ჩემი წინაპარი იუნკრის დახვრეტის საიდუმლო წერილი 100 წლის შემდეგ ჩემს ხელში აღმოჩნდა - რა წერია იუნკერის დაკითხვის ოქმში - იდუმალებით მოცული დოკუმენტები 1924 წლის აჯანყებაზე

ექსკლუზივი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე

 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ  დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლაში თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, მამაცური ბრძოლით ისახელეს და სამშობლოს დასაცავად თავი გაწირეს.

1921 წლის 25 თებერვალს თბილისი წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.

 დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.

 ბოლშევიკების მსხვერპლი ჩემი წინაპარიც გახდა, რომელიც სამშობლოს საკუთარი სიცოცხლის ფასად ბოლო წუთამდე იცავდა.

ჩემი დიდი ბაბუა, იუნკერი ვახტანგ ისკანდარაშვილი, 1924 წელს დახვრიტეს. „ვახტანგ იოსების ძე ისკანდარაშვილს ბრალად ედებოდა შეირაღებული თავდასხმა მენშევიკებთან ერთად. მას მიესაჯა დახვრეტა.“- ვკითხულობ არქივის ფურცლებზე და თვალწინ მიდგას 27 წლის ახალგაზრდა, რომელმაც სამშობლოს დამოუკიდებლობის იდეისთვის თავგანწირვა საკუთარი ცხოვრების საბედისწერო გზად აქცია...

 არქივში ასევე ვკითხულობ, რომ ვახტანგი, უპარტიო იუნკერი, 1924 წლის აჯანყების მონაწილე, არჩილ ზახარის ძე ტომარაძის, დივიზიის ადიუტანტი ყოფილა. ამავე ფურცლებიდან ვარკვევ, რომ ვახტანგმა დაამთავრა საარტილერიო სასწავლებელი...

ზუსტად ერთი წლის წინ გამოვაქვეყნე სტატია, სადაც გაიმბობდით, რაც ისტორიის ფურცლებისა თუ ოჯახის წევრებისგან მაქვს გაგებული ჩემი დიდი ბაბუის შესახებ...

გიამბობდით იმასაც, რაც ისტორიის ფურცლებმა ვერ შემოინახა, მაგრამ კარგად აღწერს იმ მტკივნეულ ისტორიას, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ცეცხლით და მახვილით შემოჭრილმა „ორჯონიკიძეებმა“ დაწერეს და რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი ჩემი წინაპარი აღმოჩნდა, ამიტომ ეს ჩემი ისტორიაცაა, რაც განუსაზღვრელად მეამაყება:

იუნკერი ვახტანგ ისკანდარაშვილი სოლოლაკში, დავითაშვილი ქუჩაზე, ცხოვრობდა. მისი მეუღლე, მარიამ პეტრეს ასული ჟუჟუნაშვილი, ქალთა პირველი გიმნაზიის პირველი კურსდამთავრებული გახლდათ. მარიამის მამა, პეტრე ჟუჟუნაშვილი, ცნობილი მჭედელი იყო და ამბობენ, თბილისში თუ კი სადმე შემორჩენილია ძველი რკინის გალავნები, ყველა პეტრეს სამჭედლოში იწრთობოდაო...

მარიამს და ვახტანგს ერთი ვაჟი, თემური, უკვე ჰყავდათ, მეორე შვილზე, თენგიზზე ფეხმძიმედ იყო, როცა საღამოს სახლთან ცხენის განწირული ჭიხვინისა და ფლოქვების ხმა შემოესმა. გარეთ რომ გავიდა, ცხენს კბილზე ქორწინების ბეჭედი შენიშნა, ის ბეჭედი, რომელზეც ვახტანგმა სიცოცხლის ბოლომდე ერთგულება შეჰფიცა. მარიამი ყველაფერს მაშინვე მიხვდა, ვახტანგი განსაცდელში იყო... 1924 წელს ვახტანგ ისკანდარაშვილს დახვრეტენ, 6 თვეში ჩემი ბაბუა, თენგიზი დაიბადება... როგორც მარი პეტროვნა ყვებოდა, ვახტანგს საკუთარი ხელით მიუტანია ვაზიანის ნაწილში თავისი დახვრეტის ბრძანება. მას დალუქული წერილი გაატანეს, სადაც ეწერა, მოსვლისთანავე შეეპყროთ და დაეხვრიტათ... დიდი ალბათობით, ეს წერილია, რომელიც 100 წლის შემდეგ ჩემს ხელში აღმოჩნდა და თქვენც წაიკითხავთ, ოღონდ ოდნავ მოგვიანებით...

...მარი პეტროვნა მეუღლეზე იშვიათად საუბრობდა, აბა, ადვილი ხომ არ იქნებოდა საბჭოთა იმპერიის დროს დახვრეტილი იუნკრის მეუღლის წოდების ტარება?! სხვათაშორის, ერთხელ ოკუპაციის მუზეუმში მითხრეს, მიკვირს, რომ თქვენ გხედავთ, 1924 წელს დახვრეტილთა ოჯახები ან დახვრიტეს ან გადაასახლესო. ჰოდა, არ ვიცი, როგორ გადაირჩინა თავიცა და შვილებიც მარი ჟუჟუნაშვილმა, მაგრამ საგულისხმოა, რომ მან მეორე ქორწინება ბოლშევიკ მაღალჩინოსანს, სერგო ყრუაშვილს დაუკავშირა, რომელმაც თენგიზი საკუთარი შვილივით გაზარდა... მარიამი პირველ მეუღლეზე იშვიათად, მაგრამ მაინც ყვებოდა - ვახტანგის დედა ფრანგი გახლდათ, მადლენი იოსებს პარიზიდან ჩამოუყვანია და ცოლად შეურთავს. მარი პეტროვნას მონათხრობით, იუნკერ ვახტანგს კარგი ურთიერთობა ჰქონია ამბროსი ხელაიასთან, რომელიც ეკლესიის საქართველოსთვის თავგანწირული მეთაური იყო და რომელიც, ასევე, დახვრიტეს ბოლშევიკებმა. ვახტანგის სახლში ხშირად დადიოდნენ სტუმრად დამოუკიდებელი საქართველოს იმდროინდელი მთავრობის მაღალჩინოსნები, მათშორის, უმასპინძლია ნოე ჟორდანიასთვისაც, რასაც მარიამი იუმორით ყვებოდა. სადილების კეთება არ მეხერხებოდა და ვახტანგი თავად მეხმარებოდა სუფრის გამზადებაშიო... ბედნიერმა წუთებმა კი დიდხანს არ გასტანა, წითელმა არმიამ სისხლში ჩაახშო ქართველი იუნკრების თავგანწირვა...

ვახტანგის შესახებ ვკითხულობთ გენერალ, ალექსანდრე ჩხეიძის, მოგონებებშიც, სადაც გენერალი ბოლშევიკების იუნკერთა სკოლაში შეჭრას იხსენებს და ჩემს დიდ ბაბუაზე, ვახტანგ ისკანდარაშვილზე ასეთ ამბავს ყვება:

"როდესაც მორიგე იუნკერ ი ს კ ა ნ დ ა რ ა შ ვ ი ლ ს არ დახვდა კაპ. ქარუმიძე სამორიგეო ოთახში, გამობრუნდა გუნდში; დერეფნის ყურედან დაინახა, როგორ დაიჭირეს კიბეზე და განაიარაღეს მორიგე ოფიცერი. ამის შემდეგ გუნდში ასვლა შეუძლებელი იყო, მაგრამ იგი არ დაიბნა და სკოლის მეიდნიდან ოფიცრების სადგომისაკენ გამოეშურა. ბოლშევიკები კაპ. ქარუმიძის დატუსაღების შემდეგ ჩამოვიდნენ ძირს, სამორიგეო ოთახში. აქ შემთხვევით იმყოფებოდა კაპ. ჯაფარიძე; ესეც დაიჭირეს და წაიყვანეს იუნკრებთან; ჩამოსწყვიტეს ტელეფონი და გამოვიდნენ მოედანზე. ამ წუთს ქალაქიდან ბრუნდებოდა მთავარსარდალი გენ. კვინიტაძე. ბინაზე შესვლისას, სამორიგეო ოთახიდან მოესმა ხმაურობა; გაიძრო ფარაჯა და გამოვიდა სამორიგეო ოთახში. აქ მან ნახა დიდი უწესრიგობა, ოღონდ იქ აღარავინ იყო. წამოვიდა კლასების დერეფანისაკენ და შეამჩნია ვიღაც საზაფხულო პალტოში. ამან შეამჩნია თუ არა გენერ. კვინიტაძე, რევოლვერით სროლა აუტეხა. გენ. კვინიტაძემ სროლითვე უპასუხა, ხოლო მეორე გასროლისას ლულაში გაეჩხირა ტყვია. გენერალი ბინაზე შემოტრიალდა მეორე რევოლვერის ასაღებად, კარებამდე ტყვიებით მიაცილეს, მაგრამ უბედურებას ასცდა. იმ დროს, როდესაც კაპ. ჯაფარიძის დაჭირვისა გამო, სამორიგეო ოთახში ჩოჩქოლი ხდებოდა, იუნკერი ი ს კ ა ნ დ ა რ ა შ ვ ი ლ ი უკვე კარებზე მიკაკუნებდა აივნიდან... მე მეძინა. გავიგონე თუ არა კაკუნი, ავდექი, მიველ კარებთან და შევეკითხე - ვინ იყო. „მე ვარ მორიგე იუნკერი ისკანდარაშვილი“ და შემდეგ ჩემ შეკითხვაზე დაუმატა: „მობრძანდით ბატონო ჩქარა სამორიგეო ოთახში, მორიგე ოფიცერს თავს დაესხნენ ვიღაც კერძო პირები“-ო. — „კარგი“, ვუპასუხე მე და გავარდი ჩასაცმელად. სწრაფად ჩავიცვი შარვალი, ჩექმები, ტყავის კურტკა, დავიხურე ბოხოხი, ყველაფერი ეს, რაც საუცბათოდ მომხვდა ხელში; ასეთი ჩაცმულობისათვის კინაღამ არ მომკლა საკუთარმა ყარაულმა. ვსტაცე ხელი ჩემ სანადირო ყარაბინს, რომელიც განსაკუთრებით მიყვარდა და ვენდობოდი და რომელიც ყოველთვის მომზადებული მქონდა. ჯიბეში ჩავიდე ორი რევოლვერი და გამოვარდი აივანზე. იქ იუნკერი აღარ დამიხვდა, მაგრამ ამან არ შემაეჭვიანა, ვინაიდან მე ის ხმაზე გარკვევით ვიცანი. ჩაცმის დროს გამიელვა აზრმა — ვინ უნდა დაგვცემოდა? და სხვა პასუხი ვერ მომენახა — თუ არა მცარცველნი, რომელთაც სურდათ ფულის ყუთის გატაცება, სადაც იმ დროს ინახებოდა რამოდენიმე მილიონი..."

... გადავწყვიტე, ჩემი იუნკერი წინაპრის შესახებ მეტი დეტალი გამერკვია და როგორც მისმა შთამომავალმა, შვილთაშვილმა, შს სამინისტროს არქივს მივმართე, სადაც დაცულია ცნობები იუნკერ ვახტანგ ისკანდარაშვილის შესახებ.

დოკუმენტები რუსულად, ძნელად გასარკვევი კალიგრაფიითაა დაწერილი, თუმცა სისხლიანი კალმით ნაწერი სიტყვების ამოკითხვა მაინც შევძელი...

დოკუმენტებში მივაკვლიე ვახტანგის დაკითხვის ოქმს, სადაც მას დაჟინებით სთხოვენ, დაასახელოს და ბრალი დასდოს ერთ-ერთ  პერსონას, გვარად - ბახუტაშვილი და ასევე დაასახელოს სხვა პირები, ვინც აჯანყებაში იღებდა მონაწილეობას. თუმცა ვახტანგი ყველა კითხვას თავს არიდებს და აცხადებს, რომ აჯანყებისთვის მას იმიტომ დაუკავშირდნენ, რომ ენდობოდნენ და "მეტი დეტალი არ იცის"...

ამონარიდი დაკითხვის ოქმიდან:

_ რითი ხსნით ფაქტს, რომ ბახუტაშვილმა თქვენ შემოგთავაზათ მონაწილეობა აჯანყებაში და ჰქონდა თქვენი იმედი, რომ არ გაჰყიდიდით მათ ნაადრევად?

_ გამოდის, რომ იმედი ჰქონდა და მენდო. როგორი მონაცემები ჰქონდა, მე არ ვიცი. მე ის ვიცი, რომ ასეთი შეთავაზება მათთვის შეეძლოთ, ვისაც ენდობოდნენ. აჯანყებაში მონაწილეობაზე შემოთავაზება მოულოდნელად გამიკეთეს და აჯანყების შესახებ მეტ კონკრეტიკას არ ვფლობ.

