რა საკითხები განიხილეს დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია და ვაქცინაციის წამახალისებელი სხვა ღონისძიებები განიხილა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. მასში ასევე მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
საბჭომ იმსჯელა ვაქცინაციის პროგრამის კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობაზე. გაგრძელდება აქტიური საინფორმაციო კამპანია და მარათონი, რომელიც სხვადასხვა რეგიონში მობილური ბრიგადების ჩასვლას და აცრის მსურველი მოქალაქეებისთვის სერვისის ადგილზე მიწოდებას გულისხმობს.
საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს „მწვანე პასპორტის“ გამოყენებასთან დაკავშირებული წინადადებები, რომელთა შესახებ დეტალური მსჯელობა გაიმართება და მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საბჭოს სხდომა დამატებით ჩაინიშნება.
ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ხალხმრავალი შეკრებების თავიდან აცილების მნიშვნელობას, რაც ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ მიზეზადაა მიჩნეული. ასევე, განსაკუთრებით აღინიშნა სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების ეფექტურობა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 738 171 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 678 288 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 10 238 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 37 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 1 159 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 648 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი.


უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგი გამართა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც, რომელიც არ გამორიცხავს, რომ „დელტას“ ეს ახალი ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები საქართველოშიც გამოჩნდეს, რადგან მობილობა გაზრდილია.
მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ამ მიზნით ინტენსიური მეთვალყურეობა მიმდინარეობს და „დელტას“ ახალი ვარიანტი, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა.

„მოგეხსენებათ, ჩვენს მეზობელ, ჩრდილოეთის ქვეყანაში ახალმა შტამმა დაიწყო ცირკულაცია. ასევე, 27 ქვეყანაშია ის დაფიქსირებული. ჩვენთან ინტენსიური მეთვალყურეობა მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში. ჯერჯერობით, ჩვენთან „დელტას“ ეს ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ დიდი ალბათობით, მომავალ პერიოდში გამოჩნდება, რადგან მობილობა, მოგზაურობა გაზრდილია და აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის“.
ამირან გამყრელიძემ საქართველოს პრეზიდნტს, სალომე ზურაბიშვილს, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი განცხადებებისთვის მადლობა გადაუხადა.
მისივე თქმიით, თავადაც მომხრეა ექიმებისა და მასწავლებლების სავალდებულო ვაქცინაციისა.
„იცით, რომ მომხრე ვარ ზოგიერთ ჯგუფში სავალდებულოების, მათ შორის, ჩემს კოლეგებში და ასევე მასწავლებლებში, მაგრამ მოგეხსენებათ, სავალდებულოების პრინციპი არ არის მარტივად გადასაწყვეტი. ის დაკავშირებულია ბევრ საკითხთან – ადამიანის უფლებებთან, ქვეყანაში ანტივაქსერული მოძრაობის ინტენსივობასთან, ადამიანების განწყობასთან, მოსახლეობის განწყობასთან, ბევრი რამეა აქ გასათვალისწინებელი. ამიტომ "მწვანე პასპორტი" სხვა არაფერია, თუ არა ირიბი მანდატურიზმი. დარწმუნებული ვარ, „მწვანე პასპორტის“ რიგი პოსტულატები მალე ამოქმედდება ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ დღევანდელ კატასტროფულ ეპიდვითარებაზე ყველაა პასუხისმგებელი.
ე.წ. მწვანე პასპორტის მექანიზმის დანერგვის შემთხვევაში, ყველა ის რეგულაცია, რომელიც კოვიდის მართვისთვისაა დაწესებული, ძალაში დარჩება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, „მწვანე პასპორტი“ ვერც ერთ დაწესებულ რეგულაციას ვერ ჩაანაცვლებს.


„ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროგრამაში მომართვიანობა გაიზარდოს. ამრიგად, ჩვენ ვსაუბრობთ, ე.წ. მწვანე საშვის, მწვანე პასპორტის მექანიზმზე, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულწილად ეპიდემიურ უსაფრთხოებაზე დამატებით მოთხოვნებს, მათ შორის, ვაქცინაციაზე მოთხოვნას. ეს რამდენად იქნება დადებითი სტიმული ვაქცინაციის ქცევისთვის, რთული სათქმელია. მწვანე პასპორტის შემთხვევაში, ყველა ის რეგულაცია, რომელიც დაწესებულია კოვიდის მართვისთვის, ძალაში რჩება. მწვანე პასპორტი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაანაცვლებს ვერც ერთ რეგულაციას“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, „მწვანე საშვი“ არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომ დამატებითი სტიმული შეიქმნას იმ ადამიანებისთვის, ვინც აცრა ვერ გადაწყვიტა.


„მწვანე საშვის“ მექანიზმს არ ექნება დაუყოვნებლივი შედეგი. „მწვანე საშვის“ მექანიზმი თუ ამოქმედდა, აქ, რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდი უნდა მიეცეს როგორც მომხმარებელს, ასევე დასაქმებულსა და დამსაქმებელს მოსამზადებლად იმისთვის, რომ თუ აქამდე არ მიუღიათ აცრის გადაწყვეტილება, აიცრან. „მწვანე საშვის“ მექანიზმი არ არის ერთადერთი მექანიზმი და არც იმის მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ როგორც კი „მწვანე საშვის“ მექანიზმი ამოქმედდება, უეცრად ვაქცინაციის პროგრამა დღეში 30 ათას აცრას დაუბრუნდება. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომ დამატებითი სტიმული შეიქმნას იმ ადამიანებისთვის, ვინც აცრა ვერ გადაწყვიტა. ეს არის ერთ-ერთი საშუალება“, - განაცხადა გაბუნიამ.


ე.წ. ვაქცინაციის მარათონი წარმატებული გამოდგა და თავის მიზანს ასრულებს. მისივე თქმით, მარათონის პერიოდში მოსახლეობის დამყოლობა თანდათან გაიზრდება, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი აზრით, მარათონს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ადამიანები ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას მშობლიურ ენაზე იღებენ.


„მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის მარათონის პერიოდში ჯერ მოსახლეობის დიდი რაოდენობა არ აცრილა, დამატებით 2 500-მდე ადამიანია აცრილი, მარათონი თავის მიზანს მაინც ასრულებს. კარდაკარით სიარულის დროს მოსახლეობის დამყოლობა უფრო იზრდება. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც თავიანთ მშობლიურ ენაზე ეძლევათ მეტი ინფორმაცია და ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე. ეს მარათონი არა ერთი ან ორი კვირა, არამედ მთელი წელი ან მეტხანს გაგრძელდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


რამდენიმე დიდი ქალაქი 10-15 პროცენტით ჩამორჩება სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქებში სრულად მივაღწიოთ ვაქცინაციის მოცვას, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.


„საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების შესაძლებლობებზე. კვლავაც ჩაითვალა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური საინფორმაციო კამპანიის გავრცელება და მარათონის გაფართოება როგორც სოფლად, ასევე დიდ ქალაქებში. რამდენიმე დიდი ქალაქი 10-15 პროცენტით ჩამორჩება სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქებში სრულად მივაღწიოთ ვაქცინაციის მოცვას. ეს ქალაქებია თბილისი და ბათუმი, შედარებით ნაკლები აცრილია ქუთაისში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ დიდ ქალაქებში აცრილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.“
თამარ გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა ვაქცინაციის პროცესში:


„გამოსავალი ისევ და ისევ არის იმ რეგულაციების შესრულება, რომელიც დაწესებულია. თუმცა გარკვეული პროცესები, აქციები, რომლებიც მიმდინარეობს, მობილობის დიდი წყაროა და ეს რა თქმა უნდა, ბუსტერს ქმნის ვაქცინის გავრცელებისთვის. მაინც დავუბრუნდები სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერების აუცილებლობას. ჩვენს შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა, რომელიც რეალურად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა ასევე შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ გადაიჭრას საზოგადოებრივი ძალიასხმევის შედეგად. ამდენად, მოწოდება არასამთავრობო სექტპორის, მედიის, ისევ და ისევ საინფორმაციო კამპანია, მხარდაჭერა და პირადი მაგალითი აღმოჩნდა დადებით და ყველაზე ძლიერმოქმედი ინსტრუმენტი. გარდა ამისა, ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური რწმენა და შეხედულებები ამ საკითხთან მიმართებით. არ შემიძლია, დღეს ამ თემას გვერდი ავუარო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა. საქართველოს აქვს იმის გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა მაგალითად, ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში, როდესაც პირებს, ვისაც სჭირდებოდათ მხარდაჭერა, ხანგრძლივი მკურნალობა, წახალისება და რწმენა, ეკლესია დაეხმარა იმაში, რომ ეს რთული გზა გაევლო. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.