სპეციალისტები კორონავირუსის ძლიერ ტალღას ოქტომბერში აანონსებენ - იქნება თუ არა განხილული პირბადის ტარების ვალდებულება

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

5-ჯერ მომატებული კორონავირუსის შემთხვევა ბოლო 2 კვირის განმავლობაში. სპეციალისტები მეშვიდე, ძლიერ ტალღას აანონსებენ. გამოჩნდა ახალი შტამი, ეს არის ომიკრონის ორი ქვეტიპი, რომელიც აქამდე არ არსებობდა.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ შესაძლოა, ოქტომბერში კორონავირუსის ახალი, ცუნამის მსგავსი ტალღა იყოს მოსალოდნელი. მისი თქმით, ინფიცირების ამ ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, დახურულ სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობის საკითხი იყოს განხილული.

"შემოდგომაზე პიკის მოლოდინი, რეალურად, არსებობს, კონკრეტული თვეც არის დასახელებული - ოქტომბერი. შესაძლოა, შემოდგომაზე გველოდეს კორონავირუსის პანდემიის ახალი ტალღა, ცუნამის მსგავსი. ბევრი ფაქტორია, რომელიც ამ პროგნოზის საშუალებას გვაძლევს, პირველ რიგში ისევ და ისევ ახალი მუტაციები, რომლებიც გაცილებით მეტად გადამდები არის, რომლის წინააღმდეგაც დაცვითი ძალა ადრე გადატანილ კორონავირუსს არ აქვს. ერთი ადამიანი, ინფიცირებული ომიკრონის ამ ქვე-ვარიანტით, მის გარშემო 10-12 ადამიანს აინფიცირებს, ძალიან დიდი ციფრია.

შემთხვევათა მატების კვალდაკვალ, აუცილებლად მოიმატებს საავადმყოფოში მიმართვიანობა. თუ შემთხვევათა მატება, ამ ტემპით - გაორმაგებას ვგულისხმობ, გაგრძელდება, მაშინ, ალბათ, უახლოეს მომავალში შესაძლებელია ნიღბის ტარების აუცილებლობის საკითხი დახურულ სივრცეში იყოს განხილული," - აცხადებს ჩხაიძე.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე მოსახლეობას რეგულაციების დაცვის და ვაქცინირებისკენ მოუწოდებს.

"ვინაიდან ძალიან კონტაგიოზურია ეს ახალი შტამი, მოსალოდნელია სერიოზული გავრცელება, ამიტომ, აუცილებლად უნდა დავიცვათ, პირველ რიგში, უნდა ჩატარდეს ყველაზე ვაქცინაცია, ვინც არ არის ვაქცინირებული, ეს აუცილებელი პირობაა. გარდა ამისა - [საჭიროა] ნიღბის ტარება, არაა აუცილებელი, იყოს რეგულაციები და დასჯადი იყოს, ჩვენ ხომ ვიცით, ადამიანებმა, რომ შესაძლებელია დაგვემართოს და ამიტომ, მაქსიმალურად, თავშეყრის ადგილებში, სადაც ახლო კონტაქტები გვექნება - გამოვიყენოთ პირბადე", - ამბობს ენდელაძე.