ცნობილი ადვოკატი საკუთარ მანქანასთან მუცელგამოფატრული იპოვეს - ვინ და რის გამო იძია შური უფლებადამცველზე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადვოკატობა, ზოგიერთი სხვა პროფესიის დარად, უძველესია. მას შემდეგ, რაც გაჩნდა დამნაშავე, ამ დამნაშავეს გამოუჩნდა დამცველი და საბოლოოდ, ჩვენამდე იმ სახით მოვიდა, რა სახითაც ადვოკატები დღეს არიან წარმოდგენილნი. საქართველოსი რა გითხრათ, მაგრამ საზღვარგარეთ, კვალიფიციური და ცნობილი ადვოკატების მომსახურება შვიდნიშნა ციფრით იზომება და არცთუ იშვიათად ყოფილა, რომ მოგებული საქმის სანაცვლოდ, ადვოკატს ათი და მეტი მილიონიც აუღია. წარმატებული ადვოკატები საქართველოშიც არ არიან უსაქმოდ და მათი მომსახურება არც ქართული საზომებით ჯდება იაფი.

 ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, როცა 80-იანი წლების დასაწყისში, ერთ-ერთი ცნობილი ადვოკატი  საკუთარ მანქანასთან მუცელგამოფატრული იპოვეს. მას დანა ორჯერ ჰქონდა დარტყმული, უფრო ზუსტად, ჯერ მარცხენა მხრიდან, ზემოდან ქვემოთ ჩამოსმული, შემდეგ კი მარჯვენა მხრიდან პირიქით - ქვემოდან ზემოთ აჭრილი. ექსპერტმა თქვა, ორივე ჭრილობა სასიკვდილო იყო და მკვლელმა ძალიან კარგად იცოდა, რასაც აკეთებდაო.

„ზოგადად, ექსპერტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩვენს საქმეში და თუ ის შეცდა, შესაძლოა, გამოძიება მცდარ კვალზე წავიდეს. არცთუ იშვიათად იყო შემთხვევები, როცა ბრალდებულების ოჯახები სწორედ ექსპერტთან ცდილობდნენ საქმის მოგვარებას, რათა არასწორი დასკვნა დაეწერა და იყო შემთხვევები, როცა პასუხისგებაში სწორედ ექსპერტი მიუციათ. იმის მიუხედავად, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ჩვენი ექსპერტი, აგერ, მეოთხე თვე იყო, ისვენებდა, მის ნაცვლად დანიშნული ახალგაზრდა ბიჭი საქმეში სულსა და გულს დებდა, ყველაფრის ზედმიწევნით გაკეთებას ცდილობდა და არანაირი საფუძველი არ მქონდა, ნდობა არ გამომეცხადებინა“, - გვიყვება რეზონანსულ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

რა თქმა უნდა, ადვოკატის მკვლელობა მის პროფესიულ საქმიანობას დაუკავშირეს და წიპა პლანზე, მისი ბოლო საქმეები წამოსწიეს. რამდენიმე ისეთი საქმე ჰქონდა, დაზარალებულებს ადვოკატი მოეკლათ კი არა, ცოცხლად რომ დაეწვათ, გული არავის დასწყდებოდა. ადვოკატმა მოახერხა და პასუხისმგებლობა რამდენიმე ისეთ პირს ააცილა, რომლებსაც უეჭველად ციხე ერგებოდათ. იმასაც ამბობდნენ, ამის სანაცვლოდ, ადვოკატმა დიდი ფული აიღო და მხოლოდ თავად კი არა, პროკურორი და მოსამართლეც გასვარა, მათაც გადაუხადაო, თუმცა ეს მხოლოდ მოარული ხმა იყო, ფაქტი კი...

სამართალდამცავებმა დაზარალებული ოჯახების გარემოცვის შესწავლა დაიწყეს. თავიდან იმ ბავშვის მამა დაკითხეს, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა და ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. იმის მიუხედავად, რომ ავარიის შემსწრეები ამბობდნენ, მძღოლი უგონოდ მთვრალი იყოო, ჯერ „გაიშნიკებმა“ თქვეს უარი პირვანდელ ჩვენებაზე, მძღოლი ფხიზელი გახლდათო, შემდეგ პროკურორმაც შეცვალა მკაცრი ტონი, საბოლოოდ, მამაკაცს სამწლიანი პირობითი სასჯელი აკმარეს და ავტომობილის ტარებაც, სწორედ სამი წლით აუკრძალეს.

როცა ბავშვის მამამ გაიგო, ადვოკატი მოკლესო, ცრემლები წამოუვიდა, მერე ფეხზე წამოდგა, მაისური აიწია და სამართალდამცავებს მუცელზე ნაიარევი ანახა. როგორც მან თქვა, ადვოკატს რამდენჯერმე ჩაუსაფრდა, მისი მოკვლა სურდა, მაგრამ ვერ გაბედა, კაცის მოკვლა არ შემიძლიაო და სიმწრით, ადვოკატისთვის განკუთვნილი დანა მუცელში თავად ჩაირტყა, თანაც ადვოკატის მკვლელობის დღეს, მას ალიბი ჰქონდა - მეგობრებთან ერთად შვილის საფლავზე იყო და... უგონოდ დათვრა.

სიაში შემდეგი გაუპატიურების საქმეზე დაზარალებულების ოჯახი იყო, თუმცა როცა სამართალდამცავებმა საქმე კარგად შეისწავლეს, გაარკვიეს, რომ არავინ დაუკითხავთ. აღმოაჩინეს, რომ არა მარტო პროკურორი და მოსამართლე, არამედ დაზარალებულის ოჯახიც კი ამბობდა, დამნაშავე გაუშვითო ანუ ფული დაზარალებულებმაც აიღეს და როგორც ამბობდნენ, საკმაოდ დიდი თანხაც. სამაგიეროდ, ბრალდებული გისოსებს გადაურჩა და იმის გათვალისწინებით, რომ მისი მამა ტრესტის მმართველი იყო, დიდად, არც ოჯახის ბიუჯეტს უნდა შეტყობოდა შვილის თავხედური და სასტიკი დანაშაული.

ადვოკატის სიაში მესამე „კანონიერი ქურდის“ შვილი იყო, რომელსაც ბრალად ბინის ქურდობა ედებოდა. პრინციპში, რაღა ედებოდა, სახლის პატრონმა ფაქტზე წაასწრო და ისეთი შემოსცხო, აზრზე კარგა ხნის შემდეგ მოიყვანეს. ბინის მეპატრონე კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, ფულზეც უარი თქვა, „კანონიერი ქურდის“ მუქარაც არაფრად ჩააგდო და საქმეს ბოლომდე მიჰყვა. ადვოკატმა იმდენი მოახერხა, რომ საქმეში ალკოჰოლი გაჩნდა და მოსამართლემაც დაასკვნა - ახალგაზრდა ბიჭი დათვრა, სახლის სადარბაზო აერია, ღია კარში შევიდა, სადაც დაიძინა, ბინის მეპატრონეს  კი ქურდი ეგონაო, მით უმეტეს, ეს ბიჭისთვის პირველი საქმე იყო. ჰოდა, სასამართლოზე ბინის პატრონს უთქვამს, ადვოკატის ოინებია, ამხელა კაცი სულელად რომ გამომიყვანა და ამისთვის პასუხს საკუთარი სიცოცხლით აგებსო. ეს სიტყვები სასამართლოს ოქმშიც კი იყო შეტანილი, ამიტომ მამაკაცი დაკითხვაზე დაიბარეს.

„ის ადვოკატი სიკვდილს კი იმსახურებდა, მაგრამ მე მოკვლას ნამდვილად არ ვაპირებდი. ყველაზე დიდი, რაც შეიძლებოდა მექნა, კარგად მეცემა. რაც შეეხება მკვლელობის დღეს, ხელის სათხოვნელად ვიყავი და უარი მითხრეს, ისე გავბრაზდი, იქაურობა დავლეწე და სამი დღე ციხეშიც მაყურყუტეს“, - განაცხადა ეჭვმიტანილმა და მისი ალიბი ასი პროცენტით დადასტურდა.

სანამ სამართალდამცავები მეოთხე საქმის შესწავლას დაიწყებდნენ, სამსახურში ძველი ექსპერტი დაბრუნდა და გამომძიებლის კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად შეაღო.

„სამსახურში დაბრუნების შემდეგ, ყველა საქმეს და სურათს გადავხედე. ახლა რომ საქმეს იძიებთ, ადვოკატის მკვლელობას, ჭრილობა მეცნო. თუ გახსოვთ, თითქმის ერთი წლის წინ, ღამით გოგონა დაჭრეს, თან ისე, რომ საშვილოსნო დაუზიანეს და ბავშვი აღარასოდეს ეყოლებოდა. სწორედ ასე ჰქონდა იმ გოგოს დანა დარტყმული, ჯერ ზემოდან ქვემოთ, შემდეგ კი პირიქით. გოგონა მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ შემთხვევით, სასწრაფო დახმარების მანქანამ გამოიარა და საოპერაციო მაგიდაზე, პრაქტიკულად, 10 წუთში იწვა. ჰოდა, ეს ჭრილობა ერთი ერთში ჰგავს იმას, რომელიც გოგონას ჰქონდა“, - სხაპასხუპით მიაყარა ექსპერტმა.

ადვოკატის საეჭვო საქმეებში მეოთხე ნომრად სწორედ ეს შემთხვევა იყო.

„გოგონა სიკვდილს ძლივს გადარჩა. ოჯახი ეჭვმიტანილს ბოლომდე აწვებოდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ერთადერთმა მოწმემ, გოგონას თანაკლასელმა, ამოცნობაზე ენის ბორძიკით თქვა, მგონი, ეს იყოო და შემდეგ ის „მგონიც“ გადათქვა. არ ვიცი, შეაშინეს თუ ფული მისცეს, მაგრამ ფაქტია, ერთადერთი მოწმე, უბრალოდ, გაქრა, აღარ არსებობდა და ადვოკატმა გამარჯვება იზეიმა. ეჭვმიტანილმა საქართველო მეორე დღესვე დატოვა, რუსეთში წავიდა, რადგან მიხვდა, გოგონას მამა ყველაფერ ამას მარტივად ვერ გადაიტანდა, მთელი პროცესი იმას ამბობდა, სამართალი თქვენ დააყენეთ, მე ნუ აღმასრულებინებთ მართლმსაჯულებასო. ჰოდა, ის დაკითხვაზე კი არ გამოვიძახე, პირდაპირ დასაკავებლად წავედი“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

გოგონას მამას წინააღმდეგობა არ გაუწევია, ჩუმად თქვა, ვიცოდი, ადრე თუ გვიან, ჩემზე რომ გამოხვიდოდით, რომ დაგაგვიანდათ, ვიფიქრე, ჩვენი მილიციაც არაფრად ვარგა-მეთქი და გამასამართლეთ, როგორც ვიმსახურებო. წესითა და რიგით, ადვოკატის მკვლელობას უდიდესი რეზონანსი უნდა გამოეწვია და დანარჩენი ადვოკატები უნდა აჯანყებულიყვნენ, მაგრამ პირიქით მოხდა. არასწორი წესებით თამაშის გამო, გარდაცვლილ კოლეგას ბევრი ვერ იტანდა და ამიტომ, მის მკვლელს ადვოკატად სამი ადამიანი სრულიად უსასყიდლოდ დაუდგა. ამის მიუხედავად, მოსამართლე ფაქტს ვერ გაექცეოდა, ვერც იმას, რომ ყველაფერი წინასწარ განზრახვით იყო დაგეგმილი და თვეების შემდეგ მოხდა, რამაც აფექტის ალბათობაც გამორიცხა და მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც გვეუბნებიან, მან ციხეში 8 წელი გაატარა და კარგი ყოფაქცევის გამო, იქიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

 

ბათო ჯაფარიძე