„ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბავშვებისთვის განათლება, ეს ხომ მათი კონსტიტუციური უფლებაა!“ - განათლების ექსპერტი ჩხენკელის 10-წლიან გეგმას აფასებს

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმა წარუდგინა. მინისტრმა ადრეულ ასაკში ბავშვების აღზრდისა და განვითარების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამინისტრომ ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა. ამ ეტაპზე სისტემაში ინერგება ბილინგვური განათლება, რაც ხელს შეუწყობს სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნას. 

მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა მთავარ პრობლემად სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები გამოყო, დღემდე არ ვიცით, კონკრეტულად რას აკეთებს სამინისტრო ამ ბავშვებისთვის. აქვე აღსანიშნავია, რომ კორონაპანდემია დასრულებული არაა და არც ვიცით, როდის დასრულდება, ამიტომ ონლაინ სწავლების ხარისხის გაუმჯობესება სამინისტროსთვის, წესით, პრიორიტეტული უნდა იყოს. ახლაც გართულებული პანდემიური ვითარების გამო შესაძლოა, სწავლა ისევ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდეს, ამიტომ მინისტრს განათლების განვითარების 10-წლიან გეგმაში ონლაინ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მეტი უნდა ესაუბრა და უნდა დაგვენახა, რას აკეთებს განათლების და მეცნიერების სამინისტრო იმისთვის, რომ ბავშვებმა საქართველოში დისტანციური სწავლების აუცილებლობის პირობებში ხარისხიანი განათლება მიიღონ. ჩხენკელის მიერ წარმოდგენილი გეგმის შეფასება „ვერსიამ“ განათლების ექსპერტსა და პედაგოგს, დათო ფერაძეს სთხოვა, რომელმაც  საუბარი ბილინგვური სწავლების შეფასებით დაიწყო და განმარტა, რომ დღესდღეობით შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან რეგიონებში ამის სურვილი არ არსებობს:

 „ბილინგვურ რეგიონებში (იგულისხმება ორენოვანი მოსახლეობა) არის ადგილები, სადაც ადამიანების ინტეგრირება ვერ ხდება ენის ბარიერის გამო. ეს პრობლემა ბუნებრივია, სხვა პრობლემებსაც წარმოშობს. მაგალითად, ჩვენ რომ ჩავიდეთ ქვემო ქართლში ან სამცხე-ჯავახეთში იმის მიუხედავად, რომ გახანგრძლივებულად ისწავლება ქართული ენა, მაინც არ იციან ამ ადამიანებმა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად სხვა სახელმწიფოებრივი მიდგომაა საჭირო და არა მაგალითად, ბილინგვური განათლება. ამასთან დაკავშირებით ძალიან ზოგადი იყო მინისტრის განცხადება, რადგან ამას მთელი რიგი პროგრამების შემუშავება სჭირდება, ორენოვანი სახელმძღვანელოები და რაც მთავარია, მასწავლებლებს უნდა შეეძლოთ საგნის ორენოვნად სწავლება. ბილიგვური განათლება აზრობრივად გულისხმობს ამას, მაგრამ მთავარი ისაა, რამდენად შედეგიანი იქნება ამ რეგიონებში ეს პროგრამა, რადგან ქართულის და ისტორიის მასწავლებლებს ბოლო ათწლეულია, სახელმწიფო აფინანსებდა და უშვებდა სხვადასხვა რეგიონში მსგავსი პროგრამით, მაგრამ შედეგი მაინც არ გვაქვს, ან გვაქვს ძალიან უმნიშვნელო.

ამის ფონზე ვფიქრობ, რომ არ ექნება შედეგი ამ პროგრამას, რადგან მოსწავლე უნდა ხედავდეს ამის აუცილებლობას და თვითონვე უნდა ჰქონდეს ამის სურვილი.  მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში სომხურენოვან მოსახლეობაში ამის სურვილი ნაკლებია, რადგან ისინი კონტაქტობენ ერევანთან, კომუნიკაცია მეტი აქვთ სომხეთთან, ეს ფაქტორი იწვევს სურვილისა და აუცილებლობის არარსებობას. მსგავსი სიტუაციაა ქვემო ქართლშიც. საჭიროება იწვევს ბილინგვური სწავლების სურვილს, ამიტომ რაღაცნაირად სახელმწიფომ უნდა იფიქროს იმაზე, როგორ შეიქმნას ამის სურვილი მოსახლეობაში.“

ფერაძე განათლების მინისტრის მიერ წარმოდგენილ ათწლიან გეგმაზე ამბობს, რომ ეს მხოლოდ იდეებია და ბოლო ათ წელში დაახლოებით 15-ჯერ წარადგინეს მსგავსი გეგმა, რაც მხოლოდ იდეებს გულისხმობს.

„ბოლო ათ წელიწადში დაახლოებით 15-ჯერ იყო წარმოდგენილი ათწლიანი განვითარების გეგმა  და ყველა წარმოდგენილ გეგმაში იყო მხოლოდ იდეები. ამ გეგმაში ისეთი არაფერი არ არის, რომ ვინმე გააოცოს. სამწუხაროდ, გამოდის ისე, რომ ჯერ ისედაც მცირე დაფინანსებაა და ეს დაფინანსებაც ხმარდება არა იდეების განვითარებას, არამედ მხოლოდ იდეებს.

სამინისტრო ამბობს, რომ ევროპულ ხარისხს უნდა დაეწიოს საქართველოს განათლების სისტემა, ევროპულ ხარისხს მხოლოდ განათლება როგორ დაეწევა, თუ მასწავლებლის ანაზღაურება არ შეიცვლება, ასევე სკოლის მენეჯმენტს უნდა ჰქონდეს მორალური უფლება, მოსთხოვოს ნორმალური მუშაობა მასწავლებელს. აქედან გამომდინარე, თუ უნდათ განათლების ხარისხნის განვითერება, მასწავლებლის ანაზღაურებაც უნდა დაეწიოს ევროპულ ხარისხს.“

პანდემიის მძიმე ფონზე, როცა სკოლის მოსწავლეებს თვეების განმავლობაში უწევთ დისტანციური სწავლება, არსებობენ ბავშვები სხვადასხვა რეგიონში, სადაც ტექნიკის ან ინტერნეტის არარასებობის გამო ვერ იღებენ ან დაბალი ხარისხით იღებენ დისტანციურ განათლებას. სწორედ ონლაინ სწავლების არაერთ პრობლემაზე საუბრობს დათო ფერაძეც და აცხადებს, რომ სკოლებს დისტანციური სწავლების დროს ბავშვების არმისვლით დაზოგილი თანხა ონლაინსწავლების გაუმჯობესებისთვის უნდა მოეხმარათ:

 „როდესაც პირველად ონლაინრეჟიმზე გადავიდა სწავლება, მაშინვე შევთავაზე სამინისტროს, რომ თანხა, რაც სკოლას ბავშვების არმისვლით შეეძლო, დაეზოგა, მაგალითად: კომუნიკაციის, გაზის, ელექტროენერგიის და სხვ. ეს დანაზოგი საკმაოდ დიდი თანხა იყო, მაგრამ რეალურად სად წავიდა, არავინ იცის. სავსებით შესაძლებელი იყო, ეს დანაზოგი იმ ბავშვებს მოხმარებოდათ, რომლებიც მოკლებულები იყვნენ დისტანციური სწავლების დროს ტექნიკას და ინტერნეტს. ეს კითხვა, რომ დავსვი, პასუხი ვერ მივიღე. სრულიად საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმის, რომ ეს თანხა გადანაწილდა ვიღაცების ჯიბეში. მე შევთავაზე იმ პერიოდში, რომ ასეთ მოწყვლადი ჯგუფებისთვის, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა ტექნიკის და ინტერნეტისა, შეესყიდათ ინტერნეტი  და ტექნიკური საშუალებები. ისე, რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა ბავშვისთვის განათლება, ეს ხომ საქართველოში ყველა ბავშვის კონსტიტუციური უფლებაა. ეს უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს, მაგრამ ძალიან ბევრი ბავშვი დარჩა ონლაინ სწავლების გარეშე და არაფერი გაკეთდა მათთვის.“