პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე მიმდინარე და სამომავლო პროექტები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის დარენ ტანგის შეხვედრის განსახილველი საკითხები, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს წლების განმავლობაში რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში საქართველოს მთავრობის ღირებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველომ წლების განმავლობაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონული ჯგუფის მუშაობაში აქტიურად არის ჩართული და 2017 და 2021 წლებში წარმატებით დაასრულა აღნიშნული ჯგუფის კოორდინაცია. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ჯგუფის რეგიონული კოორდინატორის, მიღწევებსა და წარმატებულ საქმიანობას. ითქვა, რომ რეგიონული ჯგუფის კოორდინატორის რანგში, საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას მაღალი შეფასება მისცა ორგანიზაციის დელეგაციამ.

ასევე აღინიშნა, რომ ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონულ ჯგუფში მუშაობამ ევროკავშირის გამოცდილების გაზიარების ახალი შესაძლებლობები გააჩინა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების უკეთ შესრულებისთვის და საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე ჰასან კლეიბი, გარდამავალი და განვითარებული ქვეყნების დეპარტამენტის უფროსი ჰაბიპ ასანი და ჟენევაში, გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე ესწრებოდნენ.