ბელორუსელმა ქალმა თბილისში თავი მოიკლა - თაღლითური კრიმინალური ამბის სკანდალური დეტალები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 აფერა - სიტყვა, რომელიც კრიმინალურ სამყაროში კარგად არის ნაცნობი და რაც მთავარია, ე.წ. აფერისტების კასტა ცალკე განხილვის თემაა. იშვიათად, მაგრამ მათ შორის ისეთებიც გამოერევიან, სამართალდამცავები წლების განმავლობაში რომ დასდევენ და ცდილობენ, რამეში გამოიჭირონ, თუმცა ამის გაკეთება ძალიან ჭირს. მათ ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და შესაძლოა, ჩახლართულ კომბინაციებში ისე დაიკარგოს გამოცდილი გამომძიებელიც კი, რომ თავი და ბოლო ვერ გაიგოს.

 საქართველოს მორბენალთა ნაკრების წევრი, საბჭოთა კავშირის ნაკრებში წევრობის კანდიდატი, ახალგაზრდა ბიჭი კუს ტბის მიმდებარედ დილის გარბენს ასრულებდა, როცა მაღალ ბალახში მამაკაცის თავი დაინახა. მივიდა, პულსი გაუსინჯა და ტელეფონის უახლოესი ჯიხურისკენ გაიქცა. იმის მიუხედავად, რომ სპორტსმენი დარწმუნებული იყო, მამაკაცი გარდაცვლილი გახლდათ, ჯერ მაინც სასწრაფოში დარეკა, შემდეგ - მილიციაში. ბედის ირონიით, სასწრაფოს მილიციამ მიასწრო და... მამაკაცი ფეხზე წამოაყენა. ის ცოცხალი იყო, თუმცა სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო, ისევ დაეცა და სასწრაფოც მოვიდა. ექიმებმა მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს და ერთმნიშვნელოვნად თქვეს - კომაშია და გადარჩენის მინიმალური შანსი აქვსო. ამის მიზეზად კი კეფაში ბლაგვი საგნით მიყენებულ მძიმე დარტყმას ასახელებდნენ, რომელმაც კაპილარები დააზიანა.

ექიმები იმასაც ვარაუდობდნენ, კაცს გულიც გაუჩერდა ცოტა ხნის განმავლობაში, მაგრამ როცა სპორტსმენი შეეხო და გადააბრუნა, ამუშავდაო. ასე იყო თუ ისე, სამართალდამცავებს დამნაშავე უნდა ეძებნათ, კაცი, რომელმაც მეორე სასიკვდილოდ გაიმეტა.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დაშავებულის ვინაობა დაადგინეს, რაც რთული არ იყო. მას ჯიბეში საფულეც ედო და პასპორტიც. ისიც გაირკვა, რომ ქორწინებაზე ჰქონდა განაცხადი შეტანილი და ერთ თვეში უნდა ექორწინა. გაიგეს მისი საცოლის ვინაობაც, თუმცა... ის გარდაცვლილი გახლდათ.

„გოგონა აივნიდან გადმოვარდა. ის მეზობლებმა დაინახეს აივანზე, მოულოდნელად ფეხი აუცურდა და მეოთხე სართულიდან ასფალტზე დაეცა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ბინა კი ნაქირავები ჰქონდა“, - ეწერა უბნის რწმუნებულის პატაკში.

