„ამას ჰქვია ღალატი!“ -სკანდალური ინტერვიუ თაკო ჩარკვიანთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

დღეს, 14 დეკემბერს, სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების შესახებ იმსჯელებს და არის მოლოდინი, რომ ეს გადაწყვეტილება დიდ როლს ითამაშებს პოლიტიკური პროცესების განვითარებაში ანუ იგულისხმება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დაგეგმილი პარტიული არჩევნები, სადაც 28-29  იანვარს, ახალი თავმჯდომარე მხარდამჭერებმა „ბლოკჩეინის“ მეშვეობით უნდა გამოავლინონ. არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს - მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე.

ყველაზე მრავალამომრჩევლიან ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, „ვერსია“ პარტია კანონი და სამართლის ლიდერს, დამოუკიდებელ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს ესაუბრა, რომელიც დაგეგმილ არჩევნებში ნიკა მელიას, რბილად რომ ვთქვათ, ნამდვილად არ გულშემატკივრობს:

- ხედავთ, რომ საკმაოდ დიდი წვლილი მიმიძღვის ამ პროცესში, რადგან კრიტიკით გამოვდიოდი პარტიის თავმჯდომარის მიმართ. ვიხუმრე კიდეც, სულ ცოტა ის მომწონს, რომ იქნებ, ერთმანეთის ჯინაზე, მოძრაობა დაიწყონ-მეთქი და ასეც მოხდა. ფაქტია, მოძრაობა დაწყებულია, ეს ის არ არის, რაც უნდა იყოს, მაგრამ სულ არაფერს მაინც სჯობს. შეიძლება, თქვან, რა ინტერესი უნდა მქონდეს... რა ინტერესიც მქონდა 2018 წელს. რამდენიმე ტუტუცმა ისიც თქვა, ჩვენი პარტიის საქმეებში ნუ ერევაო... მე და ბევრ ჩემნაირს ასე რომ გვეფიქრა, 2018 წელს, დასუსტებულ, შუაზეგახლეჩილ და რეიტინგით შესუსტებულ ნაციონალურ მოძრაობას გვერდით არ დავუდგებოდით, მაგრამ სახელმწიფოებრივად ვიაზროვნეთ. რატომ? - რომ მდომოდა, ამ პარტიის წევრი გავხდებოდი და მაშინ საპარლამენტო სიაზეც კი უარი ვთქვი. ვგულისხმობ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს, როცა გრიგოლ ვაშაძე, მე და პაატა ბურჭულაძემ წარვადგინეთ, ბევრი ჩემნაირის წვლილი იყო იქ და 400 000-დან 900 000 ხმამდე გაიზარდა მაშინ ოპოზიციის წარმატება. ახლა მშრალად კი არა, ფაქტებით ვსაუბრობ და მაშინ იფიქრა ივანიშვილმა, რომ ოპოზიცია არსებობს ამ ქალაქში.

ამ ბიჭის, ენმ-ს თავმჯდომარის ხელში კი რეიტინგი გამეოთხედდა, რაც კვლევებით დასტურდება. მოძრაობა არ არის, ლიდერი ციხეში კვდება და ეს პიპინ-პიპინით დადიოდა... მერე დავიწყეთ ინფორმაციის მოძიება. არ მიყვარს ხოლმე წინსწრებით რამეს თქმა მედიით, რაც არასწორი მგონია მორალური და იურიდიული თვალსაზრისით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი ეჭვები ფაქტებად დალაგდა. არცთუ უნებლიე და ბრიყვული მოძრაობები ჰქონდა ნიკა მელიას. შეიძლება, თავიდან ბრიყვული იყო, მაგრამ შემდეგ დალაგდა ძალიან ანგარებიანად, იმიტომაც დაიძინა პროცესმა. როცა ამბობენ, ჩვენი პარტიის საქმეში ნუ ერევითო, რუსეთ-საქართველოს ომია და პოლიტიკაში მხოლოდ ამიტომ შემოვედი, რომ დასუსტებული იყო და არ მინდოდა, კიდევ უფრო შესუსტებულიყო დასავლური ვექტორის მქონე მსხვილი პარტია, თორემ მათი შეცდომები კი არ მავიწყდება! უკაცრავად, მე არაფერი მავიწყდება. ვბრაზდები იმაზე, რომ სამარცხვინო სისტემა იყო, მაგრამ სახელმწიფო მქონდა სააკაშვილის დროს. ახლა კი სისტემაში, საქმეებზე ხელის მომწერი მურუსიძე დააწინაურეს და სახელმწიფო აღარ მაქვს! ამიტომ დავიწყე საუბარი, რომ ენმ-ს მოძრაობა უნდა დაეწყო.

