ქართველი კრიმინალების „შავი“ ახალი წელი ევროპაში

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

ცნობილი ფაქტია - დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, დანაშაულიც მატულობს და პოლიციასაც მეტი საქმე აქვს. ასე იყო ამჯერადაც - ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ქურდობისა თუ ძარცვის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა ევროპაში და სამწუხაროდ, კრიმინალს ქართველების გარეშე არ ჩაუვლია. აგერ, პოლონეთში, ერთბაშად, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომელთაც ადგილობრივი მედია „ქართული დანის ბანდის“ სახელით იცნობს. პოლონელი სამართალდამცავების ცნობით, აღნიშნული დაჯგუფება თავს ძირითადად ღამით ესხმოდა და მხოლოდ ძვირფასეულობა და ფული მიჰქონდა. რამდენჯერმე იყო ტელეფონის წართმევის ფაქტიც, მაგრამ ტელეფონებზე ისინი ნამდვილად არ ნადირობდნენ.

ზოგადად, ბოლო ექვსინ თვის განმავლობაში, პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად იქცა. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენი მოქალაქეები პოლონეთში ჩადიან, სამი თვის განმავლობაში მუშაობენ, შემდეგ სავიზო რეჟიმს არ არღვევენ, უკან ბრუნდებიან და იქიდან ჩამოტანილი 2 ათასამდე ევროთი, სამი თვე აქ ცხოვრობენ, შემდეგ ისევ მიდიან. ასე იქცევა აბსოლუტური უმრავლესობა, რომელთა ძირითადი საქმიანობა ტაქსისტობაა. ჰო, პოლონური ტაქსების უკვე ლამის 20%-ს, საქართველოს მოქალაქე მართავს და „ქართული დანის ბანდის“ დაკავება დანარჩენების ყოფას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

როგორც გვეუბნებიან, ქართული მხარე არ აპირებს დაკავებული ოთხეულის ექსტრადირება მოითხოვოს და მათ პოლონური კანონებით გაასამართლებენ.

3 იანვარს კი საბერძნეთში, ე.წ. კანონიერი ქურდი, შოთა თევდორაძე (მეტსახელად, „შოთიკო“) მოკლეს, 41 წლის ავტორიტეტს ქილერმა ცეცხლი ცოლისა და 5 წლის შვილის თვალწინ გაუხსნა და საკონტროლო გასროლაც მათ თვალწინ განახორციელა.

როგორც ბერძნული მედია წერს, მკვლელობა კრიმინალთა შორის მიმდინარე გარჩევის შედეგად მოხდა და საქმეში ისევ ქართველთა ხელი ურევია.

როგორც წესი, ე.წ. კნონიერი ქურდის მკვლელობას საბერძნეთში ზერელედ იძიებენ და დიდი ალბათობით, ეს საქმეც გაუხსნელი დარჩება, თუმცა მკვლელობა კრიმინალურ სამყაროში უკვე იქცა გარჩევის საგნად და მთავარი პრეტენზია „შოთიკოს“ მეგობრებს იმაზე ექნებათ, რომ ლიკვიდაცია ცოლ-შვილის თვალწინ მოხდა.

სხვათა შორის, საბერძნეთში, 56 წლის ასაკში, ონკოლოგიური დაავადებით ჩირო შონია, იგივე, „ჩირო გალსკი“ გარდაიცვალა. მისივე სურვილის თანახმად, მშობლიური გალის მიწას მიაბარეს ანუ ჯერ საბერძნეთიდან თბილისში ჩამოასვენეს, შემდეგ კი, ენგურის ხიდის გავლით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაასვენეს.