ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებას „სტრატეგია აღმაშენებელი“ საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პარლამენტში ახალი ფრაქცია, სახელწოდებით „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" შეიქმნა. ფრაქციაში „ლელოს“ წევრების გარდა, წევრიანდებიან დეპუტატები: სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე. მამუკა ხაზარაძის თქმით, ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე იქნება, მისი მოადგილე კი - სალომე სამადაშვილი.

 ფრაქციის შემადგენლობაში იქნებიან დეპუტატები: ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.

 რაც შეეხება პარლამენტში შესული სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების პოზიციას ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით, დღეს დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ის საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას გააგრძელებს უპარტიოდ და უფრაქციოდ, დამოუკიდებელ დეპუტატად. „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად ჩართვის სურვილი არ აქვს, თუმცა თუ ვინმეს დასჭირდება მისი ხელმოწერა, ტექნიკური თვალსაზრისით, ფრაქციის შესაქმნელად, იგი ამისთვის მზადყოფნას აცხადებს.

„ვერსია“ დაინტერესდა, ვისთან ერთად აპირებს ფრაქციის შექმნას „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომლისგანაც საკანონმდებლო ორგანოში 3 დეპუტატი: გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე და თეონა აქუბარდია შევიდნენ. რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციის შექმნას მინიმუმ 6 დეპუტატის გაერთიანება სჭირდება და აქედან გამომდინარე, საინტერესოა, ვისთან ერთად აპირებს „სტრატეგია აღმაშენებელი“ საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას? - აღნიშნულ საკითხზე „ვერსია“ პარტიის წარმომადგენელს, პაატა მანჯგალაძეს, ესაუბრა:

რა თქმა უნდა, ფაქცია აუცილებელია. მისასალმებელია ოპოზიციური ფაქციის შექმნა და ვულოცავ ჩვენს კოლეგებს.  გიორგი ვაშაძე იმყოფება ევროპაში ვიზიტით და როგორც კი ჩამოვა, ამ ტექნიკურ საკითხებს გავივლით. ჩვენთვის ეს არ იყო სასწრაფო და პრიორიტეტული საკითხი, სხვა თემებზე ვართ კონცენტრირებული და ამ საკითხსაც გადავწყვეტთ, როგორც კი გიორგი ვაშაძე ჩამოვა.

ვისთან ერთად შევქმნით ფრაქციას, ამას დრო გვიჩვენებს. მესმის მედიის ინტერესი, რომ ვისაუბრო ამ ხალხზე, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ კონკრეტულ ადამიანებთან, მაგრამ ჯერ ვერ ვისაუბრებ ამ ხალხის სახელით.“

მართალია, პაატა მანჯგალაძე არ ასახელებს დეპუტატებს, რომლებთანაც მოლაპარაკებას აწარმოებენ, თუმცა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ „გირჩთან“ აღნიშნულ მოლაპარაკებას არ აწარმოებენ.

„ვერსია“ აღნიშნულ საკითხზე გირჩის ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიასაც დაუკავშირდა, რომელიც გვპასუხობს:

„სხვა საკითხების მოგვარებით ვართ დაკავებული. ამ წუთას ფრაქციასთან დაკავშირებით არავისთან არ გვაქვს მოლაპარაკება.“