"გინდ ჭადრაკი შემოიღონ, გინდ - ბალეტი... საშუალო და პროფესიულ განათლებაში სრული ჭაობია..."- ინტერვიუ დიმიტრი შაშკინთან

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე

საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება. "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლის უფლება ექნებათ 5 წლის ბავშვებს, კონკრეტულად კი მათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან.

ახალი სასწავლო წლიდან მე-10 კლასის მოსწავლეებს "საქართველოს ისტორიას" ცალკე საგნად ისწავლიან. ექნებათ ახალი სახელმძღვანელოც.  ასევე, ეტაპობრივად სკოლებში ექიმის საათის დანერგვა იწყება და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ საჭირო ინფორმაციას მიიღებენ. სამედიცინო თვალსაზრისით, ბავშვებთან ურთიერთობის გარდა, სკოლის ექიმს საგანმანათლებლო საკითხების განხილვაც დაევალება. საგანმანათლებლო თემებში შედის ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ჰიგიენა, კვება, ფიზიკური აქტივობა, გენდერული სტერეოტიპები, თანასწორობა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორებიცაა, უცხო ადამიანებთან ურთიერთობა, დაკარგვის შემთხვევაში ქცევის წესები, როგორ ამოიცნოს ემოციები და თავისი სახელი დაარქვას, რას ჰქვია საფრთხის შემცველი შეხება და ასე შემდეგ. 2023 წლიდან ექიმის საათი ყველა სკოლაში სავალდებულო იქნება.

რა გამოწვევების წინაშე დგას დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემა - ამ საკითხზე "ვერსია" განათლების ყოფილ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ესაუბრა:

_ ბატონო დიმიტრი, რა არის მთავარი გამოწვევა დღეს განათლების სისტემაში?

_ განათლების სისტემის მთავარ პრობლემად რჩება საშუალო და პროფესიული განათლება. უმაღლესი განათლება, ასე თუ ისე, უნივერსიტეტების და განსაკუთრებით, კერძო უნივერსიტეტების მეშვეობით, ვითარდება. რაც შეეხება საშუალო და პროფესიულ განათლებას, აქ გვაქვს სრული ჭაობი და ამ ორ სფეროში ჭაობი უდრის უკუსვლას იმიტომ, რომ მსოფლიო ვითარდება ძალიან სწრაფად, გლობალიზაციის პირობებში უსწრაფესად ვითარდება ქვეყნები, ჩვენ კი დავრჩით ჭაობში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მანძილი, რომელიც განგვასხვავებს წარმატებულ ქვეყნებთან, უფრო იზრდება.

_ რატომ მიიჩნევთ, რომ განათლების სისტემა ჭაობშია? რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

_ მოდი, დავიწყოთ საშუალო განათლებით. საშუალო განათლებას საქართველოში, როგორც ყველა პოსტკომუნისტურ ქვეყანაში, აქვს 3 ძირითადი ბლოკი პრობლემებისა:

*მენეჯმენტი და დაფინანსება.

*მასწავლებლების კვალიფიკაცია.

*კონტენტი ანუ რას ვასწავლით ბავშვებს.

მენეჯმენტში არის პრობლემები. აბა, მოიძიეთ ინფორმაცია, ბოლოს როდის იყო მიხეილ ჩხენკელი საჯარო სკოლებში შესული და როდის გაეცნო პრობლემებს უშუალოდ სკოლაში? ზის თავის კაბინეტში და აზრზე არ არის, რა ხდება საჯარო სკოლებში. ნებისმიერ მშობელს ჰკითხეთ, კმაყოფილია თუ არა იმ განათლებით, რომელსაც ბავშვი იღებს სკოლაში და მიიღებთ პასუხს, რატომ არის ჭაობი. რაც შეეხება მასწავლებლების კვალიფიკაციას, აქაც გადახედეთ სამინისტროს ვებგვერდს და ნახეთ, ბოლოს რა გააკეთა სამინისტრომ იმისთვის, რომ მასწავლებლების კვალიფიკაცია ამაღლებულიყო? საქართველოში მასწავლებლების ასაკი მაღალია და უმრავლესობამ უნივერსიტეტი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაამთავრა. იმაზე არ ვსაუბრობ, საბჭოთა განათლება ცუდი იყო თუ კარგი... ვამბობ იმას, რომ ეს იყო სხვანაირი და არ შეესაბამება იმ გამოწვევებს, რომელიც არის 21-ე საუკუნეში. არაფერია მუდმივი და თუ მასწავლებლებს სახელმწიფო არ დაეხმარა კვალიფიკაციის ამაღლებაში... თუ ფიზიკის მასწავლებელს არ ვასწავლეთ ის, თუ რა არის გრავიტაციის ტალღა, რაც ახლახანს დამტკიცდა, საბჭოთა კავშირის დროს მიღებული განათლებით ამის შესახებ მან არ იცის, რადგან არც საკუთარი რესურსი აქვს, რომ კვალიფიკაციის ამაღლებაზე იმუშაოს და არც დრო აქვს, რადგან სამინისტროს მიერ დაწესებული ბიუროკრატიული, უაზრო საქმითაა დაკავებული. არადა, სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ მასწავლებელს დაეხმაროს...

_ კი, მაგრამ ხომ არის გასათვალისწინებელი, რომ მასწავლებლებს ეტაპობრივად ანაზღაურება ეზრდებათ?

_ მასწვალებლებისთვის ხელფასის მატება მათ კვალიფიკაციასთან არავითარ კორელაციაში არაა. ძალიან კარგია, რომ მათ ხელფასი ეზრდებათ, ოღონდ ამიხსენით, ეს როგორ აისახება მათ კვალიფიკაციაზე?

_ მასწავლებელთა შეფასების გამოცდებზე რას იტყვით?

_ მასწავლებლისთვის გამოცდა არის არა თვითმიზანი, არამედ საშუალება მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა. გამოცდისთვის მასწავლებელი უნდა მოამზადო და თუ სახელმწიფო არ ამზადებს, მაშინ არანაირი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, თუ ის ვერ აბარებს საგნის გამოცდას.

_ თქვენი ხედვით, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება როგორ უნდა მიმდინარეობდეს?

_ ისე, როგორც იყო დაგეგმილი და ნაგავში გადააგდეს გეგმა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა. პირველივე წელს, როცა ეს პროგრამა დავიწყეთ, 60 000-დან 17 000 მასწავლებელი გახდა სერტიფიცირებული და თუ არ ვცდები, 2-3 ათასით გაიზარდა ამ 10 წლის მანძილზე. კონტენტს რაც შეეხება, ერთ-ერთი ცვლილება ისაა, რომ სამინისტროს სავალდებულო საგნად შეაქვს პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება. პრობლემა კი ისაა, რომ ამ სტრუქტურაში ახლად მოსულ ხალხს შეკითხვის უნარი არ აქვს ან არაფერი ესმის განათლების სისტემისა. ხომ იცით მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი? - მისგან 2011 წელს ვიყიდეთ პროგრამა ჭადრაკის სწავლებისა, რომელიც იყო დანარგილი სკოლებში ანუ კომპიუტერული პროგრამა მსოფლიო ჩემპიონისგან შევიძინეთ და დავნერგეთ და იცით, რატომ?

_ ალბათ, იმიტომ, რომ კადრების დეფიციტი იყო...

_ დიახ! ახლა კი, რასაც ჩხენკელი ხელს აწერს, ეს პროფანაციაა, რადგან ყველა სკოლაში ახლა ჭადრაკის სწავლება სავალდებულოდ რომ შეიტანო, მინიმუმ 2300 პედაგოგი გჭირდება, რომელიც იქნება მომზადებული, მოტივირებული. ჭადრაკის სწავლებაში პაიკის გადაადგილებას თუ გულისხმობენ, ეს სხვაა, მაგრამ თუ უნდათ ჭადრაკის მართლა სწავლება ბავშვებისთვის, სანამ ბრძანებას მოაწერს ხელს, როგორც მინიმუმ მასწავლებელთა შერჩევის კონკურსი უნდა გამართოს. ეს აბსოლუტურად იგივეა, ჯეჯელავა ვაშლებს რომ არიგებდა და ეს ახლა ვითომ ჭადრაკს ასწავლის ბავშვებს. დავიმახსოვროთ ჩვენი ეს საუბარი, 6 თვეში გავისაუბროთ და ვნახოთ, რამდენ სკოლაში იქნება ჭადრაკის სწავლება დანერგილი.

_ კასპაროვისგან შეძენილი პროგრამით როდის ისწავლებოდა ჭადრაკი სკოლებში?

_ კი, რა თქმა უნდა, სწავლობდნენ 2011 წელს. ეს პროგრამა ინახება განათლების სამინისტროში და შეუძლიათ, გამოიყენონ, მაგრამ ვინც ოდნავ აზროვნებდა, ყველა გაყარეს სამინისტროდან...

_ მაშინაც სავალდებულო იყო ჭადრაკის სწავლება თუ ნებაყოფლობითი?

_ როცა გაქვს ინფრასტრუქტურა, შეგიძლია, სავალდებულო გახადო ან არჩევით საგნად შესთავაზო. ჭადრაკის დაწყებითი დონე იყო სავალდებულო სკოლებში და ვასწავლიდით, მაგრამ ვისაც უნდა განვითარება და უფრო მეტი სწავლება, რა თქმა უნდა, გადადის არჩევით საგნებში.

_ ბატონო დიმიტრი, საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად გამოყოფა სწორ გადაწყვეტილებად მიგაჩნიათ?

_ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად აითვისა „ბოლის“ შექმნა რაღაც საკითხის გარშემო. ნებისმიერ ბავშვის მშობელს ჰკითხეთ, საქართველოს ისტორია არ ისწავლებოდა სკოლებში? - რა თქმა უნდა, ისწავლებოდა. ეს არის აბსოლუტურად იგივე, რაც გოგებაშვილის „დედა ენაზე“ მოხდა. არსებობს ჩემი, როგორც განათლების მინისტრის, ბრძანება, რომელშიც წერია, რომ ნებისმიერი „დედა ენა“ უნდა ეფუძნებოდეს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ საფუძვლებს. რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, როცა ხელისუფლებაში მოვიდა, იცით?- თქვეს, ჩვენ დავაბრუნებთ გოგებაშვილის „დედა ენასო“. ყველა ექსპერტი, ქართველოლოგი ეუბნებოდა, რომ გოგებაშვილის „დედა ენის“ კოპირებით დაბრუნება სკოლებში შეუძლებელია, რადგან ეს ძველი სახელმძღვანელოა, ბევრი რამ შეიცვალა და ის ახალი სახელმძღვანელოები, რომლებიც შევიდა სკოლებში, ყველა ეფუძნებოდა გოგებაშვილის „დედა ენას“. რეალურად არაფერი შეიცვალა, მაგრამ თქვეს, გოგებაშვილის „დედა ენა“ დავაბრუნეთო. ხალხმა, რომელსაც ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდა, ტაში დაუკრა. ახლა იგივე ხდება საქართველოს ისტორიაზე, ეს ყოველთვის ისწავლებოდა და ახლა საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ისტორია დავაბრუნეთ სკოლებში და ცალკე საგნად ისწავლებაო, არასწორია... გადახედეთ კურიკულუმს, მოცულობაში რამე შეიცვალა? ქართული ისტორიის ნაწილი იგივე დარჩა, მაგრამ შექმნეს საპიარო სვლა და თქვეს, ქართული ისტორიის სწავლებას ვაძლიერებთო. საქართველოს ისტორიის ნაწილში რომ უნდა შემოვიდეს მეტი ნაწილი, რაც უახლეს ისტორიას ეხება, ეს სხვა საკითხია და ახლაც არ არსებობს ისტორიკოსებში კონსენსუსი კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით. არ ვსაუბრობ 10 ან 20 წლის წინანდელ ფაქტებზე, არამედ 1921 წელზე, 60-იან წლებზე... კარგად მახსოვს, ჩემს კარიერაში ერთხელ ვცადე, რომ ჩემი ფასეულობები გვერდზე გადამედო და ვთქვი, მოდი, სახელმწიფომ დაწეროს სახელმძღვანელო-მეთქი. გამოვყავით გრანტი, შეიქმნა ისტორიკოსების ჯგუფი და დაიწერა სახელმძღვანელო ბოლო 200 წლის ისტორიისა, მაგრამ არ ჩავუშვით სწავლებაში, რადგან მეცნიერებმა ერთმანეთი „დახოცეს“ (მაპატიეთ ჟარგონისთვის), კონსენსუსამდე ვერ მივიდნენ და მე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა, ჩემს თავზე ვერ ავიღე პასუხისმგებლობა, რადგან არ ვარ ისტორიკოსი. მეცნიერები ვერ შეთანხმდნენ და ეს პრობლემა ყოველთვის დარჩება. ეს არ ნიშნავს, რომ სკოლებში საქართველოს ისტორია არ ისწავლება. ბავშვებში უნდა განვავითაროთ კრიტიკული აზროვნება, რომ სხვადასხვა წყაროები წაიკითხოს და თავად გამოიტანოს დასკვნა. რაც შეეხება 5 წლის ასაკში პირველ კლასში დაშვებას, ზუსტად 10 წელია, ჯიუტად, სადისტურად არ უშვებენ ბავშვებს სკოლებში, რომელთაც 6 წელი უსრულდებათ სწავლის დაწყებიდან ერთი ან ორი დღის დაგვიანებით. ახლა კი ეს დადგენილება იცით, რატომ მიიღეს? - მაღალჩინოსნების შვილები ხდებიან პირველკლასელები. გვარებს არ დავასახელებ, რადგან ბავშვებს ეხება...

_ ბატონო დიმიტრი, მანდატურის სამსახური სკოლებში თქვენი მინისტრობის დროს დაინერგა. თუ ადევნებთ თვალს, როგორ მიმდინარეობს ეს რეფორმა?

_ მანდატურის სისტემა განადგურებულია. როცა რეფორმას აკეთებ, მისი შინაარსი უნდა გესმოდეს. მანდატურის სამსახურის მთავარი იდეა იყო ის, რომ მანდატური არ ექვემდებარებოდა სკოლის დირექტორს. 8 წლის განმავლობაში ამას ჯიუტად ცვლიან და დაუქვემდებარეს სკოლის დირექტორებს. გაანადგურეს სისტემა და ახლა ცდილობენ, კვლავ დააბრუნონ მანდატურების დამოუკიდებლობა. ვამაყობ, რომ 11 წლის წინ შევქმენი სისტემა, რომელსაც მარგველაშვილიდან დაწყებული, ჯეჯელავათი გაგრძელებული, ჩხენკელის მეთაურობით ანგრევენ და ვერ დაანგრიეს ბოლომდე. მართალია, 30%-ით ასრულებენ მოვალეობას, მაგრამ მაინც დგას სისტემა. მე ახლა საქართველოში არ ვმუშაობ, პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ვმუშაობ, უკვე 10 წელია და ეს ქვეყნები მე, რომელიც 11 წლის წინ ვიყავი მინისტრი, მეკითხებიან და ჩემს რჩევას ითვალისწინებენ, ნერგავენ საკუთარ ქვეყნებში. ამაში ფულს გვიხდიან და ეს ხომ იმაზე მიუთითებს, რომ რაც 10-15 წლის წინ გავაკეთეთ საქართველოში, რაოდენ მნიშვნელოვანი და თანამედროვე იყო? მანდატურის ინსტიტუტი სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენგან დაინერგა.

_ მიიჩნევთ თუ არა, რომ დღეს სკოლებში ქართული ენის გრამატიკის შესწავლას უფრო მეტი დრო უნდა ეთმობოდეს?

_ ჩემი მინისტრობის დროს შევიდა ახალი სასწავლო გეგმა, რომელიც მიღებული იყო ჩემამდე, რაზეც იმუშავეს ექსპერტებმა და მევალებოდა ამის დანერგვა. ხაზი მინდა, გავუსვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, საგანს რას დაარქმევ, გაერთიანებული იქნება ლიტერატურა და გრამატიკა თუ არა. რა თქმა უნდა, გრამატიკის სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერი დამოკიდებულია სწავლების საათებზე და პროფესიულ მასწავლებლებზე. თუ საათების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ ქართული გრამატიკა იყოს შესწავლილი, არ აქვს მნიშვნელობა, რა ერქმევა საგანს. მთავარია საათების რაოდენობა და მასწავლებელი, რომელსაც, კი, უნდა ჰქონდეს კარგი ხელფასი, თუმცა ამავე დროს უნდა ჰქონდეს კარგი კვალიფიკაცია და ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ერთიანი ეროვნული გამოცდების პრინციპმა თავი ამოწურა...

_ რას გულისხმობთ?

_ 2006 წელს, როცა შემოვიღეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, მაშინ მთავარი გამოწვევა იყო კორუფცია უნივერსიტეტებში. 2012 წელს ეროვნულმა გამოცდებმა ეს პრობლემა მოაგვარა და მაშინ დადგა საკითხი, რომ უნდა გადავსულიყავით განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ერთიანი ეროვნული გამოცდები განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ვერ უზრუნველყოფს იმის გამო, რომ ბავშვები იწყებენ მომზადებას კონკრეტულ საგნებზე გამოცდებისთვის. დანარჩენ საგნებს კი ივიწყებენ. ამისთვის შემოვიღეთ საატესტატო გამოცდები, რომელმაც ბავშვები დააბრუნა სკოლებში. მეორე ეტაპი 2013 წლის სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო, უნდა გაერთიანებულიყო საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდები ანუ ბავშვს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, სკოლაში ჩაებარებინა საატესტატო გამოცდები, შემდეგ ჩააბარებდა მხოლოდ უნარების გამოცდას, რომელიც განსაზღვრავდა მის დაფინანსების საკითხს. ეს იყო ყველაზე სამართლიანი გეგმა, უნარები ან გაქვს, ან - არა. ნიჭიერი ბავშვები ჩააბარებდნენ და მიიღებდნენ სახელმწიფო დაფინანსებას და ეს იქნებოდა სამართლიანი პრინციპი და რეპეტიტორზე არ იქნებოდა ეს დამოკიდებული. გაანადგურეს ეს რეფორმა, 2006 წლიდან გავიდა 16 წელი და მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები შედის ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემაში. არავინ ეხება არსს, ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა თავი ამოწურა, როგორც კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმმა. მსოფლიოში ფასი აქვს სკოლის ატესტატს. სკოლის ნიშნებით აბარებენ, მაგრამ იმ პირობებში, როცა სკოლა განადგურებულია, ბუნებრივია, ამ რეფორმას ვერ განახორციელებ.

_ როგორ ფიქრობთ, ამ პრობლემების მოსაგვარებლად, საჭიროა ისეთი მძლავრი რეფორმის შემოღება, როგორიც, მაგალითად, 2006 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღება იყო?

_ როცა რეფორმას იწყებ, უნდა მოგვარდეს მენეჯმენტის პრობლემა, შემდეგ მასწავლებლების კვალიფიკაცია და შემდეგ კონტენტი. რა მნიშვნელობა აქვს, რას დაწერ ქაღალდზე, გინდ ჭადრაკი შემოიღე, გინდ - ბალეტი, თუ არ გაქვს ამის უზრუნველყოფის რესურსი, ყველაფერი ქაღალდზე რჩება.