შსს-ს კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, გორის სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, რეგიონების სკოლებში შეხვედრები გრძელდება. სამინისტროს წარმომადგენლებმა, იმერეთის შემდეგ, შეხვედრები შიდა ქართლში, გორის 4 სხვადასხვა სკოლაში: ნიკო კეცხოველის სახელობის N1, N2, ასევე, N3 და ვაჟა-ფშაველას სახელობის N9 საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს.
 
საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრების მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
 
საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრებზე მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლები წარუდგინეს.
 
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამართალდამცველებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.
 
სკოლებში შეხვედრების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, რეგიონებში გრძელდება საზოგადოებრივი ღონისძიებებიც.