Menu
RSS

რა სკანდალურ დეტალებს იხსენებდა ეროსი კიწმარიშვილი ,,რუსთავი 2''-ზე
22 ოქტომბერს პოლიტიკური სპექტრი დიდი ინტერესით ელოდა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, სასამართლომ, ,,რუსთავი 2''-ისა და ქიბარ ხალვაშის დავაზე, გადაწყვეტილება არ მიიღო. ფინალური სხდომა 26 ოქტომბერს დაანონსდა. ვითარება კრიტიკულად ნიკა გვარამიას განცხადებებმა შეცვალა, ხელისუფლების მხრიდან მისი შანტაჟის შესახებ. არხის შენობის ეზოში კი კარვები გაიშალა. ერთი სიტყვით, ისტორია მეორდება _ ტელევიზია და ხელისუფლება ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ, როგორც უკვე მოხდა 2001 წელს. ფაქტია, ის, რაც დღეს ,,რუსთავი 2''-ის თავს ხდება, მისთვის არახალია, ამიტომაც არხის შექმნისა და პოლიტიკური ქარტეხილების ისტორია მოკლედ გავიხსენეთ.     
არ ვიცი, ქვეყანაში დარჩა თუ არა ვინმე, ვისთვისაც უცნობია, რომ ყველაზე პოპულარული არხის ერთ-ერთი შემქმნელი და თავის დროზე 50%-იანი წილის მფლობელი, ყოფილი ,,მემარჯვენე'' და დღეს უკვე პრეზიდენტ მარგველაშვილის მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე იყო. მეორე მხრივ, ბევრია ისეთი, ვისაც პროკურატურის უნიათობაზე მეტად, იმის სჯერა, რომ ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა თვითმკვლელობად მიზანმიმართულად მოინათლა. ამ საქმის გამოძიება კი იმიტომ არ დასრულდა, რომ მკვლელობა ქიბარ ხალვაშის გამოჩენისა და სასამართლო პროცესების განახლების წინ, ძალიან ჰგავდა ტელევიზიიდან კიწმარიშვილის ჩამოშორების სქემას. აკი, ბატონი ეროსიც ამბობდა, ერთადერთი გზა, ,,რუსთავი 2''-ის თამაშიდან გამიყვანონ, ჩემი ,,გაგორებააო''. ამ თამაშში კი ეროსი კიწმარიშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და ბევრი სხვა გავლენიანი პოლიტიკოსი იყო ჩართული. ამიტომ გადავწყვიტეთ, არხის ,,შემქმნელების'', ჩიხრაძე- კიწმარიშვილის ნაამბობის მიხედვით, ,,რუსთავი 2''-ის ნამდვილი პოლიტიკური თავგადასავალი გაგვეხსენებინა: არხის ეთერში გასვლა ჩიხრაძისა და მისი მეგობრების, თედო ისაკაძისა და ნიკო ნიკოლოზიშვილის სახელსაც უკავშირდება. ამ დროს, კიწმარიშვილი და ცნობილი დუეტი, დვალი- აქიმიძე ტელეკომპანია ,,გამა+''- ს ფლობდნენ, რომელიც მხოლოდ რუსთავში მაუწყებლობდა, თბილისის დაფარვას კი ვერ ახერხებდა. სამაგიეროდ, ჩიხრაძესა და მის მეგობრებს სწორედ თბილისში ჰქონდათ ,,თამარიონი'', რომელსაც ეთერში გასვლის პრობლემები შეექმნა. ეს ორი ჯგუფი ერთმანეთს სიტყვიერად შეუთანხმდა, ორი არხის ტექნიკური საშუალებების შერწყმის შედეგად კი ,,რუსთავი 2'' გავიდა ეთერში. აი, სწორედ ამას მოჰყვა პირველი სასამართლო გარჩევა: ეროსიმ ფიქრია ,,გადააგდო'' და დაპირებული 50%-იანი წილიდან 25% შესთავაზა. ამ პერიოდის შესახებფიქრია ჩიხრაძე ჟურნალისტ რეზო შატაკიშვილსაც ესაუბრა და დაადასტურა, რომ ეროსი კიწმარიშვილი არხის უფლებებისთვის ბრძოლას მის მიერვე მოტყუებულ ჩიხრაძესთან ერთად აპირებდა:„რუსთავი 2“ დაიწყო რუსთავში, კიწმარიშვილის, აქიმიძედვალისა და პაატა ჩახნაშვილის მიერ, მაგრამ პრობლემები გასვლისთანავე შეექმნათ, რადგან ლევან მამალაძეს სურდა, ამ არხს დაპატრონებოდა და მისი სიხშირე მერიას გადასცემოდა. უარის შემდეგ, მამალაძის თხოვნით, კავშირგაბმულობის მაშინდელმა მინისტრმა ინჯიამ ჩამოართვა ეროსის ლიცენზია და გაუთიშა სიგნალი, 1995 წლის ზაფხულში. ჯარჯი აქიმიძე ჩემი მეგობარი იყო და დახმარება მთხოვა. მაშინ ახლო ურთიერთობა მქონდა ზურაბ ჟვანიასთან, მთელ ახალგაზრდულ ფრთასთან და ბევრი ბრძოლა და საუბარი მომიხდა, რათა არხს ფუნქციონირება გაეგრძელებინა. ჩემი არხი, ,,თამარიონი'' კი მეთორმეტე მეტრულ სიხშირეს ფლობდა, რომელიც გია ყარყარაშვილს ეკუთვნოდა და მე გადმომცა, ახალი ტელევიზიის შესაქმნელად. ასე გავხდი „თამარიონის“ გენდირექტორი და გაჩნდა იდეა, კიწმარიშვილსა და მის მეგობრებთან ერთად, ახალი ტელევიზია გაგვეკეთებინა, არსებული პრობლემური ტელევიზიების ბაზაზე. რომ ბევრი მაფრთხილებდა, ასე უპირობოდ ნუ ენდობი ეროსისო, მაგრამ სიხშირე გადავუფორმე, ეთერში კი ჩვენგან დამოუკიდებლად გავიდნენ, 50%-იანი წილის ნაცვლად 25% შემომთავაზეს და ხალხს ეუბნებოდნენ, ხელისუფლება გვებრძვისო. სწორედ მეორე _ ხელისუფლების მხარეს აღმოვჩნდი. დავა სასამართლოში გაგრძელდა, სადაც პირველი ორი ინსტანცია მოვიგეთ. ამასობაში არხი დაიქოქა, პოპულარული გახდა და მასთან ბრძოლა უკვე მედიაზე ზეწოლად აღიქმებოდა. საზოგადოების თვალში წამგებიან პოზიციაში აღმოვჩნდი და პროცესი რომც მომეგო, მაინც ვერაფერს მივიღებდი. იმ პერიოდში, ეროსიმ გამონახა ზურაბ ჟვანიასთან საერთო ენა და საბოლოოდ, პროცესი წავაგეთ. ეროსი და ჟვანია მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. თუმცა „ვარდების რევოლუციამდე“ ერთი თვით ადრე, კიწმარიშვილმა და „რუსთავი 2''-მა ფსონი მიხეილ სააკაშვილზე დადეს, რამაც ჟვანია გაანაწყენა. ჟვანია- კიწმარიშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა და დაიწყო წილების გადანაწილების უსასრულო ეპოპეა... კიწმარიშვილის სახელი ბოლო პერიოდშიც უკავშირდებოდა ,,რუსთავი 2''-ს. უკვე დაწყებული იყო საუბარი არხის ძველი მეპატრონეებისთვის დაბრუნებაზე. ეროსი ამბობდა, რომ ხელთ ჰქონდა ყველა სამართლებრივი დოკუმენტი და მას ,,რუსთავი 2''-ის საქმიდან ვერ ამოაგდებდნენ. რამდენჯერმე შევხვდით კიდეც, რადგან მის თავში ნამდვილად იხარშებოდა არხის დაბრუნების ერთიანი სქემა, მაგრამ უარი ვთქვი ამ ბრძოლაზე მაშინაც და შემდეგაც. არ მინდა, ხელისუფლების ხელში ბრმა იარაღი აღმოჩნდე და ჩემი აქტივობით არხის განადგურებაში შევიტანო წვლილი''.
პერიოდი, რომელზეც ჩიხრაძე საუბრობს, პარლამენტსა და ზოგადად, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ძალთა გადანაწილებასა და გავლენებისთვის ბრძოლას ემთხვევა. ამ ბრძოლაშიც და არჩევნებში გასამარჯვებლადაც ,,რუსთავი 2'' მაშინაც ფასდაუდებელი იარაღი იყო, მისი ხელში ჩაგდების მეთოდები კი მსგავსი. დაიწყო არხის გაკოტრება, თავად კიწმარიშვილის ჩართულობით, მანამდე იყო არხის შენობაში შევარდნა და მაუწყებლობაში ხელის შეშლა და ა.შ. კიწმარიშვილი მის გენდირექტორად 1994-დან 2004 წლამდე დარჩა, ვიდრე ,,რუსთავი 2''-ში წილებს გაასხვისებინებდნენ. მაშინ მას შევარდნაძის მთავრობის არაერთი მაღალჩინოსანი ემუქრებოდა, რაც საბოლოოდ, შევარდნაძის წასვლით, მანამდე კი მინისტრების მოხსნითა და ,,ვარდების რევოლუციით'' დასრულდა, რაშიც ლომის წილი სწორედ ,,რუსთავი 2''-ს მიუძღვის. ეს 8-წლიანი პერიოდი, ალბათ, არხის ოქროს ხანა იყო, რომელიც ახალი სახელით დაგვირგვინდა _ ,,გამარჯვებული ხალხის ტელევიზია''! 2004-დან 2012 წლამდე კი არხის მფლობელთა ვინაობა თითქმის 20-ჯერ შეიცვალა. 20 გვარის ჩამოთვლა, ალბათ, ნაკლებად საინტერესოა, მთავარი, ამ პერიოდში, ორი ცენტრალური ფიგურაა _ ხალვაში- ოქრუაშვილი, რომლებიც მეგობრობდნენ და ,,რუსთავი 2''-ს 2005-2007 წლამდე ფლობდნენ, ვიდრე ოქრუაშვილი ნაციონალებიდანაც და ქვეყნიდანაც სკანდალუ რად არ განიდევნა. ამ პერიოდში კი, კიწმარიშვილი 2007-2008 წლებში, სააკაშვილის პირადი ,,პიარშჩიკი'' გახდა. არჩევნებიდან რამდენიმე თვეში ნაციონალებთან ურთიერთობა მასაც საბოლოოდ აერია და რუსეთში ელჩად წავიდა. ,,რუსთავი 2''-ის გარშემო სასამართლო დავების მორიგი სერია კიწმარიშვილმა სწორედ რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, 2009 წელს გახსნა და წააგო კიდეც. არხის გარშემო მიმდინარე პოლიტიკური გარჩევების შესახებ კიწმარიშვილმა ,,ვერსიასთან'' ორ გარდამტეხ პერიოდში ისაუბრა: რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, როცა ამ დავების ახალი ეპოპეა დაიწყო და 2012 წელს, როცა ამ ეპოპეის გაგრძელება სცადა. ამ დროს, არჩევნები ახალი ,,გადახდილი'' იყო, ,,ოცნება'' _ გამარჯვებული, დიდი ამნისტიები იგეგმებოდა, ქიბარ ხალვაში კი პოლიტდევნილების სიაში მოხვდა და გერმანიიდან შემოთვალა, რომ ჩამოვალ, ,,რუსთავი 2''-ისთვის ბრძოლას განვაახლებო. მოქმედი პრემიერი და გავრცელებული ინფორმაციით, ხალვაშის მეგობარი, ბიძინა ივანიშვილი კი ამბობდა, არხი კანონიერ მფლობელს ანუ ქიბარს უნდა დაუბრუნდესო. ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ ხალვაში ,,რუსთავი 2''-ის 60%-იან წილს ფლობდა, რომელიც მას 2007 წელს წაართვეს. ივანიშვილმა ისიც ,,დაამღერა'', სააკაშვილი ეროსის მარტო ვერ მოერია და ჯერ ქიბარ ხალვაშს სთხოვა, წილები ეყიდა და მერე მეც მითხრა, კიწმარიშვილის მოშორებაში დამეხმარეო. კიწმარიშვილმა ამ განცხადებებს ,,ვერსიისთვის'' მიცემულ ექსკლუზივში უპასუხა და არც ის დამალა, რომ ხალვაშზე წილის მიყიდვა ნაციონალებმა აიძულეს, უბრალოდ, ხალვაშს ამ წილში ფული არ გადაუხდიაო, სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა კიწმარიშვილი: ,,ქიბარ ხალვაშთან ერთი დავა მაშინ წავაგე, როცა გერმანიაში ნაციონალებს გაექცა, მე კი სააკაშვილთან მოვიაზრებოდი. დასკვნა ხალხმა გამოიტანოს. ახლა მეორე დავის გამართვის პერსპექტივა მაქვს. ღიად ვამბობ _ ხალვაში არ წარმოადგენდა არხის რეალურ მფლობელს, ის სააკაშვილის სახე იყო ამ ტელევიზიაში, მაგრამ სააკაშვილს ვერ ვუჩივლებდი და ვუჩივლე ხალვაშს. სამართლებრივად, ხალვაში ჩემთან ტყუის, თუ თავის 60%-ს იბრუნებს, მაშინ 60%-ის მფლობელი დვალი და აქიმიძე როგორღა გამოდიან მართლები? ივანიშვილი კი აცხადებს, რომ ხალვაშიც მართალი კაცია და დვალი- აქიმიძეც, ჰოდა, ეს პროცესი ჭეშმარიტებამდე რა არითმეტიკით მიჰყავს, ივანიშვილს ჰკითხეთ! როგორც ბიძინა ამბობდა, სააკაშვილმა ეროსის მოშორებაში დახმარება სთხოვა, რადგან ეროსი ნერვებს უშლიდა, პრემიერ- მინისტრობა უნდოდა და ა.შ. მერე სააკაშვილმა ქიბარს სთხოვა, ეყიდა ,,რუსთავი 2'' და გამოვიდა, ივანიშვილი- ხალვაში ერთად იყვნენ ამ პროცესში, რის შესახებაც მაშინ არაფერი ვიცოდი. ივანიშვილი სიმართლეს ამბობს 2004 წელზე, როცა ერთმანეთს შევხვდით და დიდი მადლობა გადამიხადა ქვეყნის გადარჩენისთვის, ხოლო მადლიერების ნიშნად, ,,მეცხრე არხი'' დახურა და მისი ტექნიკური ბაზა ,,რუსთავი 2''-ს გადასცა. ეს ის თემებია, რაზეც მემუარებში ვილაპარაკებ. დღეს პოლიტიკურ პროცესში კი არა, ბიზნესმენი ვარ, რომელიც საკუთარი დაზიანებული ინტერესების აღდგენაზე მუშაობს და აწარმოებს ორ პროცესს ,,გადამგდებების'' წინააღმდეგ! ჩემი პოლიტიკურ სიტუაციაში ჩართვა, აპრიორი, ან მიშას, ან ბიძინას სასარგებლოდ უნდა მოხდეს. ამ დროს, სიმპათია არძის ერთის მიმართ არ გამაჩნია. ერთი წლის განმავლობაში, როცა ივანიშვილი ,,რუსთავი 2''-ზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა, ხმა არ ამომიღია, რადგან მეგონა, პრემიერის რანგში ამ პროცესისადმი უფრო რესპექტაბელური იქნებოდა. თუმცა ჩანს, სურს, არხი ხალვაშს მისცეს, ამიტომ ის ზღვარი გადალახა, რასაც ჩემი დუმილი ჰქვია!''
კიწმარიშვილმა დუმილი სწორედ ,,ვერსიისთვის'' მიცემულ კიდევ ერთ სკანდალურ ექსკლუზივში დაარღვია, სიკვდილამდე 1 თვით ადრე, ადგილობრივი არჩევნების წინა დღეს. ,,რუსთავი 2''-სა და ,,ოცნებას'' შორის მაშინაც დაძაბულობა იყო. ფარული ჩანაწერების ფრიალი, თავისმართლების პოზიციაში ჩამდგარი უმრავლესობა, დაკითხვაზე დაბარებული ნიკა გვარამია, შუბლაძის წასვლა არხიდან, გვარამიას კაბინეტში აღმოჩენილი ,,ჟუჩოკი'' და ა.შ. მაშინ კიწმარიშვილმა 2001 წელი, არხზე შევარდნაძის ხელისუფლების შევარდნა გაიხსენა: ,,2001 წელს არხზე შევარდნის გამო, ფაქტობრივად, მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება შეიცვალა, რამაც 2 წლის შემდეგ ,,ვარდების რევოლუციისთვისაც'' მოამზადა ფონი. 2001 წელს შევარდნაძის გუნდში, ერთმანეთს ორი დაჯგუფება ებრძოდა: მაშინდელი შს მინისტრი კახა თარგამაძე, ბადრი პატარკაციშვილი და სხვები, ხოლო მეორე ჯგუფში ნუგზარ საჯაია და სხვა პირები იყვნენ. ამ დროს უკვე პოსტშევარდნაძის პერიოდისთვის მიდიოდა მზადება. 