პუტინის პირადი ცხოვრების დღემდე უცნობი დეტალები - რეალურად, რამდენი შვილი ჰყავს კრემლის მმართველს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროპის ქვეყნებმა პირადად ვლადიმერ პუტინს სხვადასხვა სახის სანქცია დაუწესეს. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს არაა საკმარისი და სანქციები აუცილებლად პუტინთან დაახლოებული პირების ოჯახის წევრებსაც უნდა შეეხოს. სწორედ ამის მაგალითია ინტერნეტში დაწყებული პეტიცია - „გააერთიანეთ ევა ბრაუნი ფიურერთან“. ეს პეტიცია პუტინის საყვარელ ქალს, ალინა კაბაევას ეხება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ომის დაწყებისთანავე, ოთხ შვილთან ერთად, კაბაევა შვეიცარიაში გაიქცა. გასაკვირი არაა, რომ ამ ახალმა ამბავმა ადამიანებში დიდი ინტერესი გამოიწვია წყვილის ურთიერთობის შესახებ, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პუტინის პირადი ცხოვრება ბურუსითაა მოცული და პრესაში ამ საკითხის განხილვა სახიფათოდაც კი ითვლება. დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცით, რომ პუტინი ამჟამად ოფიციალურად არაა დაქორწინებული. „ვერსია“ რუსეთის პრეზიდენტის ცნობილი საყვარელი ქალებისა და მათთან საერთო შვილების შესახებ მოგიყვებათ.

 1983-დან 2015 წლამდე, პუტინი დაქორწინებული იყო ლუდმილა ალექსანდროვნა ოჩერეტნაიაზე. ოჩერეტნაია, სანამ პუტინს გაჰყვებოდა ცოლად, რუსეთის ავიახაზების ბორტგამცილებლად მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ერთმანეთი 1980-იანი წლების დასაწყისში, საერთო მეგობრების წყალობით გაიცნეს. 2013 წლის 6 ივნისს, წყვილმა სატელევიზიო მიმართვაში ოფიციალურად განაცხადა განქორწინების შესახებ, 2014 წელს კი კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  განქორწინების პროცესი ოფიციალურად დასრულდა.

„ეს ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებაა: თითქმის ვერ ვხედავთ ერთმანეთს და თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ცხოვრება გვაქვს“, - თქვა პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში.

„ჩვენი ქორწინება დასრულდა იმის გამო, რომ ერთმანეთს თითქმის ვეღარ ვხედავთ. ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ბოლომდეა ჩართული სამუშაო პროცესში. ჩვენი შვილები გაიზარდნენ და საკუთარი ცხოვრება აქვთ... მე კი ნამდვილად არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა“, - განაცხადა ლუდმილა ოჩერეტნაიამ.

მოარული ხმების მიხედვით, ლუდმილა ვერ იტანდა რუსეთის პირველი ლედის როლს. პუტინთან განქორწინების შემდეგ, დაქორწინდა არტურ ოჩერეტნიზე, რომელიც მასზე 20 წლით უმცროსია. ლუდმილა მეუღლის გვარზე გადავიდა. რა თქმა უნდა, ყველაფერ ამას, მედიას არავინ უდასტურებს.

არსებული ინფორმაციით, ოჩერეტნაიასთან პუტინს ორი ზრდასრული გოგონა - მარია (36 წლის) და კატერინა (35 წლის) ჰყავს, თუმცა დიდი ხანია, მათ მედიის წარმომადგენლებისგან „იცავს“.

მარია სანკტ-პეტერბურგში დაიბადა, ეკატერინა - გერმანიაში. არსებული ინფორმაციით, გოგონები მოსკოვში, გერმანულ სკოლაში სწავლობდნენ, თუმცა პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ, ორივემ დატოვა სკოლა და განათლების მიღება შინ გააგრძელა.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტებში, სხვადასხვა დროს, ორივე სხვადასხვა გვარით ფიქსირდებოდა. კატერინა პროფესიონალი მოცეკვავე და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული ინტელექტუალური განვითარების ფონდისა და ეროვნული ინტელექტუალური ცენტრის დირექტორია, ასევე ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრს. დაქორწინებულია „რუსეთის ბანკის“ ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერის, ნიკოლაი შამალოვის შვილზე - კირილზე, თუმცა მედიისთვის უცნობია, ჰყავთ თუ არა შვილები.

წყვილს, საბოლოო ჯამში, 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონება აქვს დაგროვებული.

ბევრად უფრო მწირი ინფორმაციაა მარიაზე. განიხილება ვერსია, რომ „პირველ არხზე“, ძვირადღირებული სამედიცინო კომპანიის შექმნაზე მოსაუბრე მარია ვორონცოვა, სინამდვილეში, მარია პუტინაა. მარიას თქმით, კომპანიამ კიბოს კვლევებსა და დაავადების განკურნებაზე უნდა იმუშაოს.

რუსეთის პრეზიდენტი ჟურნალისტებთან ქალიშვილებზე თითქმის არასდროს ან ბუნდოვნად საუბრობს, რაც საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს და სერიოზულ კითხვებს აჩენს, რეალურად, რამდენი შვილი ჰყავს?

სწორედ ამიტომ, ჟურნალისტებისთვის საკამათო ხდება მათი სახელები და გვარებიც კი. ასევე, საჯაროდ არ მოიპოვება პუტინის ოჯახისა და შვილების ოფიციალური ფოტოები. რეალურად, პუტინს ქალიშვილების ვინაობა ოფიციალურად არასდროს დაუდასტურებია.

                                    

2018 წლიდან, მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტს კიდევ ჰყავს შვილები ყოფილი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევასგან. კაბაევას მხატვრულ ტანვარჯიშში მოპოვებული აქვს ოლიმპიური მედლები. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ის დუმის დეპუტატი გახდა, პარტია „ერთიანი რუსეთის“ მანდატით. მედიაში ზოგი მას პუტინის საცოლედ, ზოგი უკვე ცოლად, ზოგი კი, უბრალოდ, შეყვარებულად მოიხსენიებს. ამის მიუხედავად, პუტინს არ დაუდასტურებია არც კაბაევასთან ურთიერთობა და არც - საერთო შვილები მასთან.

67 წლის პუტინსა და 36 წლის კაბაევას 7 წლის ტყუპი გოგო და ორი ბიჭი ჰყავთ.  აღსანიშნავია, რომ აქამდეც გავრცელდა ცნობა კაბაევას ორსულობისა და მშობიარობის შესახებ, თუმცა მაშინ ეს ტანმოვარჯიშემ კატეგორიულად უარყო. ახლა კი, რამდენიმე წელია, „დაიკარგა“ და მედიასა და საზოგადოებასთან კონტაქტი არ აქვს.

წყვილის შესახებ ინფორმაცია, ძირითადად, დასავლური პრესის საშუალებით, სხვადასხვა დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება.

„Page 6“-ის წყაროს ინფორმაციით, წყვილის ოთხივე შვილს და, სავარაუდოდ, კაბაევასაც შვეიცარიის პასპორტები აქვთ და დღემდე იქ იმყოფებიან. სწორედ ყველაფერ ამის გათვალისწინებით, აქტივისტები ითხოვენ კაბაევასა და მის შვილებს აუცილებლად დაუწესდეს სანქციები, როგორც პუტინთან დაახლოებულ და მისი ოჯახის წევრებს.