როგორია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების თვალით დანახული სამყარო - ექსკლუზიური ინტერვიუ

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

 

ცხოვრების არაჯანსაღი წესი, დაძაბულობა, სოციალური პრობლემები, პანდემია თუ ომი ადამიანის ფსიქიკაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. სამწუხაროდ, ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც უარყოფითი ინფორმაცია საკმაოდ დიდი რაოდენობითაა. მსგავსმა ფაქტორებმა, შესაძლოა, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა 450 მილიონ ადამიანს აწუხებს. საქართველოში კი ქცევითი აშლილობის 80 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ზოგადად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მოიცავს ყველაფერს, დაწყებული უბრალო ფობიებით, დამთავრებული - მძიმე დარღვევებით (მაგალითად, შიზოფრენიით). არსებობს მისი განსხვავებული ფორმები  და ესა თუ ის გართულება ნებისმიერი სქესის, ასაკის, რასის, გენდერის, ეროვნების, სოციალური სტატუსის თუ სექსუალური ორიენტაციის ადამიანს შეიძლება გამოუვლინდეს. შესაბამისად, დაავადების სიმძიმეც ძალიან ინდივიდუალურია. ზოგი შემთხვევა იმდენად მსუბუქია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებას ხელს არ უშლის, ზოგიერთი კი ისეთი მძიმეა, რომ საქმე ჰოსპიტალიზაციამდე მიდის. მედიცინამ ფსიქიკური დარღვევა დაავადებად მხოლოდ მე-18 საუკუნეში აღიარა. მანამდე კი მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანები საზოგადოებისთვის მიუღებელნი იყვნენ. შუა საუკუნეების ევროპაში სჯეროდათ, რომ ფსიქიკურ ავადმყოფობას დემონური ძალები იწვევდნენ. სამწუხაროდ, 21- საუკუნეშიც კი, საზოგადოება ფსიქიკური აშლილობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და მის ირგვლივ არაერთი სტერეოტიპი არსებობს.

10 ოქტომბერს, მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნა, რომლის ერთ-ერთი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში, ფსიქიკური ჯანმრთელობა სახელმწიფოს წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებულ სტიგმებზე, გამკლავების გზებსა და გამოცდილებაზევერსიათინათინ შალამბერიძეს ესაუბრა. მას წლების წინ დაუსვეს აღნიშნული დიაგნოზი და ბევრ სირთულესთან მოუწია გამკლავება. თინათინი გვიყვება, თუ როგორია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების თვალით დანახული სამყარო, როგორ უნდა დავეხმაროთ და რა უნდა გაითვალისწინონ გარშემომყოფებმა.

- თინათინ, რამ გამოიწვია და რა ასაკში დაგეწყოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები?

- სრულწლოვანი ისე გავხდი, ვერ ვიფიქრებდი, თუ ოდესმე შემექმნებოდა რამე ტიპის ფსიქიკური პრობლემა. კარგად მახსოვს, სკოლის დამამთავრებელ კლასში რომ ვიყავი, ფსიქოლოგი გაგვესაუბრა და გვითხრა, არავინ ვიცით, ვის როდის და რა დაგვემართებაო, ფსიქიკურ დაავადებებს გულისხმობდა. გავიფიქრე, ისეთი მშვიდი ვარ, გამორიცხულია, რამე პრობლემა შემექმნას-მეთქი. არ იყო გასული ორი წელი, რომ დამეწყო საშინელი დეპრესია. მაშინ 18 წლის ვიყავი. ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსზე. გარეგანი მიზეზი, რაზეც დამეწყო შფოთვა, იმის შიში  იყო, რომ პირველი სემესტრის ბოლოს, ოთხ ძირითად საგანს ვერ ჩავაბარებდი, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ტრიგერი, გამშვები მექანიზმი. მთავარი კი იყო უამრავი ფაქტორი, რამაც აქამდე მიმიყვანა.

- ვის მიმართეთ პირველად დასახმარებლად და როგორ გაანალიზეს ეს ფაქტი  ოჯახის წევრებმა?

- პირადად მე, არავისთვის მიმიმართავს. მამამ შემატყო გამომეტყველებაზე, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. მალევე მივმართეთ ფსიქიატრს. ჩემი ოჯახის წევრები თვლიდნენ, რომ ყოველ დაავადებას შესაბამისი სპეციალისტი უნდა მკურნალობდეს და ამიტომ პირდაპირ ფსიქიატრთან წავედით.

