„მიხეილ სააკაშვილი ბედნიერი ადამიანია, რომ მას ვერ მოუსწრო ზვიად გამსახურდიამ... მათ შორის პარალელის გავლება როგორ შეიძლება?!“- ექსკლუზიური ინტერვიუ ირაკლი წერეთელთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ხმების 54%-ით მოიპოვა პოლიტიკურმა ძალამ ზვიად გამსახურდიას ლიდერობით -"მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", სსრკ-ის კომუნისტურმა პარტიამ კი - 29.6% და რა გასაკვირია, რომ პირველივე სესიაზე, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს ზვიად გამსახურდია. მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება იყო, შემდეგ კი ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება. უზენაესი საბჭოს პირველივე სესიის გადაწყვეტილებით, პარტიას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“; აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ატრიბუტიკა: დროშა, გერბი და ჰიმნი.

საგულისხმოა, რომ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ეწინააღმდეგებოდა მაშინდელი ოპოზიციის ნაწილი. ისინი მიიჩნევდნენ, რომ კომუნისტური რეჟიმის მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა არ ღირდა, თუმცა ზვიად გამსახურდიამ ეს პოზიცია არ გაიზიარა, შექმნა პოლიტიკური „ბლოკი“ „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა, თუმცა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებისა და სამხედრო გადატრიალების შემდეგ ეს პოლიტიკური ერთობა, ფაქტობრივად, დაიშალა...

„ვერსია“ „ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის“ ლიდერს, ირაკლი წერეთელს ესაუბრა, რომელმაც 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა დღეს აცხადებს, რომ ეს მისი მხრიდან სტრატეგიული შეცდომა იყო....

_ ბატონო ირაკლი, როგორ აფასებთ 1990 წლის არჩევნებს და რატომ განაცხადეთ უარი მაშინ 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე?

_ დღევანდელი გადმოსახედიდან, დიდი ხანია, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებს ვაფასებ მხოლოდ დადებითად და მიმაჩნია, რომ ეს არის დიდი ისტორიული მნიშვნელობის სასიკეთო მოვლენა ქართველი ერისა და საქართველოს ისტორიაში იმიტომ, რომ ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ 1921 წლიდან 1990 წლის 29 ოქტომბრამდე საქართველოში არ ჩატარებულა დემოკრატიული არჩევნები. ტარდებოდა ერთპარტიული, საბჭოთა, სასაცილო, აბსორდული არჩევნები, რომელსაც მსოფლიოში არავინ ეძახდა არჩევნებს და 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნების შემდეგ საქართველოში საპარლამენტო ხელისუფლების დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა და ეს იყო მეორე დემოკრატიული არჩევნები საქართველოს ისტორიაში და პირველი დემოკრატიული არჩევნები ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ. ამ არჩევნებში გაიმარჯვა ეროვნულმა ძალამ ზვიად გამსახურდიას ლიდერობით და „მრგვალი მაგიდა- თავისუფალი საქართველო“ ხელისუფლების სათავეში აღზევდა მშობლიური, ეროვნული წიაღიდან, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობიდან. ის ფაქტი, რომ მის სათავეში იდგა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე პოპულარული ლიდერი, ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია, იმიტომ, რომ მერაბ კოსტავა, სამწუხაროდ, აღარ იყო ცოცხალთა შორის, ეს არის მეორე დიდი სიკეთე, რომ 28 ოქტობრის არჩევნებით ქვეყნის სათავეში მოოვიდა ეროვნული ძალა მშობლიური, ქართული წიაღიდან.

ამ არჩევნებმა ისტორიულად გაამართლა იმიტომ, რომ ამის შედეგად არჩეულმა უზენაესმა საბჭომ ანუ საქართველოს უმაღლესმა საპარლამენტო ხელისუფლებამ საქართველოში ოფიციალურად გააუქმა საბჭოთა წყობა, აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა, დამოუკიდებელი საქართველოს გერბი, დროშა, ჰიმნი და რაც მთავარია, გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. ე.ი. ამ არჩევნების შედეგად გამარჯვებულმა ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ ქართველ ერსა და საქართველოს დაუბრუნა ბოლშევიკური იმპერიის მიერ წართმეული ეროვნული თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს ყველაფერი 9 აპრილს გადაწყდა, მაგრამ ოფიციალური სტატუსი დამოუკიდებლობამ მიიღო მხოლოდ ოფიციალური ხელისუფლების მოქმედების შედეგად იმიტომ, რომ სანამ ბატონი ზვიადი არ მოვიდა ხელისუფლებაში და სახელისუფლებო ძალას არ წარმოადგენდა, ის სახელმწიფოებრივ სტატუსს ვერ მიანიჭებდა დამოუკიდებლობას და თავისუფლებასა. დამოუკიდებლობაზე მეტი სიკეთე კი არ არსებობს. მანამდე ჩაატარა საყოველთაო რეფერნდუმი და დამოუკიდებლობის აღდგენის იდეას მიანიჭა საყოველთაო ეროვნული ხასიათი.

მაგალითად, 1918 წლის 26 მაისს მთელ საქართველოში გამოცხადდა დამოუკიდებლობა და მაშინ ეროვნული საბჭო, ვინც დამოუკიდებლობა გამოაცხადა, არ იყო ქართველი ერის მიერ არჩეული. ამ შემთხვევაში კი დამოუკიდებლობის აღდგენამ ორჯერ შეიძინა საყოველთაო ეროვნული სტატუსი იმიტომ, რომ უზენაესი საბჭო იყო არა ეროვნული საბჭოს მსგავსად ეროვნული ყრილოების მიერ არჩეული, არამედ იყო ქართველი ერის მიერ არჩეული საყოველთაო დემოკრატიული, პირდაპირი და უშუალო კენჭისყრით. დამოუკიდებლოს აღდგენას წინ უძღვოდა რეფერნდუმი. მე რომ მკითხოთ, რეფერენდუმის ჩატარება სულ არ იყო საჭირო იმიტომ, რომ უზენაესი საბჭო ისედაც ქართველი ხალხის მიერ იყო არჩეული, მაგრამ რეფერენდუმის ჩატარებით, ზვიად გამსახურდიამ და ეროვნულმა ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა და ისტორიულად დაუმარცხებელი გახადა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა და მადლობა ღმერთს, რომ თუ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობა 3 წელიწადში დაიკარგა, 9 აპრილს გამოცხადებული დამოუკიდებლობა მარადიული გახდა, რადგან გავიდა ზუსტად 30 წელზე მეტი, ბევრი უბედურება გადავიტანეთ ტერიტორიული დანაკარგებით, იყო ახალ-ახალი აგრესიები, საოკუპაციო შემოტევები და ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს, ქვეყანაში მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ დამოუკიდებლობას ვერავინ ეხება.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობას ოფიციალურად აღიარებს, არა მხოლოდ გაერო, არამედ მსოფლიოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ყველა სახელმწიფო. ამიტომ 28 ოქტომბრის არჩევნები შედეგითა და მასშტაბით არის უდიდესი მოვლენა ქართველი ერის ისტორიაში. სწორედ ამ არჩევნებით არჩეულმა ხელისუფლებამ განაპირობა რეფერენდუმით ქართველი ერის გამარჯვება და ეს არჩევნები რომ არა, ვერც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდებოდა და ქართველებს არ ექნებოდათ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის ბედნიერება. ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი არის სწორედ ზვიად გამსახურდია და არავინ სხვა, ეს მოიტანა სწორედ 28 ოქტომბრის არჩევნებმა, რადგან სხვა რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა ის სიდიადე. მერაბ კოსტავას არ ვგულისხმობ იმიტომ, რომ ის აღარ იყო ცოცხალი, მაგრამ რომც ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, მერაბ კოსტავა არ მიიღებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და ზვიადს არ დაუპირისპირდებოდა.

მე მაშინ არ მივიღე 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ, რომ მიმაჩნდა, კომუნისტური რეჟიმის დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიგვეღო. თუმცა ახლა რომ ვაანალიზებ, ეს იყო ჩვენი ტაქტიკური შეცდომა, მაგრამ ჩვენი არმონაწილეობით საქმე არ გაფუჭებულა იმიტომ, რომ 28 ოქტომბრის არჩევნებამდე რომ გამოვედი ტელევიზიით ზვიადის წინააღმდეგ, როგორც თავად ზვიადმა აღნიშნა, ჩემმა გამოსვლამ 25% აჩუქა „მრგვალ მაგიდას“ და საბოლოოდ, ჩვენ მაინც ერთად ვიზეიმეთ თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

_ როგორ ფიქრობთ, მაშინ რა შეცდომები იქნა დაშვებული კოალიციური მთავრობის მიერ?

_ ეგეთი ხელისუფლება საქართველოს მას შემდეგ არ ჰყოლია, უბრალოდ, მოხდა რუსეთის დამპალი იმპერიის კრემლისტური გადატრიალება და კანონიერი, ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლება იარაღის ძალით დაამხეს ოკუპანტებმა. ზვიად გამსახურდიას მსგავსი პრეზიდენტი საქართველოს არ ჰყოლია და ის პარლამენტიც ძალიან კარგი იყო, იქ ზვიადთან ერთად იყო ეროვნული ძალები „მერაბ კოსტავას საზოგადოება“, ბატონი ვაჟა ადამია, „წმინდა ილია მართლის საზოგადოება“, მუხრან მაჭავარიანი, გია ხავთასი, თედო პაატაშვილი... იქაურობას ვაკლდით მხოლოდ მე და ირაკლი ბათიაშვილი და ესეც ჩვენი ბრალი იყო.

ეს გადატრიალება არ ყოფილა, ეს იყო რუსეთის იმპერიული აგრესიიის გაგრძელება, რომელიც დაიწყო 1921 წელს. ზვიად გამსახურდის და „მრაგვალი მაგიდის“ სიდიადე იმაში მდგომარეობს, რომ მათ ახალი დამოუკიდებლობა კი არ მოუტანეს საქართველოს, არამედ აღადგინეს ის პირველი, ქართული, დემოკრატიული და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც ისტორიულად და იურიდიულად არსებობდა, უბრალოდ, ფაქტობრივად წაშალა ბოლშევიკურმა აგრესიამ და ეს არ აპატია რუსეთმა ზვიად გამსახურდიას და ეროვნულ ხელისუფლებას, ისარგებლეს შიდა ეროვნული განხეთქილებით, აგენტებით და მოაწყვეს უბინძურესი გადატრიალება ქართველი ერის წინააღმდეგ. დღემდე კანონიერი ხელისუფლებაა და ყველა ხელისუფლება აგენტურული და მოაღალატეობრივია. როგორც ჩანს, უზენაეს საბჭოშიც იყვნენ აგენტები და მაქვს ამაზე ინფორმაცია, უბრალოდ, ხელს არავის დავადებ, რადგან მინდა, დღეს ყველა ერთად ვიყოთ. უბრალოდ, დიდი დანაშაული იყო ის, რომ ცივილიზებულ დასავლეთს არ უნდა დაეშვა იმ ხელისუფლების დამხობა, ეს იყო დიდი შეცდომა.

_ როცა კოალიციით დაკომპლექტდა „მრგვალი მაგიდა“, თქვენ არ მიიღეთ მასში მონაწილეობა...

_ მე არ ვიყავი, მაგრამ რეფერენდუმში მივიღე მონაწილეობა და ხალხს მოვუწოდე, რომ მიეღოთ მონაწილეობა. საპრეზიდენტო არჩევნები უკვე აღარ გამიპროტესტებია და მხარი დავუჭირე ზვიად გამსახურდიას. ასე რომ, ჩვენს შორის უკვე იწყებოდა კარგი ურთიერთობა და „მრგვალ მაგიდაში“ ვიქნებოდი თუ არა, ჩემი იქ არყოფნით ეროვნულ ხელისუფლებას არაფერი დააკლდებოდა, ამით მე დამაკლდა. მე რომ ვყოფილიყავი, გადატრიალებას არ დავუშვებდი...

_ ბატონო ირაკლი, დღევანდელობასთან რა პარალელს გაავლებთ და რა მიგაჩნიათ კოალიციური მთავრობის წარმატების ფორმულად?

_ დღევანდელი ოპოზიცია არის ყოვლად სამარცხვინო, არანაირი კოალიცია არ უნდა იყოს. ეს არის აბსოლუტური სისულელე. მაშინ კოალიცია კი არა ერთი ძალა იყო და ერთი ლიდერი ჰყავდა, ზვიად გამსახურდია! კოალიცია კი არ განსაზღვრავს ხელისუფლების სიკეთეს, არამედ - პერსონალური შემადგენლობა. დღეს ოპოზიციის ლიდერი არის სამარცხვინო კაცი, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ეროვნული ღალატი შეიძლება, დაუდასტურდეს თუნდაც იმიტომ, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურობა აღადგინა და ტერიტორიები მოღალატეობრივად დათმო. უბრალოდ, ვინაიდან პატიმარია და შიმშილობს, მასზე არ მინდა ვილაპარაკო, რადგან მე, როგორც ყოფილი პატიმარი და მოშიმშილე, არავის პატიმრობას არ დავუჭერ მხარს.

