რატომ დაიჭირეს სპეცსამსახურის გავლენიანი ექსმაღალჩინოსანი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხმაურიანი დაკავება

 

გოგაშვილის ქეისი

 

ავტორი: ნინო დოლიძე

 

ის, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი დაიჭირეს, მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. ალბათ, თავად ექსმაღალჩინოსანიც ხვდებოდა, რომ მისი, როგორც იტყვიან, ბოლო, სწორედ გისოსები იქნებოდა, მაგრამ ბევრს აქვს კითხვა - რატომ დაიჭირეს გოგაშვილი იარაღის უკანონო შენახვა-შეძენის, ასევე, პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება-შენახვის ბრალდებით და არა იმ გახმაურებული საქმეების გამო, რომელ საქმეებზეც საზოგადოებაში, წლების განმავლობაში, ათასგვარი ხმა ვრცელდებოდა? ზოგადად, გამოძიებას მხოლოდ ტაქტიკა და სტრატეგიაც აქვს. აქედან გამომდინარე, ალბათობის დაშვება, რომ გამოძიების პროცესში ექსმაღალჩინოსანს ბრალდება დაუმძიმდეს, ან ახალი ბრალდება დაემატოს, რა თქმა უნდა, შეიძლება.

 

სხვათა შორის, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, იოსებ გოგაშვილის შესახებ განცხადება მისი დაკავებიდან მეორე დღეს გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილს, 2015-2018 წლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე, პირად და პერსონალურ მონაცემებზე. იოსებ გოგაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ზემოაღნიშნული მონაცემები პირადი მიზნებისთვის გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, რომელთაგან ნაწილი ინფორმაცია იოსებ გოგაშვილის მონაწილეობით გავრცელდა საჯაროდ,  რამაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი  გამოიწვია. გარდა ამისა, შეიქმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე.

ჩატარებული გამოძიების შედეგად, აგრეთვე დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი და  საბრძოლო  მასალა, საიდანაც ორი იარაღი იყო გაუფორმებელი, ხოლო სამი გაფორმებული ახლო ნათესავის სახელზე, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი  იარაღისა და  საბრძოლო  მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან, სასამართლოს განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი“.

ბრალდებას დაკავებული, რასაკვირველია, არ იზიარებს. უფრო მეტიც, სასამართლო დარბაზში გოგაშვილმა რამდენიმე სკანდალური განცხადება გააკეთა და, პრინციპში, ღიად თქვა, რომ პოლიტიკური ნიშნით დააკავეს და ამის ერთ-ერთ მიზეზად სუს-ის ექსმაღალჩინოსანმა ის დაასახელა, რომ საპატრიარქოში ჩანერგილი უცხო ქვეყნის აგენტურა ამხილა.

ახლა, სიმართლე რომ ვთქვათ, აგენტურის შესახებ ინფრომაცია სხვა დროსა და სხვების მიერაც გავრცელებულა, მაგრამ ამის გამო არავინ დაუჭერიათ.

აბა, რატომ თვლის გოგაშვილი, რომ პოლიტიკური ნიშნითაა დაჭერილი?

ოპოზიცია ამბობს, რომ გოგაშვილმა სისტემის მხილება დაიწყო და პოლიტპატიმარიც ამიტომაა. სუს-ის უფროსის ყოფილი მოდგილის დაკავებაზე კომენტარი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამაც გააკეთა და თქვა, რომ გოგაშვილმა პასუხი იმ ბრალდებების გამო კი არ უნდა აგოს, რაც წაყენებული აქვს, არამედ, სამართლიანი იქნება, მისი შვილის, თემირლანის წინააღმდეგ ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაციის გამო დაისაჯოს.

ისე, გოგაშვილს ე.წ. ციანიდის საქმის არქიტექტორადაც მიიჩნევენ. ყოველ შემთხვევაში, დეკანოზ მამალაძის ოჯახი ასე ფიქრობს და პატიმრობაში მყოფი სასულიერო პირის ძმაც მიიჩნევს, რომ გოგაშვილმა პასუხი „ციანიდის“ გამო უნდა აგოს.

ასეა თუ ისე, სოსო გოგაშვილი სპეცსამსახურის პირველი ექსმაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო წლებში, გისოსებს მიღმა პირველად აღმოჩნდა. რით დამთავრდება ეს ეპოპეა, ჯერჯერობით, არავინ იცის, თუმცა რაც უნდა იყოს, პრეცენდენტი სახეზეა - „ოცნებამ“ ის ადამიანი დაიჭირა, რომელიც არცთუ შორეულ წარსულში, ხელისუფლების სული და გული თუ არა, გავლენიანი წარმომადგენელი მაინც იყო.

ასე რომ, გოგაშვილის ქეისი ბევრისთვის, ალბათ, მაგალითი უნდა იყოს...