- როგორია თქვენი თვალით დანახული ფსიქიკური დიაგნოზის თანხლებით განვლილ გზა?

- ფსიქიატრიული დიაგნოზის თანხლებით გატარებული 23 წლის შემდეგ მივხვდი, რომ მედალს ნამდვილად ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ, ნამდვილად რთული და ძალიან მტკივნეული იყო გზა, რომელიც გავიარე, მაგრამ მეორე მხრივ, უამრავი ადამიანის თანადგომითა და დახმარებით, დღეს სულ სხვა პიროვნება ვარ, ვიდრე 18 წლის ასაკში ვიყავი, როცა პირველად დამეწყო ჩივილები. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ვიპოვე საკუთარი თავი, ვარ იმედით სავსე და მჯერა, რომ ჩემს გამოცდილებებზე საჯარო საუბრით მცირე წვლილს მაინც შევიტან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრების მდგომარეობის გაუმჯობესებაში. მხოლოდ ესაა ჩემი გულახდილობის ერთადერთი მოტივაცია. ჩართული ვარ სხვადასხვა პროექტში, რომელიც ფსიქიატრიულ პაციენტებს ეხება და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ სხვებმა არ გაიარონ ის სირთულეები, რაც მე გავიარე. ვისაც საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ამ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე, მკურნალობის თავისებურებები, ინსტიტუციებში არსებული სიტუაცია, საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულება და ა.შ., შეგვიძლია, ფაქტებზე დაყრდნობით ვისაუბროთ დარღვევებზე და უფრო ქმედითი, ეფექტიანი ცვლილებები  შევთავაზოთ სახელმწიფოსა და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს.

- საზოგადოების მხიდან რა სტერეოტიპებს და სტიგმებს აწყდებოდით წლების განმავლობაში?

- 23 წლის წინ, როცა გამომივლინდა პირველი ჩივილები, მეტად მძიმე სიტუაცია იყო ამ მხრივ, ვიდრე ახლაა, თუმცა არასაკმარისი ან არასწორი ინფორმაციის გამო მოსახლეობის დიდ ნაწილში ჯერ კიდევ მყარად აქვს ფესვი გადგმული სხვადასხვა სტერეოტიპულ მოსაზრებას. მე პირადად, ძალიან გამიმართლა, რომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანისგან მიგრძვნია გარიყულად თავი, ან უარყოფილი ვყოფილვარ ჩემი დიაგნოზის გამო. ძალიან იშვიათად, მაგრამ უთქვამთ: რას თხოვდებოდი და აჩენდი ბავშვს, თუ გქონდა ფსიქიატრიული დიაგნოზი?! მეც ნადვილად არ ვიფიქრებდი დაოჯახებაზე, ბოლო გამწვავებიდან ყოველგვარი ფსიქოტროპული მედიკამენტის გარეშე, სტაბილურად რომ არ ვყოფილიყავი ხუთი წლის მანძილზე. რეზიდენტ-ექიმსაც კი არ მქონდა ინფორმაცია, რომ სრულად დასაშვებია ორსულობა-მშობიარობის წარმართვა გარკვეული ფსიქოტროპული მედიკამენტების ფონზე. ცნობიერების ამაღლება მთავარი რამაა, რაც დაეხმარება ჩვენს საზოგადოებას დრომოჭმული სტერეოტიპებისა და სტიგმების დავიწყებაში. ჩემს შემთხვევაში, გარემოდან წამოსული სტერეოტიპები არ იყო იმდენად დამაზიანებელი და დამთრგუნველი, როგორც თვითსტიგმატიზაცია. როცა მომენიჭა შშმ პირის სტატუსი და დამენიშნა ე.წ. პენსია, შინაგანად ძალიან ცუდად იმოქმედა ამან ჩემზე. 35 წლის ასაკში, ვერაფრით ვუშვებდი, რომ „პენსიონერი“ გავხდი და არ მქონდა უნარი, საკუთარი შრომით გამომემუშავებინა არსებობისთვის საჭირო თანხა. დიდი დრო და მრავალი ადამიანის დახმარება დამჭირდა, ეს შინაგანად რომ გადამელახა.

ჩემზე ასევე, ნეგატიურად იმოქმედა და გული მეტკინა, როცა ერთ-ერთი გამწვავებისას, ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანის დროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების თვალებში ჩამდგარი შიში დავინახე. ეს შიში იყო უსაფუძვლო, საერთოდ არ ვიყავი აგრესიული, მაგრამ ის მითი, რომ ფსიქიკურად დაავადებული პაციენტი აგრესიული და ამიტომ საშიშია, მათ თვალებში იკითხებოდა. ისე გამოვიდა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანით გადაყვანისას, მხოლოდ პატრულის თანამშრომელი იჯდა ჩემთან ერთად, ექიმები ისხდნენ მძღოლის გვერდით. მაშინ, რაღა აზრი ჰქონდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოცდენას ჩემს გადაყვანაზე? ექიმი ნამდვილად უნდა იყოს პაციენტის გვერდით, როცა ხდება მისი ტრანსპორტირება. საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან ერთად შეიძლება იყოს პატრულის თანამშრომელიც.

- როგორც ახსენეთ, შვილი გყავთ, შეგიშალათ თუ არა ხელი ჯანმრთელობის პრობლემამ ორსულობის პერიოდში და როგორი აღმოჩნდა დედობის პასუხისმგებლობა თქვენთვის?

- როდესაც დედა გავხდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი წარსულს ჩაბარდა. ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებული, მშობიარობის შემდგომი სტრესი მქონდა. ამ დროს 28 წლის ვიყავი და დიდი სიხარულით შევხვდი დედობას, მზად ვიყავი ამ ძალიან სასიამოვნო პასუხისმგებლობისთვის. ოჯახის წევრები მეხმარებოდნენ და ვზრდიდი შვილს, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება, რომ ძილისა და დასვენების დეფიციტი, ლაქტაცია ჩემს ფსიქიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა. გადავიღალე, გამოვიფიტე,  მკვეთრად დავიკელი წონაში და როცა შვილი იყო ხუთი თვის, შვიდწლიანი სრული რემისიის შემდეგ, დაავადება ისევ გამიმწვავდა. ჩემი მხრიდან დიდი შეცდომა იყო ფსიქიატრიული დიაგნოზის უგულებელყოფა. ახლა ვიცი, რომ რაც უნდა სტაბილური მდგომარეობა მქონდეს, ჩემთვის აუცილებელია შრომის, კვებისა და ძილის რეჟიმის დაცვა.  თუ რამე ვალდებულებას ვერ ვუმკლავდები, თავს კი აღარ ვატან ძალას, გარშემომყოფებს ვთხოვ დახმარებას.

- თინათინ, როგორც ვიცი, ბევრ ფსიქიატრიულ კლინიკაში გიმკურნალიათ, საერთო ჯამში, როგორ შეაფასებდით იქ არსებულ სიტუაციას და პაციენტებისადმი დამოკიდებულებას?

- დიახ, ისე მოხდა, რომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფსიქიატრიულ კლინიკაში ვარ მოხვედრილი. ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი დახურულ დაწესებულებაში ყოფნის დადებითი და უარყოფითი მხარეები. კლინიკებში არის უამრავი მოსაგვარებელი საკითხი, რასაც სწორი მენეჯმენტისა და ადამიანური რესურსის გონივრულად გადანაწილების პირობებში, ადვილად მოევლება, დაფინანსება რომც არ გაიზარდოს. პროცენტულად რომ ავიღოთ, პაციენტებისადმი კეთილგანწყობილი პერსონალის რიცხვი მკვეთრად აღემატება მათ, რომლებიც უდიერად ექცევიან პაციენტებს. თუმცა, სამწუხაროდ, ზოგჯერ ხდება დაბალი რანგის მედპერსონალის მხრიდან პაციენტთა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებიც. მეც მიმიღია სანიტრის მუშტი თვალში, როცა უარს ვამბობდი ინექციაზე და წინააღმდეგობას ვუწევდი მედპერსონალს, თუმცა სხვა სანიტრები ზრუნავდნენ პაციენტთა განწყობის ამაღლებაზე და მუსიკას რთავდნენ ჩვენთვის. პირადად მქონია შემთხვევა, როდესაც რამდენიმე დღე ვითხოვდი შეხვედრას მკურნალ ფსიქიატრთან და მან ხუთ-ექვს დღეში მოაღწია ჩემამდე, არადა, იმავე სართულზე იყო მისი კაბინეტი. მესმის, გადაღლილი იყო და ბევრი პაციენტი ებარა, მაგრამ თუ სხვა დროს, სხვა ექიმი ახერხებდა ჩემთან ყოველდღიურად გასაუბრებას ჩემი მოთხოვნის გარეშე, ე.ი. რაღაც არარეალურს არ ვითხოვდი მისგან. არ ხდება ფსიქოლოგების, არტ-თერაპევტების აქტიური ჩართვა მკურნალობის პროცესში. მერწმუნეთ, მხოლოდ ფსიქოტროპულების მიღებით ვერ განიკურნებიან პაციენტები, ასე მხოლოდ სიმპტომები მცირდება ან ქრება, გამომწვევი მიზეზები კი რჩება, რომლებიც კვლავ იჩენენ თავს სტრესულ სიტუაციაში. აუცილებელია იმ ფსიქოლოგიური თუ ბიოგრაფიული საკითხების  დამუშავება, რამაც მიგვიყვანა ფსიქიკურ დაავადებამდე.

ასევეა, კვების, ჰიგიენის საკითხები მოსაგვარებელი. ზოგიერთ კლინიკაში  საკვებია უხარისხო, ხილი თითქმის არაა, ჰიგიენური საშუალების დეფიციტია, გლდანის ფსიქიატრიულ კლინიკაში მხოლოდ ერთი დღეა გამოყოფილი აბანოსთვის, თუმცა თემქის კლინიკაში მუდმივად ღიაა აბაზანის კარი. ყველა საკითხს ვერც შევეხები, იმდენი რამაა გამოსასწორებელი...

- რა სირთულეები ახლავს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას და რა უნდა გაითვალისწინონ პაციენტის ოჯახის წევრებმა?

- უამრავი სირთულე შეიძლება ახლდეს ფსიქიკური დაავადების გამოვლენას. განსაკუთრებით, მკვეთრად იჩენს თავს ეს სირთულეები, როცა პირველად ვლინდება ესა თუ ის სიმპტომი. როგორც წესი, არც პაციენტმა და არც მისმა გარშემომყოფებმა არ იციან, როგორ მოიქცნენ. იპყრობთ უიმედომის განცდა. თვლიან, რომ გამოსავალი აღარ არსებობს. ცნობიერების დონე არის დაბალი ამ სფეროში და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და სტიგმები ზოგჯერ აიძულებს პაციენტს ან მისი ოჯახის წევრებს, დამალონ ეს დაავადება, არ ისაუბრონ ღიად. გვიან მიმართავენ სპეციალისტს დახმარებისთვის. საჭიროებისას უარს ამბობენ პაციენტის სტაციონირებაზე. ყველაფერი ეს, საბოლოო ჯამში, მხოლოდ აუარესებს მდგომარეობას. დაავადების ნიშნების მკვეთრი გამოვლინებისას, ადამიანი ვეღარ ახერხებს სწავლის ან მუშაობის სრულფასოვნად გაგრძელებას, შეიძლება დაენგრეს ოჯახი, დაკარგოს მეგობრები, ფსიქოლოგიური ჩაგვრის მსხვერპლიც კი გახდეს. სრულფასოვან მკურნალობას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს ან სხვა თერაპიებს სოლიდური თანხა სჭირდება და ზოგჯერ ეს ფაქტორიც წარმოადგენს განკურნების ხელისშემშლელ მიზეზს. აქვე გამოვყოფდი ანტიფსიქოზური მედიკამენტების გვერდით ეფექტებსაც. მაგალითად, ზოგიერთ  მედიკამენტს ახასიათებს პროლაქტინის დონის მატება სისხლში და მასთან დაკავშირებული სექსუალური და რეპროდუქციული სისტემის დარღვევები, წონაში მატება. მომატებული კილოგრამები კი ხანდახან ხდება თვითშეფასების დაქვეითების მიზეზი. იშვიათ შემთხვევაში, გარეთ გასვლაზეც კი ამბობს პაციენტი უარს, რადგან არ მოსწონს საკუთარი სხეულის ფორმები.

