კონგრესმა დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციები გამოაქვეყნა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარასკევს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტმა გამოაქვეყნა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციები. დოკუმენტები მოიცავს 6-წლიან პერიოდს, მათ შორის ტრამპის მიერ თეთრ სახლში გატარებულ 4 წელს.

საგადასახადო დოკუმენტების გამოქვეყნება არის შედეგი მრავალწლიანი დავისა დემოკრატ კანონმდებლებსა და დონალდ ტრამპს შორის. თეთრ სახლში თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით, ტრამპმა უარი თქვა საკუთარი საგადასახადო დეკლარაციების გასაჯაროებაზე. საპასუხოდ კანონმდებლებმა გამოითხოვეს ეს დოკუმენტები, მოიხმეს რა საკუთარი უფლება, წვდომა ჰქონდეთ ნებისმიერი ამერიკელის საგადასახადო დეკლარაციებზე. სასამართლოები, მათ შორის უზენაესი სასამართლო, ამ მოთხოვნას დათანხმდა.

ყოფილი პრეზიდენტისა და მისი მეუღლის საგადასახადო დეკლარაციებიდან ჩანს, რომ ცოლ-ქმრის პირადი შემოსავლები მჭიდროდ არის დაკავშირებული ყოფილი პრეზიდენტის კომერციულ საქმიანობასთან. მაგალითად, პრეზიდენტობის პირველი სამი წლის განმავლობაში ტრამპმა ფედერალური გადასახადების სახით გადაიხადა მილიონ ასი ათასი დოლარი, მაგრამ 2020 წელი მისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგების წელი იყო რეცესიის გამო და მას ფედერალურ ხაზინაში გადასახადები არ ჩაურიცხავს. 2017 წელს, პრეზიდენტობის პირველ წელს, მან მრავალმილიონიანი დანაკარგები ჩამოწერა და სახელმწიფოს გადაუხადა მხოლოდ 750 დოლარი.

სხვადასხვა კომერციული ხარჯისა და დანაკარგების საფუძველზე გადასახადების ჩამოეწერა გათვალისწინებულია აშშ-ის საგადასახადო კანონმდებლობით და გადასახადების შემცირების ამ საშუალებას მიმართავს პრაქტიკულად ყველა ამერიკელი, ვინც სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. მაგრამ, საგადასახადო კომისიის თანახმად, დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციებში არის რამდენიმე საეჭვო ხასიათის ხარჯი, რაც შემდგომ შესწავლას საჭიროებს საგადასახადო ინსპექციის მხრიდან.

ფედერალური საგადასახადო სამსახური უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებს დონალდ ტრამპის გადასახადების აუდიტს, მაგრამ მუშაობა ჯერ არ დასრულებულა რთული ფინანსური სქემების გამო, რომლებსაც იყენებდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი.

პარასკევს დონალდ ტრამპმა დემოკრატებს ბრალი დასდო, რომ მისი საგადასახადო დეკლარაციების გამოქვეყნებით ისინი მათ პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას ცდილობენ.

რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის საგადასახადო დეკლარაციების გამოქვეყნება სახიფათო პრეცედენტს წარმოადგენს. მათი თქმით, მათ შეუძლიათ გამოაქვეყნონ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის საგადასახადო დეკლარაციები მას შემდეგ, რაც იანვარში კონტროლს მოიპოვებენ წარმომადგენელთა პალატაზე. რესპუბლიკელებს ეჭვი აქვთ, რომ პრეზიდენტის ვაჟი თავს არიდებდა გადასახადებს უკრაინასა და ჩინეთში საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან.