„რუსეთს „მადა“ შეუმცირდა, მაგრამ არ მგონია, უკან დაიხიონ და ჯარი გაიყვანონ“ - ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან, რომელიც ახლა უკრაინაში იმყოფება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე

დღეს, 28 თებერვალს, უკრაინისა და ბელორუსიის საზღვარზე რუსეთ-უკრაინის ისტორიული მოლაპარაკება იმართება. მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ისევ უკრაინაა, სადაც საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. რუსეთი ბომბავს უკრაინის ქალაქებს, იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, თუმცა უკრაინელი ხალხი საბრძოლო შემართებას არ კარგავს და პრეზიდენტ ზელენსკის მეთაურობით, უკრაინის ხელისუფლება რუსეთის თავდასხმებს წარმატებით იგერიებს. კიევში დილის 08:00 საათიდან კომენდანტის საათი გაუქმდა და უკრაინის დედაქალაქის ქუჩებში გადაადგილება შეზღუდული არაა. უკრაინაში იმყოფება საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომელთან ინტერვიუსაც „ვერსია“ გთავაზობთ:

 _ ბატონო გიორგი, რა მოლოდინი გაქვთ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების შესახებ?

_ არ მაქვს მოლოდინი, რომ დღევანდელი მოლაპარაკებები დიდი შედეგით დასრულდება, თუმცა თავისთავად, ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებების მექანიზმი შეიქმნა, სწორი და კარგია. უკრაინულმა მხარემ თავისი გაიტანა და ეს შეხვედრა არ მოხდება ბელორუსში, რომელიც ასევეა ჩართული ოკუპაციაში, ამიტომ შეხვედრა საზღვარზე გაიმართება. რა ინფორმაციაც მაქვს, რუსეთს პირველადი „მადა“ შემცირებული აქვს, მათ უნდოდათ უკრაინაში მთავრობის შეცვლა, ხელისუფლების გადაყენება, პრორუსული ძალების ხელისუფლებაში მოყვანა, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, უკრაინის მიერ ნატოზე უარის თქმა. ეს მოთხოვნები შემცირებულია, მაგრამ არ მგონია, იმ დონეზე იყოს, რომ გაიყვანონ ჯარი და უკან დაიხიონ. გუშინ სამარცხვინოდ გამოიყურებოდნენ რუსეთის დუმის დეპუტატები უკრაინის დელეგაციის მოლოდინში და მთავარი ისაა, რომ მთელი მოსფლიო გაერთიანდა. მგონი არ დარჩა ერი და ბერი, ვინც არ გაერთიანდა ამ კატასტროფის საწინააღმდეგოდ და ძალიან იმედიანად ვარ, მაგრამ ემოციები უნდა ვაკონტროლოთ, რადგან საქმე ასე მარტივად არაა. რუსეთთან, პუტინთან გვაქვს საქმე და რა თქმა უნდა, ყოველთვის ცივი გონებით უნდა შევხედოთ რეალობას.

ყველაზე მეტად მაწუხებს საქართველოს ბედი. დღევანდელი განცხადება პრემიერ-მინისტრის, რომ სანქციები არ მუშაობს, არ ვიცი საიდან მოდის. მთელი მსოფლიო სანქციებს ითხოვს, რუსეთი ჩაკეტილია, ფრენები გაუქმდა, ხალხი გადარიცხვებს ვერ ახერხებს, ბანკები სანქცირებულია, ოლიგარქები, ბიზნესმენები პუტინის წინააღმდეგ არიან და რუსეთში შეიძლება მთლიანად „აყირავდეს“ სიტუაცია.

_ მნიშვნელოვანია საინფორმაციო ომიც და მორალური, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, აბსოლუტური უპირატესობა უკრაინის მხარესაა. მოვაწერე ხელი თქვენს პეტიციას რუსული პროპაგანდისტული არხების გათიშვის შესახებ, კიდევ რა ინიციატივა გაქვთ?

_ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია. პირველი - რუსული პროპაგანდისტული არხების გათიშვა; მეორე არის მსოფლიოს გლობალური პეტიცია, რომლის მოთხოვნაცაა საჰაერო სივრცის დაკეტვა ნატოს მხრიდან რუსეთის მიმართ. მესამე შეეხება იმას, რომ საუბარი მიდის უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე და ამას საქართველოც უნდა მიებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც არ უნდა გამოვტოვოთ, რადგან ყველაზე მეტად იმის მეშინია,  გამწარებული პუტინი რას მოიმოქმედებს საქართველოს მიმართ. ჩვენ ხომ იმხელა ჯარი არ გვყავს, როგორც უკრაინას და ძალიან რთული იქნება წინააღმდეგობის გაწევა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიაქტიუროთ. ჯერჯერობით, რასაც ვუყურებ, ხელისუფლების მხრიდან ათი წლის წინანდელი, ერთი და იგივე გზავნილები კეთდება, არადა სხვანაირი ლიდერობა და ხელმძღვანელობა სჭირდება ახლა სახელმწიფოს, რადგან ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ. არავინ ითხოვს მათგან აგრესიულ რიტორიკას, ომის გამოცხადებას, რუსეთთან მიმართებაში განსაკუთრებულ რიტორიკას, ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლიან სოლიდარობას უკრაინელ ხალხთან მიმართებაში, რადგან მარტო არ უნდა დავრჩეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

_ ამბობთ, ბეწვის ხიდზე გავდივართო და საინტერესოა, სად ხედავთ ამ სიფრთხილის ზღვარს? როგორ უნდა მოიქცეს აღნიშნულ გლობალურ კონტექსტში საქართველო? 

_ ახლა ვჩქარობ იმიტომ, რომ ჩვენი პარტია ევროპული ლიბერალური ალიანსის წევრია და აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ. მე აქ ვარ და მუდმივი კონტაქტი მაქვს უკრაინულ შტაბებთან, ვეხმარებით ქართველების გამოსვლაში, ბევრი მიკავშირდება და რეკომენდაციებს ვაძლებთ, ვეხმარებით. ვიღებთ საინფორმაციო ომში მონაწილეობას და ქუჩაში რომ ხალხი მხვდება, იციან, რას ფიქრობს საქართველოში ხალხი და მთავრობა. ყველაფერი იციან, წარმოიდგინეთ, დღეს პრემიერმა რომ განცხადება გააკეთა, ხვალ დილით მთელ უკრიანას ეცოდინება.

_ ბატონო გიორგი, ახლა კიევში იმყოფებით?

_ ახლა კიევში არ ვარ, დღეს ჩემს მეუღლეს გამოვუშვებ საქართველოში და დავბრუნდები ცენტრალური მიმართულებით. კიევში მშვიდობაა, სიწყნარეა დღეს. გუშინ ისევ უნდოდათ კიევის აღება, მაგრამ ვერ შეძლეს ეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

_ როგორი განწყობაა მოსახლეობაში, აქვთ საბრძოლო სულისკვეთება ხომ?

_ ქალები და ბავშვები გაჰყავთ საზღვარგარეთ, მამაკაცები დგანან შეიარაღებულები და იცავენ თავიან ქალაქებს, ყველა მუშაობს აგენტურული ქსელების გამოვლენაზე. ხომ ხედავთ, ტანკებთან მიდიან პირდაპირ და რუსებს შიშველი ხელებით ეწინააღმდეგებიან. განწყობა საომარია, ფსიქოლოგიურად ძალიან მყარადაა უკრაინული მხარე.