რატომ არის საქართველოსთვის საშიში რუსეთის მიერ უკრაინის სამხედრო ინტერვენცია

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსული „რულეტკა“

 „თუ პუტინმა უკრაინაში პროგრამა მაქსიმუმი განახორციელა, საქართველოს ბედი კოშმარულად გადაწყდება“

 ავტორი: ნინო დოლიძე

 ბოლო დროს შემაშფოთებელი ცნობები ვრცელდება უკრაინაზე. კერძოდ, დასავლური მედია იუწყება, რომ ნოემბრის დასაწყისში ანუ ნატოს სამიტის დაწყებამდე, აშშ-ს დაზვერვამ დიდი მოცულობის სადაზვერვო მონაცემები წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, 2022 წლისთვის, შესაძლოა, მოსკოვმა უკრაინის ინტერვენცია განახორციელოს. ამავე სადაზვერვო მონაცემებით, იერიშის დროს, გამორიცხული არაა, რუსეთმა უკრაინის საზღვართან ამჟამად განლაგებული ჯარების ნახევარი აამოქმედოს. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მოსკოვი „გაღმა შეედავე“-ს პრინციპით მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინასა და აშშ-ს დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებში ადანაშაულებს და ირწმუნება, კიევი აღმოსავლეთ უკრაინაში იერიშისთვის ემზადებაო. ასეა თუ ისე, სიტუაცია მყიფეა და, ღმერთმა არ ქნას, რომ თუკი უკრაინა რუსული სამხედრო შეტევის მსხვერპლი კიდევ ერთხელ გახდება, შესაძლოა, ეს ჩვენთვის ერთგვარი განგაშის სიგნალი იყოს. რატომ? - ამ კითხვის პარალელურად, კიდევ ერთი კითხვა ჩნდება ანუ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმა გაბედავს?

 ისტორიკოსი და ანალიტიკოსი დავით გამცემლიძე ამბობს, რომ დიახ, კრემლი უკრაინას „დაარტყამს“, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი მივა დასკვნამდე, რომ „ფასი“, რისი გადახდაც მოუწევს, ისეთივე სიმბოლური იქნება, რაც ყირიმის ანექსიის დროს იყო.

„პუტინის „პროგრამა მაქსიმუმი“ კიევის დაპყრობაა და უფრო დასავლეთით, სადაც მყარი პროდასავლური უკრაინული იდენტობის სივრცე იწყება, არ წავა ანუ დასავლეთ უკრაინაში არ შევა. რაც შეეხება პროგრამა მინიმუმს, ეს ყირიმისკენ სახმელეთო გასასვლელის მოპოვება, ესე იგი, პრაქტიკულად, მთელი უკრაინული შავიზღვისპირეთის ოდესამდე და ოდესის ჩათვლით დაპყრობაა“, - აცხადებს გამცემლიძე და დასძენს, რომ სიტუაცია „ბეწვზე ჰკიდია“.

უკრაინა ევროპის ერთ-ერთი დიდი სახელმწიფოა და შესაბამისად, დასავლეთისთვის მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამის გათვალისწინებით, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ცივილური მსოფლიო უკრაინას „პუტინის კლანჭებისთვის“ არ გაიმეტებს, თუმცა დავით გამცემლიძე აცხადებს, რომ დასავლეთი ოფიციალურ კრემლთან სამხედრო კონფრონტაციაში არ შევა. ამის მიზეზად კი ქართველი ანალიტიკოსი ბირთვულ ომს ასახელებს ანუ თუ უკრაინის საბაბით, რუსეთ-დასავლეთს შორის სამხედრო დაპირისპირება დაიწყება, ყველაფერი ეს, შესაძლოა, ბირთვულ ომამდე მივიდეს.

„უკრაინა პუტინისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო თემაა - უკრაინაში დამარცხება მისი აღსასრული იქნება, თან, შესაძლოა, პირდაპირი მნიშვნელობითაც. ამიტომაც, პუტინი ბოლომდე იბრძოლებს და აბსოლუტურად ყველაფერზე წავა. ეს დასავლეთშიც შესანიშნავად იციან. აქედან გამომდინარე, დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, უშუალოდ კონფლიქტის ზონიდან შორს ან თუნდაც შავ ზღვაში სამხედრო ხომალდთა შემოსვლა და „მონტრეს კონვენციის“ შესაბამისად, სწრაფადვე გასვლა, არსებითად შემაკავებელი ფაქტორი არ იქნება. არსებითი და რეალური შემაკავებელი არაფეიკური სანქციები იქნება, რაც ნამდვილად არაა გამორიცხული, თუკი პუტინმა ყველა წითელი ხაზი გადალახა.

ისე, სიმართლე რომ ითქვას, რუსულ არმიას, რომელიც პუტინმა ბოლო 20 წლის განმავლობაში ააშენა, უკრაინული არმია სერიოზულ წინააღმდეგობას დიდხანს ვერ გაუწევს. მოკლედ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დასავლეთი პუტინისთვის სანქციების გამოყენებას გაბედავს თუ არა“, - აცხადებს გამცემლიძე.

