Menu
RSS

კალის ჯარისკაცების ქართული კოლექცია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

გალერეა ,,იოტა როიალში'' მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, კალის ჯარისკაცების უნიკალური კოლექციის გამოფენაა. 40 მმ-იანი ფიგურების ,,სულისჩამდგმელი'' გრიგოლ რობაქიძე გახლავთ, რომელიც ერთი ციდა ჯარისკაცებით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა. კოლექციის შექმნის იდეაც, ქვეცნობიერად, წლების წინ გაჩნდა, თუმცა მაშინ სხვა საქმით იყო დაკავებული _ ქართული რომანი დაწერა, სახელწოდებით ,,ჰეი'' და რუსული ლექსების კრებული ,,აერობარიც'' გამოსცა. დღეს წერისთვის დრო აღარ რჩება. პირველი კოლექცია _ დავით აღმაშენებელი თავის სამეფო კარით _ 2007 წელს შეიქმნა. დღეს ამ კოლექციაზე სხვადასხვა ქვეყნიდან დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ავტორის სურვილია, პროექტი საქართველოში გაგრძელდეს. პროექტი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება, პირველი ქართველი მეჯარისკაცე გრიგოლ რობაქიძე კი ,,ვერსიას'' უმხელს, რომ სამომავლოდ ტურისტული მაკეტების, საბავშვო კოლექციებისა და ქართველი ყაჩაღების ფიგურების შექმნასაც აპირებს.
_ 40 მმ-იანი ჯარისკაცების ისტორია დაახლოებით 1971- 72 წლებში დაიწყო. ასეთ ფიგურებს თავისი სპეციფიკა აქვს და ძალიან იშვიათია. პირველად, კალის სამგანზომილებიანი, 40 მმ-იანი ჯარისკაცების გაკეთება ,,ქინდერ სიურპრიზმა'' დაიწყო. ფიგურებს შოკოლადის კვერცხში დებდნენ. იდეის განსახორციელებლად სპეციალურად დაიქირავეს უბადლო შვეიცარიელი ოსტატი ჰენრი როტი. 1971 წელს, სწორედ მაშინ, მე რომ დავიბადე, პირველი მოდელები ჩამოასხეს. 1998 წლამდე ,,ქინდერის'' კვერცხში ლითონის ჯარისკაცებს ხშირად იპოვიდით, მაგრამ მერე ამერიკელებმა აჟიოტაჟი ატეხეს _ ჯანმრთელობისთვის საშიშიაო და კომპანიამაც, ლითონის ჯარისკაცების შოკოლადის კვერცხში ჩადება შეწყვიტა. 2002 წელს, ,,ქინდერის'' იდეა აიტაცა რუსულმა კომპანიამ ,,მამაცი ჯარისკაცები''. ეს კომპანია თავის 40 მმ-იანი ჯარისკაცებს ,,ფერერო როშეს'' წარმოებულ შოკოლადის კვერცხში დებს. ჩვენი მთავარი ბიზნესპარტნიორი სწორედ ეს კომპანიაა.
_ კალის ჯარისკაცები მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თქვენი ნამუშევრები როდის გასცდა საქართველოს საზღვრებს?
_ დღეს, 40 მმ-იანი ჯარისკაცების მსხვილი მწარმოებლების რაოდენობა არც ისე დიდია – ,,ქინდერი'', ,,ვესტაირი'' (ინგლისური კომპანიაა, რომელიც ძირითადად ,,ქინდერის'' მოდელების ,,გადამღერებითაა'' დაკავებული), ,,მამაცი ჯარისკაცები'', ,,ბრინჯაოს კოლექცია'', ,,მეშვიდე მინიატურე'', ,,პუბლიუსი''... ეს არასრული ჩამონათვალია. ჩვენი, ქართული ჯარისკაცებით, მსოფლიო ასპარეზზე 2014 წელს გავედით და დღეს ფიგურები საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ,,მამაცი ჯარისკაცები'' ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, მისი პროდუქცია, კვერცხების გარდა, კოლოფებში დაფასოებულიც იყიდება აღიარებულია, რომ ხარისხის თვალსაზრისით, ,,მამაცი ჯარისკაცები'', ,,ბრინჯაოს კოლექცია'' და ,,მეშვიდე მინიატურე'' ლიდერობენ. ჩვენი ჯარისკაცები კი, ამ კომპანიების მერე, მსოფლიოში მესამე-მეოთხე ადგილზეა ხარისხის მიხედვით.
