რით ხსნის ზაზა ხატიაშვილი ხმების 0,37%-ს და დაუჭერს თუ არა მხარს მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ თბილისში 2021 წლის არჩევნებში მერობის კანდიდატად ზაზა ხატიაშვილი იყრიდა კენჭს, რომელმაც ხმების 0,37% დააგროვა. საინტერესოა, როგორ აფასებენ პარტიაში ასეთ დაბალ შედეგს და რა მოლოდინები ჰქონდათ არჩევნებამდე... „ვერსია“ ასევე დაინტერესდა, „თავისუფალი საქართველო“ მხარს დაუჭერს თუ არა ოპოზიციის კანდიდატს მეორე ტურში? - ამ და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ზაზა ხატიაშვილს ვესაუბრეთ:

„მერობის არჩევნებში მივიღე მონაწილეობა, მაინტერესებდა, რამდენი ადამიანი იყო მზად, რომ კანდიდატისთვის, რომელიც საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს, არჩევნებში მხარი დაეჭირათ და ორხელისუფლებიანობა დაემთავრებინათ. ამომრჩეველს ტელევიზიით, „ფეისბუქით“, მივმართავდი და მოვუწოდებდი, ჩემთვის მოეცათ ხმა. ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, რომელიც ამბობდა, რომ რაც ხდება, არის მარაზმი და გარიგება ამ ორ პარტიას შორის. საზოგადოებას ვეუბნებოდი, მესამე ძალაზე გაეკეთებინათ აქცენტი. აღმოჩნდა, რომ 1750 ადამიანი იყო მზად ამისთვის. მე ფული არ დამირიგებია, არც კორპუსებში მივსულვარ, მხოლოდ განვაცხადე, კენჭისყრის თაობაზე და პროგრამის შესახებ, რომელიც ყველასაგან განსხვავებულია. გაწერილი მქონდა, რაში დაიხარჯებოდა სწორად მერიის ბიუჯეტი.

ვიყავი არაპარტიული მერი, რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ დამიჭირა მხარი, მინდოდა საზოგადოების აზროვნება შემომეტრიალებინა იქით, რომ პარტიული მერი არ იქნებოდა მისაღები ჩვენი საზოგადოებისთვის.“

 ზაზა ხატიშვილი აღნიშნავს, რომ თბილისის მერობა პოლიტიკური თანამდებობა არ არის:

„2021 წელს ამომრჩეველმა პროცენტული მაჩვენებლით არაფერი არ მითხრა. ოთახიდან არ გავსულვარ, ეს ხმები ისე ავიღე, მერე ახლობლები მეუბნებოდნენ, 80%-მა ვერ გაიგო, რომ კენჭს იყრიდიო, საქართველოში თუ ფულს მოიპარავ და დაარიგებ მაგარი კაცი ხარ, თუ არ მოიპარავ და იტყვი პატიოსანი ადამიანი ვარ და მინდა, რომ მაფიოზური სტრუქტურები ჩავხსნა, ცუდი კაცი ხარ.

მე ზაზა ხატიაშვილი ვარ, საკმაოდ სოლიდური სახელი მაქვს ამ ქვეყანაში და ევროპაში, ასე რომ ძალიან ბევრ ადგილას წამესვლება, მაგრამ იმ ადამიანებმა ვინც ფული აიღეს არჩევნებში და ხმა მისცეს ორ ძალას, რომლის ერთი მერობის კანდიდატზე ვამბობთ რომ 1 მლრდ არამიზნობრივად დახარჯა, ხოლო მეორე მერობის კანდიდატი 50 მლნ ლარის არამიზნობრივად ხარჯვაზე სასჯელს იხდიდა, ამ ადამიანებს მისცეს ხმა და ამით ამომრჩეველმა თქვა, რომ იმ ადამიანს მივცემ ხმას, ვინც ფულს მომცემსო.

ვფიქრობ, რომ თბილისის მერობა ეს არ არის პოლიტიკური თანამდებობა. თუ მენდომებოდა სააკაშვილთან ან ივანიშვილთან გაერთიანება, იქ მინიმუმ პირველ სამეულში მექნებოდა ადგილი, მაგრამ ამ ორ ძალასთან თანამშრომლობას, მირჩევნია პატიოსანი ადამიანის სახელით ვიარო ამ ქვეყანაში. მე 1750 კაცი გამოვაფხიზლე, რომელმაც თქვა, რომ „არ მინდა ასეთი ცხოვრება“. - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი