„გარკვეულ პირებს სოლიდური თანხა გადაუხადეს, პარლამენტში რომ შეეყვანათ!“ - 2023 წლის პირველი სკანდალური ინტერვიუ გიორგი გუგავასთან

ექსკლუზივი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორი პოლიტიკური წელი დაიწყო ოპოზიციისთვის და რა გეგმები აქვთ პარტიებს - „ვერსია“ ახალი წლის პირველ პოლიტიკურ ინტერვიუს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელ გიორგი გუგავასთან გთავაზობთ:

 

- ჩვენი სტრატეგიული გეგმა ახალი არჩევნები, რეჟიმის სანქცირებაა და პარტნიორებთან ამ მიმართულებით ვმუშაობთ. საბოლოო ჯამში, გვინდა, რეჟიმი ისე დასუსტდეს, რომ მივიღოთ ახალი არჩევნები.

- ბატონო გიორგი, როგორც ჩანს, ახალ არჩევნებში ვადამდელს გულისხმობთ და ეს მოთხოვნა ამ პოლიტიკურ მოცემულობაში რამდენად მიღწევადია?

- არსებულ ვითარებაში აბსოლუტურად რეალურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ რეჟიმის მამამთავრის სანქცირება დაწყებულია და ეს გაგრძელდება. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება უკრაინასთან დაკავშირებით იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი ქვეყანა რეჟიმმა, სამწუხაროდ, რუსეთ-ბელარუსის ალიანსში ჩართო და ოკუპანტის სასარგებლოდ თამაშობს. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სრულიად მოსალოდნელია, მივიღოთ ახალი არჩევნები, რაც შეიძლება მალე, რათა ნაკლები ზიანით გამოვიდეს ქვეყანა ამ ვითარებიდან.

- იმისთვის, რომ თქვენი მოთხოვნა შესრულდეს, საჭიროა, ოპოზიცია მძლავრი და ერთიანი იყოს. არადა, ოპოზიციის უმოქმედობას ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოება მძაფრად აკრიტიკებს. ამ კუთხით, პასუხისმგებლობას გრძნობთ?

- ეს კრიტიკა ყველაზე ნაკლებად ჩვენს პარტიას ეხება.  ჩვენმა პარტიამ ყველაფერი გაიღო, რომ დარჩენილიყო ხალხისა და საკუთარი პრინციპების ერთგული. ამის გამო დავისაჯეთ, რეპრესირებულები ვართ, შეგვიწყვიტეს დაფინანსება, პარტიის ლიდერი გარიცხეს პარლამენტიდან და ა.შ. ეს მოხდა იმის გამო, რომ პარტიამ არ უღალატა პრინციპებს და ხალხს, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც თანამშრომლობს ხელისუფლებასთან კულუარულად. როცა ხელისუფლებას ეუბნები, რომ არის კოლაბორაციონისტი და მეორე ხელით მასთან ხარ - პარლამენტსა და საკრებულოებში თანამშრომლობ, ამის გამოა საზოგადოებაში ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი.

 ეს არათანამიმდევრულობა, საკუთარი სიტყვისა და პირობის არშესრულება იწვევს უნდობლობას ოპოზიციის მიმართ.

- ღალატში, ალბათ, გულისხმობთ ოპოზიციის მიერ ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში შესვლას. კიდევ რა მიგაჩნიათ ღალატად? გაქვთ ისეთი ინფორმაცია, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს?

- ზოგადად, ამას საკუთარი პრინციპების, ქართველი ხალხის ღალატი ჰქვია. თუ ამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა, ბოიკოტი გამოაცხადე და შემდეგ ყოველგვარი გარანტიის გარეშე, შევარდი პარლამენტში, ხელი მოაწერე შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელიც თავზე გადაგახიეს, რის შემდეგაც ყველა პირობა დაარღვია ხელისუფლებამ და ამას დაემატა უკრაინის ომთან დაკავშირებული მოვლენები, როცა ცალსახად ოკუპანტის მხარე დაიჭირა ხელისუფლებამ... ამას დამატებული თვითმმართველობის არჩევნების გაყალბება და ყველაფერ ამის მიუხედავად, მაინც აგრძელებ ამ უტიფრებთან თანამშრომლობას, ეს ღალატის ტოლფასია და არ ვიცით, რა შედეგს მოუტანს ქვეყანას!

ბოიკოტი რომ გაეგრძელებინათ, ხელისუფლება იძულებული გახდებოდა, ხელახლა ჩაეტარებინა არჩევნები და საარჩევნო გზით მოხდებოდა ხელისუფლების ცვლილება. ეს შანსი გაუშვა მაშინ ოპოზიციამ და ჩემი ინფორმაციით, არცთუ უანგაროდ. ამაში საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა რეჟიმმა.

- დააკონკრეტეთ, ვინ აიღო თანხა იმის სანაცვლოდ, რომ პარლამენტში შესულიყო?

- ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ არის ხმა, რომ გარკვეულ პორებს საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადეს, რათა შეეყვანათ პარლამენტში. არ დავასახელებ ამ პიროვნებებს, რადგან შესაბამისი მტკიცებულებებია საჭირო, მაგრამ ლოგიკურად ემთხვევა მათ ქმედებებს.

- ბატონო გიორგი, როცა ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, ეს ყველაზე მეტად, ალბათ, ნაციონალურ მოძრაობას ეხება, რადგან ყველაზე მრავალამომრჩევლიანია ოპოზიციური პარტიაა. ენმ-ს ასეთი გახლეჩვა და შიდადაპირისპირება, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესისთვის სასარგებლოა თუ საზიანო?

- ლოგიკურია, რაც ხდება. სამწუხაროდ, ეს პარტიაც შედის იმ რიგებში, რომელმაც სიტყვა გატეხა და უღალატა დადებულ პირობას და მოსალოდნელი იყო ეს პროცესი. რამდენჯერმე მოუწოდა მიხეილ სააკაშვილმა, დაეტოვებინათ საპარლამენტო მანდატები და აქტიურ ბრძოლაზე გადასულიყვნენ, რაც არ შეასრულეს და ამიტომ ლოგიკურად მიდის შიგნით გახლეჩვის პროცესი, თითქოს ნაალაფარის გადანაწილება. ჯერ კიდევ ლიდერი ცოცხალი ჰყავთ და მათი დიდი დამსახურებაცაა, რომ ლიდერი დღემდე ციხეშია, რადგან ეს არაპრინციპულობის გამო მოხდა. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს დაშლის პროცესი.

- ესე იგი, ფიქრობთ, რომ ენმ ისევ დაიშლება?

- ეს პროცესი ჩანს, მით უმეტეს, მიხეილ სააკაშვილმა თუ უარი თქვა ქართულ პოლიტიკაზე, ეს გარდაუვალი პროცესი იქნება. პარტია დაიშლება და დაკარგავს საზოგადოებრივ მხარდაჭერას. ყოველ შემთხვევაში, ისეთი ძალა აღარასდროს ექნება, როგორი მხარდაჭერაც ჰქონდა საზოგადოების მხრიდან.

- ჰოდა, ამ პარტიის დასუსტება ხელს შეუწყობს ოპოზიციური პარტიების კოალიციურ გაერთიანება-გაძლიერებას, თუ მეტად გააძლიერებს ხელისუფლებას?

- პროცესისთვის მნიშვნელოვანია, შეიქმნას ისეთი გარემოება, როცა ხელოვნურად ვიწრო ოლიგარქიულ ჯგუფს არ აქვს მითვისებული სახელმწიფო; ჩატარდეს ნორმალური არჩევნები; გვქონდეს თავისუფალი სასამართლო და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა... ასეთ დროს ძლიერდება პარტიები და ყალიბდება იდეოლოგიის მიხედვით. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოში არა იდეოლოგიის მიხედვით ყალიბდება პარტიები, არამედ, იმის მიხედვით, თუ ვის რა ფინანსური დასაყრდენი აქვს. ამიტომაცაა, რომ იდეოლოგიურად, „ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა, დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

ნაციონალური მოძრაობის დასუსტება გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებებს და ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. საბოლოო ჯამში, უფრო პლურალისტური უნდა გახდეს პოლტიკური სისტემა, არ უნდა იყოს ასეთი ბიპოლარული, ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და წარმოდგენილი უნდა იყოს პარლამენტში მრავალი პარტია, საჭიროების შემთხვევაში, შეიქმნას კოალიციური მთავრობა, რაც გამოიწვევს ურთიერთბალანსს და ვიწრო ჯგუფებს აღარ ექნებათ ხელში ჩაგდებული ძალაუფლება. მრავალპარტიულობა განაპირობებს ქვეყნის განვითარებას.

 

თათია გოჩაძე