სკანდალი ბრიტანეთში - აფრიკელს კარგ კონტრაქტს არ გაუფორმებენ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოჰამედ სალაჰი, 2017 წელს, „რომადან“ „ლივერპულში“ გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ეგვიპტელმა ნახევარმცველმა „ლივერპულის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 239-ჯერ მოირგო, 153 გოლი გაიტანა და 57 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან კლუბთან ერთად პრემიერ ლიგის და ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგებაც შეძლო და იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წელს გაფორმებულ ხუთწლიან კონტრაქტს ვადა ამ ზაფხულს გასდის, კლუბმა სალაჰთან მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა, როგორც ამბობენ, ეგვიპტელი შეთავაზებული წინადადებით უკმაყოფილოა და ბევრად მეტს ელოდა. რეალურად, სალაჰი „ლივერპულის“ უდაო ლიდერია და მისი წასვლით გუნდი ძალიან ბევრს დაკარგავს. დაკარგვას ვინ ჩივის, მწვრთნელს სათამაშო სქემის გადაწყობაც კი მოუწევს.

„სალაჰის კონტრაქტის გარშემო შექმნილი ვითარება კარგად მესმის. ზუსტად იმავე სიტუაციაში ვიყავი, როგორშიც თვითონ არის ახლა. სალაჰმა უნდა გაიაზროს, რომ აფრიკელია და მას ისეთ კარგ კონტრაქტს არ გაუფორმებენ, როგორიც ევროპელს ექნებოდა. ჩვენ, აფრიკელებს გამუდმებით სხვანაირად გვექცევიან. მაგალითად, მე მეუბნებოდნენ, რომ ნაკრებში სათამაშოდ არ უნდა წავსულიყავი. დარწმუნებული ვარ, მოჰამედსაც იგივე პრობლემა აქვს“, - ეს განცხადება ვეტერანმა ფეხბურთელმა, ელ ჰაჯი დიუფმა გააკეთა, რომელიც თავის დროზე, პრემიერ-ლიგაში ბრწყინავდა და ახლა ამბობს, რომ კარგ კონტრაქტს აფრიკელობის გამო არ უფორმებდნენ.

ძალიან დიდია იმის შანსი, რომ დიუფის განცხადების შემდეგ, გამოძიება დაიწყოს და ფეხბურთელს დაკონკრეტება მოუხდეს იმ ადამიანების სახელებისა, რომლებიც  ამას ეუბნებოდნენ.