2012 წლიდან, რადიკალური ცვლილება განხორციელდა პენიტენციურ სისტემაში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თუ წინა მთავრობის დროს ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ ათასობით განაცხადს - დაახლოებით 3 000 – 4 000 განაცხადი, 2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ სულ რაღაც 138 საჩივარი, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესება ხდება პატიმრების ცხოვრების გაუმჯობესების მიმართულებით.

„რაც შეეხება იუსტიციას, აქაც, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ... მოკლედ გეტყვით, რომ ყველას კარგად გვახსოვს რა მდგომარეობა იყო პენიტენციურ დაწესებულებებში. თუ რა არაადამიანურად, სადისტურად ექცეოდნენ ჩვენს პატიმრებს. მიმდინარეობდა წამება, მკვლელობა, ტანჯვა ჩვენი მოქალაქეების, რაც, რა თქმა უნდა, იყო სისტემური დანაშაული და ჩვენ ამ ყველაფერზე, ქართველმა ხალხმა, თქვა უარი. ამის შემდეგ, მოგეხსენებათ, 2012 წლიდან, ძალიან, შეიძლება ითქვას, რადიკალური ცვლილება განხორციელდა პენიტენციურ სისტემაში, არაერთი მინისტრის მმართველობის დროს. ახლა ბატონ რატისაც აქვს ძალიან საინტერესო ინიციატივები; კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესება ხდება პატიმრების ცხოვრების გაუმჯობესების მიმართულებით; იქნება, ასევე, ფორმალური თუ არაფორმალური განათლების კურსების შეთავაზება, სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ჩართვა და მაქსიმალურად ზრუნავს ჩვენი სახელმწიფო პატიმრებზე. ეს არის ჩვენი ჰუმანური პოლიტიკის ხელწერა. მოგეხსენებათ, რომ შედარებისთვის, თუ წინა მთავრობის დროს ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ ათასობით განაცხადს - დაახლოებით 3 000 – 4 000 განაცხადი, 2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ სულ რაღაც 138 საჩივარი. ეს არის რადიკალური ცვლილება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოახდინა სულ რაღაც 10 წელიწადში, ამიტომ ეს წამება და ტანჯვა ჩვენს ქვეყანაში აღარასოდეს დაბრუნდება," - განაცხადა პრემიერმა.