სახელმწიფო აუდიტორები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით დაინტერესდნენ

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა ხარვეზები გამოიკვეთა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერ სახელმწიფო პროგრამებში და რატომ უჭირთ მცირე მეწარმეებს საბანკო კრედიტების მოპოვება

 

მაკა რუხაძე

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) განვითარებით დაინტერესდა. ამიტომ აუდიტის დასკვნა, რომელიც 2014-2021 წლებს მოიცავს და უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ეხება, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, სამინისტროს ქოლგის ქვეშ არსებული სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ იმ პროგრამებს, რომლებიც მეწარმეობის ხელშესაწყობად შეიქმნა. სახელმწიფო აუდიტორებმა სწორედ ამ ღონისძიებების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა შეიწავლეს. აუდიტის ფარგლებში, შეფასდა პროგრამის ინდუსტრიული მიმართულება, რომლის ძირითადი კომპონენტია − მეწარმეების მიერ ახალი საწარმოების შექმნის ან/და არსებული საწარმოების გაფართოება/გადაიარაღების მიზნით აღებული სესხების საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება.

 

SME-ს საბანკო კრედიტების მოპოვება უჭირს

ვიდრე აუდიტის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებს განვიხილავთ, შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი კერძო სექტორის განვითარება, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერაა. 2016 წელს, დამტკიცდა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია, რომლითაც მხარდაჭერის შესაბამისი მიმართულებები განისაზღვრა.სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომლის ძირითად ფუნქციას მეწარმეობის, განსაკუთრებით,SME-ის მხარდაჭერა წარმოადგენს, 2014 წელს შეიქმნა. სააგენტო ამავე დასახელების პროგრამას - „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული პროგრამების დაგეგმვასა და მონიტორინგს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აწარმოებს. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ მცირე და საშუალო საწარმოები (SME) მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებაში. კარგად განვითარებული SME-ის სექტორი უზრუნველყოფს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, ეკონომიკის ზრდას და ხელს უწყობს ქვეყნის კეთილდღეობის დონის ამაღლებას. განახლებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი საწარმოების 99.7% SME-ს მიეკუთვნება.თუმცა, მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, SME-თვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა, რადგან სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, SME-ში მაღალია ისეთი კომპანიების წილი, რომელთაც საბანკო კრედიტის მოპოვება უჭირთ.

 

ხარვეზები მეწარმეთა საჭიროებებზე გათვლილ პროგრამებში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ SME-თვის ფინანსებზე წვდომის მიმართულებით, ძირითადი საჭიროებები იყო: ახალი საწარმოების/„სტარტაპების“დაფინანსების მექანიზმების განვითარება; მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიმართულებით დახმარება იმ საწარმოებისათვის, რომელთაც შედარებით მეტად აწუხებდათ ეს პრობლემა; ხელშეწყობა უზრუნველყოფის მაღალი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.

პროგრამის დიზაინით განსაზღვრული პარამეტრები ნაკლებად უწყობდა ხელს SME-ის პრიორიტეტული საჭიროებების მოგვარებას და არ ქმნიდა დამატებით ხელშეწყობის მექანიზმებს ისეთი კომპანიებისა და დარგებისათვის, რომელთა დაკრედიტებაც მოქმედი საბანკო სისტემის პირობებში მეტ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები სტარტაპებისდაფინანსებისაგან თავს იკავებენ, მნიშვნელოვანია,ამგვარ პროგრამას ჰქონოდა სტარტაპების დაფინანსების ხელშეწყობის დამატებითი მექანიზმები. პროგრამის დიზაინის მიხედვით, სტარტაპებისა და არსებული საწარმოების გაფართოების დაფინანსების მექანიზმები ერთმანეთისაგან არ განსხვავდებოდა. აქედან გამომდინარე, იქმნება რისკ, რომ პროგრამის ფარგლებში ვერ დაფინანსებოდნენ„სტარტაპები“, ხოლოპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული, ახლად შექმნილი საწარმოების უმეტესობა, მსხვილ კომპანიებთან აფილირებულნი იქნებოდნენ“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

გარდა ამისა, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდამჭერიპროგრამა არ ქმნიდა დამატებით სტიმულებს ქვეყანაში განუვითარებელი სექტორებისა და საქმიანობებისთვის იმ პირობებში, როდესაც კომერციული ბანკები უპირატესობას კარგად განვითარებული და ტრადიციული დარგების დაფინანსებას ანიჭებენ. სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გასაცემ სესხებზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები, მეტწილად, მეწარმე ფიზიკური პირებისა და შედარებით მცირე მოცულობის სესხების პარამეტრებით იყო განპირობებული. მიუხედავად ამისა, პროგრამის დიზაინი არ ითვალისწინებდა ფიზიკური პირებისა და შედარებით მცირე სესხების დაფინანსებას. ამასთან, პროგრამაში მონაწილებდნენ, როგორც მცირე და საშუალო, ასევე, მსხვილი კომპანიებიც კი!

სესხის უზრუნველყოფის მიმართულებით, პროგრამა სათანადოდ ვერ პასუხობდა კრედიტზე შეზღუდული წვდომის მქონე მეწარმეების საჭიროებებს. პროგრამა ითვალისწინებდა მხოლოდ მეორადი უზრუნველყოფის მექანიზმს, რაც, საჭიროების შემთხვევაში, კომერციული ბანკებისთვის დამატებითი უზრუნველყოფის გარანტიებს ქმნიდა, თუმცა ეს მექანიზმი მნიშვნელოვნად არ უმსუბუქებდა მეწარმეებს ბანკის მხრიდან მოთხოვნილი უზრუნველყოფის მოცულობას და მისი გამოყენების მაჩვენებლები დაბალი იყო. ამ მიმართულებით, დადებით ცვლილებას წარმოადგენს საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და 2020 წლიდან ამოქმედდა.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, მეწარმეთა საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის ხელშემშლელი ფაქტორებიდან აღსანიშნავია ქვეყანაში არსებულ მონაცემთა ნაკლოვანებები. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - „საქსტატის“, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული SME-ის განსაზღვრებები ერთმანეთისაგან განსხვავდება. თავის მხრივ, ეს ართულებს SME-ის განვითარებისადა მისი საჭიროებების რეალისტურ შეფასებასა და მონაცემების ეფექტიან გამოყენებას მეწარმეობის ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.

 

პანდემიის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს, როდესაც თითქმის ორი წლის მანძილზე, დროის გარკვეულ მონაკვეთებში, ქვეყნის ეკონომიკა ორჯერ დაპაუზდა ანუ „ლოქდაუნი“ ორჯერ გამოცხადდა, სწორედ პანდემიის საპასუხოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამის პარამეტრებიც საგრძნობლად შეიცვალა. კერძოდ, დაიწია პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო სესხის მოცულობის ქვედა ზღვარი, გაიზარდა დაფინანსებული საქმიანობების სახეები და დაფინანსების პერიოდი. ამასთან, პროგრამა უფრო მეტად ორიენტირებული გახდა მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებაზე.

„რაც მთავარია, პანდემიის პერიოდში, მნიშვნელოვნად გაიზარდა პროგრამაში მონაწილე კომპანიების რაოდენობა და მათ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობა.სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“, განახორციელა დროებითი დახმარების ღონისძიებები პანდემიით დაზარალებული ისეთი სექტორებისთვის, როგორებიცაა სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია; ფიტნეს-ცენტრები; საბავშვო ბაღები და ღონისძიების ორგანიზატორები.აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდშიამოქმედდა იპოთეკური კრედიტის მხარდაჭერის პროგრამაც“.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულმა მეწარმეთა გამოკითხვამ აჩვენა, დროებითი პროგრამების ბენეფიციარებისთვის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ ძირითად საჭიროებად რჩება. გარდა ამისა, დაბალია მეწარმეთა ინფორმირებულობა სააგენტოს მიერ, პანდემიის საპასუხოდ გატარებული პროგრამების შესახებ.