გიორგი სანაიას მკვლელობის 21-წლიანი საიდუმლო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვის ემალებოდა მკვლელობის დღეს ჟურნალისტი, რატომ მოკლეს პრეზიდენტის დაცვის წევრი და რა პირობა მისცა საკუთარ თავს ძმის ცხედართან მდგარმა ვახო სანაიამ

ავტორი: ნინო დოლიძე

 

ზუსტად 21 წლის წინ, 2001 წლის 26 ივლისს, საზარელი ამბავი გავრცელდა - სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაჩნდა წარწერა - „გიორგი სანაია დაიღუპა“. გიორგი იმხანად ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტი იყო და შესაბამისად, ზემოხსენებულმა წარწერამ მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო. შოკს გაურკვევლობაც აძლიერებდა ანუ კარგა ხანს, ეკრანზე მხოლოდ ეს სამი სიტყვა ჩანდა და არავინ, ან თითქმის არავინ იცოდა, რა მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ, პირველი ცნობები გავრცელდება და ეჭვიც გაჩნდება, რომ ჟურნალისტის მკვლელობის  მიზეზი პირადი უთანხმოება იყო. მერე, ისიც გაცხადდება, რომ გიორგიმკვლელი, თითქოს, ვინმე გრიგოლ ხურცილავა. არადა, არც მაშინ და არც ახლა ეჭვი თითქმის არავის ეპარება, რომ გიორგის მკვლელობა პირად ურთიერთობებს არ უკავშირდებოდა... მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ორი ხელისუფლება შეიცვალა, არავის უცდია, ბოლო წლების ამ ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი და სკანდალური მკვლელობისთვის ნათელი მოეფინა.

 

სხვათა შორის, ენმ-ს ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, მოკლული ჟურნალისტის ოჯახმა პროკურატურას მკვლელობის გამოძიება მოსთხოვა, თუმცა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურისგან ასეთი პასუხი მიიღო, სასამართლო გადაწყვეტილება ძალაშია შესული და თუ ახალი გარემოება არ აღმოჩნდება, გამოძიება არ განახლდებაო.  

ისე, სააკაშვილის მმართველობის დროს, ყველაფერი „ცოტა“ გასაგები იყო, გასაგები თუნდაც იმიტომ იყო, რომ თავის დროზე ითქვა, ჟურნალისტის მკვლელობით რეფორმატორები ხალხის ქუჩაში გამოყვანას, რევოლუციის მოწყობასა და შევარდნაძის ხელისუფლების დამხობას გეგმავდნენო ანუ გამოდის, რომ გიორგი სანაია, რომელსაც იმხანად ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა და მოსახლეობის ნდობითაც სარგებლობდა, გაწირეს?!

მაინც, როგორ ვითარებაში მოკლეს გიორგი სანაია? - ეს შეკითხვა დღემდე ბევრს აწუხებს და დღემდე ყველაზე სანდო, ნარკობიზნესთან დაკავშირებული ვერსიაა.

გასათვალისწინებელია, თავის დროზე, „ნომერ პირველ ტერორისტად“ შერაცხული, შოთა ჭიჭიაშვილის აზრიც, რომლის თქმითაც, გიორგი სანაიას მკვლელობა „ნაცმოძრაობას“ უკავშირდება. ეს კი იმისთვის გააკეთეს, რომ კიდევ ერთი დარტყმა მიეყენებინათ შევარდნაძის რეჟიმისთვის.

კიდევ ერთი დეტალი: სააკაშვილის ხელისუფლებას არასოდეს გამოუთქვამს აზრი სანაიას მკვლელობის ალტერნატიულ დეტალებზე... ერთი სიტყვით, ყველა გზას ნარკოტიკებთან მივყავართ.

ერთ-ერთი ბოლო ვერსია ცნობილ ჟურნალისტს, აწ განსვენებულ კლარა აბრამიას ეკუთვნის, რომელმაც სანაიას მკვლელობაში ღიად დაადანაშაულა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი, კახა თარგამაძე. აი, რა განაცხადა კლარა აბრამიამ ერთ-ერთ ინტერვიუში:

სანაიას ჰქონდა სერიოზული მასალები და ვოდეოფირები, როგორ შემოდიოდა ავღანეთიდან, ბაქოს გავლით, თბილისში დიდძალი ნარკოტიკი, როგორ ასაწყობებდნენ მას მაუდკამვოლის ფაბრიკის სარდაფებში და შემდეგ, ბათუმიდან როგორ გაჰქონდათ გემებით. ყველაფერ ამას ხელმძღვანელობდა კახა თარგამაძე, ხოლო გიორგი სანაია იძიებდა ამ საქმეს. შუა აზიაშიც კი იყო ჩასული ამის გამო და სერიოზული მასალები მოაგროვა. სწორედ ამას შეეწირა გიორგი სანაია.

მაინც, რა იცოდა გიორგი სანაიამ? - იმისთვის, რომ მის გარშემო განვითარებული მოვლენების სრული სურათი დავხატოთ, უნდა გავიხსენოთ ყველა ცნობილი დეტალი, რაც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ხდებოდა.

იმ დროისთვის პანკისის თემა ყველა ჟურნალისტისთვის საინტერესო იყო და, ბუნებრივია, გიორგი სანაიაც ამ ჟურნალისტების რიცხვში შედიოდა. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, გადაცემა „ღამის კურიერში“, პანკისიდან ადგილობრივი ვეფხია მარგოშვილი ჩაერთო და გიორგის უთხრა, თუ პანკისის შესახებ ბევრი რამ გაინტერესებთ, ეთერს მიღმა ვისაუბროთო. შუამავლად დასახელდა ელენე თევდორაძე, რომელიც ამ დროს სტუდიაში იმყოფებოდა.

როგორც შემდეგ გაირკვა და ელენე თევდორაძემ სასამართლოს განუცხადა, ვეფხია მარგოშვილმა, მართლაც, გამოატანა ვიდეოკასეტა გიორგი სანაიასთან. კასეტის გადაცემა პარლამენტის ფოიეში, მაშინდელი ჟურნალისტისა და ახლანდელი პოლიტიკოსის, ირმა ნადირაშვილის თანდასწრებით მოხდა. სწორედ იმ ღამეს მოკლეს გიორგი სანაია...

რა ინფორმაცია იყო ამ კასეტაზე? - ეს მოგვიანებით, სანაიას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი და აი, როგორ:

ვეფხია მარგოშვილი იმ დროისთვის გამომავალ ერთ-ერთ გაზეთს დაუკავშირდება და განუცხადებს, რომ კასეტაში დასახელებული იყო პოლიციის მაღალჩინოსნებისა და ყველა იმ ძალოვანი მინისტრის გვარი, რომლებიც პანკისის ნარკობიზნესს აკონტროლებდნენ და პანკისელ პარტნიორებთან, ჩეჩნეთიდან დაძრული საქონლის წილების გაყოფაზე ჰქონდათ დავა.

ამ გაზეთს მარგოშვილი დაჰპირდება, რომ კასეტის ასლს სანდო პირის დახმარებით მიაწვდის, მაგრამ არ დასცალდება - საკუთარ ეზოში, დისტანციური ბომბით ააფეთქებენ.

სხვათა შორის, დრო რომ გავა, იტყვიან, ვიდეოკასეტის შინაარსი კიდევ ერთმა ჟურნალისტმა იცოდა, რომელიც გააფრთხილეს კიდეც, ყველაფერი ცუდად  დამთავრდებაო და განზე გადგომა ურჩიეს. ინფორმაცია მოვლენების ცუდად განვითარების შესახებ კი „გარეთ“, თურმე, მაშინდელი პრეზიდენტის დაცვის ერთ-ერთმა წევრმა, ი.ჩ.-ძემ გამოიტანა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქმე მის ახლობელს ეხებოდა. ინფორმატორი, რომელიც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, ამ ამბავს უკავშირებს ი.ჩ.-ძის ჯერ სამსახურიდან გაშვებას და შემდეგ, გაურკვეველ ვითარებაში მკვლელობას - საკუთარ ეზოში ჩაცხრილეს.