_ თქვენ იცით, კიდევ ვის გაუკეთეს ანალოგიური შეთავაზება?

_ არ ვიცი.

_ ვის შეიძლებოდა დივიზიონში გაეკეთებინა შეთავაზება?

_ არ ვიცი.

პროტოკოლი წავიკითხე და მეტი კითხვა არ მაქვს... ეს ჩემი ბაბუის ბოლო სიტყვებია იმ საბედისწერო გადაწყვეტილებამდე...

დაკითხვის ოქმს მოჰყვება 1924 წლის 10 ნოემბერს შევსებული ოქმი, სადაც წერია გადაწყვეტილება 27 წლის იუნკერის ვახტანგ იოსების ძე ისკანდარაშვილის დახვრეტის შესახებ, რომელსაც სამი ადამიანი აწერს ხელს: კურიძე, ეჯიბია და ბერია. ამ ოქმში ვკითხულობ:

" 27 წლის ადიუტანტი ვახტანგ ისკანდარაშვილი თანამშრომლობდა შეიარაღებულ დანაშაულში მენშევიკებთან ერთად და ამის გათვალისწინებით, ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში მიესაჯოს სიკვდილით დასჯა - დახვრეტა."

დაკითხვის ოქმამდე კი არქივში იმ გასაიდუმლოებულ წერილს მივაკვლიე, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდი და რომელსაც "კავკასიის წითელი დროშების შტაბის" უფროსი წერს. წერილს მკვეთრი ასოებით აწერია: "секретно"...

"გიგზავნით დაკავებულ ისკანდარაშვილს ამხანაგი სერგოს განკარგულებით. ეჭვმიტანილია დიდ და კერძო საუბრებში, კონსულტაციას იღებდა, თუ როგორ შეიძლებოდა საზღვარგარეთ გაძრომა. დღეს საბრძოლო მზადების შუაგულში უნდოდა წასვლა (მუხროვანში)..."

მაშინ ამ სიტყვების ავტორს გაუჭირდებოდა წარმოდგენა, რომ გავიდოდა 100 წელზე მეტი და ეს საიდუმლო წერილი იმ კაცის შთამომავლის ხელში აღმოჩნდებოდა, ვინც მხოლოდ იმიტომ გაწირეს, რომ სამშობლოს არ უღალატა... კონფორმიზმს ქვეყნისთვის თავგანწირვა ამჯობინა, 2 შვილი ობლად დატოვა და ბოლშევიკების ტყვიის სამიზნე გახდა...

 ჰოდა, ამ წერილს იმიტომ ვასაჯაროებ, რომ 100 წლის შემდეგ ვუთხრა წითელი დროშების შტაბის უფროსს, ამ ქვეყანაზე სიმართლე არასდროს იმალება და ბოროტებას კეთილი ყოველთვის ამარცხებს...  არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს და ჩემი ბაბუის საგმირო სახელს ახლა მთელი ქვეყანა კითხულობს... ჩემი ბაბუის სახელი და გვარი ოკუპაციის მუზეუმში იმ ვრცელ სიაშია ამოტვიფრული, სადაც მომავალ თაობებს ისტორია უამბობს საქართველოსთვის დაღუპული გმირების, იუნკრების შესახებ, რომლებიც წითელი არმიის ბორიტებასთან ბრძოლის პირველი მედროშეები აღმოჩნდნენ და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თითქმის უშანსო ბრძოლაში დაუფიქრებლად გადაეშვნენ.

101 წლის შემდეგ რუსეთი კვლავ განაგრძნობს დამპყრობლურ პოლიტიკას და ახლა უკრაინის ერთიანობას უქმნის საფრთხეს... მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და დღემდე ფეხი უდგას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში... ჩემს დახვრეტილ წინაპარს ვეტყოდი, რომ მის ბრძოლას ფუჭად არ ჩაუვლია... დღეს საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა და მისი ტერიტორიის გამთლიანების პრობლემაც მხოლოდ დროებითია... დრო და სამართალი ყოველთვის ჰპოვებს გზა და ჩვენი საქართქველოც აუცილებლად გაერთიანდება და გაბრწყინდება!