სხვათა შორის, ზოგს იმედი აქვს, რომ რუსეთი დაიშლება, ან პუტინს გენერლები დაამხობენ და შესაბამისად, სამხედრო აგრესიას უკრაინაც გადაურჩება და საქართველოც, თუმცა ანალიტიკოსი დავით გამცემლიძე ამ მოსაზრებას მაინცდამაინც არ იზიარებს და ამბობს:

„რაც შეეხება გენერლების მიერ პუტინის დამხობას ანუ სამხედრო გადატრიალებას, როგორც ისტორიკოსი, ვიტყვი, რომ ამის ტრადიცია რუსეთში მეფისა თუ იმპერატორის პერიოდიდან მოყოლებული, არ არსებობს. სწორედ ამ ტრადიციის არარსებობის გამო, 1991 წლის 19 აგვისტოს „პუტჩიც“ სასაცილო და უბადრუკ ოპერეტად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი არმია ცდილობდა, სპეცსამსახურებთან ერთად, ხელისუფლების დამხობას.

ჩვენთვის რომ ვთქვათ, რა მოტივი უნდა ჰქონდეს არმიას, რომ პუტინი დაამხოს? მან ხომ 20 წელია, სწორედ არმია, სპეცსამსახურებთან ერთად, აქცია უმთავრეს პრიორიტეტად, გააძლიერა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, გაუზარდა ხელფასები ოფიცრებს, აუშენა სახლები და ა.შ.

რუსეთის დაშლას, ალბათ, იმიტომ იმედოვნებენ, რომ გრანდიოზული საბჭოთა იმპერია ჩვენს თვალწინ დაიშალა, ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის იმპერია ომში კი არ დამარცხებულა, არამედ, ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობებმა და ეროვნულ ელიტათა შორის კონფლიქტმა დაანგრია. პირველ რიგში, უკრაინული და ყაზახური ელიტების წინააღმდეგობამ ცენტრალურ ხელისუფლებასთან და მერე - ელცინის ელიტებთან.

თანამედროვე რუსეთს კი ბევრად მეტი რესურსი აქვს, ამგვარი კონფლიქტები თავიდან აიცილოს და სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე სიტუაცია გააკონტროლოს, საჭიროების შემთხვევაში, იმავე მეთოდებით, როგორც პუტინმა შეძლო ჩეჩნეთში, 20 წლის წინ...

ისე, თუ რუსეთს რღვევა დაემუქრა, პირველი, რაზეც დასავლური ელიტები იფიქრებენ, საქართველოს ან უკრაინის, ან თუნდაც ბალტიის ბედი კი არა, არამედ, იმ 3-4 ათასი ბირთვული მუხტისა და ბალისტიკური რაკეტების ბედი იქნება, რომელსაც დედამიწის, მათ შორის, დასავლეთის მოსპობა შეუძლია.

მოკლედ, „რუსეთის დაშლაზე“ კი არ უნდა ვიოცნებოთ, ჩვენც უნდა ვუფრთხოდეთ. არც ჩვენ დაგვადგება კარგი დღე. სხვა საქმეა, საერთოდ, რამდენად შესაძლებელია ამ ქვეყანასთან კეთილმეზობლური, მით უმეტეს, თანასწორი ურთიერთობის დამყარება. ისტორიის ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია“.

და მაინც, რა ელის საქართველოს, თუ რუსეთი უკრაინას დაიპყრობს? - ამ კითხვაზე დავით გამცემლიძე პასუხობს:

„თუ პუტინმა უკრაინაში ზემოხსენებული პროგრამა-მინიმუმის და, მით უმეტეს, პროგრამა მაქსიმუმის განხორციელება შეძლო, საქართველოს ბედი, სამწუხაროდ, ისტორიულად გადაწყდება ისე, როგორც კოშმარში თუ მოგველანდება. იქ თუ „გაუვიდა“, მით უმეტეს, გაუვა საქართველოში, რაკი ჩვენი ქვეყანა, უნდა ვაღიაროთ, დასავლური ინტერესის პერიფერიაზე მდებარეობს. მით უმეტეს, უკრაინასთან შედარებით. მაშინ ჩვენ ერთადერთი, შეიძლება, უკანასკნელი იმედიღა დაგვრჩება: ვითამაშოთ ობიექტურ წინააღმდეგობაზე თურქეთსა და რუსეთს შორის, ჩვენს რეგიონში.

საბედნიეროდ, არსებობს ერდოღანის თურქეთი და მისი აბსოლუტურად შეურიგებელი გრძელვადიანი ინტერესები რუსეთის ისტორიულ სივრცეში „შემოსვლის“ თაობაზე. თუ ჩვენ მოვახერხებთ აქ, ჩვენთვის სასურველი ფორმულის გამომუშავებას, მაშინ, შეიძლება, გადავრჩეთ“.