ერთი სიტყვით, როგორც ჩანს, გიორგი სანაიაზე სიკვდილამდე ნადირობდნენ. როგორც მისი ყოფილი თანამშრომლები იხსენებენ, სიკვდილის დღეს, გიორგი ვიღაცას ემალებოდა. ერთ-ერთი თანამშრომლისთვის ისიც კი უთქვამს, ისე დაჯექი, არავინ შემამჩნიოსო.

კიდევ ერთი დეტალი: სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, გიორგი სანაია ბათუმში, თურმე, ასლან აბაშიძის უშიშროების სამსახურის უფროსს, სოსო გოგიტიძეს, ასლან და მურად სმირბებსა და გიორგი თარგამაძეს შეხვდა. ეს იყო საიდუმლო შეხვედრა, რომელიც ბათუმის „ბუნგალოში“ შედგა და რომელსაც შემთხვევით, ადგილობრივი ჟურნალისტი შეესწრო. მაშინ, როცა ეს ამბავი გახმაურდა, გიორგი უკვე ცოცხალი აღარ იყო, ასლან სმირბამ კი, წერილობითი ახსნა-განმარტება გამოუგზავნა გამოძიებას, სადაც წერდა, რომ შეხვედრა გადაცემის დასაგეგმად შედგა.

ისე, ითქვა ისიც, რომ „რუსთავი 2“-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა აწ განსვენებულ ჟვანიაზე ნაწყენი იყო და დაფინანსებას ასლან აბაშიძისგან ელოდა... მიუხედავად ამისა, არავის გასჩენია ეჭვი, თუ რა უნდოდათ შეხვედრაზე ძმებ სმირბებსა და სოსო გოგიტიძეს, რომლებსაც აჭარაში „ნარკომამებს“ ეძახდნენ.

წრე ლოგიკურად იკვრება: ყველა ფაქტი მიანიშნებს, რომ ჟურნალისტის მკვლელობა სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულის მისაჩქმალად დაიგეგმა. შესაბამისად, თუ პოლიტიკური ნება არ იქნება, საქმის გამოძიება არასდროს მოხდება. ეს რომ ასეა, ამის მაგალითად, თუნდაც კიდევ ერთი ქართველი ჟურნალისტის, უკრაინაში მოღვაწე გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმეც გამოდგება...

სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილმა წევრმა, კონსტანტინე ციხისთავმა, რომელიც იმხანად სასჯელს იხდიდა, განაცხადა, რომ სანაია მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დავალებით მოკლეს. ციხისთავი იმასაც ამბობდა, რომ ჟურნალისტის მკვლელობის ფალსიფიცირებული მოტივი წინასწარ, ჯერ კიდევ გიორგი სანაიას სიცოცხლეში შეიქმნა, 26 წლის ახალგაზრდა კი შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა.

რაც შეეხება მკვლელობისთვის გასამართლებულ გრიგოლ ხურცილავას, ციხისთავის მტკიცებით, დანაშაული ამ უკანასკნელმა დიდძალი ვალისა და პრობლემების გამო აიღო. მაშინდელმა ხელისუფლებამ კი რეზონანსული საქმისთვის ვექტორის შეცვლა მოახერხა.

საბოლოოდ, ყოფილი პოლიციელი სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მოტივით გაასამართლეს.

2013 წელს, გიორგი სანაიას მკვლელობაში ბრალდებულს ამნისტია შეეხო და საპყრობილე დატოვა.

ციხისთავი ირწმუნება, რომ „გრიცკო“ მათ ბანდას საქმეებს აძლევდა, რადგან საკუთრების დაცვის სამმართველოში მუშაობდა და კარგად იცოდა უცხოელების გადაადგილების მარშრუტი. პატიმრის მტკიცებითვე, ხურცილავა მაშინაც მორიგე იყო, როცა ესპანელი ბიზნესმენები გაიტაცეს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სანაიას საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, ყოფილი დეპუტატი ელენე თევდორაძეა, რომელმაც კონსტანტინე ციხისთავის ზემოხსენებული ხმაურიან ბრალდებების მერე განაცხადა:

კითხვები მაქვს და დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სად დაიკარგა კასეტა, რომელიც სანაიას პირადად გადავეცი?! პირადად მე ვიყავი მარგოშვილის სახლში, პანკისში ასული. მაშინაც კახეთიდან ქალბატონი იყო გატაცებული, საბოლოოდ, გატაცებული მარგოშვილმა, მართლაც, გაუშვა და სწორედ მაშინ გადმომცა აღნიშნული კასეტა, ნამდვილად არ მახსოვს, რა შინაარსის ინფორმაცია იყო, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ რაღაც ნარკოტიკებზე იყო საუბარი, რომელშიც შს სამინისტროს წარმომადგენლები ფიგურირებდნენ... კასეტაში შს სამინისტროს კონკრეტული წარმომადგენლების გვარ-სახელები იყო დასახელებული. ისინი ყველაფერზე წავიდოდნენ, რომ კასეტა ტელეეთერით არ გასულიყო“...

 

 

***

აქვე, გთავაზობთ ამონარიდებს გიორგი სანაიას ძმის, ჟურნალისტ ვახო სანაიას ინტერვიუდან, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ქართულ გამოცემას მისცა:

 

- გიორგის სასაფლაოს ჰყავს მომვლელები, მაგრამ საფლავის მოვლას დედა არავის ანებებს და აქაურობა ყოველთვის მოწესრიგებულია. დღე არ გავა, დედ-მამა აქ არ ამოვიდნენ. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მეც ხშირად ამოვდივარ, ოღონდ, ან ძალიან ადრე, ან - გვიან, დროს არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. აქ ღამის პირველ საათზეც ამოვსულვარ... 26 ივლისს, საფლავზე, ჩვენი ოჯახის წევრებისა და გიორგის მეგობრების გარდა, სრულიად უცხო ადამიანებიც ამოდიან, ისინი, რომლებიც მას მხოლოდ უყურებდნენ და უსმენდნენ. ეს ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია და მინდა, მათ დიდი მადლობა ვუთხრა.

- რა გრძნობა გეუფლება, როცა ძმის საფლავზე ამოდიხარ?

- ისეთი შეგრძნებაა, რომ მასთან მაქვს შეხება. საფლავს აქვს იმის დატვირთვა, რომ ყველაფერი არ იკარგება ცხოვრებაში... მოხვალ, დაელაპარაკები და იმ დროს, თითქოს, ის შენთანაა, შენს გვერდით. ხშირად შემიმჩნევია, დედა გიოს ხმამაღლა ელეპარაკება.

- ვახო, როგორი ძმობა გქონდათ შენ და გიორგის?

- გიო 10 წლით უფროსი იყო ჩემზე, მაგრამ არასდროს უგრძნობინებია, რომ ჩემზე დიდი იყო და ამის გამო უპირატესობა ჰქონდა. მას ყოველთვის შეეძლო კარგი რჩევის მოცემა. გარდა იმისა, რომ ძმები ვიყავით, მირჩევდა, რა წიგნი წამეკითხა და როგორ მიმეღო გადაწყვეტილება, მასწავლიდა, როგორ მოვქცეულიყავი ამა თუ იმ სიტუაციაში, ურთიერთობაში. უხეშად რომ ვთქვა, კაცობას მასწავლიდა.

- ბოლოს როდის ნახე?

- მე და ჩემმა ოჯახმა გიო მკვლელობამდე ხუთი დღით ადრე ვნახეთ. 21 ივლისს, ბათუმში მიდიოდა და ჩვენთან, სამტრედიაში შემოირბინა, წაიხემსა და ფული დამიტოვა. ბათუმიდან პირდაპირ თბილისში დაბრუნდა. მას შემდეგ აღარ გვინახავს.

- რას ნიშნავს, იყო გიორგი სანაიას ძმა?

- გარდა იმისა, რომ კარგია, ასეთი სანიმუშო ძმა გყავს, ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა და როცა რაღაც ნაბიჯს დგამ, ასჯერ უნდა გაზომო. ყოველთვის გიტრიალებს აზრი, რომ შენ რაღაცების უფლება შეიძლება არ გქონდეს. გიომ დიდი სახელი დატოვა ამ ქალაქში, რაც დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმის უფლებას არ მაძლევს. ეს პასუხისმგებლობა მეხმარება, რომ უფრო მაგარი ვიყო. ამ ადამიანმა თავისი ცხოვრებით, შემდეგ კი გარდაცვალებით, დიდი როლი ითამაშა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში.

- წლების შემდეგ, როდესაც გადააფასე ყველაფერი, რა დასკვნა გამოიტანე - რატომ მოკლეს გიორგი სანაია?

- მაშინ 16 წლის ვიყავი, უკვე ყველაფერს მშვენივრად ვხვდებოდი და რა აზრზეც მაშინ ვიყავი, ახლაც იმავე აზრზე ვარ. წლების გასვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ მეტი გამოცდილება შევიძინე, მეტი ინფორმაცია მაქვს და კიდევ უფრო განმიმტკიცდა ის შეხედულება, რაც 2001 წლის 26 ივლისსვე ჩამომიყალიბდა - გიოს მკვლელობა პოლიტიკური იყო!

- შენი აზრით, ვის და რისთვის დასჭირდა პოპულარული ჟურნალისტის ლიკვიდაცია?

- ჯერ ერთი, ეს იმიტომ სჭირდებოდათ, რომ მისი პროფესიული საქმიანობისთვის შეეშალათ ხელი და ვიტყვი მთავარ მიზეზს: გიოს მოსყიდვა შეუძლებელი იყო, დაშინებაც. მე შეშინებული გიორგი არ მინახავს - არც ომში და არც ჟურნალისტიკაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ომია. ამ შემთხვევაში, რჩება მარტივი და ცუდი გამოსავალი - მკვლელობის შეკვეთა და ტყვია. შეიძლება, გიორგი ფიზიკურად გაანადგურეს, მაგრამ მის სახელს ვერაფერი დააკლეს, თუმცა ეცადნენ მისთვის ჩირქი მოეცხოთ. ყველა პოლიტიკური მკვლელობების შემთხვევაში, მკვლელები მსხვერპლის სახელის განადგურებაზეც ზრუნავენ. გიორგის გარდაცვალებიდან ამდენი წელი გავიდა და რომ ჰკითხოთ ნებისმიერ ადამიანს, ყველა დაადასტურებს, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა. ამ ისტორიაში ის არის ყველაზე მთავარი, რომ მის სახელს ვერაფერი დააკლეს.

- ითქვა ისიც, რომ ამ მკვლელობით, გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ეწადათ  ხალხში საყოველთაო მღელვარების აგორება და სარგებლის ნახვაო...

- ამ საკითხზე მარჩიელობას არ დავიწყებ. მოვა დრო, ეს საქმე გაიხსნება და ყველაფერს ნათელი მოეფინება. მე არ ვილაპარაკებ ვერსიებზე. ამას ერთადერთ შემთხვევაში გავაკეთებ - როცა მათ დასაბუთებას შევძლებ.

ერთი ვიცი, რომ საქმე გაიხსნება და ეს ძალიან მალე მოხდება. მე ეს პირობა ჩემს თავს და ოჯახს მივეცი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გიორგი სიონის ტაძარში იყო დასვენებული და მას პატრიარქმა აუგო წესი. სიმართლე გითხრათ, მაშინ არც მქონდა იმის ილუზია, რომ ეს საქმე გაიხსნებოდა, პოლიტიკური მკვლელობები ასე მარტივად არ იხსნება. მე არ მჩვევია ჰაერზე ლაპარაკი იმაზე, რისი შესრულების იმედიც არ მაქვს. ზუსტად რომელ დღეს, ვერ გეტყვით, მაგრამ გპირდებით, რომ სასამართლო მალე გაიმართება.

- გულში თუ გაქვს ხინჯად ის დეტალი, რომ გიორგიმ სახლის გასაღები ტელეკომპანია რუსთავი 2-ში დაკარგა?

- გასაღები, მართალია, დაიკარგა, მაგრამ სად, როდის და როგორ - ეს გამოსაძიებელია, ზუსტად არავინ არაფერი იცის. ამ ვერსიას მე ვერ გავიზიარებ. რა ეჭვებიც არსებობს, მათ დასაბუთება უნდა. ეჭვისა და ვარაუდის დონეზე კი დასკვნებს ვერ გავაკეთებ. „რუსთავი 2“-ის პირველ შემოთავაზებაზე, იქ გადავსულიყავი, უარი ვთქვი იმიტომ, რომ ვმუშაობდი „მზეში“. „კურიერის“ წამყვანად ექვსი წლის შემდეგ მივედი. იმ დროს ტელეკომპანიაში უკვე სხვა ადამიანები დამხვდნენ. რომ მცოდნოდა, ვიღაცამ გიოს გასაღები მოპარა, მასთან ერთად, რა თქმა უნდა, არასდროს ვიმუშავებდი. როცა მქონდა კარგი შემოთავაზება, ხელიდან რატომ უნდა გამეშვა?

- შენი აზრით, რატომ გამოიყენა დამკვეთმა შემსრულებლად მაინცდამაინც გრიცკო, თქვენი ყოფილი რძლის ნათესავი? მართალია, მან აღიარა დანაშაული, მაგრამ შენი აზრი მაინტერესებს, მოკლავდა თუ არა ის გიორგის?

- ამას არ გამოვრიცხავ, ვინაიდან არსებობს მყარი არგუმენტები. ერთი ის, რომ პოლიციელი ხურცილავა გათავისუფლებული იყო სამსახურიდან და მას რატომღაც არ ჩამოართვეს ტაბელური იარაღი, რომელიც თან დაჰქონდა. ამასთან, მას ჰქონდა დიდი ვალები და პრობლემები. დღეს ეს პრობლემები მას რატომღაც მოხსნილი აქვს. აქედან მარტივია დასკვნის გამოტანა, მაგრამ მან გამოკრა თუ არა სასხლეტს ხელი, ამაზე ლაპარაკი ძნელია, თუმცა პოლიციელია და ეხერხება სროლა. არის მეორე ვარიანტიც, რომ მან მკვლელობა საკუთარ თავზე აიღო და ამ ყველაფრის შემდეგ მოუგვარეს მას პრობლემები, თუმცა ეს არ ამსუბუქებს ხურცილავას დანაშაულს. მან უარესი, უფრო მძიმე დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როდესაც გიორგიზე ბინძური რაღაცები თქვა, ამას ვერც კი აცნობიერებს. ხურცილავა მერეც დაისჯება, ამაში დარწმუნებული ვარ.

 

***

ერთი სიტყვით, 2001 წლის სისხლიანი 26 ივლისიდან 21 წელი გავიდა და კითხვაზე პასუხი - რატომ მოკლეს გიორგი სანაია, მაინც არ არსებობს. ვის არ აწყობს ცნობილი ჟურნალისტის საქმის გახსნა? - ესეც რიტორიკული კითხვაა, თუმცა ვინაიდან არა არს დაფარული, რომელიც არა გაცხადდეს, უნდა ვივაურაუდოთ, რომ ადრე თუ გვიან, ნათელი გიორგის მკველობასაც მოეფინება და საზოგადოება გაიგებს, რა მოხდა 2001 წლის 26 ივლისს...