2005 წელს პრეზიდენტს ყველანაირი სამართლებრივი ვადა ეწურებოდა და პოსტზე მისი დარჩენის არანაირი მექანიზმი არ არსებობდა. 2000 წლიდან კი უკვე გავლენის მოსაპოვებლად დაიწყო ბრძოლა. რევოლუციას არავინ გეგმავდა, ყველა შევარდნაძის წასვლისთვის ემზადებოდა, რათა ამის მერე რაც შეიძლება ბევრი რამ მიეღო და დარჩენოდა კარგი სასტარტო პოზიცია არჩევნებზე. ამ გზაზე მთავარი ხელისშემშლელი და მოგების ინსტრუმენტი მედიაში გაბატონებული ლიდერი ,,რუსთავი 2'' გახლდათ. მისი ხელში ჩაგდებისა თუ განადგურების უამრავი სქემა იხილებოდა. არაერთხელ იყო ჩემთან მოლაპარაკებისა და შანტაჟის მცდელობაც. 2001 წლის ოქტომბერში, კახა თარგამაძის ფრთამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა _ ტელევიზიაში შეიჭრა, რასაც ქუჩაში 10 000-ობით ადამიანის გამოსვლა მოჰყვა. შევარდნაძე უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, მას პირადადაც ვესაუბრე. მითხრა, ვიცოდი, შემოჭრას რომ გეგმავდა, მაგრამ არ მეგონა, მოვლენები ასე თუ განვითარდებოდაო. ცუდ დღეში ჩავარდა მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე და იძულებული გახდა, გადამდგარიყო. შედეგად, ქვეყანაში მძიმე კრიზისული ვითარება შეიქმნა და გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, ასევე კახა თარგამაძე და ასე შეიცვალა ძალთა ბალანსი ხელისუფლებაში. 1 თვეში კი, მოულოდნელად, თავს იკლავს ნუგზარ საჯაია და ამგვარად, 2 მთავარი მოთამაშე ქრება პოლიტიკური არენიდან. ანუ მაშინდელი ხელისუფლება ისეთ ბომბს შეეხო, არხის სახით, რომელმაც მერე მთელი პროცესი ააფეთქა. 2001 წელს, სწორედ ამ პროცესების წიაღში დაიბადა სააკაშვილი ახალ ლიდერად და ვითარება სათავისოდ გამოიყენა... დღეს ,,რუსთავი 2''-ის საქმე სასამართლოში, ფაქტობრივად, გაყინულია. 2009 წელს ერთი პროცესი უკვე წავაგე, დღეს პროცესს ჩემი ორი სხვა პარტნიორი აწარმოებს, საჩივარი პროკურატურაში აქვთ შეტანილი და ე.წ. მოკვლევა უკვე 3 წელია გრძელდება. მოწმის სახით დიდი ხნის წინ დამკითხეს, გამოძიებას ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია გადავეცი და ინტერესით ველი მოვლენების განვითარებას. მას მერე იცვლებიან გენერალური პროკურორები, პროკურორები, გამომძიებლები და საქმე ისევ ისე დევს. ჩვენი თემიდა იმდენჯერ გააუპატიურეს ბოლო წლებში, ახლა მისი ბუნებრივი მდგომარეობა ახალი მფარველის ძიებაა. ეტყობა, ეს ახალი მფარველი ახალი ხელისუფლებაა. უკვე 10 თვეა, უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ იღებს, დაუშვას თუ არა განხილვაზე ჩემი სარჩელი''.
ინტერვიუდან 1 თვეში კიწმარიშვილის გვამი მისი სახლის ავტოფარეხში, მანქანაში იპოვეს და მალე ,,თემიდამაც გაიღვიძა'' _ ,,რუსთავი 2''-ის სასამართლო პროცესი დაიძრა და დიდი ალბათობით, როგორც მისი დღევანდელი უფროსი, ნიკა გვარამია ვარაუდობს, ქიბარ ხალვაშის გამარჯვებითაც დასრულდება. განმეორდება თუ არა ისტორია და დღესაც ისევე დაუდგება თუ არა არხს გვერდით მოსახლეობა, ამას 26 ოქტომბრისა და ფინალური სასამართლო პროცესის შემდეგ გავიგებთ.  
ნინო კომახიძე

დაბრუნება დასაწყისში