მკვლელობა პლაჟზე - ვინ არის ქალი, რომელმაც ქმარი სიცოცხლეს პურის საჭრელი დანით გამოასალმა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

ლგბტ თემი - ეს ტერმინი ჩვენმა მამებმა და დედებმა არ იცოდნენ, არც - ბებიებმა და ბაბუებმა... განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს განსხვავებულად კი მოიხსენიებდნენ, მაგრამ მაშინ ეს უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა და უბრალოდ, ყველა მალავდა. პრაიდის ჩატარებაზე საუბარი კი არა, ფიქრიც კი ზედმეტი იყო... საქართველოს სისხლის სამართლის ისტორიაში, ტერმინი - „განსხვავებული ორიენტაცია“ ოფიციალურად 1983 წელს დამკვიდრდა, თუმცა კიდევ რამდენიმე წელი გავიდა, სანამ გამოიყენებდნენ. საქმეს გრიფით „საიდუმლო“ სწორედ ამის გამო დაედო და რომ არა დღევანდელი რეალობა, ალბათ, ისევ საიდუმლო გრიფი ექნებოდა.

 „1983 წელს, გაგრაში, ცოლ-შვილთან ერთად ვისვენებდი. სანაპიროზე ვიყავი გასული და, დაახლოებით, 300 მეტრში ჩოჩქოლი ატყდა. თავიდან მეგონა, ვიღაც დაიხრჩო-მეთქი, მაგრამ მალე ხმამ მოაღწია. ხალხი ყვიროდა - „მოკლეს, მოკლეს“. ბავშვები ცოლს დავუტოვე და ასე, ტრუსების ამარა გავიქეცი შემთხვევის ადგილისკენ. იქ მისულს, 130-140 კილომდე მამაკაცი დამხვდა გაშოტილი და გულთან ახლოს დანის ტარი მოუჩანდა. პირველი, რაც გავიფიქრე, მამაკაცის მოკლულია, ქალი ასე ძლიერად ვერ დაარტყამდა-მეთქი, ამიტომ იქ მყოფები მოვათვალიერე, საეჭვო ვერავინ ვნახე და შემთხვევის ადგილის დაცვა დავიწყე, კვალი რომ არ წაშლილიყო. მილიციის თანამშრომლებიც მალე მოვიდნენ და იქაურობას გამარიდეს, ვერ დაიჯერეს, რომ ტრუსებში გამოწყობილი დამსვენებელი მათი კოლეგა ვიყავი, თუმცა მალე ჩემი მეგობარი გამომძიებელიც მოვიდა და, რაღა თქმა უნდა, ჩემი დანახვა გაუხარდა. მთხოვა კიდეც, ეგებ, ხელი წამიკრა, დამეხმაროო“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

გარდაცვლილი სატვირთო მანქანის მძღოლი იყო და გაგრაში ცოლთან ერთად ისვენებდა. წყვილს შვილი არ ჰყავდა, ოჯახიც ასაკში შექმნეს და როგორც შემდეგ გაირკვა, შვილის ყოლა დიდად არც კაცს სურდა და არც - ქალს. გაგრაში ისინი ცოლის დაქალს შეხვდნენ, მაღაზიაში ძეხვი, ყველი, პური და ლიმონათი იყიდეს, სანაპიროზე რომ „წაეპიკნიკათ“. დაკითხეს ცოლი და დაქალი, ორივემ ერთნაირი ჩვენება მისცა, კაცი სანაპიროზე დარჩა და პროდუქტის დაჭრა სწორედ იმ დანით დაიწყო, რომლითაც მოკლეს. ქალები ზღვაში შევიდნენ, იქიდან რომ ამოვიდნენ, ასეთი სურათი დახვდათ. დანის ტარზე ანაბეჭდი არ იყო და რაც ყველაზე საინტერესოა, იქვე, 5-6 მეტრში მყოფი სხვა დამსვენებლები ამბობდნენ, რომ ხმაური არ გაუგიათ, არც რამე საეჭვო დაუნახავთ, მხოლოდ მაშინ მიიხედეს, როცა ქალებმა კივილი ატეხეს.

მეორე დღეს, ექსპერტმა თქვა, რომ დანას პირდაპირ გულში ჰქონდა გავლილი და გარდაცვლილი დაყვირებას კი არა, ამოსუნთქვასაც ვერ მოასწრებდა. ექსპერტის მტკიცებითვე, მკვლელი ძლიერი მაამაკაცი იყო, რომელმაც ზუსტად იცოდა, სად და როგორ უნდა დაერტყა.

წესისამებრ, გადაამოწმეს გარდაცვლილის ახლოს მყოფი ყველა დამსვენებელი და მათ შორის ნასამართლევი არავინ იყო. სამაგიეროდ, გარდაცვლილის მეუღლე აღმოჩნდა ნასამართლევი და თანაც რისთვის - სხეულის მძიმე დაზიანებისთვის. მას ოთხი წელი ჰქონდა მოხდილი...

„ქალი სხვას სხეულის მძიმე დაზიანებას რომ მიაყენებს და რაც მთავარია, ამის გამო 4 წელს მიუსჯიან, უკვე საინტერესოა. ამიტომ, ქვრივის დაკითხვას დავესწარი და ის საქმეც გამახსენდა, თავის დროზე, ყველა სამართალდამცავი სინანულით რომ საუბრობდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

მოკლედ, ეს ქალბატონი გათხოვებამდე თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ კორპუსში, პირველ სართულზე ცხოვრობდა. ერთ საღამოს დაინახა, როგორ ცდილობდა ორი ახალგაზრდა ბიჭი გოგონასთვის ტანსაცმლის შემოხევას, არც დაფიქრებულა, ცომის გასაბრტყელებელი ჯოხი აიღო და ბიჭებს გაუვარდა. ისინი ქალის დანახვამ დააბნია, თუმცა თავად ქალბატონი არ დაიბნა და ორივეს საკმარისზე მეტი მოხვდა. მერე, როგორც ხდება ხოლმე, ბიჭებს მფარველები გამოუჩნდათ, ქალს არავინ მოუსმინა და საბოლოოდ, ისე გამოიყვანეს, რომ თავს სწორედ ეს ქალი დაესხა მშვიდად მიმავალ ახალგაზრდებს. სასამართლომაც 4 წელი გამოიტანა და რაც მთავარია, ეს ვადა სრულად მოახდევინეს. მერე, ციხიდან გამოსული, არცერთმა სამსახურმა ახლოს არ გაიკარა და ქალმა მუშაობა მშენებლობაზე დაიწყო. მომავალი მეუღლეც იქ გაიცნო, მტვირთავად მუშაობდა და ცოლად მხოლოდ იმის შემდეგ გაჰყვა, რაც პირობა ჩამოართვა, რომ შვილების ყოლაზე პრეტენზია არ ექნებოდა.

გამოძიება ჩიხში შევიდა. გარდაცვლილს ყველა დადებითად ახასიათებდა - არ ჰყავდა მტრები, უწყინარი კაცი იყო, საკმაოდ ნორმალური შემოსავალი ჰქონდა და ბედს არ უჩიოდა. ცოლზე გიჟდებოდა, ისე უყვარდა და მუდმივად ცდილობდა, ესიამოვნებინა. ქალზე ერთი მეზობელი ან თანამშრომელი ვერ ამბობდა, რომ ვინმესთან ფლირტი ჰქონდა. მეტიც, როცა მშენებლობაზე ქალს ერთმა მუშამ უხამსი კომპლიმენტი გაუბედა, ქალმა თავზე აგური ძალიან მშვიდად დააფშვნა.

რაც მთავარია, სამართალდამცავებს ღრმად სწამდათ, რომ გარდაცვლილი მკვლელს იცნობდა, რადგან არათუ ახლოს მიუშვა, არამედ, დანაც მიაწოდა და რაც მთავარია, მისგან სასიკვდილო დარტყმას არ ელოდა. საქმე თბილისს გადასცეს და ეს იმიტომ, რომ საკურორტო სეზონზე მკვლელობა განსაკუთრებული შემთხვევა იყო.

„ერთადერთი დადებითი ის იყო, რომ საქმის შესახებ გადმოცემით არ ვიცოდი, მეც იქ ვიყავი, მაგრამ ახალ სამხილებს ხომ ვერ მოვიფიქრებდი? ვიჯექი და თავს ვიმტვრევდი, ვის და რატომ შეიძლებოდა მოეკლა ეს კაცი. მეტიც, ბოლო სამი რეისი, რომელიც მან გააკეთა, მეც გავიარე, იმ ადგილებში ჩავედი, სადაც ტვირთი დაჰქონდა, შევხვდი მათ, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა და არაფერი, საერთოდ არაფერი. ამიტომ, გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ დამეკითხა მისი მეუღლე და სამსახურში მივაკითხე. ჩავთვალე, რომ გარეთ უფრო მარტივად გამოვიდოდა საუბარი, ვიდრე - შინ, სადაც დარწმუნებული ვიყავი, კედელზე კაცის სურათი ეკიდა და სანთელი ენთო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

მშენებლობაზე მისულ გამომძიებელს თვალში მოხვდა, როგორ მარტივად დაატარებდა ქალი ცემენტით სავსე სათლებს კიბეზე და როგორ მარტივად იქნევდა ქაფჩას. საუბარმა ახალი არაფერი მოიტანა და გამომძიებელმა იმდენი ქნა, ქალს შინ თავი ძალით დააპატიჟებინა, ჩაიზე. სახლში ახალი არაფერი იყო: დიდი სურათი, ოღონდ „სერვანდზე“ და არა - კედელზე. ბინიდან გამოსულ სამართალდამცავს ეზოში ეულად მყოფი მოხუცი ქალისკენ გაუწია გულმა. ახლაც ასეა, თუ ეზოში პენსიონერია, მან ყველაფერი იცის და ყველაფერს ამჩნევს, თანაც ეს პენსიონერი არ ახსოვდა.

„საავადმყოფოში ვიწექი, როცა ეს ამბავი გავიგე, ახლა გამოვედი. მაინც მგონია, რომ ამ ქალის მეგობარი ქალია საქმეში გარეული. სანამ საავადმყოფოში დავწვებოდი, წინა დღით, კაცი შინ ღამით დაბრუნდა და ის დაქალი, ნახევრად შიშველი, გარეთ კინწისკვრით გამოაგდო. რა არ მოეწონა, არ ვიცი, მაგრამ ეს მშვიდი ადამიანი ბოლო ხმაზე უყვიროდა, აქ თუ კიდევ გნახავ, მოგკლავო“, - მშვიდად ამბობდა მოხუცი.

ეს რაღაც ახალი იყო. გამომძიებელი ქვრივის მეგობართან წავიდა. მან კონფლიქტი ვერ უარყო, თუმცა თქვა, ის იდიოტი ეჭვიანობდა, ჩემს ცოლთან რატომ წევხარო. ერთოთახიან ბინაში, სადაც ერთი ლოგინი დგას, ორი ქალი რომ დაწვეს, დანაშაული და გასაკვირიაო?

„სულ დავიბენი. ქალზე ეჭვიანობა მანამდე არც პრაქტიკაში შემხვედრია და სიმართლე გითხრა, არც ფიქრად გამივლია. სასწრაფოდ ექიმებთან გავიარე კონსულტაცია და დამიდასტურეს, რომ ასეთი წყვილები მსოფლიოში არსებობენ და საქართველოშიც აუცილებლად იქნებოდნენ, ოღონდ ჩუმად, გაუხმაურებლად. შემდეგ ის გამახსენდა, რა მარტივად დაატარებდა გარდაცვლილის მეუღლე, ლამის 25-კილოიან „ვედროებს“ და მივხვდი, მამაკაცივით ძლიერად დანის დარტყმასაც შეძლებდა, მაგრამ სიზუსტე? სად მშენებელი და სად - ანატომია?“ - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ქვრივის ისტორია ახლიდან გაქექეს და აღმოაჩინეს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, სამი წლის განმავლობაში, უშედეგოდ ცდილობდა სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარებას. როგორც გაირკვა, საგნებს ზედმიწევნით სწავლობდა, მაგრამ მაშინ სამედიცინოზე მოსაწყობად მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი.

„ორივე ქალი დავაკავეთ და ქვრივი თუ მაგრად იდგა, მისი დაქალი მალე გატყდა. ერთადერთ რამეს ითხოვდა, ოღონდ ერთ საკანში ჩაგვსვით და ყველაფერს ვაღიარებო. ნამდვილი შოკი იყო - ქალები ერთმანეთის სიყვარულში გამოტყდნენ და მაშინაც, როცა რეისიდან მოულოდნელად დაბრუნებულმა ქმარმა კარი შეაღო, შიშვლებს მიუსწრო და იმიტომაც გამოაგდო. მკვლელობა კი დაუგეგმავად მოხდა. ცოლ-ქმარი დასასვენებლად წავიდა და ქალმა საყვარელ ქალს ჩააკითხა, სანაპიროზე შეკამათდნენ და ცოლმა ქმარს ერთი ზუსტი დარტყმით დანა გულში გაუყარა, მერე მშვიდად გავიდნენ სანაპიროზე და ხუთ წუთში დაბრუნდნენ“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

სასამართლომ დანაშაულის დაფარვისთვის, დაქალს ოთხი წელი მიუსაჯა, ქმრის მკვლელობისთვის კი ქვრივი 12 წლით გაისტუმრეს გისოსებს მიღმა.