სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას ევროკავშირის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით 4 საპატრულო კატარღა გადაეცა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, „დეფენდერის“ ტიპის 4 სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა შეემატა. აღნიშნული კატარღების შეძენა და გადმოცემა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით პროექტ "SAFE"-ის ფარგლებში და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) კოორდინაციით განხორციელდა.
 
კატარღების სანაპირო დაცვის შემადგენლობაში შეყვანასთან დაკავშირებით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის სამსახურის უფროსის მოადგილეს კატალინ გერმანს და გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში - საბინე მახლის უმასპინძლა.
ღონისძიების მიმდინარეობისას კატარღის მეთაურებმა მცურავ ერთეულებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები საზეიმოდ აღმართეს.
კატარღები დაკვირვების, სანავიგაციო და კავშირგაბმულობის თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი. მათ დანიშნულებას წარმოადგენს ნავსადგურებსა და ტერიტორიული ზღვის ფარგლებში პატრულირება, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულების კონტროლი და საძიებო-სამაშველო ოპერაციების ჩატარება.
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახელით სტუმრებს მადლობა გადაუხადა.
ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესის მხარდაჭერას, რაც საზღვრის მართვის სისტემების განვითარებას და მოდერნიზებას გულისხმობს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია კი, სასაზღვრო პოლიციასთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს.