„ხელისუფლებასა და ოპოზიციის დიდ ნაწილში პოლიტიკური ანაქრონიზმია“ - ლელა ჯეჯელავას თვალით დანახული 3 ივლისი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე

 3 ივლისს რუსთაველზე მორიგი მასშტაბური აქცია გაიმართა, თუმცა ბევრი დემონსტრანტი აქციის შემდეგ იმედგაცრუებული დარჩა, რადგან მიიჩნია, რომ ორგანიზატორებმა მუხტის შენარჩუნება ვერ შეძლეს და მასშტაბური აქცია განგებ ან დაუდევრობის გამო დაშალეს. ამ და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე „ვერსია“ ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას ესაუბრა: 

- მე სხვა პრიზმაში ვუყურებ ამ საკითხს - ეს არის ისტორიული კონტექსტი და ჩვენი, ქართველი ხალხის ნება. ეს სინერგია უკვე შემდგარია, ამიტომ ეს აუცილებლად მიგვიყვანს საბოლოო შედეგამდე. რამდენად სწორი სტრატეგიითა და ტაქტიკით მოქმედებს ამ აქციის წარმმართველი ბირთვი, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. დარწმუნებული ვარ, ეს სინერგია წარმოშობს სწორ ტაქტიკას, სტრატეგიას და პერსონებსაც, რომლებსაც ექნებათ უნარი გადაწყვეტილების მიღებისა. სამწუხაროდ, ოპოზიციურ სპექტრსა და სამოქალაქო სექტორში გვაკლია ისეთი პერსონები, რომელთაც აქვთ გადაწყვეტილების მიღების უნარი. რასაკვირველია, ეს არის გარკვეული ტიპის ნიჭი და უნარი და თუ ეს ადამიანს არ აქვს, არ არის მისი დანაშაული, მაგრამ როცა ასეთი პროცესების მართვის სადავეებს იღებს ხელში, მას სჭირდება მეტი პასუხისმგებლობა და გაცნობიერება, თუ რამდენად შესწევს ამის უნარი. არ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი მოკლევადიანია, რადგან ეს ლოგიკური გაგრძელებაა საქართველოს უახლესი ისტორიის 30-წლიანი პერიოდისა ანუ საქართველოს დამოუკიდებლობიდან, მის ადგილამდე ახალ, გეოპოლიტიკურ კონფიგურაციაში.

30 წლის წინ ქართველი ხალხი გააერთიანა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეამ. მას შემდეგ, ჩვენ გამაერთიანებელი იდეა აღარ გვქონია, ქართველი ხალხის პროტესტი ყოველთვის მიმართული იყო ვიღაცის ან რაღაცის წინააღმდეგ. დღეს ჩვენი ეროვნული ენერგიის კონსოლიდაცია ხდება არა ვიღაცის ან რაღაცის წინააღმდეგ, არამედ ჩვენს საკუთარ თავთან დაბრუნების გარშემო, რადგან ჩვენი ევროპული იდენტობა არაა ის, რომ ახალ, გაუკვალავ გზაზე მივდივართ. ეს არის ჩვენი იდენტობა, რომელიც ისტორიული ძნელბედობის გამო გვქონდა დაკარგული და მხოლოდ ახლა ვუბრუნდებით საკუთარ თავს. როდესაც ევროპელები გვებნებიან, რომ საჭიროა მეტი შემწყნარებლობა, ეს ჩვენ დაგვავიწყდა, თორემ „ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორედ მოეფინების“, „მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები“, ყველაფერი ეს ანუ თანასწორობა და თავისუფლება ის ღერძია, რომელზეც ხდებოდა ქართველის ჩამოყალიბება, როგორც ერისა, სწორედ ამ ღერძის გარშემო ვბრუნავდით, უბრალოდ, ხელახლა ვბრუნდებით საკუთარ თავთან, თუმცა სადმე კი არ მივდივართ, საკუთარ თავს ვუბრუნდებით.

ქრისტიანობამდეც კი დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით. გაიხსენეთ, ფარსმან ქველის ძეგლი რომში - რომელი ევროპული ქვეყნები დაიკვეხნიან, რომ დასავლური ცივილიზაციის ციტადელში დაედგათ მათი ქვეყნის მეფის ძეგლი? - ასეთი ბევრი არაა, ამიტომ გენეტიკური მეხსიერების დონეზე, როგორც ჩანს, ამას ქართველები ვატარებდით, თუ სადაა ჩვენი რეალური ადგილი და ახლა სწორედ ამიტომ მოხდა ჩვენი კონსოლიდაცია ამ იდეის გარშემო. როგორ ცუდად და უნიათოდაც უნდა მოიქცენ მიტინგების წამყვანები, ამ სურვილს ვეღარაფერი ჩაახშობს და ხელისუფლებას ტყუილად არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ თუ დღეს, ჩვენი საზოგადოება მიტინგის წამყვანებზე გაბრაზდება, ეს მისცემს შესაძლებლობას, ქვეყანა შეაბრუნოს იმ გზიდან, საითკენაც ცნობიერ და არაცნობიერ დონეზე ილტვის ჩვენი კოლექტიური გენი.

ასე რომ, მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ პროცესებს, მჯერა იმ სინერგიისა, რომელზეც ვსაუბრობდი და მჯერა, რომ აუცილებლად მოვძებნით სწორ ტაქტიკასაც და სტრატეგიასაც.

რაც შეეხება ხელისუფლებას, პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ მორალური უპირატესობა არავისთან შედარებით აღარ აქვს. 3 ივლისს დაამტკიცა, რომ ყველა ერთად, კოლექტიური „დიმიტრია.“ „კოლექტიურ დიმიტრის“ კი ევროპაში ადგილი არ აქვს და ამიტომ ამ პროცესს, რასაც ჰქვია ევროპული ინტეგრაცია და ევროპული ოჯახისკენ სწრაფვა, თავისთავად მოჰყვება „ქართული ოცნების“ შეცვლა.

- ქალბატონო ლელა, საზოგადოება აქციის ორგანიზატორებისგან თვალნათელ გეგმას ითხოვს, თუ როგორ უნდა მოხდეს მიზნის მიღწევა. გვახსოვს 2009 წლის „კარვების ქალაქი“, როცა მაშინდელი ხელისუფლება ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა, ამიტომ საინტერესოა, რა უნდა გააკეთოს ახლა ოპოზიციამ და აქციის ორგანიზატორებმა, რომ ხელისუფლებამ მათი მოთხოვნები ყურად იღოს?

- 2009 წელს, „კარვების ქალაქი“ რომ იყო და ხელისუფლება არ იმჩნევდა სამართლიან პროტესტსა და ბრაზს, 2012 წელს, სად წავიდა და რაში გარდაიქმნა ეს პროტესტი?

- ხელისუფლება შეიცვალა...

- ბუნებრივია, ასეც იქნება. გასაგებია, რომ ძალიან გვეჩქარება, მაგრამ მოვლენებს აქვს განვითარების ლოგიკა, რომელსაც მხოლოდ ჩვენ არ განვაპირობებთ. ეს ენერგია, სწრაფვა ევროპული ოჯახისკენ და ბრაზი ხელისუფლების მიმართ, არსად წავა, ბრაზი იმიტომ, რომ ხელისუფლება წინ აღუდგა ჩვენი ერის ბუნებრივ მოთხოვნილებას. ამიტომ, დღეს თუ ხვალ, ეს აუცილებლად მივა ლოგიკურ დასასრულამდე, არ ვიცით, ხვალ რა შეიძლება გახდეს მოვლენების „დეტონატორი“. ისე, როგორც 2019 წლის 20 ივნისს, „გავრილოვის ღამეს“ არავინ იცოდა, რა შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ გავრილოვი აღმოჩნდა „დეტონატორი“. ხვალ რა გახდება ასეთი ფაქტორი, არავინ იცის, როდესაც ამას მოითხოვს ისტორიული პროცესის განვითარება. ზოგჯერ გარემოებებიც განაპირობებენ ხოლმე ამას და არა - მხოლოდ პერსონები, სტრატეგიული გეგმები. მინდა, რომ უფრო ზემოდან უყურებდეს ჩვენი საზოგადოება ამ პროცესს და არა - კონკრეტული პერსონების ქმედებებისა და მათი უნარებიდან გამომდინარე. ისტორიული პროცესის განვითარების ლოგიკა ითხოვს, რომ დავუბრუნდეთ საკუთარ ფესვებს, დასავლურ ცივილიზაციას და იქ დავიმკვიდროთ ადგილი. ამ პროცესში, რაც ჩვენთვის ხელშემშლელია, ბუნებრივად ჩამოგვშორდება, მათ შორის, „ქართული ოცნებაც“. 

- როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნება“ ამ პროცესში, საკუთარ ამომრჩეველს დაკარგავს?

- კი, აუცილებლად და ესეც გარდაუვალი პროცესია. ვხედავთ, რომ დროთა განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ ცდილობს კონტრაქციების დაგეგმვას, მხოლოდ საკუთარ პარტიულ აქტივსა და საჯარო მოხელეებს ეყრდნობა და ნელ-ნელა, მათი რიცხვიც მცირდება. ჩემ გარშემო არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომლებიც შეიძლება აქტიურად ვერ გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, მაგრამ უხერხულობას ნამდვილად გრძნობენ ყველაფერ იმის გამო, რაც ახლა ხდება.

- გაქვთ მოლოდინი, რომ 2024 წლის არჩევნებით საქართველოში კოალიციური ხელისუფლება დაკომპლექტდება? იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, საზოგადოება ოპოზიიციას უნდა ენდობოდეს, თქვენი ხედვით, დღევანდელ ოპოზიციას ხალხი სათანადო მხარდაჭერა აქვს?

- სერიოზული პრობლემა გვაქვს პოლიტიკურ სპექტრთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციის დიდ ნაწილში, გარკვეულწილად, პოლიტიკური ანაქრონიზმია, არ შეესატყვისება თანამედროვე რეალიებს. ჩვენს პოლიტიკოსებს არ აქვთ განცდა, რომ აბსოლუტურად სხვა სიტუაციაში ვიმყოფებით, როცა ფიზიკური მონაცემებიც კი შეიცვალა ჩვენ გარშემო. ამიტომ, პერსპექტივა ექნება მხოლოდ ისეთ პოლიტიკოსებსა და პარტიებს, რომლებიც იქნებიან გულწრფელები, იტყვიან და გააკეთებენ იმას, რისიც სჯერათ. თუ არ შედგა ემოციური ბმა პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას შორის, სხვა შემთხვევაში, ამ პოლიტიკურ სპექტრს ძალიან ნაკლები პერსპექტივა აქვს და წმინდა ადგილი ცარიელი არასდროს რჩება, პროცესი აუცილებლად წარმოაჩენს იმ ტიპის პოლიტიკოსებს, რომლებიც იქნებიან გულწრფელები, რომელთა სურვილი იქნება ხალხის სამსახურში ყოფნა და არა - ხალხის ხელმძღვანელობა.

- საინტერესოა, რამდენად გადადებენ გვერდით საკუთარ ამბიციებს პოლიტიკოსები, რადგან ვხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიები ერთ მაგიდასთან დასხდომასაც კი ვერ ახერხებენ სასაუბროდ...

- ეს მხოლოდ მათი პრობლემაა, ისინი აღმოჩნდებიან პროცესებს მიღმა. ცოტა პოლიტიკოსი და პარტია ვიცით, რომლებიც ისე გამქრალან, რომ მეხსეიერებამაც აღარ შემოინახა, თუ რა? მათაც იგივე ბედი ელით, თუ არ იქნებიან თანხმიერნი ახალი ეპოქის მაჯისცემისა, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის განწყობებისა, ბუნებრივია, გაქრებიან ისე, როგორც მათი ბევრი წინამორბედი. შეუძლებელია, დარჩეს ცარიელი ადგილი, ამიტომ ქართული პოლიტიკა აუცილებლად გაცოცხლდება და შეიძენს მუხტს, რომელიც იქნება ზუსტად იმ ენერგეტიკის მატარებელი, რაც აუცილებლელია ისტორიული პროცესის დასაძრავად.