სამართალდამცავმა დის ქმარი გაგუდა - რა გახდა მკვლელობის მიზეზი - საქმის დეტალები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 სამწუხაროდ, დღეს იარაღის უკანონოდ შეძენა რთული არ არის. მით უმეტეს, ახლა, როცა უკრაინაში ომი მძვინვარებს... მშვიდობიანობის დროს, უკანონო იარაღი რისთვის გამოიყენება, კარგად მოგეხსენებათ. არადა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარი არაა უბრალოდ პისტოლეტზე, ადამიანები ავტომატებს, ნაღმტყორცნებსა და ტანკის ნაწილებსაც კი ასაწყობებენ. ადრე, იარაღის ხელში ჩაგდება ურთულესი საქმე იყო და ამისთვის კრიმინალები ან ქუჩაში ესხმოდნენ თავს სამართალდამცავებს, ან სამხედრო ნაწილებზე მიჰქონდათ იერიში. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც იარაღს მაშინ შოულობდნენ, როცა სამართალდამცავები დამნაშავეთა ჯგუფს აკავებდნენ. ამოღებული არსენალიდან რაღაც ქრებოდა და ეს მანამ, სანამ აღწერა ჩატარდებოდა, შემდეგ იარაღი ხელიდან ხელში გადადიოდა და... ჰო, პარადოქსია, როცა სამართალდამცავები ამოღებულ იარაღს ისევ კრიმინალებს უბრუნებდნენ და ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა, მაგრამ... ხდებოდა.

 თბილისის მიმდებარედ, ტყეში საპიკნიკედ წასულმა ცოლ-ქმარმა ახალგაზრდა მამაკაცის გვამი აღმოაჩინა. ისინი სასწრაფოდ მილიციის უახლოეს განყოფილებაში მივიდნენ, მაგრამ კარგა ხანს, გაუგებრად საუბრობდნენ - ნამდვილი შოკი ჰქონდათ. ყველას უკვირდა, მკვდრის ასე როგორ შეეშინდათო, მაგრამ ადგილზე მისული სამართალდამცავებიც დაიზაფრნენ - გარდაცვლილს, თვალების ადგილზე, ორი ღრმული ჰქონდა ანუ ისე ჩანდა, რომ მკვლელმა თვალები ამოთხარა და თან წაიღო.

„არსებობს მოსაზრება, რომ რასაც ადამიანი ბოლოს დაინახავს, თვალის გუგაში რჩება და, შესაძლოა, მკვლელმა თვალები ამიტომ წაიღო“, - თქვა ერთ-ერთმა გამომძიებელმა. ექსპერტმა კი თავი გააქნია, მოსაზრება კი არსებობს, მაგრამ დიდი სისულეელეა, არაფერი რჩებაო.

ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი გაგუდვა იყო - თოკით ან ზონრით დაახრჩვეს და რაც მთავარია, მკვლელი გარდაცვლილზე ძლიერი უნდა ყოფილიყო, რადგან მისი დამორჩილება იოლი საქმე ნამდვილად არ იქნებოდა. მალე ვინაობაც დაადგინეს, არაფერი განსაკუთრებული, რიგითი, პატიოსანი მოქალაქე, რომელსაც ცოლი ორი თვის მოყვანილი ჰყავდა, მისი ცოლის ძმა კი მილიციის თანამშრომელი იყო.

ცოლის ძმა შემთხვევის ადგილზე მალე მივიდა, ჯერ ტირილი დაიწყო, მერე - ღრიალი, ბოლოს კი ჩუმად თქვა, ჩემს დას ვინმემ უთხარით, მე ვერ გავუბედავ, ისეთი ბედნიერი იყო, ამას ვერ ვეტყვიო.

გარდაცვლილის მეუღლისკენ გეზი ორმა გამომძიებელმა აიღო. გოგონამ როგორც კი მოისმინა, რომ ქმარი მოუკლეს, ხმა არ ამოუღია, თვალები გადაატრიალა და გული წაუვიდა. ქალის გონზე მოყვანას კარგა ხანი დასჭირდა, თუმცა აზრზე მოსვლიდან რამდენიმე წამში იგივე განმეორდა - მეორედაც ვერ გაუძლო ელდას, ამიტომ ექიმმა ნიშადური ცალკე ასუნთქა და დამაწყნარებელი ცალკე გაუკეთა, თანაც გამომძიებლებს უთხრა, დღეს ამის დაკითხვა გამორიცხულია, მაინც ვერაფერს გეტყვით, სანამ გონება არ გადაამუშავებს და იმას არ შეეგუება, რომ საყვარელი ადამიანი დაკარგაო.

