უკრაინის მრისხანე ომი და ქართული პოლიტიკური კონტექსტი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

24 თებერვალს შესრულდა ერთი წელი რუსეთის შეჭრიდან უკრაინაში.  ბევრს, მათ შორის, როგორც ჩანს თავად პუტინსაც ეგონა, ეს ომი სულ რამდენიმე დღეს, მაქსიმუმ რამდენიმე კვირას გაგრძელდებოდა, თუმცა მან ხანგრძლივი ხასიათი შეიძინა: უკრაინელმა ერმა და სახელმწიფომ საოცარი მედეგობა და წინააღმდეგობის უნარი  გამოამჟღავნეს.

რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა (და აქვს) დასავლეთის მრავალმხრივ დახმარებას, თუმცა უნდა შევნიშნოთ, რომ ეს დახმარება იზრდებოდა იმის კვალობაზე, რამდენად დიდ გმირობასა და წინააღდმეგობის უნარს დემონსტრირებდა უკრაინული საზოგადოება: რაც უფრო აშკარა ხდებოდა, რომ უკრაინელები არ აპირებდნენ დანებებას, რომ არიან შეკავშირებულნი, კონსოლიდირებულნი ეროვნული “ზეიდეის” გარშემო,  რომ არ არსებობს არანაირი განხეთქილება ამ საკითხზე თვით საზოგადოებაშიც და ელიტებშიც, რომ არ აშინებთ მსხვერპლი.... მით მეტი, ყოველთვიურად მზარდი იყო დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერაც და სამხედრო დახმარებაც: დაიწყო დისკუსიით მიეწოდებინათ თუ არა უკრაინული არმიისთვის “ჯაველინის” ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, ესე იგი სრულიად თავდაცვითი იარაღი, დღეს უკვე აწვდიან ტანკებს (შეტევით იარაღს) და სერიოზულად მსჯელობენ, როდის მიაწოდონ საბრძოლო თვითმფრინავები.

აღარაფერს ვამბობ უძვირფასესი კოსმოსური სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაზე მტრის ძალთა გადაადგილების შესახებ, რაც სამხედრო მიზანდასახულობისთვის გამოიყენება.

კულმინაციად იქცა ამერიკის პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში, მიუხედავად აშკარა საფრთხისა. თუმცა პუტინმა იმ დღეს “თითის განძრევაც” ვერ გაბედა.

ფრონტის ხაზი ოდნავ დასავლეთით გადის, ვიდრე 2022 წლის 24 თებერვალს, თუმცა არც ისე არსებითად, რომ პუტინის რაიმე სერიოზულ, სტრატეგიულ წარმატებაზე ვისაუბროთ.

ბუნებრივია, რუსი ავტოკრატი მმართველი ამ ვითარებას იოლად არ შეურიგდება; მან იცის, რომ მიღწეულ შედეგს ისტორიაც და თანამედროვეობაც უდიდეს წარუმატებლობად ჩაუთვლის. მით უმეტეს, წინასწარ განცხადებულ მიზნებთან შედარებით: უკრაინის სრული დაპყრობა და მისი ქცევა “ხელქვეით ქვეყნად”.

ამიტომაც, არ არის გამორიცხული, სიმართლეს შეესაბამებოდეს ექსპერტთა მოსაზრება ახლო მომავალში დაგეგმილი კიდევ ერთი მასშტაბური რუსული შეტევის შესახებ. მათ შორის კვლავ ბელორუსეთიდან - კიევის, ხოლო დნესტრისპირეთიდან - ოდესის მიმართულებით.

მეორეს მხრივ, უკრაინის არმია, რომელმაც უდიდესი გამოცდილება შეიძინა და უახლესი დასავლური შეიარაღება მიიღო, არა მხოლოდ თავდაცვის რეჟიმშია, არამედ შეტევით ოპერაციებსაც გეგმავს მას შემდეგ, რაც შეაჩერა გენერალური რუსული შეტევა ბახმუტის მიმართულებით.

 

სად არის საქართველო?

 

თითქოს წარმოუდგენელია საქართველოში არსებობდეს ადამიანი, ვისაც რუსეთის გამარჯვება სურს ამ ომში, პუტინს გულშემატკივრობდეს ან თუნდაც უკრაინელთა გამარჯვება არ ახარებდეს.

მაგრამ პოლიტიკას საკუთარი, სასტიკი კანონები აქვს (ფიზიკის კანონებზე არანაკლებ მყარი), ამიტომ ემოციური დამოკიდებულების მიუხედავად უნდა ვაღიაროთ, რომ ისეთ რთულ სოციუმში, როგორც ქართულია, ყველანაირი “დეფორმაცია” და სიმახინჯე  შეიძლება წარმოიშვას. მთავარი ამ შემთხვევაშიც ისაა, პოლიტიკური კლასი რამდენად ახერხებს პოლიტიკური ტექნოლოგიის დაცვას და ამ კანონთა შესაბამისად თამაშს.

თუ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ქვეყანას სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხე ემუქრება უკრაინის ღია და აშკარა მხარდაჭერის შემთხვევაში და მოსკოვს აქვს საშუალება ცხინვალის გამოყენებით მოაწყოს პროვოკაციები, ამ პოლიტიკური ხაზის დაცვა/განხორციელებას შესაბამისი ტექნოლოგია ესაჭიროება - მასთან აბსოლუტურად აცდენილია უაზრო განცხადებები, თითქოს დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩართვა ანუ მორიგი “თავის ტკივილი” იმ რეგიონში, რომელიც დასაველთისგან ბევრად “შორსაა” მრავალი თვალსაზრისით, ვიდრე უკრაინა.

თუ ოპოზიციას საკუთარ ფუნქციად ის მიაჩნია, გამოხატოს ქართველი ერის სიღრმისეული, რეალურად არსებული მხარდაჭერა უკრაინელი ერის ანტიიმპერიული, განმათავისუფლებელი ბრძოლისადმი, ამასაც შესაბამისი ტექნოლოგია ესაჭიროება: ბოლოს და ბოლოს, ყველა ქვეყანაში თამაშობს ოპოზიცია და ხელისუფლება საკუთარ როლებს მაშინ, როცა პრაგმატიზმი ერთს მოითხოვს, ხოლო ისტორიული ასპირაცია - სხვას.

მაგრამ ამ შემთხვევაში შიდაპოლიტიკური ასპექტი შედარებით ნაკლები უნდა იყოს, თორემ ეს თამაში მეტისმეტად აშკარა და არატექნოლოგიური გახდება;

24 თებერვლის მიტინგი ამის თვალსაჩინო მაგალითია. მისი სლოგანი გახდა “ჩვენ ვართ ახალი ეროვნული მოძრაობა” ანუ მოძრაობა, რომელიც ისეთივე ცვლილებებს გამოიწვევს, როგორც 1988-1990 წლებში კომუნისტური რეჟიმის დამხობას მოჰყვა. ოღონდ ასეთ შემთხვევაში გაუგებარია, მიტინგის ინიციატორები და ორგანიზატორების ნაწილი - ახალი “ეროვნული მოძრაობის” ლიდერები, სრულად რატომ არ დაესწრენ მიტინგს?

“ლელოს” ლიდერები ამ წინააღდმეგობას მიხვდნენ. ამიტომ თვითონ გაემგზავრენ კიევში, თუმცა თბილისში დაგეგმილ მიტინგში ორგანიზაციულად, პარტიულად მონაწილეობა არ მიუღიათ. ეს ბევრად ლოგიკური ჩანს.

ზოგადად კი, ქართველ პოლიტიკოსებს მუდამ უჭირდათ და უჭირთ დაიცვან სწორი ბალანსი პარტიულ ინტერესებსა და ქვეყნის ინტერესებს შორის. ეს ქართული პოლიტიკის “ქრონიკულია სენია” უკვე მრავალი ათწლეულის მანძილზე და პოლიტიკური კულტურის ნაკლებობიდან მომდინარეობს.

 

მიტინგი დიპლომატიური დემარშის ფონზე

 

თბილისში, “მთავრობის სახლთან” ანუ დღევანდელი პარალმენტის შენობასთან (ჩვენი უახლესი ისტორიის “საწურთნელ” ადგილზე) უკრაინის მხარდამჭერი მიტინგი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. თუმცა მან აშკარა დიპლომატიური კონფლიქტის ფონზე  ჩაიარა: მმართველმა პარტიამ უარი თქვა კიევში გაეგზავნა ოფიციალური დელეგაცია.

პასუხად (!) უკრაინელებმა განაცხადეს, რომ ომის წლისთავზე არც საქართველოს პრეზიდენტის ხილვა სურდათ, თუმცაღა სალომე ზურაბიშვილს ძნელია უსაყვედურო არათანამიმდევრულობა უკრაინის  საკითხში: ის მუდამ ერთმნიშვნელოვნად გმობდა რუსეთის აგრესიას და არასდროს აკეთებდა აქცენტს “სააკაშვილის პრობლემატიკაზე”. არც უკრაინელი მოღვაწეების იმ განცხადებებს პასუხობდა, რაც თბილისში არაერთგვაროვნად აღიქმებოდა.

შესაბამისად, ისე გამოვიდა, რომ თბილისური მიტინგის ფონზე საქართველოს პოზიციას კიევში მხოლოდ ოპოზიცია წარმოადგენდა. მათ შორის “ლელო”.

ეს იყო ერთგვარი “ალტერნატიული საქართველო”, რომელიც სამომავლო მოდელირების კონტურებსაც შეიცავს.

იმიტომ, რომ უკრაინის ომი მეტისმეტად მნიშვნელოვანია მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის. ამდენად, მის კონტექსტში ნებისმიერი პოზიციონირება მომავალში აუცილებალდ “დაიბუსტება”, როგორც ამა თუ იმ ძალის პოლიტიკური” ბეგრაუნდი” ისტორიის მართალ მხარეს.

 

 

დათო გამცემლიძე

ჟურნალისტი. ისტორიკოსი.