აგვისტოს უმძიმესი დღეები - როგორ ვხედავთ რუსეთ-საქართველოს ომს 13 წლის შემდეგ

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა. რუსეთი დღემდე დეზინფორმაციის გზით ცდილობს, საქართველოს და რუსეთის მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ომი 8 აგვისტოს საქართველომ დაიწყო. რეალურად კი, ამ კონფლიქტს, რომელიც შემდგომ ომად შეფასდა, გაცილებით დიდი ისტორია აქვს, რომელიც, ცალსახად, ადასტურებს, რომ ამ კონფლიქტის ინიციატორი რუსეთი იყო და არა - საქართველო.

13 წლის შემდგომ ვსაუბრობთ ომის შედეგებზე, რუსეთის დეზინფორმაციულ პოლიტიკაზე, მაგრამ აქ ყველაზე მთავარი მაინც ის დანაკარგია, რაც საქართველომ განიცადა ომის დღეებში. უამრავმა ადამიანმა დაკარგა ახლობელი, ამ დღეებმა ბევრ დედას ჩააცვა „შავები“ და არგუნა ცხოვრების მოუშუშებელი ჭრილობა… დღეს საქართველოს ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია, მცოცავი ოკუპაცია კი გრძელდება...

არის თუ არა ბოლომდე 2008  წლის 5-დღიანი ომი გამოძიებული? რატომ არსებობს საზოგადოებაში ამ თემაზე კვლავ აზრთა სხვადასხვაობა? როგორ ვხედავთ აგვისტოს ომს 13 წლის შემდეგ? - ამ საკითხებზე სასაუბროდ ანალიტიკოსს, ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძეს დავუკავშირდით, რომელიც მიიჩნევს, რომ აუცილებელია ამ პერიოდის გამოძიება და გაანალიზება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ბევრ კითხვაზე პასუხი...

 

„მთავარი არის დეოკუპაცია და ჯერჯერობით, ამ მიმართულებით ნაბიჯებს წინ ვერ ვდგამთ. მეტ-ნაკლებად შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს სტაბილური ვითარებაა, მაგრამ 2008 წლიდან დღემდე საოკუპაციო ზოლთან ჯერ კიდევ საშიშია მოსახლეობის გადაადგილება. თუ შევაფასებთ საომარ ვითარებას, წინა პერიოდს თუ როგორ მივედით ომამადე, როგორ ვაწარმოეთ ომი, როგორ იმოქმედა ომის შემდგომ ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში უარყოფითი ჭარბობს დადებითს და სამწუხაროდ, დღემდე არ არის ეს ყველაფერი ნორმალურად გაანალიზებული და გამოძიებული. ვერ წარმომიდგენია ნორმალური ქვეყანა, სადაც  ომის ანალიზს არ აკეთებენ. ამ თემაზე მთელი ნაშრომები იწერება, განსაკუთრებით სამხედრო კუთხით.

გამოძიების და ანალიზის მიზანი აუცილებლად ვინმეს პატიმრობა და დასჯა არ არის, არამედ ეს გაკვეთილი იქნება, რომ მსგავსი შეცდომა აღარ დავუშვათ, რადგან მუდმივად ვუშვებთ შეცდომას ამ 30 წლის განმავლობაში. აღარ ვლაპარაკობ უფრო ღრმა წარსულზე. ანალიზის და სწორი დასკვნების გამოტანა არის საწინდარი იმისა,რომ უფრო სწორად დავგეგმოთ ჩვენი სამომავლო გეგმები, განსაკუთრებით დეოკუპაციის მიმართულებით.“

როგორც ანალიტიკოსი „ვერსიასთან“ აცხადებს, დღეს საქართველოში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არც არსებობს ამ თემაზე პოლიტიკური ერთობა და ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამ თემით სპეკულირებს:

 

„პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ერთობაც კი არ არსებობს, აქ მხოლოდ მოვლენის გაანალიზების პრობლემასთან არ გვაქვს საქმე. ყოველწლიურად, როდესაც ახლოვდება 8 აგვისტო, იწყება მთელი სპეკულაციები, განსაკუთრებით ოპოზიცია ამას იყენებს შიდა, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებითვის.

საზოგადოებაში 2008 წლის ომთან დაკავშირებით 13 წლის შემდეგაც კი არ არსებობს ერთიანი აზრი. კვლავ გვესმის საზოგადოების წევრებისგან, რომ თითქოს ომი საქართველომ დაიწყო, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ იმისთვის, რომ ეს კითხვები აღარ არსებობდეს?..