მოლოდინის მიუხედავად, ცოლის დაკითხვა ვერც მეორე და ვერც მესამე დღეს მოხერხდა - შოკიდან ვერა და ვერ გამოვიდა, გული პერიოდულად მისდიოდა და როგორც ჩანს, ძმის სიტყვებიც არ იყო რეალობას მოკლებული - იმდენად უყვარდა ქმარი, შესაძლოა, ყველაფერი ეს, თვეები გაგრძელდესო.

საბოლოო ჯამში, მეხუთე დღეს გოგონა დაკითხეს, მაგრამ საინტერესო არაფერი უთქვამს. ქმარს ცოლზე მზე და მთვარე ამოსდიოდა, მეგობრები ცოტა ჰყავდა და მთელ დროს, სწორედ მეუღლის გვერდით ატარებდა. იგივე ითქვა სამსახურშიც და რაც მთავარია, ვერავინ იხსენებდა თუნდაც მცირე ინციდენტს სამსახურსა თუ სამეზობლოში, რაც შესაძლოა, მკვლელობის მიზეზი გამხდარიყო. ჰო, ექსპერტიზამ დასკვნა დადო, თვალები არავის ამოუთხრია, ეგ გარეული ფრინველების ნამუშევარია, ამოკორტნეს, სანამ გვამს იპოვიდნენო.

სამაგიეროდ, დაზუსტდა, რომ მამაკაცი, სავარაუდოდ, ფეხსაცმლის ზონრით იყო გაგუდული და არა - მსხვილი თოკით, თუმცა გამომძიებლებს ესეც არაფერს აძლევდა - არც ზონარი ჰქონდათ და არც - ფეხსაცმელი. სავარაუდოდ, ისინი მკვლელმა თან წაიღო.

ერთადერთი ძაფი, რომელიც შესაძლოა, მკვლელობის გახსნამდე მისულიყო, ცოლის ძმა გახლდათ. იმის მიუხედავად, რომ ის მილიციის თანამშრომელი იყო, გარდაცვლილი ყველაზე მეტ დროს სწორედ მასთან ატარებდა და უნდა სცოდნოდა, რა და როგორ ხდებოდა სიძის ცხოვრებაში, თუმცა საინტერესოს ისიც არაფერს ამბობდა, ძირითადად, ჩემს დაზე მესაუბრებოდა და ამბობდა, რომ ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი იყოო.

„მთავარია ორი რამის გარკვევა - რა უნდოდა გარდაცვლილს ტყეში მაშინ, როცა მანქანა არ ჰყავდა და იქ ვის ან რატომ წაჰყვა?! ფაქტია, უცნობ ადამიანს ამ სიშორეზე არ წაჰყვებოდა, ამისთვის არც სამსახურს გააცდენდა და რაც მთავარია, აუცილებლად ეტყოდა ცოლს, რომ სადღაც მიდიოდა“, - განაცხადეს გამომძიებლებმა და კვლავ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც შესაძლებელი იყო, ასე მინდობოდა, სწორედ ცოლის ძმა გახლდათ. ამიტომ, მისი საქმეების შესწავლა და თან იმის გარკვევა დაიწყეს, ხომ არ ჰქონდა რამე ვალდებულება კრიმინალების მიმართ და სიძის მკვლელობით ხომ არ მიანიშნეს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კარგი დღე არც მას ელოდა.

ძალოვანი უწყების თანამშრომლის ბინის ჩხრეკას ძალიაან მყარი საფუძველი სჭირდებოდა, ერთი პროკურორიც არ მოაწერდა ხელს მხოლოდ გამომძიებლის მოსაზრებაზე დაფუძნებულ ვერსიას. ამიტომ, გადაწყდა, ჩხრეკა მაშინ ჩატარებულყო, როცა გარდაცვლილის ცოლის ძმა შინ არ იქნებოდა და ვერაფერს მიხვდებოდა. ამისთვის, მისი ბინის გასაღებად ცნობილი ბინის ქურდი წაიყვანეს, კარი გააღებინეს და ხელთათმანებითა და ბახილებით მუშაობა დაიწყეს. პრინციპში, ბევრი სამუშაო არც იყო - კომოდის უჯრაში ნომერგადაფხეკილი ორი ცალი „მაკაროვის“ პოვნის შემდეგ, გამომძიებლები პირდაპირ პროკურორთან წავიდნენ და მართალია, სერიოზული საყვედურიც მიიღეს უკანონო შეჭრის გამო, მაგრამ პროკურორის კაბინეტიდან ჩხრეკის ორდერი გამოიტანეს. მთავარი ეჭვმიტანილი გაოცდა, როცა უთხრეს, რომ მისი ბინა უნდა გაეჩხრიკათ და მიხვდა, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა და ვერც სახლში მისვლასა და იარაღის გადამალვას მოასწრებდა.

დეტალურმა ჩხრეკამ, ორ იარაღთან ერთად, 4 ათასი მანეთიც გამოავლინა, ფული, რომელიც მაშინ ძალიან დიდი თანხა იყო და წესით, მილიციის თანამშრომელს არ უნდა ჰქონოდა.

ახლა, ისე ნუ გაიგებთ, რომ მაშინ ქრთამს არავინ იღებდა და ძალოვნები ფრთიანი ანგელოზები იყვნენ, მაგრამ ყველაფერი ეს აროფიციალურად ხდებოდა, ოფიციალურად კი საბჭოთა მილიციის მუნდირი არ უნდა შებღალულიყო, თანაც ეჭვმიტანილს არ ჰქონდა ისეთი თანამდებობა, 4 ათასი მანეთი არ გაჰკვირვებოდათ.

იარაღის პოვნა იმას ნამდვილად არ ნიშნავდა, რომ სიძე მოკლა და რაც მთავარია, სახლიდან წაღებული ერთ ზონარზეც არ იყო გარდაცვლილის კანის ნაწილაკები, მაგრამ სამაგიეროდ, იარაღის შემოწმებამ აჩვენა, რომ რამდენიმე ყაჩაღურ თავდასხმასა და მკვლელობაშიც კი ფიგურირებდა.

ჯგუფი, რომელიც ორი წლის წინ, ძალოვნებმა სპეცოპერაციისას გაანადგურეს, ძარცვა-ყაჩაღობით იყო დაკავებული და მისი წევრების სახლებიდან არაერთი იარაღი ამოიღეს, თუმცა მათ შორის არ იყო ეს ორი, რომლებიც სხვადასხვა საქმეში ფიგურირებდნენ და რაც მთავარია, იმ სპეცოპერაციაში სიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მილიციელიც მონაწილეობდა. გამომძიებლებმა მას მარტივად აუხსნეს, ამოღებული იარაღი სავსებით საკმარისი იქნებოდა საქმის ისე შესაკერად, რომ მილიციის თანამშრომელი, სწორედ იმ ბანდის წევრი ყოფილიყო და ასეთ შემთხვევაში, დახვრეტა არ ასცდებოდა. ამიტომ, ის იძულებული იყო, ეღიარებინა, რომ იარაღი სწორედ სპეცოპერაციის დროს, შემდგომი რეალიზაცის მიზნით მოიპარა, დის ქმარი კი...

„ჩემთან, სახლში, შემთხვევით ნახა იარაღი და მთხოვა, გამასროლინეო. შემდეგ, როცა სასროლად ამოვედით, მანქანაში დახედა იარაღებს და ნომრები რატომ არ აქვსო, გაუკვირდა. როცა მოვუყევი, საიდან მქონდა იარაღი, მითხრა, ეს არასწორია, უკან დავბრუნდეთ და პირდაპირ მილიციაში მივიდეთ, ჩემს თვალწინ ჩააბარე, მე ვეტყვი, რომ ნანობ ჩადენილს და არ დაგიჭერენო. ყველაფერი თავზე მემხობოდა, ერთი საათი ვესაუბრე და მივხვდი, არ გაჩუმდებოდა, მე თუ არ ჩავაბარებდი იარაღს, მილიციაში თავად ჩავიდოდა. ქამარზე ჩემი ტაბელური იარაღი მქონდა ტყავის ზონრით, რომ მიბრუნდა, სწორედ იმით გავგუდე და ტყეში დავაგდე. იმდენი გამოცდილება კი მაქვს, კვალი არ დამეტოვებინა“, - განაცხადა მკვლელმა.

სასამართლო დახურულ კარს მიღმა გაიმართა და სამართალდამცავს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.