რატომ მოსწონს ჯონდი ბაღათურიას რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

(ო) პოზიცია

 

ვისთვისაა სააკაშვილი „ოქროს კვერცხის მდებელი დედალი“

 

თათია გოჩაძე

 

საპარლამენტო ოპოზიციას ბოლო დროს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა არა ხელისუფლების, არამედ, ოპოზიციის რიგებში. ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის არასწორად წარმართვაში არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, მმართველ ძალასთან ერთად, იმ ოპოზიციონერებსაც აკრიტიკებენ, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში სადეპუტატო მანდატებს ფლობენ. სწორედ ოპოზიციის კრიტიკით დაიწყო საუბარი „ვერსიასთან“ პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს:

 

- პარლამენტი არ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს, აცდენილია სახელმწიფოს ინტერესებს და დეპუტატები, ძირითადად, დაკავებულნი არიან თეატრალური ისტერიკის ჩვენებით ეკრანზე, ეკრანს მიღმა კი კორუფციით, წილების გაყოფით და ა.შ. სიტყვა „ოპოზიცია“ საერთოდ შეუსაბამოა პარლამენტში მყოფი დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, რომლებიც სრულიად სამარცხვინოდ იქცევიან. ყველა მათი განცხადება ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაზე, სრულიად სამარცხვინოა და ფსკერს ქვემოთაა. აშკარად იგრძნობა ინტელექტუალური და მორალურ-ზნეობრივი სიღატაკე. მტრულ განცხადებებს აკეთებენ ქვეყნის წინააღმდეგ და მათი ძირითადი ნაწილი დაინტერესებული და ჩართულია, რომ ქვეყანა ჩაითრიონ ომში რუსეთთან. ხელისუფლების ბოლოდროინდელი საქციელი, მხოლოდ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთთან ომის თავიდან აცილებას ეხება, ნამდვილად პასუხისმგებლიანია. ეს ნაწილი სწორი იყო და მადლობა ღმერთს, რომ დღეს თბილისი არ იბომბება, დახლებზე პურია და საწვავიც გვაქვს, ეს ნამდვილად მათი დამსახურებაა, ამას ვაფასებ.

- ბატონო ჯონდი, როგორც ჩანს, საკანონმდებლო ორგანოში მყოფ ყველა ოპოზიციურ პარტიას „ერთ ქვაბში ხარშავთ“... თქვენ რომ იყოთ მათ ადგილას, რას გააკეთებდით?

- გამოვიდა, რომ ყველა პარტია „ერთ ქვაბში მოვხარშე“, მაგრამ ყველა ადამიანს ნამდვილად - არა... პარტიების სახელებშია პირობითი სხვაობა, თორემ რეალურად, სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ შეიწოვა თითოეული მათგანი, მთელი ე.წ. ოპოზიცია. ისინი ნაცმოძრაობის „ნამსხვრევები“ არიან, რომლებმაც ჩათვალეს, რომ მიშას გარეშე უფრო ხეირიანად შეიძლება ვაჭრობა ხელისუფლებასთან და რომ ვერ ივაჭრეს, ისევ მიშას ჩრდილქვეშ არიან. მიშამ შეისრუტა მის პარტიაში მყოფი ოპოზიციაც კი, რომელთაგანაც იყო მცდელობა, ის ჩაეჩოჩებინათ და მართვადი მიშა შეექმნათ... ისინიც „ჩაყლაპა“ მიშამ. ისინი ვერ შედგნენ დამოუკიდებელ, მიშას გარეშე არსებულ ფიგურებად და ამაში ხელს უწყობდა ხელისუფლებაც და დასავლეთიც, რადგან დასავლეთი გრძნობს, მიშას კი უჭირავს სტაბილური რეიტინგი, მაგრამ „ჭერია“, რომლის ზემოთაც ვერ ადის. არადა, დასავლეთის ტოტალიტარულ-ლიბერალური, ფსევდოლიბერალური პარტია, რომელსაც ბაიდენი ხელმძღვანელობს, ხედავს, რომ აქ სჭირდება უფრო აგრესიული პროდასავლური ძალა. „ოცნება“ არის პროდასავლური ძალა და მის ნებისმიერ სურვილებს ასრულებდა აქამდე, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ამ ეტაპზე, მათ სჭირდებათ აგრესიული, ლიბერალური, დასავლეთისგან მართული ძალა, რომელიც ქვეყანას ომში შეიყვანდა რუსეთთან. მათ ასეთი კონცეფცია აქვთ - რაც უფრო მეტი ცხელი წერტილი გაიხსნება რუსეთისა და ჩინეთის ირგვლივ, ეს გამოიწვევს ამ ქვეყნების სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური რესურსების გაფანტვას. ეს თეორიულად, შეიძლება, დამაჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში სასაცილოა, რადგან საქართველოს არ შესწევს ძალა, რამენაირად გამოიწვიოს რუსეთის რესურსების გაფანტვა. ჯარების შემოყვანაც არ დასჭირდება რუსეთს, ჩრდილო კავკასიაში განლაგებული სარაკეტო სისტემებით შეუძლია, ნებისმიერ წერტილს მიწვდეს და გაანადგუროს. აქ დასავლეთის მითითებებითა და დიქტატითაა სწორედ ის, რომ ჩვენ არმია არ გვყავს, 25 000- მდე შეამცირეს და გვაიძულეს, რომ არ გვქონოდა ტექნოლოგიები, გვქონოდა სუსტი და მართვადი სახელმწიფო.

