„ყველა ის ინიციატივა, რომლის დემონსტრირება მოახდინა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა მთავრობამ, საინტერესო, ძალიან კარგი და მისასალმებელია“ - მამუკა არეშიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის ჩაბარება 2021 წლის თებერვალში კრიზისულ მომენტში მოუწია. ქვეყანაში მისი გაპრემიერების დროს იყო არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური კრიზისიც. ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერებიდან უკვე ერთი წელი გავიდა: რა შეიცვალა ირაკლი ღარიბაშვილის ერთი წლის პრემიერობის შემდეგ ქვეყანაში? რა ინიციატივები განახორციელა მან? როგორი იყო მისი როლი საერთაშორისო ასპარეზზე და როგორ გაუმკლავდა მწვავე პოლიტიკურ კრიზისს, ამ საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ ისაუბრა.

პოლიტოლოგის შეფასებით, ღარიბაშვილს მართლაც რთულ სიტუაციაში მოუწია ქვეყნის მართვა, თუმცა, პრემიერმა ამ ყველაფერს თავი გაართვა და ოპოზიციის მიმართ უკომპრომისო პოზიცია აირჩია.

მამუკა არეშიძე პრემიერ-მინისტრს ამ ნაბიჯს უწონებს და ამბობს, რომ „ბურთი ღარიბაშვილის მოედანზეა“.

„სანამ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის  თანამდებობაზე მოვიდოდა, მართლაც რთული მდგომარეობა იყო. უნდა აღვნიშნო, რომ მას პრემიერმინისტრობა რთულ სიტუაციაში მოუწია. რაც გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა, ეს იყოს ის, რომ მან უკომპრომისო პოზიცია აირჩია  ოპოზიციასთან ურთიერთობაში, რაც კარგია. მისი ეს მიდგომა კარგი იყო თუ ცუდი, ამას დროს გამოაჩენს. მან უკომპრომისობას უკომპრომისობა დაუპირისპირა. ღარიბაშვილის სასიკეთოდ „ბურთი მის მოედანზეა“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ პრემიერმა სოციალური  მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა და დასძენს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობა ეფექტიანია.

მამუკა არეშიძემ ყურადღება ეკონომიკის განვითარებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ  ამ მხრივ უფრო მეტი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მიუხედავად იმისა, რომ გაჩერებული ეკონომიკა ღარიბაშვილის მმართველობის დროს აღდგა და ბიზნესს სუბიექტებმა ფუნქციონირება განაახლეს.

„ძალიან ბევრი სერიოზული ნაბიჯი გადადგა სოციალური  მდგომარეობის გამოსწორების მიზნით. ჯანდაცვის სფერო იქნებოდა ეს თუ საპენსიო სფერო. მას მოჰყვებოდა დადებითი შლეიფი თავდაცვის სამინისტროში მუშაობისა, მან თავდაცვის სისტემის სტრატეგიის განსაზღვრა მოახდინა სწორად. მისი პრემიერობა ეფექტიანია. მისგან იგრძნობა, რომ სურს რაღაც შეცვალოს და ცდილობს კიდევაც შეცვლას. ბევრი რამ გამოსდის, ზოგი უფუჭდება, მაგრამ დიდი ალბათობით ისიც გამოუვა.

ქვეყანაში არის დაგროვებული უამრავი პრობლემა, რომლის გამოსწორებაც 1 წელიწადში ძალიან რთულია. მაგალითად: სამართლიანობის პროცესის აღდგენის დამუხრუჭება და დღეს ჩვენ ვიღებთ იმას, რაც კოჰაბიტაციის მახინჯმა ფორმამ მოგვიტანა, ეს არის კეზერაშვილის ამბები. ძალიან ბევრი პლუსი არის ირაკლი ღარიბაშვილის მოქმედებაში და არის ისეთი რა,  რაც გამოსასწორებელია ძალიან მალე.

ეკონომიკის კუთხით პრემიერმა სერიოზული ნაბიჯები გადადგა, თუმცა განვითარების კუთხით მას უფრო მეტი ენერგიული ნაბიჯების და მასშტაბური ეკონომიკური პროექტების განხორციელება მართებს. საწარმოების ამუშავების თვალსაზრისით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ქვეყანაში, თუმცა ეს არის მცირე საწარმო. საქართველოს აქვს პოტენციალი, ინდუსტრიული სისტემა შექმნას და აქეთკენ შეუძლია, სერიოზული ნაბიჯები გადადგას პრემიერმა“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

საერთაშორისო ასპარეზზე ირაკლი ღარიბაშვილმა  მონაწილეობა მიიღო უმაღლესი დონის ფორუმებსა და შეხვედრებში, ასევე, მისი მედიაციის შედეგად აზერბაიჯანს და სომხეთს შორის  შეთანხმება შედგა და  ჟურნალისტის კითხვას: როგორ შეაფასებდა პრემიერის ნაბიჯებს ამ საკითხებთან მიმართებით, პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ შემდეგნაირად გვიპასუხა:

„პრემიერის მიერ გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო ასპარეზზე იყო მნიშვნელოვანი და საჭირო. ყველა ამ ნაბიჯმა გაამყარა ჩვენი პოზიციები დასავლელი პარტნიორების თვალში. ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პირადად იყო ჩართული  სამშვიდობო პროცესში ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია “, - აღნიშნა არეშიძემ.