საოცარი ის იყო, რომ გოგოს გასვენებაში, პრაქტიკულად, მხოლოდ მისი საქმრო და საქმროს სამეგობრო იმყოფებოდა ანუ მისი ნათესავები არ ჩამოვიდნენ და როგორც გაირკვა, ამას მარტივი მიზეზი ჰქონდა - ის ბავშვთა სახლში იყო გაზრდილი და ნათესავები, უბრალოდ, არ ჰყავდა, ორიოდე მეგობარი კი გასვენებას ესწრებოდა. რა თქმა უნდა, საქმეში იდო გოგოს თითის ანაბეჭდები, რომელთა გადამოწმება კარტოთეკაში აზრად არავის მოუვიდა. სამაგიეროდ, ამჯერად გადაამოწმეს და გაოცებისგან პირი დააღეს. გარდაცვლილი გოგო ოთხჯერ ნასამართლევი გახლდათ, ოთხივეჯერ ქურდობისთვის და რაც მთავარია, ის არც ბავშვთა სახლში იყო გაზრდილი და არც - ქართველი ყოფილა, ბელორუსის მოქალაქე იყო და ოთხიდან ერთი „სროკი“ საქართველოშიც ჰქონდა მოხდილი. ეს იმას ნიშნავდა, რომ შესაძლოა, საქმე კრიმინალურ ისტორიასთან ჰქონოდათ, უფრო ზუსტად კი, გოგონამ სწორედ საქმრო გახვია კრიმინალურ ისტორიაში, რაც მისი მკვლელობის მცდელობით დასრულდა. გოგონას უბედური შემთხვევა კი უკვე დიდ კითხვის ნიშნებს ბადებდა, მაგრამ გადამოწმება შეუძლებელი იყო, რადგან არავითარი კვალი, უბრალოდ, აღარ არსებობდა, უბნის რწმუნებულმა კი საქმე მარტივად „გამოიძია“ და დახურა.

სამაგიეროდ, მოიძიეს ის მეზობლები, რომლებმაც დაინახეს, როგორ აუცურდა გოგოს აივანზე ფეხი და გაარკვიეს, რომ სინამდვილეში, არავის არაფერი დაუნახავს ანუ მათ უბნის რწმუნებულმა სთხოვა თუ აიძულა, ასე ეთქვათ და მათაც თქვეს - უპატრონო გოგოს ისტორიას მაინც არავინ გამოეკიდებაო. მერე რა, რომ უბნის რწმუნებულმა არც ყალბი პასპორტი გადაამოწმა, არც იმ ბავშვთა სახლში წავიდა, სადაც თითქოს გოგო გაიზარდა, ყველაფერი ორ საათში დაასრულა და პატაკი მაგიდაზე დადო.

გამომძიებლები ისევ დაზარალებულს მიუბრუნდნენ. ექიმები დაზუსტებით ვერ ამბობდნენ, მოვიდოდა თუ არა აზრზე მამაკაცი ან თუ მოვიდოდა, შეძლებდა თუ არა ნორმალურად აზროვნებას და ემახსოვრებოდა თუ არა რამე. სამაგიეროდ, მისი ბინის ჩხრეკისას, მილიციის თანამშრომლებმა რამდენიმე სურათი იპოვეს, რომელიც ერთსა და იმავე მამაკაცს ეკუთვნოდა და რაც მთავარია, ეს მამაკაცი მათთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი - ის ძველი კრიმინალი, ერთადერთხელ ნასამართლევი პირი იყო, თუმცა სხვადასხვა დროს, შვიდ საქმეზე გახლდათ ეჭვმიტანილი, მაგრამ ერთხელაც ვერ დაუმტკიცეს. შვიდივე საქმე თაღლითობის მუხლით იყო აღძრული, მაგრამ ის გისოსებს მიღმა ვეღარ გაისტუმრეს. რაც შეეხება სურათებს, როგორც ჩანს, მათ თავად დაზარალებული იღებდა შორიდან, თუმცა, სავარაუდოდ, კარგი ფოტოაპარატით. მოიკითხეს მის სამეგობროში და გაარკვიეს, რომ ერთ-ერთ მეგობარს ფოტოაპარატი მართლაც გამოართვა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ დაუბრუნა და უთხრა კიდეც, შიგნით ახალი ლენტი დევს, სულ ორი კადრია გადაღებულიო. იმ პერიოდში, სანამ ლენტი არ დაიცლებოდა, ფოტოაპარატიდან მისი ამოღება არ შეიძლებოდა, რადგან დანარჩენი ადგილები გაფუჭდებოდა და შესაძლებელი იყო, ფირი მთლიანად დაზიანებულიყო. სამართალდამცავებმა ფირი სპეციალისტს ამოაღებინეს და იმ ორ კადრზეც სწორედ ის კრიმინალი იყო გადაღებული.

გამოცდილმა მაძებრებმა იცოდნენ, რომ თუ ფოტოზე აღბეჭდილი კაცის წინააღმდეგ სერიოზული სამხილი არ ექნებოდათ, მას, უბრალოდ, ვერ დააკავებდნენ. ამის მიუხედავად, მასთან სახლში არაოფიციალური ვიზიტი გადაწყვიტეს და ესტუმრნენ კიდეც. კრიმინალმა დაუპატიჟებელი სტუმრები ძალიან მშვიდად მიიღო, დაზარალებული მამაკაცის ფოტოსაც დახედა, მხრები აიჩეჩა, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის და ალბათ, ჩემს ფოტოებს იმიტომ იღებდა, ძალიან ფოტოგენური სახე მაქვსო, თანაც მან სამართალდამცავებს შეახსენა, რომ არასდროს სხვისი სხეულის დაზიანებისა და მით უმეტეს მკვლელობის მცდელობის გამო, ეჭვმიტანილი არ ყოფილა ანუ სისხლიან საქმეებს ხელს არ ჰკიდებდა და ის თაღლითობებიც მილიციის გამოგონილ ამბებად მონათლა.

გამომძიებლები ერთ რამეში იქვე შეთანხმდნენ - მკვლელობის მცდელობისთვის ეს კაცი თავს მართლა არ გაიფუჭებდა, არ იყო იმ კალიბრის, ასე გაერისკა, აი, თაღლითობა, კი, ბატონო - ეს დარგი ხელოვნების დონეზე ჰყავდა აყვანილი.

როცა მაძებრები ბინიდან გამოდიოდნენ, მისაღებში, მაგიდაზე, თითქოს უყურადღებოდ დაგდებულ სურათს ჰკიდეს თვალი და გაშეშდნენ - სურათიდან გარდაცვლილი გოგონა იღიმოდა. რაღა თქმა უნდა, ფოტო მასპინძელს მაშინვე ცხვირწინ აუფრიალეს და მანაც დარდიანად თქვა, ეს ქალი ჩემი ცხოვრების სიყვარულია, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, იმდენად მძიმედ განვიცადე ეს ამბავი, რომ გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, გასვენებასაც ვერ დავესწარი, ახლა მისი საფლავისთვის დიდი ქვა მაქვს შეკვეთილიო. სამართალდამცავებმა გადაამოწმეს და გაარკვიეს, რომ თაღლითი სწორედ იმ დროს იწვა საავადმყოფოში და მართლაც, გულის შეტევით, როცა გოგო გარდაიცვალა. ქვის შეკვეთის ამბავიც დადასტურდა და გამომძიებლები მიხვდნენ, საიდან ჰქონდა გოგოს ყალბი საბუთები, თუმცა ამ სამ ადამიანს ერთად ვერ კრავდნენ - დაზარალებულს, თაღლითს და გარდაცვლილ გოგონას. საბოლოო ჯამში, თაღლითი კრიმინალის მძღოლის დაკითხვა გადაწყდა. დიახ, მას მძღოლი ჰყავდა, რომელიც არაოფიციალური იყო და ასევე, არაოფიციალურად მისი დაცვის ფუნქციებსაც ითავსებდა.

საქმე ის გახლდათ, რომ ამ კაცის შვილი ციხეში სასჯელს იხდიდა ანუ მილიციას მასთან შეეძლო, სწორედ შვილის აწმყოთი და მომავლით ევაჭრა. ჰო, ასე ადრეც ხდებოდა და თუ გგონიათ, ახლა არ ხდება, ძალიან ცდებით.

„მე ბევრი არაფერი ვიცი. ეს კაცი მოვიდა და მთხრა, შენი უფროსი მოკალი და 10 ათას მანეთს მოგცემო. კი გამეცინა, მაგრამ მერე ვუთხარი, მე მკვლელი არ ვარ, ქილერს გიშოვი და ის მოაგვარებს ამ საქმეს-მეთქი. ჩემს მეგობარს ვუთხარი, ერთი შტერი ქილერს ეძებს, ფული გამოართვი, გავიყოთ და მერე შენ ცოტა ხანს დაიკარგე-თქო. ჰოდა, ისინი ერთმანეთს დავაკავშირე, მაგრამ მერე ჩემი მეგობარიც გაქრა, ესეც არ დამკავშირებია. არავის მოკვლა არც მინდოდა, არც ვაპირებდი, ერთგვარი ფულის შოვნა კი იყო, შემკვეთი მილიციაში ვერ წავიდოდა და მკვლელი რომ ყოფილიყო, თავად გააკეთებდა საქმეს. ჩემი უფროსის მოკვლა რისთვის სურდა, არ ვიცი. რაც შეეხება გარდაცვლილ გოგოს, ის სამი წელია, მასთან ცხოვრობდა და როცა მისი სიკვდილის შესახებ გაიგო, მართლაც, გულის შეტევა დაემართა“, - განაცხადა მძღოლმა.

„ცრუ ქილერის“ ძებნამ ბევრი დრო არ წაიღო. ის სომხეთში იყო გადასული, სასტუმროში ცხოვრობდა და თან როგორ - ორ ქალთან ერთად. როგორც სასტუმროს პერსონალი ამბობდა, ფულს კი არ ხარჯავდა, ჰაერში ყრიდა და მის ნებისმიერ სურვილს ასრულებდნენ, თუმცა ნირვანა დასრულდა - ის ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს.

„ამ კაცთან ჩემმა მეგობარმა დამაკავშირა, სწორედ ჩემი მეგობრის უფროსის მკვლელობა უნდოდა. სურათები მანახა, მისი საცოლე იმ კაცს გაუტაცია, დამწყვდეული ჰყავდა, მართლაც, გოგონა გაკოჭილი იყო და პირში რაღაც ნაჭერი ედო. მერე ეს გოგო მომკვდარა, ჩემი შემკვეთი ამბობდა, გამტაცებელმა მოკლაო. ჰოდა, იმისთვის მისაცემი 10 ათასი მანეთი მე მომცა. რისი მომკვლელი ვიყავი, მაშინვე აქეთ წამოსვლა დავაპირე, მაგრამ შემთხვევით, ის კაცი შემხვდა, ჩემოდნებით რომ დამინახა, მიხვდა, მივდიოდი და ხელჩართული ჩხუბი დამიწყო. ხელში ქვა მომხვდა, კეფაში ჩავარტყი, მაგრამ ზუსტად ვიცი, არ მომიკლავს“, - განაცხადა დაკავებულმა.

სამართალდამცავები ისევ თაღლითთან მივიდნენ და ისიც იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ გოგონამ ბიჭს თავი მისი მითითებით შეაყვარა, შემდეგ გატაცების ინსცენირება მოაწყვეს და როცა საქმე ფულის გადახდაზე მიდგა, გოგონამ მოულოდნელად დაურეკა და უთხრა, რომ ის ბიჭი მართლა უყვარდა და ამიტომ, ყველაფერს მოუყვებოდა. თაღლითი გაბრაზდა და დაემუქრა, გოგომ კი როგორც ჩანს, უბრალოდ, თავი მოიკლა და ამით საყვარელი კაცი არ მოატყუა.

კომაში ჩავარდნილი ახალგაზრდა ორი თვის შემდეგ გარდაიცვალა, თაღლითს სასამართლომ 3 წელზე მეტი ვერ მიუსაჯა, ხოლო „ცრუ ქილერს“ 7 წელი ერგო.