რატომ ჩააფლავეს მაქარაშვილ-დიღმელაშვილმა 3 ივლისი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლაშა ბუღაძის აღიარება: „ტაქტიკურად, რაღაც, შეიძლება, დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია“

 ნინო დოლიძე

 კრება ისევ მხიარული დარჩა ან შეიძლება სხვანაირადაც, ესე იგი, ისე ვთქვათ, როგორც ერთ შესანიშნავ ქართულ ნაწარმოებშია: - „ახლა, გინდა, შაიტანეთ და გინდა გამაიტანეთ, ეგ თქვენი, რუმბივით გაგორებული ფალავანი“. ჰო, ზუსტად ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში ათი ათასობით ის ადამიანი გამოვიდა, რომელიც საქართველოს მომავალს ევროპაში ხედავს, პროდასავლური იმიჯის „სირცხვილიამ“ ისე დაშალა, როგორც ხარშვის დროს, ხინკალი იშლება ხოლმე.

 

ხინკალი იქით იყოს და, მართლაც, საინტერესოა, რა უნდოდა „სორცხვილიას“ ან რას დააპროწიალებდა ამ გულანთებულ პატრიოტებს თბილისის ქუჩებში? ახლა, რა თქმა უნდა, ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ზემოხსენებული არასამთავრობო, რომლის გული, სული და ხერხემალიც მაქარაშვილ-დიღმელაშვილის დუეტია, ვინმეს წინასწარ გაურიგდა, მაგრამ იგივე სოციალურ ქსელში, ამ თემაზე ბევრს წერენ და ზოგი იმასაც კი პირდაპირ ამბობს, რომ ორივე „ტიპი“ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. სხვათა შორის, ზოგის ფანტაზია უფრო შორსაც მიდის და ეჭვობს, რომ პროდასავლური მიტინგები ორგანიზატორებმა, შესაძლოა, რუსული ან ისეთი ფულით დააფინანსეს, რომლის კვალიც, პირდაპირ თუ ირიბად, ჩრდილოეთამდე მიდის.

ზოგადად, ენას ძვალი არ აქვს და შესაბამისად, ყველაფრის თქმა შეუძლია, მაგრამ 3 ივლისის აქციის ჩაფლავებამ უკრაინაში მებრძოლი ქართველებიც აღაშფოთა და ერთ-ერთმა მათგანმა, ვანო ნადირაძემ „სირცხვილიას“ ზემოხსენებულ დუეტს სოციალური ქსელით არცთუ კორექტულად მიმართა.

„დიღმელაშვილი, შენ დედას… ამდენი ხალხის გაწბილებისთვის!!!

თქვე ნაბოზრებო, ეს რა ქენით - დღევანდელი დღე გარდატეხის დღე უნდა ყოფილყო!

მაქარაშვილი, უკრაინაში ჩამოხვალ, დანარჩენს აქ დაგელაპარაკები, რახან დიღმელაშვილს ვერ ვწვდები, რომ წკეპლით ვცემო“, - დაწერა ვანო ნადირაძემ.

სხვათა შორის, გიგა მაქარაშვილს ისიც გაუხსენეს, რომ თავის დროზე, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, მინდია გულუას პრესსამსახურის ხელმძღვანელი იყო. აღსანიშნავია, რომ გულუასთან თანამშრომლობას არც თავად მაქარაშვილი უარყოფს, თუმცა ბიზნესმენის პრორუსულობას ეჭვქვეშ აყენებს, ამასთან, განმარტავს, რომ მის იდეოლოგიურ სამსახურს კი არ ხელმძღვანელობდა, არამედ, ასიტენტი იყო.

„მინდია გულუა პრორუსია?“ - ასე უპასუხა მაქარაშვულმა „ტელეიმედის“ მიერ დასმულ კითხვას, თუ რა უნდოდა პრორუს ბიზნესმენთან.

კარგი, დავუშვათ, რომ გულუა პრორუსი ბიზნესმენი არ არის და ამ მხრივ, მაქარაშვილს სუფთა წარსული აქვს, მაგრამ რა მოხდა 3 ივლისს? თავდაპირველად, ალბათ, ყველას ახსოვს, აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ ჰქონდათ გეგმა, რომლითაც იმოქმედებდნენ. აქციის რიგით წევრებს გულწრფელად სჯეროდათ, რომ გეგმა მართლა არსებობდა, მაგრამ როგორც ბოლოს გაირკვა, გეგმა მხოლოდ ის იყო, რომ პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს, რომელიც ღამის გათევას ქუჩაში  გადაწყვეტდა, დილამდე ფილმებისთვის უნდა ეყურებინა და მუსიკა მოესმინა ანუ ტრიბუნაზე არ იქნებოდნენ გამომსვლელები. მიტინგი კი გამომსვლელების გარეშე ზუსტად ისეთივეა, როგორც მაგალითად, აჯაფსანდალი ბადრიჯნის, პომიდვრისა და თუნდაც ბულგარული წიწაკის გარეშე.