პაციენტის ოჯახის წევრებს  ვურჩევდი, იყვნენ იმედიანად (არაფერია იმაზე უფრო მტკივნეული, როცა შენს გამო, სხვა ნერვიულობს და ცუდადაა),  დროულად მიმართონ შესაბამის სპეციალისტებს და პაციენტთან შეთანხმებით გამონახონ გამოსავალი. არაფერია სამარცხვინო ან დასამალი ფსიქიკური დიაგნოზის შემთხვევაში. აუცილებელია, მაქსიმალურად მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეთ პაციენტთან და ხშირად ესაუბრონ მას. გამაღიზიანებელია, როგორც ჰიპერმზრუნველობა, ასევე - უყურადღებობა. როგორც ყველგან, ოქროს შუალედის დაცვა აქაც ყველაზე მისაღებია. ხელი შეუწყონ, რომ ჰქონდეს მათ ოჯახის წევრს ჯანსაღი კვება, სრულფასოვანი ძილი, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, თუ დაკისრებულ რაიმე ვალდებულებას ვერ უმკლავდება, დაეხმარონ.

- რა დაგეხმარათ ყველაზე მეტად რთული პერიოდების დაძლევაში და რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემა აქვთ?

- მე დამეხმარა ჩამოთვლილი ფაქტორების ერთობლიობა: სწორად შერჩეული ფსიქოტროპული მედიკამენტები, ოჯახის წევრების, მეგობრების, სპეციალისტების, ჩემი მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანების მუდმივი თანადგომა, მათი სწორი პოზიცია ჩემს დაავადებასთან დაკავშირებით, მცდელობა შემეცნო საკუთარი თავი სხვადასხვა პრაქტიკების გამოყენებით. ამ მიზნით უამრავ მეთოდს მივმართე. მათ შორისაა ლოცვები,  აგნი-იოგა, ჰათჰა-იოგა, მედიტაციები ჩაკრებისთვის, რეიკი, თაი ჩი, დაოსური მოძღვრება, ასტროლოგია და ა.შ. ყველა მათგანმა სხვადასხვა დროს გარკვეული როლი ითამაშა ჩემი მდგომარეობის სტაბილიზაციაში, მაგრამ ყველაზე ეფექტიანი აღმოჩნდა ანთროპოსოფიული მედიცინის შემადგენელი დარგები: ბუნებრივი მედიკამენტებით მკურნალობა, სამკურნალო ევრითმია, რითმული შეზელვა და მასაჟი. სწორედ სამკურნალო ევრითმიას ვუმადლი 22-დან 29 წლამდე სრულ რემისიას ყოველგვარი ფსიქოტროპული მედიკამენტის გარეშე. იმ პერიოდში გავიარე სემინარი და ამჟამად ვარ დასაქმებული მკურნალ ევრითმისტად მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის სამკურნალო-პედაგოგიურ სკოლაში. ვინაიდან ისეთი საქმით ვარ დაკავებული, რაც მომწონს, არ მღლის და თან მაჯანმრთელებს.

ვისაც აქვს რამე ტიპის ფსიქიკური აშლილობა, ვურჩევდი, დროულად მიმართონ კვალიფიციურ ფსიქიატრს, ფსიქოლოგს, თუ ჩათვლიან საჭიროდ, ალტერნატიული მედიცინის წარმომადგენლებსაც. ჩემს შემთხვევაში, აშკარად გაამართლა დამატებითმა მეთოდებმა. იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, უარი თქვან ყოველგვარ ნარკოტიკულ ნივთიერებებსა და ალკოჰოლზე. აკეთონ ის საქმე, რაც გამოსდით და თან მუშაობის პროცესიც მოსწონთ. ისწავლონ პოზიტიური აზროვნება ანუ ყველაფერს დადებითი მხრიდან შეხედონ, ჰქონდეთ მადლიერების განცდა. უმადურობა და ნეგატიური აზრები ძალას გვართმევს და გვაავადებს. დაუკვირდნენ თავიანთი დაავადების გამაფრთხილებელ ნიშნებს, ანუ რა სიმპტომებით იწყება დაავადება და თუ მსგავსს შენიშნავენ, აცნობონ ექიმს. ისაუბრონ ამ თემაზე თავისუფლად, დღეს აღარავის უკვირს მსგავსი პრობლემები. საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ რაც მეტჯერ მომიყოლია ჩემი ისტორია, მეტად მსუბუქად მიგრძვნია თავი შინაგანად. ამას გარდა, რაც მეტი ადამიანი ვიტყვით ამის შესახებ, მით მეტად შემცირდება სტიგმა და არასწორი სტერეოტიპები. შედეგად, ფსიქიკური დიაგნოზიც დამატებითი სტრესი აღარ იქნება.