„ლაგუნა ვერეს“ სისხლიანი „რაზბორკების“ უცნობი და ექსკლუზიური დეტალები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

„კანონიერ ქურდ“ ბადრი კოღუაშვილის ზღაპრული დაბადების დღე მოსკოვის რესტორანში და 300-ათასიანი საჩუქარი

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდების გავლენა საქართველოში კვლავ არსებობს. სამწუხაროდ კი იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში, ახალგაზრდა რომ იმისთვის იბრძვის, კრიმინალური სამყაროს უმაღლეს საფეხურზე ავიდეს და თან ზუსტად იცის, ე.წ. კანონიერ ქურდობას აღარ აქვს ისეთი ხიბლი, როგორიც ადრე ჰქონდა, არც ამ კასტის წარმომადგენლები არიან ისეთი დაფასებულები, როგორც ადრე და არ იგივდებიან სიმართლის მთქმელ და საქმის სწორად განმგებ ადამიანებთან, მაგრამ მაინც აქეთკენ ისწრაფვის... ყველასთვის ცხადია, რომ „კანონიერი ქურდები“ უფრო და უფრო ემსგავსებიან იმ მაფიოზებს, რომლებიც აშშ-ში, მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე გამოჩდნენ და ადრე დაწერილ „ქურდულ კარაბადინსაც“ უკვე აღარავინ იცავს. ამხელა შესავალი კი იმიტომ დაგვჭირდა, რომ გასულ კვირას, მორიგ „ქურდულ გარჩევას“ ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაიჭრა. საინტერესოა, რომ გარჩევაში მონაწილეობდა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას ძმა, კონსტანტინე. როგორც გვეუბნებიან, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი, სწორედ კონსტანტინე ქობულიაა.

 დაპირისპირებული მხარეები ორი  „კანონიერი ქურდის“ - ირაკლი ყალიჩავას (მეტსახელად, „ხუტუ“, „ხუტუევიჩი“) და ლევან მარღიას (მეტსახელად, „ლევა ზუგდიდსკის“) ინტერესებს იცავდნენ. როგორც გვითხრეს, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მარღიამ ბიზნესმენ დავით შენგელიას საქმიანობიდან წილი მოსთხოვა, მან კი ყალიჩავასთან იჩივლა. ყალიჩავა და მარღია ტელეფონებით ვერ შეთანხმდნენ და ამიტომ შეხვედრა „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დათქვეს.

საინტერესოა, რომ გარჩევაში, „სკაიპით“, მარღია და ყალიჩავაც მონაწილეობდნენ და როგორც გაირკვა, სწორედ მათი სატელეფონო დაპირისპირების შემდეგ ატყდა სროლა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახლა ვარაუდობენ, რომ ეს ამბავი აუცილებლად გაგრძელდება და ყალიჩავა შურს იძიებს.

ცნობისთვის, ირაკლი ყალიჩავა, ასევე, „კანონიერი ქურდის“ მიხეილ ყალიჩავას შვილია. უფროსი ყალიჩავა 1985 წელს, სოხუმში „კანონიერმა ქურდმა“ იური ლაკობამ მოკლა, რომელმაც შემდეგ საკთარი ქმედება ვერ დაასაბუთა და ქურდის სტატუსის გარეშე დარჩა, თუმცა შურისძიება ვერ მოხერხდა - ლაკობა ძალიან კარგად იმალებოდა და 1995 წელს, მოსკოვში, ვიშნევსკის ინსტიტუტის კლინიკაში სეფსისით გარდაიცვალა.

აუცილებელია იმის თქმაც, რომ ბოლო ორი წელია, „ქურდული გავლენა“ საქართველოში სისტემატურად იზრდება. იმის მიუხედავად, რომ პერიოდულად, სამართალდამცავები სპეცოპერაციის შედეგად, „კრიმინალურ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირებს აკავებენ და თითო ჯერზე, ლამის ორ ათეულს აგროვებენ, ეს საკმარისი არაა.

ამბობენ იმასაც, რომ განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში, „ქურდული ობშჩიაკი“ იკრიბება და ძირითადად, თურქეთში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“ იგზავნება. ამ მიმართულებით, სიტუაცია საგრძნობლად მოუშვეს უკრაინასა და რუსეთში.

მოგეხსენებათ, საქართველოს შემდეგ, სწორედ უკრაინასა და რუსეთში გახდა „კანონიერი ქურდის“ სტატუსი დასჯადი, მაგრამ დღეს, ამ ორ ქვეყანაში არსებულმა სიტუაციამ, „კანონიერ ქურდებს“ შესაძლებლობა მისცა, თავი კვლავ კარგად ეგრძნოთ და ისინი, რომლებიც ამ ქვეყნებიდან არცთუ დიდი ხნის წინ გაიქცნენ, ახლა ისევ უკრაინასა და რუსეთში დაბრუნდნენ, რადგან სამართალდამცავებს ახლა მათთვის ყველაზე ნაკლებად სცალიათ.

ამის ნათელი დადასტურება გასულ კვირას, მოსკოვში, რესტორან „თბილისში“ გამართული ღონისძიება იყო. როგორც რუსი ჟურნალისტები წერენ, რესტორანი ორი დღით იმის გამო დაიხურა, რომ ცნობილი „კანონიერი ქურდი“, ბადრი კოღუაშვილი დაბადების დღეს აღნიშნავდა.

როგორც ამბობენ, კალაშოვის დაჭერისა და რუსეთიდან ტარიელ ონიანის გაძევების შემდეგ, კოღუაშვილს პრეტენზია აქვს, რომ კრიმინალურ სამყაროში ნომერი პირველი სწორედ ის არის და ამას უმრავლესობა აღიარებს კიდეც.

ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი კოღუაშვილს „ნოვოროსმეტალის“ მფლობელმა, ქართველმა მილიონერმა, შალვა ღიბრაძემ გაუკეთა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ღიბრაძის მიერ წარგზავნილმა კაცმა მას საზეიმოდ გადასცა ძვირადღირებული საათი და ფული - კონვერტით, რამაც იუბილარი ძალიან გააბედნიერა.

მოგვიანებით თქვეს, რომ მთლიანობაში, ღიბრაძეს კოღუაშვილის საჩუქარი 300 ათასი დოლარი დაუჯდა და ისიც დაამატეს, ორდღიანი ქეიფის ფულიც სწორედ „ნოვოროსმეტალის“ შეფმა გადაიხადა.

ამ მიმართულებით, მშვიდი ვითარება არც თურქეთშია. 2020 წლის აგვისტოში მოკლული ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდის“, ნადირ სალიფოვის (მეტსახელად, „გული“) ძმამ, ნამიკ სალიფოვმა ნადირობა გამოაცხადა ყველაზე, ვისაც კი მისი ძის მკვლელობასთან შეხება ჰქონდა. ასე, მაგალთად, გასულ კვირას, თურქულ მერსინში, „კანონიერი ქურდი“ რაფიკ ეივაზოვი ჩაცხრილეს. როგორც ამბობენ, მას „გულის“ მკვლელობის დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ იცოდა, რომ ყველაზე გავლენიან  „კანონიერი ქურდზე“ თავდასხმა მზადდებოდა და ამის შესახებ არავინ გააფრთხილა.

ბედის ირონიით, ეივაზოვი გადარჩა და იმის მიუხედავად, რომ ქილერმა ოთხი ტყვია მოარტყა (ერთი თავში), ჯერჯერობით, მართვით სუნთქვაზე იმყოფება და სრულად გამოჯანმრთელების შანსიც აქვს. მის გარდა, ნამიკ სალიფოვი კიდევ ერთი „კანონიერი ქურდის“ ალი გეიდაროვისა და ცნობილი ბიზნესმენის ზაურ ახმედოვის მოკვლასაც გეგმავს, რადგან მკვლელობის შემკვეთებად სწორედ ისინი სახელდებიან და ფულიც სწორედ ახმედოვმა გადაიხადაო.

შეგახსენებთ, 2020 წელს, „გული“ უერთგულესმა პირადმა მცველმა ჩაცხრილა, პირმა, რომელიც სალიფოვმა შემთხვევით, სავარჯიშო დარბაზში გაიცნო, მცველად აიყვანა, ორი წელი გვერდიდან არ მოიშორა და რამდენიმე ათეული მილიონიც კი აშოვნინა. სწორედ მასზე გავიდნენ შემკვეთები და არავინ იცის, რამდენი გადაუხადეს რეალურად ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ მკვლელობაში.