რამდენიმე დღის წინ გრანდიოზულმა, მრავალრიცხოვანმა დემონსტრაციამ დაამტკიცა, რომ დღევანდელ ცრუ ოპოზიციას გაცილებით მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, ვიდრე მხარდამჭერი. ზვიადის კონტექსტში დღევანდელი ოპოზიციის ხსენებაზე უნდა იყოს ძალიან დიდი ფულადი ჯარიმა! ის იყო ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს მოუატანა თავისუფლება და დამოუკიდებლობა!

_ ზოგი მიხეილ სააკაშვილს და ზვიად გამსახურდიას შორის პარალელს ავლებს...

_ დედამიწაზე იბადებიან ადამიანები, რომელთაც ნამუსის, სინდისის და კეთილშობილების, გონიერების ნიშანწყალი არ აქვს, რადგან გამსახურდიას და სააკაშვილს შორის პარალელის გავლება როგორ შეიძლება?! მიხეილ სააკაშვილი ძალიან ბედნიერი ადამიანია, მას რომ ვერ მოუსწრო ზვიად გამსახურდიამ, რადგან სააკაშვილის და მისი ფანატიკოსი შერეკილების ბუნდღა არ დარჩებოდა, ზვიადი და მერაბი რომ ცოცხლები იყვნენ. უძაღლო ქვეყანაში აყეფდა კატაო, რომ იტყვიან!.. უბრალოდ, რეპრესიების წინააღმდეგი ვარ და მირჩევნია, რომ მიუხედავად დღევანდელი ოპოზიციის სამარცხვინო წარსულისა, მაინც შერიგება და ერთად ყოფნა სჯობს განხეთქილებას და დაპირისპირებას. თუმცა, 27 ოქტომბერს ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი იყო აქციაზე და ყველამ მითხრა, იმდენი ხელისუფლების მომხრე არ იყო, რამდენიც ნაცების და მათი სატელიტური ოპოზიცის მოწინააღმდეგეებიო. ამ რაოდენობის ხალხი საქართველოში ერთხელ იყო 9 აპრილის წლისთავზე, მაშინ გამოვიდა 150 000 კაცი; 26 მაისს იყო კიდევ 9 აპრილის შემდეგ, მაშინ მთელი საქართველო გარეთ გამოვიდა და როგორც ამბობენ, 27 ოქტომბერს გამოსული რაოდენობა გაუტოლდა 2012 წლის 29 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყვანილ ხალხს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

ინტერვიუს დასასრულს მინდა, ვთქვა:

ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ მიუხედავად ჩემი ხელისუფლებაში არყოფნისა, დამოუკიდებელი საქართველოს იდეამ გაიმარჯვა და როგორც არასდროს, დამოუკიდებელი საქართველო არის სტრატეგიულად მეგობრულ კავშირში აშშ-თან. ჩამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მანამდე ნატო-ს სამხედრო კომიტეტი და ნატო-ს მინისტერიალმა მხარი დაუჭურა კიდევ ერთხელ საქართელოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას. ძალიან მინდა, რომ ეროვნული ძალები დავბრუნდეთ ხელისუფლებაში, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში, ვიცი, რომ საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას უკვე ვერავინ ვეღარაფერს დააკლებს და ეს დიდი, ისტორიული გამარჯვება, რომელიც დაიწყო ქართველმა ერმა 9 აპრილით, დაგვირგვინდა სწორედ 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებით. 9 აპრილს რომ დამოუკიდებლობა გამოცხადდა და შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი და დღემდე ერთადერთი, დამოუკიდებელი პრეზიდენტი ავირჩიეთ, ეს არის 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგი. რომ არ ყოფილიყო 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, არც რეფერენდუმი იქნებოდა ისეთი წარმატებული.

28 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა ყოველგვარი ძალადობისა და გაყალბების გარეშე. თვითონ გიორგი ჭანტურიასაც კი, რომელიც უპირისპირდებოდა ზვიად გამსახურდიას და ზვიადის არც ერთ სხვა მოწინააღმდეგეს არ უკადრებია, 28 ოქტომბრის ან რეფერენდუმის შედეგებში ეჭვი შეეტანა. არავის უთქვამს, რომ არჩევნები გაყალბდა, იყო ნამდვილი დემოკრატიული არჩევნები. ზვიად გამსახურდიას და უზენაესი საბჭოს ეროვნულობასთან ვერ მოვა ვერც წინა და ვერც დღევანდელი ხელისუფლება!