- ბატონო ჯონდი, დასავლეთი და ნატო მუდმივ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს თავდაცვის ძალებს, რაც გამოიხატება ფინანსურ დახმარებასა თუ წვრთნა-მომზადებაში.

- არასწორ ინფორმაციას ფლობთ.

- მე იმ ინფორმაციას ვფლობ, რაც საჯაროდ ვრცელდება, ბატონო ჯონდი.

- ფინანსური დახმარების სახით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს დასავლეთისგან 2.5 მილიარდი აქვს მიღებული. ისრაელი კი მხოლოდ სამხედრო ხარჯებისთვის 5 მილიარდს იღებს დასავლეთისგან. ამ 2.5 მილიარდის 80% დახარჯულია არა სამხედრო ან ეკონომიკურ პრობლემებზე, არამედ, ლგბტ თემის ლობირებაზე ან ე.წ. ენჯეოშნიკების დაფინანსებაზე.

თემას დავუბრუნდები - დასავლეთს ახლა საქართველოში სჭირდება აგრესიული ძალა, რომელიც კონფლიქტში შეიყვანს ქვეყანას და ასეთ ძალად მიაჩნიათ ნაცმოძრაობა. არადა ხედავენ, რომ მიშას რეიტინგი არ იზრდება, ამიტომ ჯერ წამოსწიეს შედარებით სერიოზული კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში,  გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც სერიოზული შედეგი აჩვენა. შემდეგაც ცდილობდნენ რაღაცების გაკეთებას, მაგრამ არ გამოუვიდათ. ეს ხელისუფლებასაც ხელს აძლევდა და ხელისუფლება იღებდა ამაში მონაწილეობას, პარტიის შიგნით ფიგურების დაწინაურებაში... მაგრამ „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“. როცა ადამიანი ხოხვისთვისაა დაბადებული, ვერ იფრენს და მიშა ახლა დაფრინავს, ხომ ხედავთ...

- მიხეილ სააკაშვილი არაერთხელ ახსენეთ და შეგახსენებთ, მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ის დისტანცირდება ქართული პოლიტიკიდან.

- ეტყობა, თქვენ მიშას არ იცნობთ...

- ზუსტად ეს მითხრა კახა კუკავამაც... დიახ, არ ვიცნობ პირადად...

- მიშას მე ვიცნობ 90-იანი წლებიდან, როცა გამოჩნდა პოლიტიკაში. მეც იმ დროს ვიწყებდი პოლიტიკის კეთებას და ძალიან კარგად ვიცნობდი, მუდმივ დაპირისპირებაში ვიყავი, მენტალური დაპირისპირება მქონდა. კარგად ვიცი მისი ბუნება, მიშას არ შეუძლია აქტივობის გარეშე, მაგრამ მისი აქტივობა ყოველთვის უნდა იყოს ნეგატიური. ნეგატივის გარეშე კვდება, იჩუტება... მისი აქტივობა უნდა იყოს აგრესიული და ვიღაცის წინააღმდეგ მიმართული. ერთი პერიოდი, როცა გაანადგურა ოპოზიცია, საკუთარ თავს უწევდა ოპონირებას. მას აგრესიის გარეშე არ შეუძლია, ასეთი ტიპია და რა ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორებაზეა საუბარი? ბევრს ვლაპარაკობთ მიშაზე და არ იმსახურებს ამას...

-  თქვენ მიგაჩნიათ, რომ ლიბერალურზე მეტად, კონსერვატიული ძალები მოსწონს ქართველ ხალხს, თუ ასეა, რას აკეთებთ, რომ ძალაუფლება მოიპოვოთ?

- დააკვირდით, ვინ უფრო მეტი გხვდებათ - ადამიანური ღირებულებების მატარებელი ადამიანები, რომელთაც ოჯახი უყვართ, ფიქრობენ, რომ კაცს ქალი უნდა მოჰყავდეს ცოლად... ასეთი ხომ 99%-ია საქართველოში? და იმ 1%-ს ვხედავთ პარლამენტში ახლა.

ერთხელ ვთქვი, მიშა ივანიშვილისთვის „ოქროს კვერცხის მდებელი დედალია“-მეთქი. „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება რამე სერიოზული საარჩევნო კამპანიის ჩატარება, მთავარია, გააქტიურდეს ნაციონალური მოძრაობა და მიშა. იმდენად  დიდია ზიზღი ქართულ საზოგადოებაში და შიში მისი დაბრუნებისა, რომ ყველაფერს პატიობს ხალხი ხელისუფლებას. პატიობს იმას, რომ აქამდე არ გვქონდა სწორი საგარეო პოლიტიკა, არ გვაქვს სოციალური პოლიტიკა; არ ტარდება ჯანდაცვის, საპენსიო, ეკონომიკური რეფორმები; პროექტები არ იქმნება, რომ სოფლის მეურნეობა იყოს მთავარი მდგენელი ჩვენი ეკონომიკისა. ცარიელ მაცივარს პატიობს ხალხი ხელისუფლებას, ოღონდ მიშა არ მოვიდეს.

- სწორედ იმ პოლარიზებაზე საუბრობთ, რომელიც საქართველოსთვის გადაცემულ 12-პუნქტიან გეგმაში შეიტანა ევროკავშირმა. პოლარიზაციის დასრულების ერთ-ერთი აქტორი უნდა იყოს თუ არა ე.წ. შუაშისტური ოპიზიცია, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ?

- პოლარიზაციის დასრულება ნიშნავს, რომ უნდა გაძლიერდეს მესამე ძალა, მაგრამ ეს არ აწყობს ამ ორ მონოპოლისტს: „ოცნებას“ და ენმ-ს მედიასივრცესა და ფინანსურ ნაკადებში. ამიტომ დისკუსია პოლარიზაციის დასრულებაზე წაიყვანეს ერთმანეთთან. ისინი პოლარიზაციით სულდგმულობენ, ამით იკვებება ორივე ძალა.

- ...მოგწონთ, რომ რუსეთიდან შემოდიან მოქალაქეები?

- დიახ.

- რატომ?

- რუსებსა და უკრიანელებს - ამ ორ მოძმე ერს ომი რომ აქვთ ერთმანეთში, ეს ძალიან ცუდია და ეს ჩვენც გავიარეთ. ვებრძოდით ჩვენ და აფხაზები ერთმანეთს...

- ჩვენ და აფხაზები თუ ჩვენ და რუსეთი, ბატონო ჯონდი? არ მიიჩნევთ, რომ მაშინ საქართველოს რუსეთთან ჰქონდა ომი?

- კი. რუსეთთანაც, შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ გვინდა თუ არა, აფხაზებმა და ქართველებმა დავიწყეთ და მივეცით რუსეთს საშუალება, რომ ეს გამოეყენებინათ. იმ მოვლენების მემატიანე ვარ, რომ იცოდეთ და, სამეგრელოშიც რუსებმა გვაიძულეს მეგრელების დარბევა?!  ჩვენ ერთმანეთში გავაკეთეთ ეს, ქართველებმა, თბილისის ომი გვქონდა, ბოლო-ბოლო... რუსეთის ხელისუფლებაში ძალიან სერიოზული ფიგურები არიან, რომლებიც განიხილავდნენ იგივე ფორმატით ურთიერთობას საქართველოსთან, რაც უკრაინაში ხდება. საქართველოს ხელისუფლების მოქმედებამ კი განაიარაღა ეს ძალები და მეტი არგუმენტი მისცა იმ პოლიტიკურ ფიგურებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საქართველოსთან შეიძლება სამხედრო ძალისხმევის გარეშე ურთიერთობის დარეგულირება და ახლა რუსის არშემოშვებაზე საუბარი არასწორია. ვერ ვაკავშირებ ოკუპირების თემას ტურისტის შემოსვლა-არშემოსვლასთან. მგონი, ერთადერთი ჭკვიანური, რაც გააკეთა სააკაშვილმა, ეს იყო უვიზო რეჟიმის შემოღება რუსეთთან 2008 წელს და ლარსის გამშვები პუნქტიც სააკაშვილის დროს გაიხსნა, მაგრამ ჩემი ღია და აშკარა ხელშეწყობით. მაშინ შემოვუშვით რუსი ტურისტები, რამაც საქართველოს ეკონომიკასაც ხეირი მისცა და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.