"საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა "ვისოლ ჯგუფმა" იყიდა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობა 65 100 000 ლარად "ვისოლ ჯგუფმა" შეიძინა, ამის შესახებ ინფორმაციას მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა "ბიზნესპარტნიორი" აქვეყნებს:

"გარკვეული პერიოდის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. სწორედ ამ მიზეზით შევისყიდეთ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობა, ვაპირებთ ვიმუშაოთ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, შევქმნათ საინტერესო კონცეფცია და შესაბამისად განვითარდეს საინტერესო, მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ამ ლოკაციაზე" - უთხრა სოსო ფხაკაძემ "ბიზნესპარტნიორს".

კოსტავას ქ.N68-ში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა და მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად რიგით მერვე აუქციონზე გაიყიდა.

დღგ-ს ჩათვლით, ქონების ღირებულება 76 700 000 ლარია. თანხა ინვესტორმა შემდეგი გრაფიკის მიხედვით უნდა გადაიხადოს:

  • 45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში;
  • 20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა;
  • 20% - არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა;
  • 7.5% - არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა;
  • 7.5% - არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, ჯამში, ობიექტის გასაყიდად გამოცხადებული შვიდი აუქციონი ჩაიშალა. პირველი აუქციონი, 122 432 000 ლარი საწყისი ღირებულებით, 2020 წლის 16 ივნისს გამოცხადდა, გასულ წელს, ბოლო აუქციონზე კი, ობიექტი დაახლოებით 40 მილიონი ლარით იაფად იყო გამოტანილი.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობის საწყისი ფასი ასე იცვლებოდა:

  • 16/06/2020 - ₾122 432 000;
  • 16/07/2020 - ₾110 343 600;
  • 03/08/2020 - ₾99 536 040;
  • 15/03/2021 - ₾96 904 512;
  • 21/05/2021 - ₾82 455 450;
  • 11/06/2021 - ₾82 455 450;
  • 05/07/2021 - ₾82 455 450.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" ახალ შენობას ანნა პოლიტკოვსკაიას ქ.N31-ში იშენებს - მშენებლობის დასრულება 2023 წელს არის დაგეგმილი.