Menu
RSS

70-იან წლებში ხუდონის მშენებლობა რომ დაიწყო, მაშინ არც ერთ ხაიშელს პროტესტი არ გამოუთქვამს

,,თუ ხუდონჰესი არ აშენდა, ის ადგილი მოსახლეობისგან დაიცლება. გარდა ამისა, აუცილებელი გახდება უკვე აშენებული ნაგებობების კონსერვაცია, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული, დაახლოებით 70 მილიონი დოლარია ამისათვის საჭირო. კონსერვაციის გარეშე იქ განვითარდება მეწყერული და ტექნოგენური პროცესები, საერთო ჯამში კი ჰესის აუშენებლობა იმ ადგილებს მთლიანად გააუბედურებს’‘, _ აცხადებს ხუდონჰესის პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა.
_ ბატონო ანზორ, რამდენად აუცილებელია ხუდონჰესის მშენებლობა და რას მოუტანს ქვეყანას?
_ დავიწყოთ იმით, რომ დღეს მთავარი ენერგოუსაფრთხოებაა. ამ უსაფრთხოებას ემსახურება საკუთარი რესურსების ათვისება, რომელიც ყველა ქვეყანას ინდივიდუალური აქვს და თავისებურად ახერხებენ ამას. ჩვენთვის ეს პოლიტიკა საკუთარი რესურსების ათვისებაში გამოიყენება. გაერო ყველა ქვეყანას ავალებს, რომ მათ საკუთარ რესურსებზე გააკეთონ ორიენტაცია და განსაკუთრებით გაამახვილონ ყურადღება განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებაზე. ჩვენს შემთხვევში, ჰიდრორესურსი არის ის, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობით გაგვაჩნია და რომელიც აუცილებლად უნდა ავითვისოთ. რაც შეეხება ხუდონჰესს, ჩვენი ქვეყანა საშუალოდ მიიღებს 1.6 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას. თუ უხვწყლიანი პერიოდი იქნება, ეს მაჩვენებელი შეიძლება 10%-მდე გაიზარდოს, თუ მცირეწყლიანი _ შეიძლება, 10%-მდე შემცირდეს. გარდა ამისა, ენგურჰესი და ხუდონჰესი ერთობლიობაში იმის გარანტი იქნება, რომ რაც უნდა მოხდეს, საქართველო არ ჩაბნელდება და ეკონომიკა პარალიზებული არ იქნება. ეს დამოკიდებულია ჟინვალჰესზეც, ხრამჰესზეც, მაგრამ ენგურისა და ხუდონის უპირატესობა ყველა სხვა ობიექტთან შედარებით, ისაა, რომ ეს ორი ობიექტი ერთი და იგივე რესურსს, ერთი და იგივე დროში, წამებში ისე განავითარებს, რომ ყოველგვარი ავარიებისგან დაგვიცავს. თუ ავარია მოხდება თბილსრესში, ენგურისა და ხუდონის საშუალებით, მისი ბალანსი წუთნახევარში აღდგება, მაგრამ თუ ენგურზე მოხდა ავარია, თბილსრესს პრობლემის მოსაგვარებლად, სულ ცოტა, 48 საათი დასჭირდება.
_ ოპონენტები ამბობენ, რომ ასეთი დიდი ჰესის მშენებლობა საჭირო არ არის, ენერგიას მცირე ჰესებიდანაც მივიღებთ. შესაძლებელია თუ არა მცირე ჰესები ხუდონჰესის ალტერნატივად განვიხილოთ?
_ მცირე ჰესი ვერცერთ შემთხვევაში ვერ გახდება დიდი ჰესის, ამ შემთხვევაში, ხუდონჰესის ალტერნატივა. მცირე ჰესს თავისი დანიშნულება აქვს, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, მხოლოდ მცირე რაოდენობით სიმძლავრეებს განავითარებს. მცირე ჰესი, ეს არის ობიექტი, რომელსაც მხოლოდ ლოკალური პრობლემის გადაჭრა შეუძლია. მცირე ჰესების აშენებაზე დახარჯული ფული დაკარგულია. ხუდონჰესი არის პროექტი, რომელიც ქვეყნის გავითარებისთვისაა აუცილებელი.
_ საუბრობენ იმაზეც, რომ ხუდონჰესის პროექტი მოძველებულია, რადგან საბჭოთა პროექტია და თანამედროვეობას არ პასუხობს.
_ ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 50% ენგურჰესზე მოდის. შესაბამისად, ისმის კითხვა, ვისთვისაა ენგურჰესი აშენებული? რა თქმა უნდა, საქართველოსთვის. რაც შეეხება თანამედროვეობასა და ხუდონჰესს, შეუძლებელია ოპონენტებს დაეთანხმო. ამბობენ იმასაც, რომ ავაშენოთ გვირაბი, მაგრამ თავადაც არ იციან, როგორ. ერთი კილომეტრი გვირაბი 100 კუბურ მეტრ წყალს იტევს, ხუდონის წყალსაცავი კი 564 მილიონი კუბური მეტრია. რამდენი გვირაბი უნდა ავაშენოთ და სად, რომ ეს წყალი დაიტიოს? მეორე შენიშვნაა კაშხლის სიმაღლის დაწევა, ჩვენ იქ უკვე გვაქვს 32-მეტრიანი ზღუდარი. შეგვიძლია ასეთი კიდევ ავაშენოთ, მაგრამ მაშინ მივიღებთ არა 700-მეგავატიან ჰესს, არამედ _ 30-მეგავატიანს, რომელიც მხოლოდ მოდინებაზე იმუშავებს და ენერგიის დამზოგავი ვერ გახდება. აქედან გამომდინარე, ვინც ამბობს, რომ ხუდონჰესის პროექტი დაძველებული და საბჭოურია, სინამდვილეში, არაფერი იცის!
_ ხაიშელები ხუდონჰესის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, როგორ წარმოგიდგენიათ ამ ადამიანების დათანხმება?
_ ძალიან ცუდია, რომ ჰესის მშენებლობით ხაიში იძირება, მაგრამ თქვენ დამისახელეთ რომელიმე ობიექტი, რომლის მშენებლობისას ან ხე არ გაჩეხილა, ან ვინმე არ გადაუსახლებიათ. 1979 წელს დაიწყო ხუდონჰესის მშენებლობა, მაგრამ არც ერთ ხაიშელს პროტესტი არ გამოუთქვამს. მაშინ მათ კომპენსაცია მიიღეს  და ახლაც ასე უნდა მოხდეს. ხაიშელებთან მოლაპარაკების პროცესი აქტიურად უნდა დაიწყოს. 
_ გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ხუდონჰესის პროექტი კლიმატის ცვლილებას გამოიწვევს, რაც ცუდად აისახება რეგიონზე. არსებობს თუ არა ამის საფრთხე?
_ ხაიში ზღვის დონიდან 160 კილომეტრზეა, ენგური _ 60 კილომეტრზე. ტემპერატურისა და წნევის სხვაობა, მთიდან ზღვისკენაა. შეიძლება ზღვიდან მთისკენ, მესტიაში ნესტი ავიდეს? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ გვაქვს კლიმატოლოგიის ნაშრომი ენგურთან დაკავშირებით. ენგურზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ის უკვე არსებობს და შედეგიც გვაქვს, ხუდონზე კი მხოლოდ პროგნოზი კეთდება. ამ დასკვნის მიხედვით, ენგურის აშენების შემდეგ, ზამთარსა და ზაფხულში, ტემპერატურის ცვლილება მხოლოდ 2 გრადუსი, ანუ ზამთარი 2 გრადუსით უფრო თბილი, ზაფხული კი _ 2 გრადუსით უფრო გრილი იქნებოდა. 35-წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ზამთარი 0.8 გრადუსით უფრო თბილი, ზაფხული  _ 1.2 გრადუსით უფრო გრილია. ცდომილება მინიმალურია და ისიც უკეთესობისკენ. 
_ რას დავკარგავთ, თუ ხუდონჰესი არ აშენდება?
_ თუ ხუდონჰესი არ აშენდება, ის ადგილი მოსახლეობისგან დაიცლება. გარდა ამისა, აუცილებელი გახდება უკვე აშენებული ნაგებობების კონსერვაცია, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული, დაახლოებით 70 000 000 აშშ დოლარია ამისათვის საჭირო. კონსერვაციის გარეშე, იქ განვითარდება მეწყერული და ტექნოგენური პროცესები, საერთო ჯამში კი ჰესის აუშენებლობა, იმ ადგილებს მთლიანად გააუბედურებს. ხუდონჰესის მშენებლობით, ქვეყანას დამატებითი ენერგია ექნება, ექსტრემალურ სიტუაციაში, საქართველო არ ჩაბნელდება. ამასთან, ჰესის აშენებით, არა მარტო რაიონი, მთლიანად რეგიონი განვითარდება. ხუდონჰესის მშენებლობას სტაბილიზაცია, ფერდობების მდგრადობა, კლიმატის გაუმჯობესება, მოსახლეობის დასაქმება, რეგიონისა და ტურიზმის განვითარება მოჰყვება. მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, აშენდება გზები და ხიდები, ეს ყველაფერი ხუდონჰესის პროექტთან ერთად უნდა გაკეთდეს, რადგან რაც გაკეთებულია, უკვე ინგრევა.   
მაია ბარამიძე

დაბრუნება დასაწყისში