პოლიტოლოგმა პრემიერ-მინისტრის ინიციატივებზეც ისაუბრა, რომელიც ონლაინ კაზინოებს და აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას შეეხება.

მამუკა არეშიძე პრემიერის ამ გადაწყვეტილებას სწორ მიდგომას უწოდებს და ამბობს, რომ აზარტული თამაშები მომავალი თაობებისთვის დამღუპველი იყო.

„ყველა ინიციატივას აქვს თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა. ყველაფერი არის სასარგებლო. ინიციატივები მისასალმებელი და სწორია. ისიც ვიცით, რომ  ონლაინ კაზინოების დიდი ნაწილი მიდიოდა ქართული სპორტის განვითარების საქმეში.  ეს ინიციატივა ძალიან კარგი და სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ის დამღუპველი იყო მომავალი თაობისთვის. ყველა ის ინიციატივა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა  წამოაყენა, არის მისასალმებელი და საინტერესო, მთავარია სწორად მოხდეს მისი რეალიზაცია.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოახერხა საზოგადოების ყურადღების გადატანა მუდმივი პოლიტიკური დაპირისპირებიდან სახელმწიფოებრივი მშენებლობის საკითხებზე, ეს არის მისი პირადი დამსახურება“, - ამბობს მამუკა არეშიძე.

პოლიტოლოგი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასაც შეეხო. მისი აზრით, იმის თქმა, რომ პანდემიას პრემიერი ვერ მართავს, არ შეიძლება, მისი პრემიერობის დროს საქართველოში შემოვიდა 5 მილიონამდე ვაქცინა.

ამასთან, ექსპერტი ამბობს, რომ კოვიდის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ბრძოლა ნამდვილად ჩანს.

„ირაკლი ღარიბაშვილის გამტყუნება კოვიდის მართვაში სწორი არ იქნება, მსოფლიოშია ასეთი ვითარება შექმნილი. კოვიდი ახალ-ახალ სიურპრიზებს გვიმზადებს. ყველაფრის შეზღუდვის და აკრძალვის შემთხვევაში ზიანდება ეკონომიკა, საზოგადოებრივი ცხოვრება,  მძიმე არჩევანის წინაშე იყო ირაკლი ღარიბაშვილი და ამანაც გამოიწვია მინისტრების ცვლილება. ყველაფრის განსაზღვრა მოცემულობის ლოგიკიდან გამომდინარე ჭირდა. კოვიდის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ბრძოლა ჩანს. ვერ იტყვი იმას, რომ ბრძოლა მიდის არასწორად და მთავრობა არაფერს აკეთებს. პირიქით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, თუმცა ისეთი მოცემულობაა საქართველოში მთლიანად, რომ დიდი ქვეყნების გამოცდილი მთავრობებიც კი უშვებენ ხოლმე მცირე შეცდომებს“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ პენსიების ზრდაზე, სოციალურ დახმარებაზე და ვეტერანებისთვის დახმარების გაზრდის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერში პრემიერისა და მთავრობის როლი ძალიან დიდია.

„პენსიების გაზრდა, სუბსიდირება, ყველა ეს ინიციატივა და ასეთი ნაბიჯები ძალიან კარგია. სოციალური დახმარება უნდა იყოს, თუმცა ეს უნდა იყოს იშვიათი შემთხვევა. ეს სისტემა დასახვეწია კიდევ უფრო, რადგან არ მოხდეს ამ ყველაფრის არაკეთილსინდისიერად გამოყენება. ადამიანებისთვის დახმარების ხელის გაწევა ძალიან კარგი და მისასალმებელია.

ყველა ის ინიციატივები, რომლის დემონსტრირება მოახდინა ირაკლი ღარიბაშვილმა, საინტერესო, ძალიან კარგი და მისასალმებელია, თუმცა ამ ყველაფერს უფრო მეტად დახვეწა და ყურადღებიანი მიდგომა სჭირდება.

მთავრობის გადაწყვეტილება ვეტერანებისთვის  დახმარების გაზრდის შესახებ - ძალიან კარგია და აქ რაიმე შენიშვნა არ შეიძლება, იყოს. ძალიან ბევრი ინიციატივის დემონსტრირება მოახდინა შიდა პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილმა, ზოგი ტესტურ რეჟიმშია ჯერჯერობით, მაგრამ თავისთავად იდეა ამ ინიციატივებისა საინტერესო და მისაღებია“, - დასძენს პოლიტოლოგი.