„თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით, მუსიკალური წარმოდგენის - „უჩინმაჩინის ქუდი“ პრემიერა შედგა. ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიისა და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, მე-19 საუკუნიდან დღემდე, თბილისის ისტორიაში მოგზაურობას გულისხმობს.

გალა-კონცერტში საშემსრულებლო ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები, მოცეკვავეები და ახალგაზრდა მომღერლები მონაწილეობდნენ.

სხვადასხვა ღონისძიება რამდენიმე ლოკაციაზე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დედაქალაქის მთავარი დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხვალაც გაიმართება, რომლის ფარგლებში, თბილისის 2022 წლის საპატიო მოქალაქეებიც დაჯილდოვდებიან.