როგორ მოიპარა კულტურის სფეროს წარმომადგენელმა 70 ათასად შეფასებული მონეტები - უცნაური საქმის სკანდალური დეტალები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იმის მიუხედავად, რომ 21-ე საუკუნეა, ფოსტა მაინც მუშაობს. ამანათების გაგზავნა ვერაფერმა ვერ ჩაანაცვლა. გასაგებია, რომ წერილებს მეგობრები ერთმანეთს აღარ წერენ, არც ბებია-ბაბუებს მოიკითხავენ შვილიშვილები წერილებით ქალაქიდან სოფლად, უბრალოდ,  ტელეფონზე ურეკავენ და ისე იგებენ ამბებს. ამანათები კი... ადრეც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება.

ალბათ, ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ადრე ამანათებს ორჯერ წონიდნენ, პირველად მაშინ, როცა ფოსტაში მიჰქონდათ და მეორედ მაშინ, როცა ადრესატს აბარებდნენ. წონა ერთმანეთს უნდა დამთხვეოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამანათიდან არაფერი იყო ამოღებული და დაკარგული. ახლა საბოლოო წერტილზე ამანათს თავად თუ აწონით და მასზე დაკრულ წონას თუ შეადარებთ, თორემ ფოსტას მისი აწონვის ვალდებულება აღარ აქვს.

1980 წელი იმით იყო გამორჩეული, რომ საბჭოთა კავშირი ებრაელებმა მასობრივად დატოვეს. ისინი ისტორიულ სამშობლოში ბრუნდებოდნენ და კი დებდნენ პირობას, უკან მალე ჩამოვალთო, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ დამბრუნებელი თითქმის არავინ იყო. ჰოდა, ყიდდნენ ებრაელები აქ დაგროვებულ დოვლათს, თან მხოლოდ ძვირფასეულობა მიჰქონდათ, ისიც ზომიერად, რადგან ბევრს საზღვარზე არ ატანდნენ.

ებრაელებისგან იცლებოდა სამტრედიაც, რაიონი, სადაც ისინი კომპაქტურად ცხოვრობდნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. სწორედ სამტრედიაში მოხდა შემთხვევა, რომელიც, შეიძლება ითქვას, სახელმძღვანელოში იყო შესატანი, თავისი უნიკალურობის გამო. ყველაფერი კი, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივად დაიწყო.

ფოსტის თანამშრომელმა ე.წ. ამანათებით დატვირთული „ბუტკა მოსკვიჩი“ დაქოქა და ჩამოვლა დაიწყო, საღამომდე სურდა, მოესწრო ამანათების დარიგება, ნაშუადღევს სახლში შეიარა, ისადილა და მანქანაში დაბრუნდა. როცა ავტომობილი დაქოქა და წავიდა, მოულოდნელად ბავშვმა გადაურბინა. მძღოლი მუხრუჭს მთელი ძალით დააწვა და ბავშვი, საბედნიეროდ, გადარჩა, თუმცა „მოსკვიჩის ბუტკაში“ რაღაც ხმაური გაიგონა, მანქანიდან გადმოვიდა, საბარგულის კარი გახსნა და სახეში ამანათი მოხვდა, შემდეგ კი ვიღაც კაცი გადმოხტა და გაიქცა. ფოსტის თანამშრომელმა მაშინვე მილიციაში დარეკა. ადგილზე სამართალდამცავებთან ერთად, ფოსტის თანამშრომლებიც მივიდნენ, რათა გაერკვიათ, რა იყო დაკარგული. ხანგრძლივვი აღწერის შემდეგ, სამი ამანათი აღმოჩნდა ისეთი, რომელიც წონას არ ემთხვეოდა. სამიდან ორი მთლიანად გახსნილი იყო, ერთი - ჩვეულებრივად შეფუთული.

