ინცესტი - რატომ მოკლა 19 წლის ბიჭმა დეიდა, რომელთანაც სარეცელს იზიარებდა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

გამქრალი ოქროულობა და ხანძარი ბინაში, სადაც მკვლელობა მოხდა

 

ბათო ჯაფარიძე

 

საქმეები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების დროს იმალებოდა, დღის სინათლეზე ნელ-ნელა გამოდის, თუმცა ბედის ირონიით, ის, რაც ადრე აკრძალული იყო, თითქოს, ახლა უინტერესოა. სამწუხაროდ, კითხვა სულ უფრო ნაკლებპოპულარულია და ყველაფერი - გაზეთი, ჟურნალი და წიგნიც კი, სოციალურმა ქსელმა და ინტერნეტმა ჩაანაცვლა. არადა, კომუნისტების დროს, საბჭოთა ხალხი ყველაზე ნაკითხებად ითვლებოდნენ მსოფლიოში და 15 რესპუბლიკას შორის, მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო მეცნიერებისა და აკადემიკოსების ოდენობით, პირველი იყო. სამწუხაროდ, ახლა, იმავე მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლით, კორონავირუსის გავრცელებითა და გარდაცვალების მაჩვენებლით, მსოფლიოს 220 ქვეყნის ტოპ-ათეულში შევდივართ.

 

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, ერთი შეხედვით, რიგითი დანაშაულია და მას გრიფით საიდუმლო არ უნდა ედოს, მაგრამ იმის გამო, რომ აღნიშნული დანაშაულის გახმაურების შემთხვევაში, შესაძლოა, საბჭოთა მოქალაქის მორალური მხარე შებღალულიყო, მასალები გაასაიდუმლოეს. მით უმეტეს, რომ დანაშაული არ მოხდა დედაქალაქში, არც სიდიდით მეორე თუ მესამე ქალაქში, ეს იყო არაფრით გამორჩეული, მშვიდი რაიონი, სადაც ყველა ყველას იცნობდა. ამიტომ, როცა სამსართულიანი კორპუსის ერთ-ერთი ბინიდან კვამლი გამოვიდა, ლამის, მთელი რაიონი დაირაზმა და სანამ სახანძროს მანქანა მოვიდოდა, მეზობლებმა კარიც შეტეხეს და ცეცხლიც ჩააქრეს, თუმცა ჩასაქრობი არაფერი იყო - ცეცხლი ლოგინზე დაყრილ წიგნებს ეკიდა, რასაც ერთი გრაფინი წყალი ეყო, აი, იატაკზე კი... იატაკზე სახლის პატრონის, 52 წლის ქალის უსიცოცხლო სხეული იყო დასვენებული, თავთან ახლოს სისხლის გუბე იდგა, რაღა თქმა უნდა, ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ, მეზობლებმა იქაურობა დატოვეს და მილიციის თანამშრომლებს დაელოდნენ.

როგორც ადგილზე მისულმა ექსპერტმა გაარკვია, ქალი ბროლის ლარნაკის ჩარტყმით იყო მოკლული. ლარნაკიც იქვე, ლოგინზე ეგდო და როგორც ჩანს, მკვლელმა ცეცხლის გაჩენა კვალის დაფარვის მიზნით გადაწყვიტა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა - როგორც კი მეზობლებმა კვამლი შენიშნეს, სასწრაფო წესით იმოქმედეს.

გარდაცვლილის და და დისშვილი მოპირდაპირე კორპუსში ცხოვრობდნენ და 19 წლის ბიჭი იყო პირველი, ვინც კარის შემტვრევა დაიწყო, შემდეგ მას უფროსები მიეხმარნენ და ბინაშიც ასე აღმოჩდნენ. მეზობლების თქმით, იმის მიუხედავად, რომ ქალი 52 წლის გახლდათ, ძალიან კარგად გამოიყურებოდა და რაც მთავარია, ის გათხოვებას აპირებდა. მისი რჩეული ახლო სოფლიდან იყო, 35 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ლამის დედის ასაკის ქალი ყურებამდე შეუყვარდა. სამართალდამცავებმა იეჭვეს, შესაძლებელია, ქალი სწორედ საქმროს მოეკლა, ეჭვიანობის ან თუნდაც ყოფით ნიადაგზე და სოფელშიც წავიდნენ, მაგრამ იქ უთხრეს, რომ მამაკაცი სამი დღის წინ წავიდა სოფლიდან და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. პარალელურად, გარდაცვლილი ქალის კარის მეზობელი ამტკიცებდა, ყოველთვის ვამჩნევდი, როცა ის კაცი სტუმრად მოდიოდა, მაგრამ ბოლო სამი დღე ნამდვილად არ გამოჩენილაო და ზოგადად, სამეზობლო თავს დებდა, უცხო არავინ შეგვინიშნავსო.