_ პირველად რომელი ფიგურა დაამზადეთ?
_ დავით აღმაშენებელი და ამას გარკვეული ქვეტექსტიც ჰქონდა. აღმაშენებელი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა საქართველოს ისტორიაში. ეს მეფე, ჩემთვისაც ძალიან ახლობელია.. 2007 წელს პირველი ქართული სერია გავაკეთეთ _ დავით აღმაშენებელი თავისი სამეფო კარით. კომპლექტში 5 ფიგურაა. მერე, გარკვეული პრობლემების გამო გავჩერდით, შარშან კი, მუშაობა განვაახლეთ და წინ სერიოზული ნაბიჯი გადავდგით. დღეს, უკვე დაახლოებით 20-25 ფიგურა გვაქვს გაკეთებული. გარდა ამისა, მზადაა ,,შატო დე პიერფონისა'' და ,,დადიანების სასახლის'' მაკეტები.
_ საქართველოში რამდენად პოპულარულია თქვენი ჯარისკაცები?
_ პოპულარობას ნელ-ნელა იძენენ. ქართული რეალობისთვის ეს მოვლენა, გარკვეულწილად, სიახლეა. კულტურული ცხოვრება ჩვენთან ცოტა ერთფეროვანია. საშუალება არ გვაქვს, რეკლამაში დიდი თანხები დავხარჯოთ, თუმცა ვებგვერდი გავაკეთეთ. სანამ ხალხი ინფორმაციას მიიღებს და მიეჩვევა, ცოტა გვიჭირს გაფართოება. ვგეგმავთ, კიდევ ბევრი ქართული თემა გამოვიყენოთ ფიგურების შესაქმნელად. ფაქტობრივად, ეს ახალი სიტყვაა ქართულ რეწვაში. ეს რეწვის ერთ-ერთი დარგია, ოქრომჭედლობასთან აქვს კავშირი, მაგრამ გაცილებით რთულია ამ ფიგურების გაკეთება ზომის გამო.
_ პოპულარობის გაზრდის მიზნით თუ ჩუქნით ხალხს, ესეც ხომ ერთგვარი რეკლამაა?
_ უწმინდესს აქვს ჩვენი პროდუქცია სრულად და რამდენიმე ადამიანს, ვისაც აინტერესებს, ვისთვისაც ეს მართლაც ღირებულია.
_ რამდენი ხანია გამოფენა გაიხსნა?
_ ნახევარი წელია ჩემი პირადი კოლექციის ბაზაზე გაიხსნა გალერეა ,,იოტა როიალი''. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია 40 მმ სტანდარტში. ,,იოტა როიალს'' აქვს ცოტა ვიწრო პროფილი, თავი თავად შევიზღუდეთ, მაგრამ ეს არ გვავალდებულებს, მომავალშიც ასე გავაგრძელოთ. დავიწყეთ მეფეებით და ჯერჯერობით, ასე ვაგრძელებთ. ამ ეტაპზე მზადაა შვიდი ქართველი მეფე, ჯარისკაცები, ჩვენი ეტლი, ასევე _ ინგლისელი, ფრანგი და რუსი, სიკვდილმისჯილი მეფეები.
_ გალერეას მაინცდამაინც ,,იოტა როიალი'' რატომ დაარქვით?
_ ჩვენი დევიზია ალფადან იოტამდე, ანარქიიდან მონარქიამდე, ურწმუნოებიდან _ ქრისტიანობამდე. ქვეტექსტია ,,ჩვენი მცირე, იოტისოდენა წილი _ მეფეს''. გარკვეული კუთხით მონარქისტულ მიზნებს ვემსახურებით.
_ გამოფენის მოწყობას საქართველოს რეგიონებშიც აპირებთ?
_ რა თქმა უნდა, ამის სურვილი გვაქვს. როგორც გითხარით, მოლაპარაკებები გვაქვს უცხოელებთან, მაგრამ კოლექციის საზღვარგარეთ გატანა ჩვენთვის სასურველი არაა. ის ერთ-ერთი საუკეთესო კოლექციაა მსოფლიოში და ჩემი პირადი სურვილია, საქართველოში დარჩეს. მინდა, უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს, მით უმეტეს, მარტო ჯარისკაცებს არ ვაკეთებთ..
_ რატომ მაინცდამაინც კალის ფიგურები?
_ იმიტომ, რომ ეს საქართველოში ახალი სიტყვაა. კალის ფიგურები მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, შეძლებული ხალხის გატაცებაა. ზოგი კოლექციონერი 1 სერიაში 50-60 დოლარს ან ევროს იხდის და ეს მინიმალური თანხაა და ბევრიც ვერ გაწვდება. თავს მეჯარისკაცეებს ვეძახით, საქართველოში, ,,პირველი მერცხლები'' ვართ. ბაზარზე უფრო საიუველირო ნამუშევრებით შემოვედით. თუკი მოთხოვნილება იქნება, შესაძლებელია, პარალელურად, უფრო იაფ მასალაზეც გადავიდეთ, ფართო მასების მოსაზიდად. ვფიქრობ, საქართველოში, ყველა ოჯახში, ქართველი მეფეების თითო ფიგურა მაინც ისევე უნდა იყოს, როგორც ,,ვეფხისტყაოსანი''. ვგეგმავთ ყველა ქართველი მეფის გაკეთებას.
_ დღეს, ყველაზე მეტად, რომელი ისტორიული პირის ფიგურის დამზადება გსურთ?
_ დავით აღმაშენებლისა და პეტრე პირველის დაბადებას, გარდაცვალებასა და ტახტზე ასვლას შორის სხვაობა ზუსტად 500-500 წელია. ასეთი დამთხვევა ძალიან იშვიათია. ამ მოვლენას გარკვეული მისტიური ელფერიც დაკრავს. პეტრე პირველს რუსეთისა და ჰენრი მეოთხეს საფრანგეთის ისტორიაში, ისეთივე მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს, როგორც ჩვენთვის დავით აღმაშენებელს. სამივე მეფემ ძალიან გააძლიერა თავისი სამეფოები. ასეთი თემატური თვალსაზრისით ამ მეფეების გაერთიანება საინტერესოა. ერთ რამესაც გაგიმხელთ _ მინდა, ქართველი აბრაგების ფიგურებიც გავაკეთო _ დათა თუთაშხია, არსენა მარაბდელი, კაკო ყაჩაღი, მევლუდი...
 ლითონის მინიატურის თემა ამოუწურავია, შეიძლება ფიგურების პროფესიების მიხედვით გაკეთებაც. ,,ქინდერი'' ბალერინების სერიასაც უშვებს. არის ასევე მათემატიკოსი, არქიტექტორი... საინტერესო იქნებოდა, ქართული მეღვინეობის ტრადიციის თემაზე მუშაობა, როგორც ფიგურების, ისე მაკეტების საშუალებით.
_ ერთი მაკეტის გაკეთებას რა დრო სჭირდება?
_ ჩვენთან ყველაფერი ხელნაკეთია. აქ ლითონის გარდა არის თიხა, თექა, ხე, ნაჭერი, პენოპლასტი. რომელიც მუშავდება და ფორმა ეძლევა. ამას დრო სჭირდება, მაგალითად, დადიანების სასახლის მაკეტი ოთხ თვეში გავაკეთეთ. ჩემი ფუნქცია მკაფიოდ განსაზღვრულია _ ვაყალიბებ კონცეფციას, ვაკეთებ მონახაზს, მერე ერთად ვსხდებით მე და ჩემი ოსტატები, მხატვრები, დეკორატორები, ოქრომჭედლები... შემდეგ მიმდინარეობს ჩანაფიქრის ხორცშესხმა-განსხეულება.
_ დღეს რაიმე ახალზე მუშაობთ?
_ ჯერჯერობით ახალ კონკრეტულ პროექტზე არა... თურქეთიდან, ისრაელიდან არის შემოთავაზება, რომ წავიღო ჩემი ექსპოზიცია, მაგრამ ტრანსპორტირება რთულია. თანაც უკვე მოგახსენეთ, მინდა ჩემი კოლექცია საქართველოში დარჩეს, მაგრამ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, მომავალში არსებობა როგორ გავაგრძელოთ. შესაძლებელია კოლექციის ,,გასტროლი'' პოპულარიზაციის მიზნით. მეზობელი ქვეყნიდან გვაქვს შემოთავაზება, რომ მათი მეომრების ფიგურები გავაკეთოთ. ჯერ თავს ვიკავებ. მირჩევნია, აქ ვიყო და ქართული ჯარისკაცები ვაკეთო. ფიგურებს ბევრი ქართველი და უცხოელი კოლექციონერი ყიდულობს. ჯერჯერობით, თავი ამით გაგვაქვს. ამ ეტაპზე ახალი კოლექციის შექმნისგან თავს ვიკავებთ. რადგან ხარჯებთანაა დაკავშირებული. ერთ სერიაში მინიმუმ ხუთი ფიგურა მაინც უნდა იყოს. წლების და საუკუნეების განმავლობაში ეს ითვლებოდა ელიტურ გატაცებად და ცოტა არ იყოს, ძვირიც ღირდა. ლუი XVI-საც კი ჰქონდა ვერცხლის ჯარისკაცების კოლექცია, რომელიც მერე ღირებულებით ნაპოლეონის ოქროს კოლექციამ გადაფარა.
_ რაიმე სახის დახმარებას სახელმწიფოს მხრიდანაც ხომ არ ელით?
_ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუ ამ პროექტში სახელმწიფოც ჩაერთვება, დიდი შვება იქნება ჩემთვის _ მე მხოლოდ შემოქმედებითი პროცესის მეთვალყურეობა და ახალი იდეების რეალიზაციაზე მუშაობის შესაძლებლობა მომეცემა და მარკეტინგით, მენეჯმენტით აღარ ვიქნები დაკავებული, მით უმეტეს, ეს ძალიან უცხოა ჩემთვის. კერძო პირებთანაც გვაქვს მოლაპარაკებები. თუ გალერეამ მუზეუმის სტატუსი მიიღო, შემოტანილ პროდუქციას, რა თქმა უნდა, ვეღარ გავყიდით, ამისთვის კომპანია სხვა მიმართულებით იმუშავებს. მინდა ორი მაკეტის გაკეთება ქართულ ისტორიულ თემებზე, მერე უკვე შეიძლება შეკვეთების მიღებაც _ ტურისტული მაკეტების გაკეთება. გეგმაშია ბათუმში, გუდაურში, ტურისტულ ცენტრებში იმ კუთხის ამსახველი პატარ-პატარა მაკეტების გაკეთება თავისი ფიგურებით. ისე, პირადი შეკვეთებიც გვაქვს ხოლმე. მაგალითად, ამასწინ შემოგვთავაზეს, შარდენზე, ქანდაკება ,,თამადას'' ფიგურა გაგვეკეთებინა, მაგრამ ფაქიზი თემაა _ საავტორო უფლებები რომ არ დაგვერღვია, შეკვეთაზე უარი ვთქვით.
_ დამთვალიერებლებს მოსწონთ კოლექცია?
_ ბავშვები აღტაცებულები მიდიან. მითუმეტეს, გამოფენა გახმოვანებული და განათებულია, გვყავს ცოცხალი ბინადრებიც, თუ სხვა შენობაში გადავალთ, ვაპირებთ მობილური, მოძრავი ელემენტებიც ჩავრთოთ. ბავშვებს ეს ძალიან მოსწონთ _ ესთეტიური გემოვნებაც უვითარდებათ, თამაშის დროს კი უვითარდებათ ხელის მოტორიკა, რომ სწორად დაალაგოს ჯარისკაცები. გარდა ამისა, ინფორმაციას იღებენ _ ყველა ჯარისკაცს მოყვება აღწერა, თუ რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა, რომელ ბრძოლებში იბრძოდა და ასე შემდეგ... ბავშვი მრავალმხრივ ინფორმაციას იღებს და ესთეტიური გემოვნება უყალიბდება ამიტომ, გვაქვს იდეა, ჩვენს გალერეაში მოვაწყოთ კუთხე, სადაც ბავშვები წარმოდგენილი მასალით თავის ფანტაზიას ხორცს შეასხამენ და ჯარისკაცებითაც ითამაშებენ. სამომავლოდ კი, ძალიან მინდა, გავაკეთო ,,კალის ჯარისკაცების” სახელოსნო სადაც შეგირდები მეჯარისკაცეობის საიდუმლოებებს ეზიარებიან, რაც ინოვაცია იქნება არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის.
ნათია დაუშვილი

დაბრუნება დასაწყისში