„ერთ-ერთ ამანათში ორი ცალი კინოფირი იდო და მითითებული გახლდათ, რომ ამანათის წონა 25 კილოგრამია. ეს მაშინ, როცა ფირები 5 კილოგრამსაც ვერ იწონიდა. გახსნილ ამანათში მცირე ზომის რკინის ბადე იდო და მისი გამგზავნი ამბობდა, სამი დედა-ფუტკარი მყავდა ჩასმული, მეგობარს გავუგზავნე თბილისში და ადგილამდე აუცილებლად ჩააღწევდა, რადგან ქაღალდი დახვრეტილი იყო და ფუტკრებს ჰაერის პრობლემა არ ექნებოდათო. აი, მესამე ამანათს, რომელიც წესით, 3 კილოგრამი იყო, 2 კილოგრამი აკლდა. გამგზავნი ამბობდა, რომ მეგობართან სასადილოს აქსესუარები გააგზავნა, კერძოდ, დანა-ჩანგალი, რომელიც ძვირფასეულობას არ წარმოადგენდა. დანა-ჩანგლის ნაწილი ადგილზე იყო, ნაწილი კი აკლდა“, - ეწერა გამომძიებლის პატაკში.

კინოფირების გამგზავნი კულტურის სახლის თანამშრომელი ამბობდა, ალბათ, ფოსტაში აურიეს რამე, მე არც ამხელა ყუთში ჩამიდია ფირები და არც 25 კილოგრამი დამიწერიაო. თავის მხრივ, ფოსტის თანამშრომელი ამბობდა, ამ კაცმა ყუთი ძლივს შემოიტანა შენობაში, მის თვალწინ ავწონე და ზუსტად 25 კილოგრამი გამოვიდაო. გამოდიოდა, რომ რომელიღაც იტყუებოდა, მაგრამ რომელი და რატომ, ეს იყო მთავარი. აი, დანა-ჩანგლის გამგზავნის ისტორია საერთოდ ცალკე თემა იყო. ის ამ არაფრადღირებულ სერვისს... ბაქოში აგზავნიდა, მიმღები კი აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახლდათ. რაში სჭირდებოდა მას იაფფასიანი სერვისი, ვერავი ხვდებოდა და დანა-ჩანგალს სპეციალური ექსპერტიზაც კი ჩაუტარეს, შემთხვევით, ოქრო ხომ არ იყო დამალული მონიკელებული ზედაპირის ქვეშ, მაგრამ მსგავსი არაფერი - ასეთი დანა-ჩანგალი ყველა საბჭოთა მაღაზიაში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ეყარა. ისიც საოცარი იყო, ვის რაში დასჭირდა დედა-ფუტკრების ამანათის გახსნა და მათი მოპარვა თუ გაშვება. მოკლედ, გამომძიებლებს ერთბაშად რამდენიმე თავსატეხი გაუჩნდათ.

საქმე წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ მიდიოდა, მაგრამ მოულოდნელად, აზერბაიჯანიდან ამანათის მიმღებზე საინტერესო ცნობა მოვიდა - აზერბაიჯანელი მამაკაცი თავგადაკლული ნუმიზმატი ყოფილა და მონეტების უიშვიათესი კოლექცია ჰქონია. სამტრედიელმა გამომძიებლებმა გაიხსენეს, რომ სხვა ებრაელებთან ერთად, მათი რაიონიდან ერთი ცნობილი ნუმიზმატიც მიდიოდა, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ნაგროვებ მონეტებს საზღვარზე არ გაატანდნენ ანუ დიდი იყო შესაძლებლობა, რომ მას ყველაფერი ადგილზე გაეყიდა და ბაქოელი კოლეგა ამისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა. ებრაელს თვითმფრინავის ბილეთი აღებული ჰქონდა ანუ მესამე დღეს, საბჭოთა კავშირი და შესაბამისად, საქართველო სამუდამოდ უნდა დაეტოვებინა. ის განყოფილებაში დაიბარეს და აუხსნეს, რომ თუ სიმართლეს არ იტყოდა, ისტორიულ სამშობლოს ვერასოდეს ნახავდა და გარდა იმისა, რომ მიზეზს აუცილებლად უპოვიდნენ და გაასამართლებდნენ, ქვეყნიდან გასვლას სამუდამოდ აუკრძალავდნენ. ებრაელმა ნუმიზმატმა, სიმართლის თქმის სანაცვლოდ, ერთი რამ მოითხოვა - ის აუცილებლად უნდა ასულიყო ორ დღეში თვითმფრინავზე და... არ უნდა გაეჩხრიკათ, რაზეც ძალოვნები დათანხმდნენ.