საქმროს გაუჩინარება ეჭვებს უფრო აძლიერებდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან მარტივად გაირკვა. მამაკაცი ბეჭდის საყიდლად თბილისში წავიდა, სასადილოში ლუდი დალია, არაყი მიაყოლა, მერე ვიღაც აუშარდა, იჩხუბეს და ჩხუბის გამო, სამი დღით გამოსაფხიზლებელში გამოკეტეს. ერთი შეხედვით, ყველაფერი ეს კარგი ალიბის შექმნის მცდელობას ჰგავდა, მაგრამ როცა კაცმა გაიგო, რომ მისი საცოლე, 52 წლის ქალი მოკლეს, ნამდვილი ისტერიკა დაემართა, მის დამშვიდებას დამაწყნარებელი ნემსის გაკეთება დასჭირდა. აზრზე რომ მოვიდა და იგივე კვლავ გაუმეორეს, გული წაუვიდა. გამომძიებლები მიხვდნენ, რომ კაცი ამას ვერ დადგამდა, გულის წასვლას ვერ მოიგონებდა და საქმრო ეჭვმიტანილების სიიდან ამოიღეს.

მეზობლების დაკითხვის შემდეგ, გარდაცვლილის და და დისშვილი დაიკითხნენ. ორივემ დაადასტურა, რომ ქალი მამაკაცთა მხრიდან ყურადღებას არასდროს უჩიოდა და რაც მთავარია, მას ძალიან ძვირფას საჩუქრებს ჩუქნიდნენ. წესითა და რიგით, სახლში დიდი ოდენობის ოქროული უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ბინა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს, ოქროს კვალს ვერ მიაგნეს. გაჩნდა ვერსია, რომ ქალი სწორედ ოქროულის გამო მოკლეს და შემდეგ ცეცხლის გაჩენაც სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ.

დამ და დისშვილმა დეტალურად აღწერეს ოქროული, რადგან არაერთხელ ჰქონდათ ნანახი ბეჭდები, ყელსაბამები, საყურეები, რომლებიც საოჯახო ალბომში არსებულ რამდენიმე ფოტოზეც იყო აღბეჭდილი. სამართალდამცავებმა ნაქურდალის შემსყიდველებს მიაკითხეს და კატეგორიულად გააფრთხილეს, თუ რაიმე გამოჩნდებოდა, აუცილებლად ეცნობებინათ, რადგან საქმე არა მარტო ქურდობას, არამედ, მკვლელობასაც ეხებოდა.

დაახლოებით, ერთი კვირა გავიდა, თუმცა გამოძიების მიმართულებით არაფერი შეცვლილა. ყველაფერთან ერთად, სამართალდამცავებს თავი გარდაცვლილის დისშვილმაც მოაბეზრა, ბიჭი დღეში რამდენჯერმე მიდიოდა განყოფილებაში და ეკითხებოდა, მკვლელი ხომ არ დაგიკავებიათო?! საბოლოო ჯამში, ყველაფერმა ამან ისეთი აუტანელი ხასიათი მიიღო, რომ გამომძიებლებმა მოურიდებლად მიახალეს, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა შესრულებული, შეიძლება, ვერასდროს ვიპოვოთო. ჰოდა, ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, ბიჭი გაბრუნდა და აღარ გამოჩენილა, თუმცა ერთ-ერთი სამართალდამცავი ამტკიცებდა, როცა ეს ფრაზა გაიგონა, სიამოვნებისგან თვალები გაუბრწყინდაო. პრინციპში, ძალოვნებს არც სხვა ვერსია ჰქონდათ, არც ეჭვმიტანილი ჰყავდათ, საქმე კი როგორმე უნდა დაეძრათ და ამიტომ, გარდაცვლილის დისშვილის თვალთვალი დაიწყეს. ამან შედეგი არ მოიტანა, ბიჭი კანონსაწინააღმდეგოს არაფერს სჩადიოდა და მილიციის თანამშრომლებმა ხრიკი იხმარეს - თავად მიაკითხეს ბიჭს ბინაზე და უთხრეს, აგენტმა შეატყობინა, სავარაუდოდ, დეიდის ბინიდან დაკარგული ერთ-ერთი ნივთის გაყიდვას აპირებდნენ და ეს ნივთი მეორე დღეს, კონკრეტულ მისამართზე უნდა მიეტანათ.

ჰოდა, გამომძიებლებმა ბიჭს უთხრეს, ხვალ არაფერი დაგეგმო, ნივთის ამოცნობაზე დაგვჭირდებიო.

როგორც კი სამართალდამცავებმა ბინა დატოვეს, ხუთ წუთში, კორპუსის ეზოში ბიჭიც გამოვიდა, დეიდის სადარბაზოში შევიდა და კორპუსის სხვენზე აძვრა. ეჭვი რომ არაფერზე აეღო, ბიჭს კიბეზე ოპერმუშაკი ქალი აჰყვა და სწორედ მან ანიშნა კოლეგებს, ბიჭი სხვენზეაო. ორი ოპერმუშაკი სხვენზე აძვრა და ბიჭს მაშინ ჩაავლო, როცა კუთხეში მიმალულ, თავსაფარში გახვეულ ოქროულს ხსნიდა. რა თქმა უნდა, ის მაშინვე დააკავეს, დაკითხვაზე წაიყვანეს და გრიფით „საიდუმლოც“ საქმეს სწორედ მისი აღიარებითი ჩვენების შემდეგ დაადეს.

„დეიდასთან ხშირად ვრჩებოდი, რადგან დედა ღამის ცვლაში მუშაობდა. პირველად 15 წლის ვიყავი, როცა სიცხე მომცა, ძალიან ცუდად გავხდი, მციოდა და დეიდა ჩემთან დაწვა. ისე არაბუნებრივად მომეკრა, რომ... მაშინ პირველად ვიყავი ქალთან, რეალურად, დეიდის გარდა, არავინ მყვარებია და არავისთან ვყოფილვარ. ის ჩემთვის ყველაფერი იყო, სამყაროს დასაწყისიც და დასასრულიც, არანორმალურად მიყვარდა. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ, დეიდამ გამომიცხადა, ვთხოვდები, ჩვენი ურთიერთობა დასრულდება და უკვე დროა, შენი ტოლი და სწორი იპოვო, მე აღარ გჭირდებიო. სწორედ ამისთვის ვიყავი მასთან სასაუბროდ, მინდოდა, დამერწმუნებინა, რომ არ გათხოვილიყო და სიცოცხლის ბოლომდე მის გვერდით ვიქნებოდი, მაგრამ უარი მითხრა. მერე ყველაფერი სპონტანურად მოხდა, კარგად არც მახსოვს, როგორ მოვკალი. ოქროულის მოპარვაც იმიტომ მოვიფიქრე, რომ გამოძიება სხვა მიმართულებით წასულიყო. ამ ოქროულს არასდროს გავყიდდი, ის ჩემთვის სახსოვარი იყო. როცა მითხრეს, რომ ერთ-ერთი ნივთი გამოჩნდა, ვიფიქრე, ალბათ, ვიღაცამ სამალავს მიაგნო-მეთქი და შესამოწმებლად წავედი“, - სულ ეს იყო, რაც დაკავებულმა თქვა.

სასამართლო პროცესი დახურული იყო და თბილისში გაიმართა. ბიჭის დედას „ურჩიეს“, საცხოვრებელი შეეცვალა და იმის მიუხედავად, რომ მეზობლები ცოტა ხანს კიდევ ჭორაობდნენ, ამ ორი ოჯახის კვალი რაიონიდან სამუდამოდ გაქრა, თითქოს, იქ არასდროს უცხოვრია. მკვლელს 12 წელი მიუსაჯეს, თუმცა ესეც პირობითი მსჯავრი იყო - სასჯელაღსრულების ღია ტიპის დაწესებულებაში გადასვლიდან რამდენიმე კვირაში, ბიჭი საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ძიება მალე დასრულდა და დასკვნაში ეწერა, რომ მან თავი ჩამოიხრჩო. ჰო, ეს მაშინ მოხდა, როცა იმავე საკანში, კიდევ 11 პატიმარს... ეძინა.