ამას სჭირდება საკითხების სიღრმისეული გამოძიება, ამით უნდა დაესვას წერტილი და ეს აღარ უნდა იყოს პოლიტიკური კინკლაობის საგანი. საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს არ უყვარს სათანადო მასალების მოძიება, წაკითხვა, განსაკუთრებით თუ საბუთების დიდ რაოდენობას ეხება საქმე. ბევრი სპეციალისტიც კი ბოლომდე არ არის ჩახედული, თუ რა, როგორ მოხდა, როგორ ვიმოქმედეთ,რა იურიდიული საფუძვლები არსებობს და ა.შ.“

კითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რათა გამოძიებულ იქნას 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეების საქმე, სალუქვაძე შემდეგნაირად გვპასუხობს:

„ეს ომის დაწყების თემა - თუ ვინ დაიწყო ომი, რუსეთმა თუ საქართველომ, ძალიან პრიმიტიულ დონეზე არის დასული და პოლიტიკური ლიდერები ამას იყენებენ საკუთარი შეცდომების, გადაცდომების თუ დანაშაულის გადასაფარად. ომის დაწყების თემა კი არ უნდა იყოს მთავარი საკამათო  და საკინკლაო თემა, მთავარია, გავიაზროთ იმის საჭიროება, რომ ეს თემა გამოიძიოს კომპეტეტურმა ჯგუფმა. ამაში თითქმის ყველა სპეციალობის ადამიანი უნდა იყოს ჩართული, ისტორიკოსები, დიპლომატები, სამხედრო, უსაფრთხოების სპეციალისტები და ა.შ. ამის შემდეგ უნდა დაიდოს კვალიფიციური დასკვნა ყველა მიმართულებით. პირველ რიგში, უნდა გამოვიძიოთ, როგორ მივედით ომამდე, როცა ამას გავაანალიზებთ და ბოლო ეტაპამდე მივალთ, იქ გამოჩნდება ვინ და რა დაიწყო. იგივე შეეხება ომის წარმოებას, როგორ ვმართავდით, როგორ იყო უზრუნველყოფილი საომარი მოქმედებები, როგორ მოვახერხეთ საკუთარი მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა და სხვა უამრავი საკითხი. შემდეგია უკვე სააკაშვილი-სარკოზი-მედვედევის ცნობილი შეთანხმება, ისიც როგორ ვაწარმოეთ რას მოვაწერეთ ხელი, რამდენად მომგებიანი იყო ჩვენთვის. ამ შეთანხმების ირგვლივაც უამრავი მოარული ხმებია და საზოგადოებას არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია, როგორ ვიმოქმედეთ საერთაშორისო არენაზე, როგორ დავიცავით საკუთარი ინტერესები.

საქართველო ომს ვერ დაიწყებდა საკუთარ ტერიტორიაზე.  გასაგებია, რომ საქართველო არ გადასულა რუსეთის ტერიტორიაზე და იქ არ გვიომია, რუსეთმა იომა ჩვენს ტერიტორიაზე, ე.ი. აგრესია განხორციელდა ჩვენს მიწა-წყალზე, მაგრამ ამ მომენტამდე როგორ მივედით, სწორედ ესაა გასაანალიზებელი. ბევრი კითხვა ჩნდება ამ მიმართულებით, თუ შევხედავთ საკითხს - ვის ქმედებებს მოჰყვა ეს ყველაფერი, შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან არიდება? ზოგს ამ შემთხვევაში აწყობს იმაზე საუბარი, რომ ომს ვერანაირად ჩვენი ქვეყანა ვერ აიცილებდა თავიდან, ზოგი კი პირიქით ფიქრობს, რომ სათანადო ძალისხმევა არ იყო მიმართული, რომ ყველა რესუსრსი არ იქნა ამოწურული და კრემლში დაწერილ პროვოკაციულ სცენარს წამოვეგეთ“ - აცხადებს სალუქვაძე.

შეეძლო თუ არა საქართველოს ომის თავიდან არიდება და რა შეცდომები იყო მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან დაშვებული - ანალიტიკოსი ამ საკითხზეც საუბრობს:

„ომის დაწყების თემა არის, ზოგადად, ყველაზე მსუბუქი, რაზეც კი შეიძლება, წინა ხელისუფლებას პასუხი მოეთხოვოს. ომთან მიმართებაში საქართველოს ჰქონდა იმის ყველანაირი უფლება, მორალურიც და იურიდიულიც, რომ საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაეგეგმა, განეხორციელებინა და ჩვენს მოქმედებას მაშინ მოჰყვა ომი. საკუთარ ტერიტორიაზე სეპარატისტების წინააღმდეგ ყველა ხელისუფლებას აქვს მოქმედების მორალური უფლება. საერთაშორისო იურიდიული შეთანხმება ითვალისწინებს იმას, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო ამ მოქმედებების დაწყება, რასაც არავინ უარყოფს, მათ შორის, არც ყოფილი პრეზიდენტი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რუსეთისთვის კი არ გამოუცხადებია საქართველოს ომი, არამედ საქართველომ განახორციელა ოპერაცია საკუთარ ტერიტორიაზე, რასაც წინ უძღვოდა მრავალი პროვოკაცია, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხრიდან, მათ შორის, რუსეთიდან შემოსული რეგულარული თუ არარეგულარული ფორმირებების მხრიდან.  ეს გრძელდებოდა თვეების განმავლობაში და ამას ჩვენ ვუსმენდით მედიის მეშვეობით. ამ ყველაფრის დოკუმენტირება უკეთესად იყო საჭირო და საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ასეთი პროვოკაციებია, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს იმის უფლება, რომ განახორციელოს გარკვეული ქმედებები საკუთარ ტერიტორიაზე, მაგრამ უნდა გათვალოს ამ ყველაფრის შედეგები.

იმ სხვადასხვა შეცდომაზე, რაც ზემოთ ვახსენეთ, მაშინდელმა ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი, ამას სჭირდება კვლევები და გამოძიება“.