უცნაური ქურდობების სერია თბილისში - „დანაშაული ჩავიდინე და მზად ვარ, პასუხი ვაგო, მაგრამ გემუდარებით, შვილი გადამირჩინეთ“

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადრე არცთუ იშვიათი იყო შემთხვევა, როცა მაღალჩინოსნები მათი ბინის გაქურდვის ფაქტს მალავდნენ. ისინი არაოფიციალურად ცდილობდნენ საქმის გამოძიებას, განცხადებას არ წერდნენ, რადგან რომ დაეწერათ, რა ქონებაც მოპარეს, ამით შესაბამისი სამსახურები დაინტერესებოდდნენ, ეს კი არავის სურდა. არაოფიციალური გამოძიება ანუ სანაცნობოსამეგობროთი და მაღალჩინოსანი ძალოვანების შეწუხებით, ხშირად უშედეგოდ სრულდებოდა. თუმცა იყო გამონაკლისიც – ჩინოვნიკები მიდიოდნენ მილიციაში და არათუ განცხადებას წერდნენ, არამედ, ზღაპრულ ციფრებსაც უშიშრად უთითებდნენ.

თბილისის ერთ-ერთ კორპუსში განგაში ატყდა, რამდენიმე ადამიანი ბოლო ხმაზე ყვიროდა, ხანძარია, ხანძარიო და სახლიდან ყველა, ლამის, ნახევრად შიშველი გამორბოდა. რა თქმა უნდა, რამდენიმე ადამიანმა სახანძროშიც დარეკა, მთელ სადარბაზოში მდგარი კვამლი კი ნათლად მიუთითებდა, რაღაც იწვოდა. სახლიდან გამოვიდა ერთ-ერთი ქარხნის დირექტორიც, რომელსაც ხელში მომცრო ჩემოდანი ეჭირა, მაგრამ საკუთარ კარს მხოლოდ ორი ნაბიჯით გასცდა – ვიღაცამ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, ჩემოდანი გამოართვა და გაქრა. „მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი მკვლელობების განყოფილებაში, ბინის ქურდებს დავდევდი და, რაღა თქმა უნდა, განყოფილების უფროსმა ყველა ოპერმუშაკი დაგვიბარა. მის კაბინეტში დაზარალებული, გაბღენძილი იჯდა და ისე იქცეოდა, თითქოს შს მინისტრი იყო. განცხადებაც იქ ედო, სადაც დაკარგულ თანხად – არც მეტი, არც ნაკლები – ორი კილოგრამი ფული ეწერა. განყოფილების უფროსს მაშინვე ვუთხარი, ზემოთ ამ ამბავს ცუდად გაიგებენ, ეგებ, კონკრეტული ციფრი მივუთითოთ-მეთქი, მაგრამ დაზარალებულმა იყვირა, მე არაფრის მეშინია, ასე ეწეროს, როგორც არის, ხოლო როცა იპოვით, უკან სწორედ ორი კილოგრამი უნდა დამიბრუნოთ და ყველა შეკვრა ასმანეთიანების უნდა იყოსო. ფულის გარდა, მითითებული იყო ოქროს ყელსაბამი – ბრილიანტის 28 თვლით, ოქროს საყურეები – ბრილიანტის თვლებით და უბრალოდ, ოქრო, რომელიც ნახევარ კილოგრამს იწონიდა, ძველი ნაკეთობები გადავადნობინე და ვინახავდი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინაო, ასე ახსნა დაზარალებულმა“, – იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

შემთხვევის ადგილზე გასულმა სამართალდამცავებმა, პირველ რიგში, ის გაარკვიეს, რომ კვამლი კორპუსის სარდაფში ჩაყრილმა თივამ გამოწვია, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს და სადარბაზო კვამლით გაივსო. ქურდებმა კარგად გათვალეს – ქარხნის დირექტორი შინ არ დატოვებდა თანხას, რადგან შეიძლება, დამწვარიყო. გათვლა ასი პროცენტით გამართლდა, დირექტორმა სახლიდან ყველაფერი გამოიტანა და ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანიდან, სადარბაზოში, საბჭოთა კავშირის რიგით მოქალაქედ იქცა. მეზობლებს არაფერი დაუნახავთ, რადგან სადარბაზოდან ყველა სახეზე ნაჭერაფარებული გამორბოდა და ვერავინ ვერავის სცნობდა. საქმე უიმედო ჩანდა და ერთადერთ გამოსავლად ოქროს გადამყიდველები რჩებოდნენ, რომლებსაც სამართალდამცველთათვის უნდა ეთქვათ, თუ ვინმე დიდი ოდენობით ოქროს მიიტანდა, თუმცა მომდევნო ორ დღეში, ასეთი არავინ გამოჩენილა.

მესამე დღეს ერთი, ძალიან უცნაური ფაქტი მოხდა: თბილისის ერთ-ერთი კორპუსის მაცხოვრებლებმა სახანძრო და მილიცია ერთად გამოიძახეს, აქაოდა, მეზობლის ბინაში რაღაც აფეთქდა და კარს არავინ გვიღებსო. სამართალდამცავებმა კარის შეტეხვა სცადეს, თუმცა საკეტი შიგნიდან გაიღო და კართან დარცხვენილი კაცი აიტუზა. თურმე, შესქელებულ რძეს („სგუშონკას“) ხარშავდა, წყალი დაშრა, კაცი ტელევიზორის ყურებით გაერთო და რკინის ქილაში დახუფული სითხე აფეთქდა, ჭერი და კედლები ხომ მთლიანად მოსვარა და კაცსაც ჭერიდან ჩამოვარდნილი რამდენიმე წვეთი მელოტ თავზე დაეცა, ძალიან ემწარა და აბაზანაში სწორედ თავს იგრილებდა, როცა მეზობლები აკაკუნებდნენ. სახანძრო მაშინვე უკან გაბრუნდა, მილიციის თანამშრომლებმა კი გამოძახების დასაფიქსირებლად, მამაკაცს საბუთები მოსთხოვეს. მან უხერხულად გაიღიმა, პიჯაკის ჯიბეში ხელი ჩაიყო და გათავისუფლების მოწმობა ამოიღო, ამის მეტი ჯერ არაფერი მაქვს, ერთი კვირაა, გავთავისუფლდი, ჩემი პასპორტი მილიციაშია და ვერ მოვახერხე მისვლა და გამოტანაო.

„მილიციის იმ თანამშრომელს ასჯერ მაინც ვკითხე, რატომ გადაწყვიტა ბინის ჩხრეკა, მაგრამ ვერ მიპასუხა, ალბათ, ინტუიციამ იმუშავაო. მოკლედ რომ ვთქვა, ერთ-ერთმა სამართალდამცავმა აიჩემა, გინდა თუ არა, ბინა უნდა გავჩხრიკოთო და სანამ შესაბამისი ორდერი შედგებოდა... სახლის პატრონი, უბრალოდ, გაიქცა. ის მესამე სართულზე ცხოვრობდა, აივნიდან მარტივად გადახტა და გაუჩინარდა“, – გვიყვება ბატონი თენგიზი.

ბინაში სამართალდამცავებმა დიდძალი ოქრო და ფული იპოვეს. ქარხნის დირექტორმა საკუთარი ნივთები ამოიცნო და მილიციის თანამშრომლებს გულითადი მადლობაც გადაუხადა, თუმცა არ იცოდა, რომ მისით ჯერ „ობეხეესი“, შემდეგ კი უშიშროება დაინტერესდა. სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, ეს საქმოსანი დააკავეს და სახელმწიფო ქონების მითვისების გამო, 12 წელი მიუსაჯეს. მთავარი „დამნაშავე“ ამ ამბავში ის განცხადება იყო, სადაც მან გავლენიანი მფარველების იმედად დაწერა, ორ კილომდე ფული გამტაცესო. იმის მიუხედავად, რომ გამოძიებას ძარცვაში ეჭვმიტანილი ჰყავდა, ყველა აღიარებდა, გაქცეულს არ ჰქონდა ისეთი გონება, აღნიშნული ოპერაცია მოეფიქრებინა და ჩაეტარებინა. მილიციას ბანდის „ტვინი“ უნდა მოეძებნა.

სულ რაღაც ორიოდე დღის შემდეგ, კიდევ ერთი უცნური ქურდობა მოხდა. ასევე, გავლენიანი კაცის მეუღლე, ქუჩაში, ვიღაც ფოტოაპარატიანმა ბიჭმა გააჩერა, ჯერ ხომ შეაქო, შემდეგ უთხრა, სურათების საკავშირო გამოფენა უნდა გაიმართოს, ჩემი ნამუშევრები მოსკოვში მიმაქვს და სწორედ თქვენნაირ დახვეწილ ქალბატონს ვეძებდიო. ახალგაზრდა კაცმა ქალს უთხრა, იქნებ, საღამოს კაბა ჩაიცვათ, ცოტა მაკიაჟიც გაიკეთოთ, მაგრამ ჩემს ატელიეში ღარიბული ავეჯია, ცოტა მდიდრული ინტერიერი გვინდაო. ქალი შექებით აღფრთოვანდა და ბიჭი შინ დაპატიჟა. გამოცვლასა და მაკიაჟს, დაახლოებით, 20 წუთი დასჭირდა, ახალგაზრდა კაცმა რამდენიმე სურათი გადაიღო და ახლა ძვირფასეულობის გაკეთება მოსთხოვა. ქალმა ბრილიანტის სამეული მოირგო, ყელზე ოქროს ჯაჭვი დაიკიდა და ისევ იპოზიორა. კაცმა ტანსაცმლის გამოცვლა კიდევ ერთხელ სთხოვა და სანამ ქალი საძინებელში სარკის წინ ტრიალებდა, იქვე დაყრილი ძვირფასეულობა აიღო და გაქრა.

გაჩნდა ეჭვი, რომ ფოტორეპორტიორის ნიღაბქვეშ, პირველი ქურდობის თუ ძარცვის მთავარი გმირი იყო. ამიტომ, ქალს რამდენიმე სურათი ანახეს – წვერით, უწვეროდ და უცებ ქალმა სურათებში ფოტოგრაფი ამოიცნო, ოღონდ არა ძებნილი პირი, არამედ, ერთ-ერთ სურათზე, მის გვერდით მდგომი მამაკაცი. ეს ძებნილის დის ქმარი გახლდათ. რა თქმა უნდა, მილიციის თანამშრომლები მის დასაკავებლად გაემგზავრნენ და ჩასაფრება მისსავე სახლში მოაწყვეს. ოჯახში „ფოტოგრაფის“ ცოლი და 7 წლის გოგონა იყვნენ. ეჭვმიტანილი შინ მალე დაბრუნდა და კარის გაღებისთანავე, სამართალდამცავების ხელში აღმოჩნდა.

„ჩემს გოგონას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, სხვა შემთხვევაში, მოკვდება. ჯანდაცვის სამინისტროში მოვითხოვე ოპერაციის გაკეთება და მისი დაფინანსება, რადგან ასეთი სირთულის ქირურგიულ ჩარევას მხოლოდ მოსკოვში აკეთებენ. მითხრეს, დიდი რიგია, ორი წლის მერე მოგიწევთო. არადა, შვილი მიკვდებოდა, მერე მითხრეს, რომ 5 ათასი მანეთი უნდა გადამეხადა და რიგი ერთ კვირაში მომიწევდა. ამდენი ფული თვალით არასდროს მენახა, ამ 5 ათასს, მოსკოვში მგზავრობისა და იქ ოპერაციის ხარჯები ემატებოდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ფული გამომერთმია მათთვის, რომლებსაც ბევრი ჰქონდათ. ცოლის ძმაც სწორედ ამ დროს გათავისუფლდა ციხიდან და გეგმის განხორციელებაში დამეხმარა. სამწუხაროდ, პირველი ნაქურდალი მილიციამ იპოვა, ცოლის ძმა გაიქცა და მეორე ქურდობა მარტომ განვახორციელე. მე მართლა ფოტოგრაფი ვარ, ჩემი სამსახურის წინ კი საკომისიო მაღაზიაა, სადაც ეს ქალი ხშირად დადიოდა და ფულს ათას სისულელეში ხარჯავდა. ამიტომ შევარჩიე ის და არც შევმცდარვარ. მე დანაშაული ჩავიდინე, მზად ვარ, პასუხი ვაგო, მაგრამ გემუდარებით, შვილი გადამირჩინეთ“, – ეს არის ამონარიდი დაკავებულის ჩვენებიდან.

გავლენიანმა დაზარალებულებმა მაქსიმუმი გააკეთეს საიმისოდ, რომ დაკავებულისთვის დიდი სასჯელი შეეფარდებინათ. ასეც მოხდა, სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სამაგიეროდ, მილიციის თანამშრომლებმა ივარგეს და სახელმწიფოს ხარჯზე, გოგონას მოსკოვში ოპერაციაც გაუკეთეს და შემდეგ, რეაბილიტაციის კურსიც დააფინანსებინეს. გოგონა გადარჩა და მამას, რომელმაც, პრაქტიკულად, ყველაფერი გასწირა, მოუთმენლად ელოდა. სამწუხაროდ, დაკავებულმა 12 წელი სრულად მოიხადა, მისი ცოლის ძმა, 6 თვის შემდეგ აიყვანეს, თუმცა სასამართლოზე უკვე ზეწოლა აღარ იყო და მას, წარსულში ნასამართლევს, მხოლოდ 7 წელი აკმარეს.

ბათო ჯაფარიძე