2021 წლის 10 ოქტომბრის აქცია ჩაგვიშალა მელიამ, მესიჯებს აგზავნიდა, ეს აქცია ჩვენი არ არის, მიშას არ აწყობსო და პარტიის ამომრჩეველი ჩვენ დაგვიჯერებდა, თუ პარტიის თავმჯდომარეს?! ამიტომ ჩაიშალა 10 ოქტომბრის აქცია და ზუსტად იმ დღეს დანიშნა აქცია ზუგდიდში. მაშინ მივხვდით, რომ ძალიან შეგნებულად აკეთებდა ყველაფერ ამას. მაშინ გავჩუმდი და გავაგრძელე პირუთვნელი მუშაობა უცხოელებთან, რადგან მივხვდი, რომ დიდ ღალატთან გვაქვს საქმე. ადგილობრივ არჩევნებში უკვე ხელის გულზე დაიდო ყველაფერი...

- რას გულისხმობთ?

- თუ შეამჩნიეთ, ადგილობრივ არჩევნებში, ფაქტობრივად, მონაწილეობა არ მიიღო ჩვენმა პარტიამ. მხოლოდ წალკაში წარვადგინეთ კანდიდატი, რადგან კვალიფიციური სტატუსის მქონე პარტია გვაქვს და არ შეიძლებოდა, რომ საერთოდ არ მიგვეღო მონაწილეობა. მაშინ უკვე ვხედავდი, რაც ხდებოდა. ძალიან არ მიყვარს ასეთი ბინძური გარიგებები, ასეთ გარიგებებში ნაციონალური მოძრაობისგან მხოლოდ სახელი დარჩება და ჩვეულებრივად გაიყიდება სიის დიდი ნაწილი, რაც არის ჩაფიქრებული, რომელსაც „დაითრევს“ რომელიღაც მდიდარი ოლიგარქი და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გააკეთებს ამას. არ მიყვარს ტყუილები, პარტიას მერე ლელო არ ერქმევა, თუ კიდევ რაღაც სხვისი... ამომრჩეველი როცა გადაწყვეტილებას იღებს, უნდა იცოდეს, ხმას ვის აძლევს, რომელ პარტიას.

- იმას გულისხმობთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ენმ-ის სია გაიყიდა და ამაში ნიკა მელია იყო ჩართული?

- ადგილობრივ არჩევნებში ზოგმა მცირე პარტიამ „დააგემოვნა“, რომ ძალიან კარგია, როცა ამოეფარები დიდ პარტიას, რადგან თავად ვერ აგროვებს ხმებს. ნაციონალურ მოძრაობას კი გაუნახევრდა, მაგრამ მაინც ჰყავს ამომრჩეველი. ამიტომ დაიწყეს ნადირობა ამ პარტიის ამომრჩეველზე, რაც არ გამოუვიდათ, რადგან ენმ-ს ძალიან ჭკვიანი ამომრჩეველი ჰყავს, თუმცა როცა ამომრჩეველს მოატყუებ და ნაციონალური მოძრაობიდან მარტო სახელს დატოვებ, სია კი სხვა პარტიის აღმოჩნდება, ეს პარტია ვისი იქნება?

- და ამ პროცესში მელია ჩართული იყო?

- რა თქმა უნდა, პირდაპირი მნიშვნელობით, გარიგებაში. ისე გავალ პოლიტიკიდან, რომ ჩემგან სიმართლის გარდა, ვერაფერს გაიგებთ, ძალიან მებინძურება ყველაფერი ეს, თორემ, როგორმე მოვახერხებდი პოლიტიკაში „გაკვეტებას“, ყოველთვის მქონდა ამის საშუალება, მაგრამ ეს არასდროს გამიკეთებია.

დიდ პატივს ვცემ დასავლური ვექტორის მქონე ამომრჩეველს, ძალიან მაგარი ამომრჩეველი ჰყავს ნაციონალურ მოძრაობას და ამ ხალხის მოტყუება არ შეიძლება, ამიტომ რა ინფორმაციაც მქონდა, ვთქვი... ამაზე გაგიჟდა, ახტა-დახტა და გადაირია, რაც ნაკლებად მაინტერესებს.

ახლაც გასარკვევია ამ „ბლოკჩეინის“ თემის უკან ვინ დგას. ცოტა ხანში, ამ ინფორმაციასაც მივაწვდით საზოგადოებას.

- ნიკა მელიას იდეა იყო, რომ ამ წესით ჩატარებულიყო პარტიული არჩევნები, რაზეც პოლიტსაბჭო დათანხმდა...

- დიახ და არ არის ცუდი, თუ არჩევნები წესიერებით ჩატარდება, ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ეს მართლაც მათი საქმეა და რაც უნდათ, ის ქნან. მე რაც ვიცოდი, ის ვთქვი, რომ დიდი ხანია, გარიგების თემა მიდიოდა და პრაქტიკულად, გაწირა საქართველოს პრეზიდენტი ზოგიერთმა „გამრიგებელმა“.

ხალხს მობილიზება სჭირდება, 40 თეთრი არ აქვს ხალხს რეგიონებში და სად არის ამხელა ფინანსები პარტიის?! ნახეთ, რამხელა ფინანსები ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას. ახლა ხომ ვეღარ იტყვის ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილს არ აწყობს აქციებიო, როცა გიული ალასანია გამოვიდა და ხალხს მიმართა, გვერდით დამიდექითო. რატომ გახადა სასაცილოდ და ივანიშვილის მომხრეების დასაცინად სასამართლოს ეზო?! ეს კითხვები ხომ არსებობს?!

- ახლა აქტუალური კითხვა მუსირებს მედიით - ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს და ვინ ჩამოიყვანა მოტყუებით საქართველოში? ოჯახი ამბობს, რომ კონკრეტული გვარი იცის, მაგრამ სააკაშვილის ნაცვლად, მის დასახელებას არ აპირებს...

- დაახლოებით, სავარაუდოდ, ჩვენც ვიცით, მაგრამ თავს უფლებას არ მივცემ, ამაზე ვისაუბრო. ფაქტია, რომ ახლო გარემოცვაზეა საუბარი, რომელიც კიევში ხშირად იმყოფებოდა მის გვერდით, თუმცა ბევრჯერ მითქვამს, რომ მიშა გამჭრიახი პოლიტიკოსია და საინტერესო ნაბიჯი გადადგა, ძალიან ვაჟკაცური. რა, არ იცოდა მიშამ, რომ რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაა? - კარგად იცოდა, მაგრამ ისტორიულად ძალიან მასშტაბური სვლა იყო მისგან, რაც ჯანმრთელობის მხრივ, ძალიან ძვირად დაუჯდა. ღალატი - რა თქმა უნდა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მაგალითად, 10 ოქტომბერს, ჩემს აქციაზე რომ უნდა მოსულიყვნენ, ეს ხომ ერთი ელექტორატია და სწორედ ეს ადამიანები გააჩერა ნიკა მელიამ. ეს ის ელექტორატია, რომელიც ზუგდიდის აქციაზე მიიწვია. რაც შეეხება მიშას თემას და ღალატს, უკრაინაში რომ დადიოდნენ წამდაუწუმ და 24 საათი იქ ესხდნენ, მათ უნდა ვკითხოთ.

- თქვენ მიმართაც არაერთ საკითხზე ისმის კრიტიკა. საქილიკო გახდა თქვენი ფრაზა, რუსთაველი უნდა გადავავსოთო, როცა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს აანონსებდით. ახლა იმას ამბობთ, რომ ამ მასშტაბური აქციების გამართვაში ხელი მელიამ შეგიშალათ?

