვარზე გადმოვსულიყავით, მოხალისეებმა მართლა ყველაფერი გააკეთეს, რომ დაგვხმარებოდნენ.

-კიევში რა მდგომარეობაა საბრძოლო მოქმედებების თვალსაზრისით ?
-კიევში რუსის ჯარი, სანამ მე ვიყავი, ნამდვილად არ შემოსულა. შემოღწევას ცდილობდნენ, მაგრამ ქალაქის ცენტრში დარბოდნენ რუსი დივერსანტები. ჩემი სასტუმრო სადაც იყო, ფანჯრიდან ვიყურებოდი, რომ იქნებ აფეთქება დავინახო და გადავიღოთქო, არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც მძლია ჟურნალისტურმა ჟინმა. ამის ნაცვლად ვხედავ, რომ ჩემი სასტუმროს შენობიდან ვიღაც ისვრის, თავშესაფრიდან ახალი ამოსულები ვიყავით, ჩემი კოლეგები 5 წუთის გასულები იყვნენ დასაძინებლად და ეს რომ დავინახე, სასწრაფო წესით დავბრუნდით თავშესაფარში. ერთი ეს შემთხვევა იყო, რომ დივერსანტის მიერ გახსნილი ცეცხლის მხილველი გავხდი, ამ დივერსანტის ლიკვიდაცია მოხდა მეორე დღეს, რომელიც გაირკვა, რომ ჩვენი შენობის წინ სახურავზე იყო ჩასაფრებული. თავშესაფრის გარშემოც ერთი დივერსანტი დაიჭირეს და მისი ლიკვიდაციაც მოხდა. მათ სხვადასხვა ფუნქციები და დავალება აქვთ მიღებული. ვიღაც არკვევს ქუჩა სად მიდის, ვიღაც მონიშვნას აკეთებს, ვიღაც ისვრის. ჩვენ შეგვხვდა ადამიანი, რომელიც ცდილობდა, გაერკვია კონკრეტული ქუჩა რა მიმართულებით მიდიოდა, იქ აქტიურად მუშაობს კანპანია მოქალაქეები გააფრთხილონ, როგორ მოიქცნენ და ეს გაფრთხილება წაკითხული ქონდათ. როდესაც უცნობი პირი გეკითხება, ეს ქუჩა სად არის, ამ სასახლეში როგორ მოვხვდე, ეს ნიშნავს, რომ დივერსანტი ცდილობს, გაერკვეს ქალაქის ინფრასტრუქტურაში და მას ან საერთოდ ხმა არ უნდა გასცე, ან აუბნიო გზა და სხვა მიმართულებით გაუშვა. იმ დღეებში ტურისტი არავინ იყო, კიეველებმა კიევი ძალიან კარგად იციან და ამ კითხვას დაგისვამს მხოლოდ დივერსანტი.

-ვინ უზრუნველყო თქვენი საქართველოში ჩამოყვანა?
-ჩვენს ჩამოყვანაში მონაწილეობდა ტელეკომპანია „იმედი“ და ყველა ადამიანი, ვინც იქ მუშაობს. საქართველოს საელჩო უკრაინაში, რომელიც ევაკუაციაში დაგვეხმარა კიევიდან. ასევე, ჩართული იყო ამ პროცესში მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი - ნინო გიორგობიანი. დაგვეხმარნენ უკრაინელი მოხალისები და უშუალოდ საზღვარზე ბატონი, გიორგი ვაშაძე. ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა გახდა საჭირო იმისათვის, რომ გამოგვღწია საზღვრიდან, რომელსაც 4 დღე დასჭირდა.