სიტყვამ მოიტანა და, ჩვენი პოლიტიკა, მით უფრო, ოპოზიცია აჯაფსანდალს მართლა ჰგავს, ეშმაკიც ვერ გაიგებს, ვინ რა თამაშს თამაშობს და ვის რა ინტერესი ამოძრავებს. ერთადერთი ნათელი მარტო ის არის, რომ ოპოზიციონერთა უმრავლესობას მაინცდამაინც არ უნდა, მიხეილ სააკაშვილმა ციხეს თავი რომ დააღწიოს.

ახლა, სხვა საქმეა, მიშა დამნაშავეა თუ არა, ან ვინმეს მოგვწონს თუ არა, მაგრამ ფაქტია - ამ ადამიანს მუხტის აწევა შეუძლია. შესაბამისად, ყველა ოპოზიციონერმა, რომელსაც პრეტენზია ლიდერობაზე აქვს, ზედმიწევნით კარგად იცის, რომ მიშას „სვაბოდაზე“ გამოსვლის შემთხვევაში, მისი, როგორც ქარიზმატული ლიდერის მითი გაქარწყლდება და ექსპრეზიდენტი პროცესების მართვის სადავეებთან აღმოჩნდება.

სხვათა შორის, „ვერსია“ რამდენიმე ხნის წინ, იმის შესახებაც წერდა, რომ თავისუფლებაზე მყოფი სააკაშვილი იგივე დასავლეთსაც არ აძლევს ხელს.

რატომ? - იმიტომ, რომ სააკაშვილის მართვა, ყველამ კარგად იცის, რომ ადვილი არ არის ანუ შესაძლოა, რაღაც პირობა დადოს, მაგრამ ბოლო წუთს ისე მოიქცევა, როგორც მოეპრიანება. შესაბამისად, როგორც „ვერსია“ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, ევროპისთვის მისაღებია, რომ ექსპრეზიდენტმა პოლიტიკაზე საერთოდ უარი თქვას, თუმცა მიშა პოლიტიკის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომაც, ზემოხსენებულ „ულტიმატუმს“, ალბათ, არ მიიღებს.

ამასობაში კი, ბოლო მიტინგებმაც აჩვენა, რომ მიშა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის „ზედმეტია“. ყოველ შემთხვევაში, არც ერთ დემონსტრაციაზე სააკაშვილი და იგივე გვარამია არავის უხსენებია. უფრო სწორად, ახსენეს, მაგრამ აი, იმ „პონტში“, გემრიელ სუფრაზე, ჯონჯოლსაც რომ მიიტანენ ხოლმე. ენმ-ს აქტივისტების აღშფოთება, როგორც ირკვევა, სწორედ ამან გამოიწვია.

სხვათა შორის, თუ დააკვირდით, 3 ივლისის მიტინგზე, მინი-მიტინგები „გაიჩითა“ ანუ ენმ-ს მომხრეები დამოუკიდებელ ნარატივს ატარებდნენ და სკანდირებდნენ, თავისუფლება მიშას და ნიკასო. აკი, დიდი მიტინგის წამყვანმა, ლაშა ბუღაძემ გაოცება ვეღარ დამალა და ტრიბუნაზე, მიკროფონშიც თქვა, მიტინგზე პატარა მიტინგები, ალბათ, ქართული ნოუ-ჰაუაო.

ერთი სიტყვით, „სირცხვილია“-ს გულზე მჯიღის ცემა, 3 ივლისს, ამას და იმას ვიზამო, ჩვეულებრივი ბაქი-ბუქი აღმოჩნდა და მაქარაშვილ-დიღმელაშვილის დუეტიც ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატისთვის დასაყრდენს აღარ წარმოადგენს. ამას, შესაძლოა, თავადაც ხვდებიან. ყოველ შემთხვევაში, ლაშა ბუღაძემ გულწრფელად აღიარა, რომ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო.

,,მე მგონი, ახლა ეს სურათია - მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, სხვა აღქმა გვქონდა, ტაქტიკური თვალსაზრისით და სხვა გამოვიდა. ემპირიული და თეორიული არის სხვადასხვა რამ, ხოლმე. საბოლოო ჯამში, ჩვენი სულისკვეთება არის უცვლელი - ოლიგარქის გარეშე საქართველო, რომელიც უნდა შევიდეს ევროკავშირში... დღესაც განწყობების კონტრასტულობა ჩანდა. ზოგი უფრო ტემპერამენტულია, ზოგი უფრო ფრთხილი, ზოგი უფრო რაციონალური, ზოგი უფრო მომენტის… მე, საერთოდ, ორიენტირებული ვარ, რომ ყველა პროცესი დაექვემდებაროს ანალიზს, მაგრამ მე არ ვგრძნობ თავს ფლუსტრაციაში, ნამდვილად არა ვარ. უბრალოდ, ეს რთული პროცესია. ტაქტიკურად, რაღაც შეიძლება, დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია, მაგრამ გვაქვს დრო მობილიზების“, - თქვა ბუღაძემ.

ჰო, ახლა ზაფხულია და რა დროს ევროპა და „შინ, ევროპისკენაა“, როცა ზღვის სანაპიროები უხმობენ „ოპოებს“.

ეჰ, ბედკრულო საქართველოვ, შენს თავს, შენ თავად უნდა მიხედო, თორემ ამათი შემყურე, მართლაც სულ სირცხვილში იქნები!