- დიახ, ეს პირდაპირ ვუთხარი და მიპასუხა, მიშაზე უფრო მაგარი „მიშისტები“ ნუ იქნებითო. კაცი კვდება და თუ ამბობდა მელია, რომ რუსეთის ციხეა, მაშინ იმას როგორღა ამბობდა, მოიცდისო?!  ამიტომ გავაკეთეთ ოფისი, მიხეილ სააკაშვილის პლაკატებით „დავბრენდეთ“ ოთხი დიდი ვიტრაჟი, მივიტანეთ სცენა, ეკრანი,  გვქონდა დიდი აქტივობები და ისტერია მოაწყო! ბოლოს, მესიჯებს უგზავნიდა ხალხს, არ არის ეს ჩვენი აქცია, ჩვენი 14-შიაო, წარმოგიდგენიათ? ჯერ რა არაკოლეგიალობაა! 24 საათი, ჩემს ტელეფონზე ეკიდა, როცა სჭირდებოდა და ერთხელ ხომ შეეძლო, დაერეკა ჩემთვის? ეს კითხვები ჩნდება...

- თქვენი ინფორმაციით, რა დაინტერესება აქვს მელიას? ანგარება ახსენეთ და რას გულისხმობთ?

- გამოჩნდა, რა დაინტერესებაც აქვს. ფეხებზე დაიკიდა მიხეილ სააკაშვილი, მის პარტიას სძინავს და ეს ამომრჩეველმა არ აპატია, უთმინეს, უთმინეს და ბოლოს ხმა ამოიღეს. ახლა ხაბეიშვილსაც იგივე გაუკეთა, ნახეთ მისი მესიჯ-ბოქსი, რასაც ღიად უწერდნენ - ხაბე, სულ ეს ხარო? - მაშინ ვუთხარი, ხალხო, რას კადრულობთ, თავენი პარტიის დამფუძნებელი ლიდერი ციხეში კვდება და ხაბეიშვილს ეჯინებით და ხალხი არ მიაშველეთ-მეთქი?! ამას ჰქვია ადამიანურად და მორალურად ღალატი!

ცოტა ხანში ნახავთ, ვინ გამოჩნდება და ვინ დგას ყველაფერ ამის უკან. ნაციონალური მოძრაობიდან სია კვლავ იყიდება, თუ არ გადაარჩინეს ნამდვილმა, იდეურმა წარმომადგენლებმა ეს პარტია. ეს არის ამორალობა, როცა ამ დონეზე ატყუებ ამომრჩეველს და სინამდვილეში, რომელიღაც 1 ან 2%-იანი პარტიის...

-  ბევრ მინიშნებას აკეთებთ და არ აკონკრეტებთ, ვისზე საუბრობთ...

- ბევრი განტოლება ამოვხსენი და დაგიდეთ.

- რატომ არ ამბობთ, ვის გულისხმობთ მელიას უკან მდგომ ძალად?

- დაახლოებით, დავასახელე. ერთ-ერთი დაბალპროცენტიანი პარტია.

- რომელიც დიდ ფულს იხდის ყველაფერ ამაში?

- ძალიან და ჩართულია პირდაპირ ივანიშვილიდან. ხალხო, რაც ვიცი, ვამბობ და თუ რამე არსებობს ისეთი, რაც თამარ ჩარკვიანს ასე განუცხადებია და არ ასრულებულა? - გადახედეთ!

მართლა ნაციონალური მოძრაობის საქმეა, არჩევნებს როგორ ჩაატარებენ, როგორ გადაარჩენენ პარტიას და არ მოატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს.

- ქალბატონო თაკო, კანდიდატების შანსებს როგორ აფასებთ ამ არჩევნებში?

- გულწრფელად გეტყვით, პოზიციას ამ საკითხზე არ ვაფიქსირებ. მართლა არ გამაჩნია სენტიმენტები. რაც ვიცი, რომ ეს ბიჭი (ნიკა მელია, - რედ.) არ უნდა იყოს, შემიძლია, გითხრათ ჩემი ნამდვილი ინფორმაციის საფუძველზე. აქეთ კი არ ვიცი, მაგალითად, ხაბეიშვილთან, კამათი მომივიდა რამდენიმე ხნის წინ ეთერში, ნიკა მელიას იცავდა ჩემგან. მუმლაძეც და ხაბეიშვილიც ძალიან პატრიოტები და მედასავლეთეები არიან, მაგრამ კონკრეტულად არც ერთს დავასახელებ, რადგან განსაკუთრებული პოზიცია არ მაქვს.

 

ავტორი: თათია გოჩაძე