აკრძალვა ლუდომანიის პრობლემას ვერ მოაგვარებს - ფსიქოლოგი ონლაინ კაზიონოებზე რეგულაციების დაწესებას სკეპტიკურად აფასებს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით გაიზრდება გადასახადები, აიკრძალება რეკლამა და 25 წლამდე აიწევს მომხმარებელთა ბარიერი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ონლაინ-კაზინოების მეშვეობით, 5 მილიარდი ლარი გაედინება ქვეყნიდან.

„სათამაშო ბიზნესის და ონლაინ კაზინოების საკითხი თითოეულ მოქალაქეს ძალიან აწუხებს. 1,5 მილიარდი ლარი ონლაინ-კაზინოების მეშვეობით გაედინება ქვეყნიდან. ჩვენი მოქალაქეები, ახალგაზრდები ყოველ დღე თამაშობენ ონლაინ-კაზინოში და აგებენ ფულს და ეს თანხა შეადგენს 1,5 მილიარდ ლარს. მე ამაზე საუბარი მქონდა ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან. ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა. ბატონი მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისათვის. მათგან აბსოლუტური უმრავლესობა უცხოური კომპანიაა და საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში - 1,5 მილიარდი ლარი. აქედან დიდი ნაწილი - 99% არის გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი, რომლებიც არ მუშაობენ.

პირველ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე კი საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ-კაზინოები. ეს ხედვა მაქვს. მე მზად ვარ, ამის შესახებ ღიად ვისაუბრო და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების მხარდაჭერა იქნება. პარლამენტთან აქტიურად ვიმუშავებთ და ერთობლივად ოპტიმალურ, გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაანონსებული რეგულაციების პასუხად კი „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ონლაინ კაზინოს ქმნის. როგორც ზურაბ ჯაფარიძე წერს, ონლაინ კაზინო იმ პრინციპით აიწყობა, რომ ხელისუფლებამ მათი დაჯარიმება ან აკრძალვა ვერ შეძლოს. ჩვენ დავუკავშირდით „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრ ცოტნე კობერიძეს რომელიც აცხადებს, რომ აკრძალვის შემდეგ მსურველი ყველანაირად შეეცდება, ვირტუალურად მოახერხოს უცხოურ საიტებზე თამაში, რასაც სახელმწიფო ვერ დაარეგულირებს.

„თანამედროვე სამყაროში უამრავი მექანიზმი არსებობს, რის საშუალებითაც შესაძლებელია ონლაინ კაზინოს ფუნქციონირება, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს იდეას დააზარალებს.

ონლაინ კაზინოების აკრძალვა არ არის მართებული გადაწყვეტილება, არ მიმაჩნია სწორად, რომ ადამიანს ავუკრძალოთ, როგორ გამოიყენოს მის მფლობელობაში ლეგალურად არსებული საკუთრება. ფულის ფლანგვად ბევრი რამ შეიძლება ჩაითვალოს. აზარტი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ის ყოველთვის პოულობს აზარტით დაკმაყოფილების გზებს. აკრძალვის შემდეგ მსურველი ყველანაირად შეეცდება, ვირტუალურად მოახერხოს უცხოურ საიტებზე თამაში, რასაც სახელმწიფო ვერ დაარეგულირებს. უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში არსებული ბიუჯეტის 2-3%-მდეა შემოსავალი კაზინოების მიერ გადახდილი გადასახადების და მოთამაშეების დიდი ნაწილი არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან იმიტომ, რომ იმ ქვეყნებში არის ანალოგიური აკრძალვები. ბევრი ფორმით შეიძლება ადამიანმა საკუთარი იდენტობა დამალოს და უცხო ქვეყნის ონლაინ კაზინოებით ისარგებლოს“ - აცხადებს ცოტნე კობერიძე.

რამდენად გაამართლებს ონლაინ კაზინოების აკრძალვა და შეიძლება თუ არა ლუდომანიის პრობლემის ამ გზით მოგვარება? - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ვერსია“ ნარკოლოგიის კლინიკური განყოფილების სტაციონარის ფსიქოლოგს ნინო კომახიძეს ესაუბრა:

„ლუდომანია კომპლექსური პრობლემაა, რადგან ძალიან ბევრ კომპონენტს შეიცავს და აკრძალვასთან ერთად სხვა კომპონენტების გათვალისწინებაც აუცილებელია. ზოგადად, არ ვარ აკრძალვების მომხრე, ვფიქრობ, მკაცრი რეგულაციები გაცილებით სწორი ალტერნატივაა. ნარკოტიკთან მიმართებაში ჩვენი და სხვა ქვეყნის პრაქტიკაც გვიჩვენებს, რომ როდესაც რაღაც იკრძალება გარკვეულ ეტაპზე ნამდვილად მცირდება მოთამაშეთა რაოდენობა, მაგრამ არც თუ ისე პატარა ნაწილი გადადის მიწისქვეშა სათამაშო ობიექტებზე. მკაცრი რეგულაციები ჩემი გამოცდილებით არის ყველაზე ეფექტური, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ აკრძალვებით არ უნდა შემოვიფარგლოთ, რადგან ლუდომანია არის დაავადება. საქართველოში „ლუდომანებისთვის“ ოფიციალური სერვისი  არ არსებობს. იმის მიხედვით, როგორ ქაოსშიც ვცხოვრობთ, რა თქმა უნდა, აკრძალვა კარგი ნაბიჯია, მაგრამ არსებობს ბევრი შედარებით ეფექტური გზაც. უნდა არსებობდეს უფასო თერაპიები, რომელიც დაფინანსდება და უფასოდ გაუწევენ დახმარებას თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი სერვისი რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს, არის პრევენცია, ანუ აუცილებელია ბავშვების, ახალგაზრდების, წინასწარი ინფორმირება, თუ რასთან აქვთ საქმე, პრემიერის გადაწყვეტილებში ძალიან მომწონს რეკლამის აკრძალვა, რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები“ - აცხადებს ნინო კომახიძე

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი