ასხამს თუ არა წყალს ხელისუფლების წისქვილზე - გიორგი ვაშაძის პასუხები ბრალდებებზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 „მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა არ იქნება მარტივი საკითხი“

 ავტორი: თათია გოჩაძე

 ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, საქართველოში 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, ხელისუფლება და ოპოზიცია ცალკ-ცალკე მუშაობს. მმართველი ძალის მიერ წამოწყებულ პროცესში საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ჩაერთო და 12-პუნქტიანი გეგმის შემუშავებაზე სამოქალაქო სექტორთან ერთად მუშაობა დამოუკიდებლად დაიწყო. ოპოზიციის ამ პროექტს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობს, რომელთან ინტერვიუსაც „ვერსია“ გთავაზობთ:

 - პირველი ამოცანა საკანონმდებლო აქტების დაწერა და იმის განსაზღვრაა, რა მოლოდინი აქვთ ჩვენგან ევროპელებს და რისი გაკეთება შეგვიძლია. შესაბამისად, სამოუშაო პროცესის პირველი ფაზა დავასრულეთ და სამოქალაქო სექტორთან გავცვალეთ მოსაზრებები.

მეორე ეტაპზე, ოპოზიციაში მიმართულების მიხედვით გვყავს გამოყოფილი ადამიანები, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ. დავწერთ კანონპროექტებს, რომ შევაჯეროთ საპარლამენტო ოპოზიციის მიდგომა ისევე, როგორც სამოქალაქო სექტორმა წარმოგვიდგინა პოზიცია ამ საკითხებზე. ჩვენსა და სამოქალაქო სექტორის ხედვებს შორის განსხვავება ფუნდამენტური არაა, სხვაობა შეიძლება, მხოლოდ მიდგომებში იყოს.

- ამ საკითხებზე რომელი საპარლამენტო პარტიები მუშაობთ?

- ეს პროექტი აბსოლუტურად ყველა პარტიასთან ერთად დავიწყეთ და შემიძლია, ვთქვა, ვინ არ იყო შეხვედრებზე - ეს არის ელისაშვილის პარტია და „გირჩები“. მოვიდნენ პირველ შეხვედრაზე, თუმცა მას შემდეგ აღარ მოსულან.

- „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია მწვავედ გაკრიტიკებთ. ყველას მოუწოდებს, მარტო დაგტოვონ ამ პროცესში, რადგან მისი თქმით, შესაძლოა, ხელისუფლების საქმეს აკეთებდეთ... რას უპასუხებთ?

- ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უპასუხა, რომ არავინ გამიჯვნია ჩვენს წამოწყებას. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ხელისუფლების საქმის კეთება ოპოზიციის ოპოზიციონერობაა. უმეტესად შეიძლება, საერთოდ არ ვეთანხმებოდე მის გადაწყვეტილებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არასდროს ვაკრიტიკებ, რადგან პირველი პრინციპი ისაა, რომ ოპოზიცია ოპოზიციის მხარეს უნდა იყოს.

ამ ქვეყნის პირველი მტერი „ქართული ოცნებაა“ და ნებისმიერი აყალ-მაყალი და უერთიერთთავდასხმები ოპოზიციაში ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. ასე რომ, თავად განსაჯოს საზოგადოებამ, ვინ ვის საქმეს აკეთებს.

- ცოტა ხნის წინ, მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთეთ და თქვით, რომ თქვენს პარტიაში ხელისუფლება ე.წ. ინფორმატორებს ნერგავს. რას გულისხმობდით და რა ინფორმაცია გაქვთ ამ საკითხზე?

- „ტვ პირველზე“, ნოდარ მელაძის გადაცემაში იყო საუბარი აშშ-ის ელჩის უკანონო მოსმენასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ჩემს პირად თვალთვალზეცაა საუბარი, ორი კომპინენტისგან შედგება და მეორე საკითხია ის, რომ ჩვენი პარტიის ახალგაზრდულ ფლანგში ვიღაც ჰყავდათ, რომელმაც გადაუგზავნა „სქრინი“. ვფიქრობ, სუფთა „კაგებეშნიკური“ მეთოდია, როცა ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს „აფუჭებენ“ და ასეთ დასმენით საქმიანობაში მიჰყავთ.

ამასთან, როგორც ჩანს, პირველ საფრთხედ აშშ-ის ელჩს აღიქვამენ და ასევე, ჩემი შეხვედრებიც აშშ-ის ელჩთან მათთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. სამწუხაროდ, ეს არის დამადასტურებელი ფაქტი იმ დანაშაულებრივი სისტემისა, რაც ქვეყანაშია.

- ბატონო გიორგი, მოდი, დავუბრუნდეთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას... ევროპის მიერ მოთხოვნილ პუნქტებში პირველივე დეპოლარიზაციის დასრულებას გულისხმობს და თქვენი გადაწყვეტილება, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად დაგეწყოთ ამ გეგმაზე მუშაობა, შესაძლოა, ვინმემ ისე აღიქვას, რომ თავად არ ასრულებთ ჩვენი პარტნიორების პირველსავე მოთხოვნას. ამიხსენით, რატომ განაცხადეთ მკაცრი უარი ხელისუფლებასთან ერთად ამ გეგმის შემუშავებაზე?

- თათია, აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ იმ ადამიანებს პროცესების თანმიმდევრული დანახვის პრობლემა აქვთ, ვინც „ქართულ ოცნებას“ ეთანხმება, თუმცა მგონია, რომ ასეთები ცოტანი არიან. თანამშრომლობაზე უარი განაცხადა „ქართულმა ოცნებამ“... დღესაც, ფაქტობრივად, მოწვეულად ითვლება რიგგარეშე საპარლამენტო სესია და კონსტიტუციის, პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით, ამ სხდომაზე არ მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და არც გახსნეს ეს სხდომა. შესაბამისად, ოპოზიციამ საერთო ფორმატში, 47 ხელმოწერით, შესთავაზა „ქართულ ოცნებას“ სამუშაო ფორმატი, რომელიც მისაღებია ყველასთვის, რაც გულისხმობს კომიტეტებსა და სესიებზე განხილვას. ამაზე უარი განაცხადეს და წინაპირობები დააყენეს, რომ დეოლიგარქიზაცია ბიძინა ივანიშვილს არ ეხება; დეპოლარიზაცია ოპოზიციის გაჩუმებაა; სასამართლოში კლანი არ გვყავს და ქვეყანაში კორუფცია არ არის - ამ წინაპირობების გათვალისწინებით, მოდით და ვისაუბროთ არაფორმალურ გარემოშიო.

ჰოდა, აბსოლუტურად ადეკვატურია, რომ ჩვენ არაფორმალურ გარემოში არ ვაპირებთ „ქართულ ოცნებასთან“ საუბარს, რადგან არაფერი მაქვს არაფორმალურად სალაპარაკო. არის კონკრეტული 12 პუნქტი, რომელსაც სჭირდება კონკრეტული რეფორმები და შესაბამისად, ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა, რადგან ვიღაცამ ხომ უნდა დაწეროს ეს კანონები? - „ქართული ოცნება“ არაფერს დაწერს ისეთს, რომელიც კანდიდატის სტატუსს მოგვიტანს - ეს ყველამ იცის. ყველა, ვინც შევიდა კომისიაში, ისინიც ამბობენ, ვიცით, რომ არაფერს გააკეთებს ხელისუფლებაო... ასე რომ, პოლიტიკურმა ძალამ - „ქართულმა ოცნებამ“ გამოუცხადა ბოიკოტი საპარლამენტო სესიებს და არა - ჩვენ.

- ევროპარლამენტარებს ხშირად ხვდებით და საინტერესოა, თუ გაქვთ მათთან საუბარი იმაზე, თუ სად გადის ზღვარი პოლიტიკურ დეპოლარიზებასა და სწორ ოპონირებას შორის, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ თანხმდება გარკვეულ საკითხებზე?

- ვფიქრობ, ევროპარლამენტარები ამას საჯაროდ არ იტყვიან, მაგრამ ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ორი „დე“-ს დასრულების მკაფიო გზა არის დეოლიგარქიზაცია. როგორც კი ეს განხორციელდება, მოხდება დეპოლარიზაციაც. სანამ ჩვენს ქვეყანაში არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებას ინარჩუნებს ხელოვნურად პოლარიზებული გარემოთი, მანამდე არაფერი მოხდება. ბოლო 10 წლის განმავლობაში მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიები ყველა კრიტიკულ სიტუაციაში აწყობილი იყო იმაზე, როგორ დაეპირისპირებინა ერთმანეთისთვის ხალხი - იყო ბანერები წარწერით „სისხლისმსელები“, ნეგატიური კლიპები და ა.შ. ამიტომ, მთავარი პოლარიზატორი „ქართული ოცნებაა“, რომელსაც არაფერი გაუკეთებია ქვეყანაში ან იმდენად ცოტა გააკეთა, რომ თუ დეპოლარიზება მოხდება, ავტომატურად დაკარგავს ხელისუფლებას. შესაბამისად, მმართველი ძალის სასიცოცხლო ინტერესია, რომ პოლარიზებული გარემო შეინარჩუნოს. თუნდაც, გუშინ მიხეილ სააკაშვილზე იყო საუბარი, აპირებს თუ არა ის პოლიტიკიდან წასვლას და მაშინვე ჩაირთო კამპანია, არასდროს წავა პოლიტიკიდანო... იმიტომ, რომ ეს პოლარიზებული გარემო, სადაც „მტრის ხატები“ აქვთ შექმნილი ოპონენტებისგან, რამენაირად შეინარჩუნონ. ფიქრობენ, რომ თუ ეს გამოეცლებათ, ვეღარასდროს იქნებიან ხელისუფლებაში.

- რადგან სიტყვამ მოიტანა, გკითხავთ - მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე რა მოსაზრება გაქვთ? როგორ იმოქმედებს ეს ოპოზიციის მდგომარეობაზე?

- ეს არ იქნება მარტივი საკითხი. გვინდა თუ არა, მოგვწონს თუ არა, მიხეილ სააკაშვილს უდიდესი გავლენა აქვს ქართულ პოლიტიკაზე, ჰყავს ბევრი მხარდამჭერი და მისი პარტიის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მის პერსონალურ პოზიციაზე. ამიტომ, ვფიქრობ, ეს საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს პოლიტიკურ ლანდშაფტში, თუ ნამდვილად ისე განვითარდა პროცესი, როგორც თავად ამბობს.

- უარყოფით ცვლილებებს გულისხმობთ თუ დადებითს?

- ვისაც ეუბნებოდნენ, რომ მიშას გამო, „ქართულ ოცნებას“ უნდა მისცე ხმაო, ისინი დამშვიდდებიან. მეორე მხრივ, შეიძლება დემოტივაცია გამოიწვიოს იმ ადამიანებში, რომლებიც მის გამო დადიოდნენ არჩევნებზე. ასე რომ, რთული სათქმელია... ყველაფერს პოლიტიკური პროცესი გვიჩვენებს, ჯერ ეს ფაქტი არ შემდგარა და დაველოდოთ... ამ ადამიანს მართლა დიდი პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, საბოლოო ჯამში.