“ცოტა ქვეყანაა, რომელსაც სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი ისტორია და მრავალათასწლიანი ეროვნული კულტურა აქვს”-ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველო გამორჩეულია თავისი ბუნებითაც. ძნელად მოიპოვება ტერიტორია, სადაც მსგავსი ბუნებრივი მრავალფეროვნება და უწყვეტი კულტურაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის – ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ათასწლეულების განმავლობაში მრავალი ცივილიზაციის ეპიცენტრი, დიდი იმპერიების სამიზნე და ხშირად მათ შორის დავის საგანი იყო.

„მივესალმები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერს, რობერტ ჰაბეკს,  ბერლინის მერს ფრანცისკა გიფაის, მესე ბერლინის ხელმძღვანელს დირკ ჰოფმანს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის  (UNWTO) გენერალურ მდივანს და ჩემს მეგობარს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) დირექტორს ჯულია სიმპსონს. ჩვენთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ საქართველოს სახელით.

კავკასიის რეგიონში, ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე მდებარე ჩემი ქვეყანა ათასწლეულების განმავლობაში მრავალი ცივილიზაციის ეპიცენტრი, დიდი იმპერიების სამიზნე და დავის საგანიც იყო. აქ კაცობრიობის ისტორიის ყველა პერიოდია წარმოდგენილი. ქვეყანა ყალიბდებოდა და იცვლებოდა მუდმივ ბრძოლაში, განვითარებისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში, და ამავე დროს, სხვა კულტურებთან აქტიურ ურთიერთქმედებაში; სწორედ ამ კულტურათა თანამშრომლობამ წარმოშვა საქართველოში ის ინტერკულტურული, ტოლერანტული ბუნება, რომლითაც ასე ვამაყობ.

საქართველო გამორჩეულია თავისი ბუნებითაც. ძნელია ისეთი ტერიტორიის ნახვა, სადაც მსგავსი ბუნებრივი მრავალფეროვნება და უწყვეტი კულტურაა. ამ მცირე ტერიტორიაზე არის დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონა დაწყებული სუბტროპიკულიდან, დამთავრებული მარადი თოვლისა და მყინვარების ზონით.

ასეთ გარემოსა და ისტორიულ პროცესში ჩამოყალიბდა ქართული – ტოლერანტული, ყველა კულტურისა და განსხვავების პატივისმცემელი ჩვენი იდენტობა და კულტურა, ქართველი ადამიანის ხასიათი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ისტორია უხსოვარ დროში იწყება. ევრაზიის ტერიტორიაზე ადამიანის უძველესი წინაპარი საქართველოშია აღმოჩენილი.

„ძალიან ცოტა ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი ისტორია და მრავალათასწლიანი ეროვნული კულტურა აქვს. ეს კულტურა მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია და თავად კაცობრიობას ხნისაა.

დიახ, ჩვენი ისტორია უხსოვარ დროში იწყება. ევრაზიის ტერიტორიაზე  ადამიანის უძველესი წინაპარი საქართველოშია აღმოჩენილი. ალბათ ყველას გსმენიათ Homo Georgicus-ის, პირველი ევროპელების შესახებ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თითქმის ორი მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ და სათავე დაუდეს თანამედროვე ევროპის მოსახლეობას.

ქართველ ერს  ყოველთვის ჰქონდა მჭიდრო კავშირი მახლობელი აღმოსავლეთისა თუ შუამდინარეთის ძველ ცივილიზაციებთან. ქართული პოლიტიკური ერთეულების უძველესი მოხსენიება ასურულ წყაროებში გვხვდება. ქართული სამეფოები კოლხეთი, დიაოხი, იბერია მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ანტიკურ ეპოქაში ჩვენ მაშინდელი დასავლური ცივილიზაციის მნიშვნელოვანი კერა ვიყავით; „ოქრომრავალი კოლხეთი“, – ასე იხსენიება კოლხეთი უძველეს წერილობით წყაროებში ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქების გვერდით, როგორებიცაა მიკენი, ბაბილონი, ათენი. ძველ კოლხეთში ჰყვაოდა ფილოსოფია; ფაზისის ფილოსოფიური სკოლის შესახებ, სადაც თვით ბერძნებიც იღებდნენ განათლებას, თავად ძველი ელადის ფილოსოფოსები მოგვითხრობენ.

არქეოლოგიური აღმოჩენები ცხადყოფენ კავშირს ოქროს საწმისის ელინურ მითსა და რეალობას შორის; ამ კავშირში ეჭვი არ ეპარებოდათ ჯერ კიდევ ძველ ბერძენ ისტორიკოსებს. სწორედ კოლხეთის, როგორც ოქროს საწმისის ქვეყნის წყალობით დაიმიკვიდრა პირველად საქართველომ თავისი ღირსეული ადგილი ევროპულ კულტურაში: კოლხეთში არგონავტების ლაშქრობას ეძღვნება ბერძნული მითოლოგიის მთელი ციკლი, ხოლო ბერძნული მითები არის ის მთავარი წყარო, რომელმაც დასაბამი მისცა ჯერ ანტიკურ, ხოლო შემდგომ ევროპულ კულტურას”, – განაცხადა პრემიერმა