„მე მქონდა სამი ცალი ისეთი მონეტა, რომელიც დიდი ფული ღირდა. როცა გაყიდვა დავაპირე, ბაქოელი ნუმიზმატი დამიკავშირდა და მთელ კოლექციაში 70 ათასი მანეთი შემომთავაზა. ეს მაშინ, როცა ადგილზე 30 ათასადაც ვერ ვყიდდი. შევთანხმდით, ფული ჩამომიტანეს და იმ კაცმა თქვა, ამანათით გაგზავნე მონეტები, ხელით ტარება სახიფათოაო. მეც მეგობარს ვთხოვე და მისი სახელით დანა-ჩანგალთან ერთად გავგზავნე. რა მოხდა შემდეგ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, მონეტები ადგილამდე ვერ მივიდა“, - განაცხადა ებრაელმა და ისიც დააყოლა, 30 ათასს ის კაცი მაძლევდა, ვინც იმავე დღეს კინოფირები გაგზავნაო.

სამართალდამცავებმა კულტურის სფეროს წარმომადგენელიც დააკავეს, მისი ბინის ჩხრეკისას კი მონეტებსაც მიაგნეს. რამეს დამალვას აზრი აღარ ჰქონდა.

„მონეტები ძალიან მინდოდა, მაგრამ 70 ათასს ნამდვილად ვერ გადავიხდიდი. როცა მივხვდი, რომ ისინი ხელიდან მიმდიოდა, ჩემს მეგობარს ვთხოვე დახმარება. მეგობარი ჯუჯაა, ლილიპუტი, რა. ის ჩავსვი ამანათში და მივიყვანე ფოსტაში, ავუხსენი, რომელი ამანათი უნდა გაეხსნა, მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც გვინდოდა“, - თავი ჩაღუნა დამნაშავემ.

თურმე, როცა ფოსტის თანამშრომელი სახლში მივიდა და სასადილოდ ბინაში ავიდა, ყუთში მყოფი კაცი ამოძვრა და საჭირო ამანათი გახსნა, მონეტები ამოიღო და ამანათი ახლიდან ფრთხილად შეფუთა. ამ დროს მანქანაც დაიძრა, შემდეგ უკვე მუხრუჭი, რის გამოც საბარგულში მყოფმა თავი ვერ შეიმაგრა და ერთ-ერთი ამანათი დააზიაანა, იქიდან კი სამი დედაფუტკარი ამოფრინდა და საბარგულში ამბავი ატყდა. სიბნელეში კაცი ვერ მიხვდა, რომელი ფუტკარი სად კბენდა და ამიტომ ხმაური დაიწყო. შემდეგ, როცა ფოსტის თანამშრომელმა კარი გააღო, მან სახეში მომცრო ყუთი ესროლა, გადახტა და მონეტებიც წაიღო.

სამართალდამცავებმა პირობა შეასრულეს, ებრაელი სამშობლოში გაუშვეს, დანარჩენებს კი სასჯელი არ ასცდათ. როგორც ამბობენ, 80-იან წლებში, ისრაელში დაბრუნებულმა ებრაელებმა თან მილიონობით ღირებულების ძვირფასეულობა გაიტანეს, ერთი იმდენი, რაც წაიღეს, საზღვარზე ჩამოართვეს და მათი მცირე ნაწილი სახელმწიფოს გადაეცა, დიდი ნაწილი კი მაღალჩინოსანთა ჯიბეში წავიდა.

ასეა თუ ისე, საქართველოს აშკარად დააკლდა და დღემდე აკლია ის კოლორიტი, რასაც ქართველი ებრაელობა ჰქვია.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე