სპეცოპერაცია მარტვილში - „კელიებიდან გამოყარეს მამები, დაარბიეს და დააკავეს!“- ესკლუზიური ინტერვიუ დედა სოსანა ბოლქვაძესთან

ექსკლუზივი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

სალხინოს მონასტერთან დილიდან პოლიციაა მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ წარგზავნილმა პირებმა და პოლიციამ განკვეთილ ბერებს მონასტრის ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, ნაწილი მათგანი პოლიციაშია გადაყვანილი, თუმცა დანარჩენი ნაწილი მონასტრის მიმდებარედ იმყოფება და ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებს.

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, როდესაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი, პეტრე ცაავა, საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა.

ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს, მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილს არ ემორჩილებიან და ითხოვენ, რომ საერთო კრებაზე იქნას განხილული პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებების სინამდვილე.

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სასულიერო პირი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხსა და სამონაზვნო აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა და მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ეკლესიიდან განკვეთა.

საპატრიარქომ ჭყონდიდის ეპარქიაში წერილი გაგზავნა, რომელშიც მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერებისგან საპატრიარქოს სამონასტრო კომპლექსის დატოვებას მოითხოვს. ვადა 4 ნოემბრამდე იყო. თბილისიდან გაგზავნილი წერილი 29 ოქტომბრით თარიღდება, ხელს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერს.

საგულისხმოა, რომ ბერების დაკავება დაემთხვა ფესტივალს, რომელიც დადიანების სასახლეში უნდა გამართულიყო და როგორც ირკვევა, ფესტივალის ორგანიზატორებს საპატრიარქომ მისცა პირობა, რომ ამ ფესტივალს არანაირი სკანდალი არ დაემთხვეოდა, არადა ყველაფერი პირიქით მოხდა. „ვერსია“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მარტვილის ეპარქიიდან განკვეთილ დედა სოსანა ბოლქვაძესთან, რომელიც მეუფე სტეფანეს ბრძანებით, წმინდა ნინოს მონასტრიდან გაუშვეს. ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, მარტვილში, სალხინოს მონასტერში დაკავებული არიან: მამა ვასილი, მამა დანიელი, მამა ამბროსი, მამა მიქაეილი, მამა პეტრე და მამა ლუკა, ასევე მათთან ერთად სამოქალაქო პირები, რომლებიც მონასტერში ცხოვრობდნენ:

_ დედაო, სოსანა, რა მოხდა დილით სალხინოს მონასტერში, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?  

_ დილით შემოიჭრა მეუფე სტეფანე თავისი ჩოხოსნებით და პოლიციის ძალით გამოყარეს მონასტრიდან ბერები. პოლიციამ დააკავა სასულიერო პირები, უხეშად ჩაერია ეკლესიის საქმეში მთავრობა.

_ დაკავების მიზეზი რა იყო?

_ ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მამები და ჩვენ ვამხელთ ცრუეპისკოპოსებს, გარყვნილებს, მრუშებს, პედოფილებსა და მამათმავლებს ეკლესიაში. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც საპატრიარქოს დავალებით მოქმედებს მთავრობა. საპატრიარქომ ვერ გაგვაჩერა, გვეუბნებოდნენ ამ ხნის განმავლობაში, გაჩერდითო, მაგრამ როგორ გავჩერდეთ, როცა ინგრევა, იქცევა ეკლესია და გაიხრწნა მთელი საპატრიარქო?! ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მამებს მონასტერი დაატოვებინეს, განკვეთეს და ეს არის ძალიან უხეში დარღვევა, როცა სახელმწიფო ასე ერევა საპატრიარქოს ცხოვრებაში.

_ ანუ დაკავებას წინ რაიმე კონფლიქტი არ უძღვოდა?

_ არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა. დილით მამები ლოცულობდნენ, მონასტრული წესით ტაძარში იყვნენ შესულები, შემოვარდა მეუფე სტეფანე, არიქა, დატოვეთ ტაძარიო. მამებს, რა თქმა უნდა, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, დატოვეს ტაძარი და მერე მას ჩოხოსნები და პოლიცია შემოჰყვა. შევიდნენ კელიებში, გამოყარეს მამები და დაარბიეს. ახლაც დგანან ჩოხოსნები მონასტრის კელიებში და პოლიცია ჭიშკართან დგას, არ გვიშვებენ.

_ რამდენიმე თვის წინ თქვენც გამოგიშვათ მარტვილის წმ. ნინოს დედათა მონასტრიდან მეუფე სტეფანემ, ხომ ასეა?

_ დიახ და დღემდე არ ვარ მონასტერში, ჩემს ნივთებსაც დღემდე არ მატანენ იმის გამო, რომ არ ვჩერდები და ვამხელ ამ ცრუ ეპისკოპოსებს ეკლესიაში. სწორედ ამ მიზეზით გვატოვებინებენ ეპარქიას და გვყრიან მონასტრებიდან.

_  დედაო სოსანა, დადიანების სასახლეში ფესტივალია დაგეგმილი და როგორ ფიქრობთ, მამების დაკავების სკანდალი ამ ფესტივალს რატომ დაემთხვა?

_ ეს არის სიმფონიური ორკესტრის კამერატა, სადაც მოწვეულია მსოფლიო მომღერლები, კლასიკოსები და ეს ფესტივალი უკვე 7-10 წელია, რაც ტარდება. მეუფე პეტრეს (ცაავა) ხელმძღვანელობით იყო დაგეგმილი და რადგანაც მეუფე პეტრეს ინიციატივით იყო დაგეგმილი, უნდათ ახლა, რომ ეს ყველაფერი მოშალონ, დაანგრიონ და ამიტომ დაამთხვიეს ამ ყველაფერს. საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხალხს მისცა პირობა, რომ არანაირი არეულობა და დაპირისპირება არ მოხდებოდა ეპარქიაში, ფაქტობრივად, მსოფლიოს წინაშე მოიჭრა თავი. ჩვენ ვითხოვთ საეკლესიო სასამართლოს, რომ მონასტერში, ეკლესიაში გადაწყდეს ეს საქმე, მაგრამ არ გვეძლევა ამის უფლება.

_ თქვით, რომ მეუფე პეტრეს ორგანიზებით ტარდებოდა ეს ფესტივალი. ახლაც მეუფე პეტრეა თანაორგანიზატორი?

_ არა, ახლა მეუფე პეტრე არაა, მაგრამ თავის დროზე ხომ მისი ინიციატივით ტარდებოდა? ახლა, რა თქმა უნდა, მეუფე სტეფანეს შეუთანხმდნენ, გუშინ იყვნენ ორგანიზატორები და მეუფე სტეფანემ უთხრა, არანაირ პროვოკაციას და დარბევას არ ჩავიდენთო.

_ რა გამოდის, საპატრიარქო შეპირდა ფესტივალის ორგანიზატორებს, რომ პროვოკაციები არ იქნებოდა და მეუფე სტეფანე არ დაემორჩილა საპატრიარქოს ამ გადაწყვეტილებას?

_ მეუფე სტეფანე ვერაფერს გადაწყვეტდა, საპატრიარქო რომ არ იდგეს ამ ყველაფრის უკან. ორი ვარიანტია - ან სტეფანე არ დაემორჩილა საპატრიარქოს, ან მე უფრო მეტად მგონია, რომ საპატრიარქომ მოატყუა ფესტივალის ორგანიზატორები.